აშშ-ის საზღვაო ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები

აშშ-ის საზღვაო ძალების ემბლემა
აქტიური 13 ოქტომბერი, 1775 (1775-10-13) (248 წლის)— დღემდე [1]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი საზღვაო ძალები
როლი ძალის წარმოჩინება, კრიზესებზე პასუხი და პირდაპირი მოქმედება
ნაწილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი
ალიანსი აშშ-ის კონსტიტუცია
შტაბ-ბინა პენტაგონი
არლინგტონის ოლქი, ვირჯინია, აშშ
დევიზი „Non sibi sed patriae“ (ლათ. არა თავისთვის, არამედ მამულისთვის) (არაოფიციალური)
ფერები ლურჯი, ოქროსფერი         
მარში "Anchors Aweigh" დაკვრა 
მხატვრული გაფორმება
პრეზიდენტის მადლიერება


საზღვაო ძალების მადლიერება ქვედანაყოფს

ქებური მადლიერება ქვედანაყოფს

მეთაურები
მთავარსარდალი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
თავდავის მდივანი ლოიდ ოსტინი
საზღვაო ძალების მდივანი კარლოს დელ ტორო
საზღვაო ოპერაციების უფროსი ადმირალი მაიკლ გილდეი
განმასხვავებელი ნიშნები
დროშა
გიუისი
საფრენი აპარატები
მოიერიშე F/A-18A/B/C/D, F/A-18E/F
ელექტრონული E-2C, EP-3E, E-6, EA-6B, EA-18G
გამანადგურებელი F/A-18A/B/C/D, F/A-18E/F
ვერტმფრენი UH-1, CH-53D, MH-53E, SH-60B/F, HH-60H, MH-60R/S
საპატრულო P-3 Orion
მზვერავი RQ-2, MQ-8B, RQ-4
სავარჯიშო F-5, F-16N, T-2C, T-6, T-34, T-39, T-44, T-45, TH-57
სატრანსპორტო C-2, C-9, C-12, C-20, C-40, C-130

აშშ-ის საზღვაო ძალები (ინგლ. United States Navy, USN) — აშშ-ის საზღვაო ოპერაციების უწყება და შეიარაღებული ძალების განშტოება, ასევე, აშშ-ის ფორმიან სამსახურთაგან ერთ-ერთი. აშშ-ის საზღვაო ძალები, ამდროისთვის, ითვლება ყველაზე მსხვილ და მძლავრ საზღვაო ძალად მსოფლიოში[2][3], კომბინირებული საბრძოლო ფლოტის ყველაზე მაღალი ტონაჟით.[4] მის დაქვემდებარებაშია მსოფლიოს უმსხვილესი ავიამზიდური ფლოტი, რომელთა შორის ათი საბრძოლო მწყობრშია, ოთხი სარეზერვო ფლოტშია,[5][6][7] აგების პროცესშია ახალი კლასის სამი ავიამზიდი.[8] აშშ-ის საზღვაო ძალებში 328,186 მოქმედი მოსამსახურეა, 110,882 ადამიანი საზღვაო ძალების რეზერვში იმყოფება. 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, მის დაქვემდებარებაშია 272 საბრძოლო გემი და 3 700-ზე მეტი მოქმედი საფრენი აპარატი.[1]

აშშ-ის საზღვაო ძალები სათავეს კონტინენტური ფლოტიდან იღებს, რომელიც ამერიკის რევოლუციური ომის დროს ჩამოყალიბდა, და მალევე დაიშალა ცალკეული უწყების სახით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის სამოქალაქო ომში,რომლის დროსაც ახორციელებდა კონფედერატების ბლოკადას და კონტროლის მოპოვებას მდინარეებზე. მან მთავარი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის დამარცხებაში. XXI საუკუნეში აშშ-ის საზღვაო ძალები აქვს მნიშვნელოვანი გლობალური სამხედრო დასწრება, რომლის უზრუნველყოფა ხდება ისეთ რეგიონებში გაშლით, როგორებიცაა წყნარი ოკეანეს დასავლეთი, ხმელთაშუა ზღვა, ინდოეთის ოკეანე და ახლო აღმოსავლეთი. იგი წარმოადგენს ოკეანურ ფლოტს, რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალის წარმოდგენა მსოფლიოს ზღვისპირა რეგიონებში, შეუძლია მონაწილეობა ოპერაციებში მოწინავე ზონებში მშვიდობიანობის დროს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს რეგიონალურ კრიზისებზე, რაც მას აშშ-ის საგარეო და თავდაცვით პოლიტიკაში მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

აშშ-ის საზღვაო ძალების ადმინისტრაციულ მართვას აწარმოებს საზღვაო ძალების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს საზღვაო ძალების მდივანი, სამოქალაქო პირი. საზღვაო ძალების დეპარტამენტი, თავის მხრივ, თავდაცვის დეპარტამენტის განყოფილებაა, რომელსაც თავდაცვის მდივანი ხელმძღვანელობს. საზღვაო ოპერაციების უფროსი არის ოთხვარსკვლავიანი ადმირალი და საზღვაო ძალების დეპარტამენტის უფროსი საზღვაო ოფიცერი. მაგრამ, საზღვაო ოპერაციების უფროსი ვერ იქნება შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების საზღვაო ოფიცერი, თუ შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე არიან საზღვაო ოფიცრები, რადგან კანონით მათი წოდება საზღვაო ოპერაციების უფროსზე აღმატებულია.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადება მისიის თაობაზე:[9]

ვიკიციტატა
„საზღვაო ძალების მისიაა მხარი დაუჭიროს, გაწვრთნას და აღჭურვოს ბრძოლისუნარიანი საზღვაო ძალები, რომლებსაც შეეძლებათ ომების მოგება, აგრესიების მოგერიება, და ზღვებზე თავისუფლების შენარჩუნება.
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

The mission of the Navy is to maintain, train and equip combat-ready Naval forces capable of winning wars, deterring aggression and maintaining freedom of the seas.

ახალწვეულის სახელმძღვანელოდან:[10]

ვიკიციტატა
„აშშ-ის საზღვაო ძალების მისიაა შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების უფლების დაცვა ვიმოძრაოთ თავისუფლად ოკეანეებზე და ჩვენი ქვეყნის დაცვა მისი მტრებისგან.
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

The mission of the United States Navy is to protect and defend the right of the United States and our allies to move freely on the oceans and to protect our country against her enemies..

აშშ-ის საზღვაო ძალები არის აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო განშტოება. საზღვაო ძალებს აქვთ პასუხისმგებლობის სამი ძირითადი მიმართულება:[11]

  • საზღვაო ძალების საჭირო მომზადება ომის ეფექტიანი წარმოებისთვის.
  • საზღვაო ავიაციის, მათ შორის სახმელეთო ბაზირების საზღვაო ავიაციის, საზღვაო ოპერაციებისთვის მნიშვნელობანი საჰაერო ტრანსპორტის, ყველა სახის საჰაერო შეიარაღებისა და მეთოდების შენახვა და მხარდაჭერა, რომლებიც ჩართულნი არიან ოპერაციებსა და საზღვაო ძალების ღონისძიებებში.
  • საფრენი აპარატების, იარაღების, ტაქტიკის, მეთოდის, ორგანიზაციის განვითარება და საზღვაო საბრძოლო და მომსახურე ელემენტების აღჭურვა.

აშშ-ის საზღვაო ძალების საწვრთნელი სახელმძღვანელოს მიხედვით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიზანია „მოამზადოს და ჩაატაროს სწრაფი და მდგრადი საბრძოლო ოპერაციები ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად.“ აქედან გამომდინარე, აშშ-ის საზღვაო ძალების ფუნქციებში შედის ზღვის კონტროლი, ძალის დემონსტრირება და ბირთვული შემკავებლობა, ასევე საზღვაო გადაზიდვების უზრუნველყოფა.[12]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„როგორც ღამეს ენაცვლება დღე, ისევე აქედან გამომდინარეობს, რომ გადამწყვეტი საზღვაო ძალის გარეშე, ჩვენ საბოლოოდ ვერაფერს გავხვდებით
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)

It follows then as certain as that night succeeds the day, that without a decisive naval force we can do nothing definitive, and with it, everything honorable and glorious.

საზღვაო ძალებს საფუძველი ჩაეყარა ამერიკის ზღვაოსნობის ტრადიციებში, რომელმაც კოლონიალურ ხანაში წარმოშვა მეზღვაურების, კაპიტნების და გემთმშენებლების დიდი საზოგადოება.[14] ამერიკის რევოლუციური ომის საწყის ეტაპებზე, მასაჩუსეტსს ჰქონდა საკუთარი საზღვაო ძალები. ეროვნული საზღვაო ძალების ჩამოყალიბება დავის საგანი იყო მეორე კონტინენტალური კონგრესის წევრებს შორის. მხარდამჭერები თავის პოზიციას ამყარებნენ იმით, რომ საზღვაო ძალები საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, დაიცავდა სანაპიროებს და გაადვილებდა უცხო ქვეყნებში მხარდამჭერების ძიებას. მოწინააღმდეგეები კი, ამ წინადადებას წინდაუხედავს უწოდებნენ, რადგან ეროვნული საზღვაო ძალების ჩამოყალიბებას დიდი ბრიტანეთის გაღიზიანება მოყვებოდა. მათი აზრით, ეროვნული საზღვაო ძალების დაწესებით, სამეფო საზღვაო ძალების გამოწვევა სულელური ნაბიჯი იქნებოდა. დავას წერტილი დაუსვა მთავარსარდალმა ჯორჯ ვაშინგტონმა, რომლის ბრძანებითაც მწყობრში ჩადგა შვიდი საოკეანო კრეისერი USS Hannah-ის თაოსნობით. ახალ გემებს დავალებული ჰქონდათ ბრიტანული მომარაგების გემების მოქმედების შეზღუდვა და შეპყრობილი გემების შესახებ კონგრესისთვის შეტყობინება.

კონტინენტალურმა საზღვაო ძალებმა არაერთგვაროვანი შედეგი აჩვენეს; საზღვაო ძალებმა წარმატება მოიპოვეს რამდენიმე შეტაკებაში და თავს დაესხნენ ბევრ ბრიტანულ სავაჭრო გემს. თუმცა, საზღვაო ძალებმა დაკარგეს თავისი ოცდაოთხი გემი,[15] საქმე მივიდა იქამდე, რომ საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ ორი გემი დარჩა.[16] კონტინენტალური საზღვაო ძალები ომის დასრულებისთანავე დაიშალა.

აღდგენიდან სამოქალაქო ომამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

USS Constellation-ის ბრძოლა ფრანგულ L'Insurgente-თან კვაზი ომისას

კონტინენტალური საზღვაო ძალების დაშლის შემდგომ, აშშ საზღვაო ძალების გარეშე თითქმის 10 წელი იმყოფებოდა, რა დროსაც მისი სავაჭრო გემები ბერბერელი მეკობრეების მხრიდან თავდასხმების სერიებს განიცდიდნენ. შეერთებული შტატების ერთადერთი შეიარაღებული უწყება, რომელიც წარმოდგენილი იყო ზღვაზე, 1790-დან აშშ-ის საზღვაო ძალების პირველი ხომალდების ჩაშვებამდე 1797 წელს, იყო აშშ-ის საბაჟო გემების სამსახური, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვის წინამორბედია. საბაჟო გემებს უწევდათ მეკობრეობის საწინააღმდეგო ოპერაციების ჩატარება, რაც მათ შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა. ამის საფუძველზე, კონგრესმა გამოსცა 1794 წლის საზღვაო კანონი, რომელმაც მუდმივი საზღვაო ძალები ჩამოაყალიბა. საზღვაო კანონი ავალდებულებდა 6 ფრეგატის აგებასა და აღჭურვას; 1797 წლის ოქტომბერში პირველი სამი გემი წყალში ჩაეშვა[15]: USS United States, USS Constellation, USS Constitution. 1798–1799 წლებში აშშ-ის საზღვაო ძალები ჩაება გამოუცხადებელ კვაზიომში საფრანგეთთან.

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ეფექტიანად იმოქმედეს 1812 წლის ომში, სადაც მათ გამარჯვება მოიპოვეს ერთგემიან 11 დუელში სამეფო საზღვაო ძალებთან. ამერიკელებმა გამოყარეს მნიშვნელოვანი ბრიტანული ძალები ერის და შამპლეინის ტბებიდან და აღკვეთეს ამ ტერიტორიების ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამ გამარჯვების შედეგად ნიუ-იორკში ბრიტანულმა შეჭრამ კრახი განიცადა და განეიტრალდა ბრიტანელების ინდოელი მოკავშირეებისგან მომდინარე საფრთხე. ამისდა მიუხედავად, ამერიკულმა ძალებმა ვერ მოახერხეს ამერიკულ პორტებზე ბრიტანული ბლოკადის და სამეფო ჯარების ამერიკის მიწაზე გადმოსხმის აღკვეთა.[17] ომის შემდეგ, ამერიკის საზღვაო ძალებმა ყურადღება ისევ ამერიკული გადამზიდი გემების დაცვაზე გადაიტანა. ამისთვის იგი აგზავნიდა ესკადრონებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვებში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში და წყნარ ოკეანეზე.[15] 1819 წლიდან – სამოქალაქო ომამდე, აფრიკის ესკადრა ებრძოდა მონებით ვაჭრობას, დააკავა მონებით დატვირთული 36 გემი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ძალები ბევრად ჩამორჩებოდა აფრიკაში წარმოდგენილ უზარმაზარ ბრიტანულ ფლოტს.

HMS Guerriere-ს და USS Constitution-ის დაპირისპირება ინგლის-ამერიკის ომისას

ამერიკა-მექსიკის ომში აშშ-ის საზღვაო ძალებმა თავისი წვლილი შეიტანეს მექსიკური პორტების ბლოკადით, მექსიკური ფლოტის კალიფორნიის ყურეში დაკავებითა და დაწვით, და ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულის ყველა ძირითადი ქალაქის დაკავებით; შემდგომ დაკავებული ტერიტორიები დაბრუნებულ იქნა. 1846–1848 წლებში წყნარი ოკეანის ესკადრონი, თავისი საზღვაო ქვეითებითა და მეზღვაურებით, კომოდორ რობერტ სტოკტონის მეთაურობით, გამოყენებულ იქნა მსხვილი სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად, რომელსაც კოორდინირებას კალიფორნიის ბატალიონში ორგანიზებული ადგილობრივი მილიცია უწევდა, რომლის მიზანი კალიფორნიის დაპყრობის გაადვილება იყო. საზღვაო ძალებმა უზრუნველყვეს ამერიკის შეიარაღებული ძალების პირველი მსვილი სადესანტო ოპერაცია, რომლის დროსაც, ერთ დღეში, 12 000 სამხედრო თავისი აღჭურვილობით გადაისხა ვერაკრუსში. როდესაც ვერაკრუსის დასაკავებლად საჭირო გახდა მსხვილკალიბრიანი შეიარაღება, საზღვაო ძალების მოხალისეებმა გადმოსხეს მსხვილკალიბრიანი საზღვაო ქვემეხები და აწარმოებდნენ ქალაქის წარმატებულ დაბომბვას, რომელიც ქალაქის დაკავებით დასრულდა. წარმატებულმა სადესანტო ოპერაციამ და ვერაკრუსის დაპყრობამ ამერიკას გზა გაუხსნა მეხიკოს დაკავებაზე, რითაც დასრულდა ამერიკა-მექსიკის ომი.[17] კომოდორ მეთიუ პერის მოქმედებით იაპონიაში, რომელიც 1854 წელს კანაგავას შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, აშშ-ის საზღვაო ძალებმა საკუთარი ნიშა დაიკავა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაშიც.

აშშ-ის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, რომლის დროსაც კავშირს ცხადი უპირატესობა ჰქონდა ზღვებზე.[17] მოკავშირეებმა უზრუნველყვეს კონფედრატების ყველა მთავარი პორტის ბლოკადა, შეაჩერეს ექსპორტი და კაბოტაჟი. საზღვაო ძალების მიერ მდინარეებზე კონტროლის მოპოვებამ გაართულა კონფედერატების შიდა გადაადგილება, და გაუადვილა მოკავშირეებს. 1862 წელს, ჰემპტონის რეიდის ბრძოლაში, ომში პირველად მიიღეს მონაწილეობა ჯავშნოსანმა გემებმა, რა დროსაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოკავშირეების USS Monitor და CSS Virginia. ომის შემდგომი ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალები მიტოვებულ იქნა, რამაც ტექნოლოგიური მოძველება გამოიწვია.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ჩვენი გემები ჩვენი ერთადერთი ციხესიმაგრეებია“
„დიდი თეთრი ფლოტი“ 1907 წელს ამცნობს მსოფლიოს, რომ ამერიკას ჰყავს საოკეანო ფლოტი.

საზღვაო ძალების მოდერნიზაციის პროგრამა 1880 წელს დაიწყო, როდესაც პირველმა საბრძოლო ფოლადის გემებმა ამერიკის ფოლადის ინდუსტრია აამუშავეს.[18] ამერიკის საზღვაო ძალების სწრაფმა გამსხვილებამ და 1898 წელს ესპანურ ფლოტზე ადვილმა გამარჯვებამ ამერიკულ ტექნიკას და საზღვაო ძალებს სახელი გაუთქვა. ჯერ დრედნოუტამდელი კლასის, შემდგომ კი დრედნოუტის კლასის გემების სწრაფმა აგებამ, ამერიკა დააყენა ისეთი ქვეყნების მხარდამხარ, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და გერმანია. 1907 წელს ამერიკული ფლოტის ყველა საბრძოლო გემმა, რამდენიმე დამხმარე გემთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 14 თვიან მსოფლიო მოგზაურობაში; ამ შენაერთს „დიდი თეთრი ფლოტი“ უწოდეს. ამ მისიის დაწყების განკარგულება პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა გასცა, იდეა კი, მდგომარეობდა მსოფლიოსთვის ამერიკული საზღვაო ფლოტის მოქნილობის და მზადყოფნის ჩვენებაში, მოვლენების მსოფლიო თეატრში მონაწილეობისთვის.[15] 1911 წლისთვის აშშ-მა დაიწყო სუპერ-დრედნოუტის კლასის გემების მშენებლობა იმ ტემპებით, რომ ბრიტანულ ფლოტთან თანაბარ ძალაზე გასულიყვნენ.

პირველი მსოფლიო ომიდან მეორემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბია, როგორც აშშ-ის განსახიერება, იფარებს გემის ფორმის ქუდს, რომელსაც აწერია „მსოფლიოს ძალა“. გამოსახული იყო ჟურნალ Puck-ის ყდაზე 1901 წლის 6 აპრილის გამოცემაში.

პირველ მსოფლიო ომში ამერიკული ფლოტის მონაწილეობა მცირე მოქმედებებით შემოიფარგლა. ამერიკული საზღვაო ძალები, ძირითადად, დაკავებულნი იყვნენ დანაღმვითი ოპერაციებით გერმანული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ. მეთაურობის ყოყმანის გამო, ძალები 1917 წლამდე არ ჩაიერთო ბრძოლებში. სახაზო გემების მეცხრე ქვედანაყოფი გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში და დიდი ბრიტანეთის დიდი ფლოტის მეექსე საბრძოლო ესკადრონის შემადგენლობაში შევიდა. ამ გადასროლამ ბრიტანელებს საშუალება მისცა ჩამოეწერათ ძველი ხომალდები, ხოლო მათი ეკიპაჟები გადაენაწილებინათ შედარებით მცირე გემებზე. საესკადრო ნაღმოსნებს და ფლოტის საჰაერო ძალებს წვლილი შეჰქონდათ წყალქვეშა გემსაწინააღმდეგო ოპერაციებში. 1916 წლის საზღვაო კანონის საფუძველზე დაწყებული გემთსამშენებლო ამბიციური პროგრამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეიძინა მძლავრი წარმომადგენლობა მსოფლიო ზღვებზე.

გემთმშენებლობა, კონკრეტულად კი სახაზო გემების მშენებლობა, შეიზღუდა 1921-1922 წლების ვაშინგტონის კონფერენციის მიერ. ავიამზიდები USS Saratoga (CV-3) და USS Lexington (CV-2) აიგო იმ ნაწილობრივ აგებული კრეისერების ბაზაზე, რომლებიც კონფერენციის შეზღუდვის ქვეშ მოხვდა. „ახალმა კურსმა“ დაიწყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილი ფონდიდან საბრძოლო გემების მშენებლობის დაფინანსება; ამ ფულით აიგო USS Yorktown (CV-5) და ლეგენდარული USS Enterprise (CV-6).

1936 წლისთვის, USS Wasp-ის (CV-7) დასრულებასთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ძალების საავიამზიდო ფლოტის წყალწვა 165 000 ტონას შეადგენდა, ამასთან ეს მაჩვენებელი ნომინალურად ჩაიწერა როგორც 135 000 ტონა, რათა შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვა არ დარღვეულიყო. ფრანკლინ რუზველტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს საზღვაო ძალების დეპარტამენტში რიგით მეორე თანამდებას იკავებდა, საზღვაო ძალები სათანადოდ შეაფასა და მას ძლიერი მხარდაჭერა გაუწია. ამერიკულ მაღალი რანგის წრეებში ეძებნენ ინოვაციებს და ატარებდნენ ცდებს ისეთ ახალ ტექნოლოგიებზე, როგორებიცაა მაგნიტური ტორპედოები. მათ ასევე შეიმუშავეს „ომის ნარინჯსფერი გეგმის“ სახელით ცნობილი სტრატეგია, რომელიც მოიაზრებდა წყნარ ოკეანეზე გამარჯვებას იაპონიასთან ჰიპოთეტიური ომის შემთხვევაში, რაც შემდგომში რეალობად იქცა.[19]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახაზო გემი USS Idaho უტევს კუნძულ ოკინავას 1 აპრილს, 1945

აშშ-ის საზღვაო ძალები მრისხანე ძალად გადაიზარდა მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში, როდესაც 1937 აღდგა სახაზო გემების წარმოება USS North Carolina (BB-55)-ს თაოსნობით. იაპონიის იმპერია აშშ-ის გაძლერებას წყნარ ოკეანეში თავიდანვე გამოწვევად მიიჩნევდა და მისი განეიტრალების ხერხებს ამუშავებდა. აშშ-ის ფლოტის საბოლოო განადგურების მიზნით, 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საიმპერატორო ფლოტის საჰაერო ძალებმა და წყალქვეშა ნავებმა მოულოდნელად თავს დაესხნენ პერლ-ჰარბორის საზღვაო და საჰაერო ბაზებზე დისლოცირებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ძირითად დამრტყმელ ძალებს. მიუხედავად ამერიკული ფლოტის და ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანისა, საბოლოო მიზანს იაპონიამ ვერ მიაღწია. პირიქით, მას შემდეგ რაც პერლ-ჰარბორზე შეტევის საპასუხოდ ამერიკამ ომი გამოუცხადა იაპონიას და ამგვარად მეორე მსოფლიო ომის ორფრონტიან ბრძოლაში ჩაება, აშშ-ის საზღვაო ძალები შეუდარებლად გაიზარდა. ფლოტმა წყნარი ოკეანის თეატრში „კუნძულებზე ნახტომების“ წარმატებულ ოპერაციებში საკვანძო როლის შესრულებით საჩვენებელი პატივისცემა მოიპოვა.[16] აშშ-ის საზღვაო ძალებმა მონაწილეობა მიიღეს უამრავ მნიშვნელოვან ბრძოლაში, როგორებიცაა მარჯნის ზღვის ბრძოლა, მიდვეის ბრძოლა, სოლომონის კუნძულების კამპანია, ფილიპინის ზღვის ბრძოლა, ლეიტეს ყურეს ბრძოლა და ბრძოლა ოკინავასთვის. ომის მიწურულს აშშ-ის საზღვაო ძალებს შეემატა რამდენიმე ასეული ახალი გემი, მათ შორის 18 ავიამზიდი, 8 სახაზო გემი. ამგვარად იგი ფლობდა 1 000 ტონაზე მეტი წყალწვის მსოფლიოს სამხედრო გემების საერთო რაოდენობის და მათი ჯამური ტონაჟის 70%-ს.[20][21] 1945 წლის აგვისტოში, იაპონიაზე გამარჯვების დღისთვის, შეერთებული შტატების ფლოტის განკარგულებაში იყო 6 768 გემი.[22]

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სამხედრო დოქტრინა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამერიკის საზღვაო ძალები დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ფლოტის კვალს დაადგა, რომელთა მსგავსადაც, ისიც ახდენდა სახაზო გემების ჯგუფების თავმოყრას თავისი მოიერიშე საზღვაო შეიარაღების სახით.[23] იაპონიის მიერ ავიამზიდების გამანადგურებელი შედეგის მომტანმა გამოყენებამ პერლ-ჰარბორში, ამერიკის საზღვაო ძალების განვითარების კურსი ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფების განვითარებაზე დააყენა.[24]

ცივი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი USS George Washington (SSBN-598)

ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირთან ომის პოტენციურმა საშიშროებამ აშშ-ის საზღვაო ძალები აიძულა განევითარებინა ტექნოლოგიური უპირატესობა შეიარაღებების ახალი სისტემების, გემების და თვითმფრინავების მშენებლობით. ამერიკის ფლოტის სტრატეგია შეიცვალა: ფლოტს უნდა შესძლებოდა მოწინავე გაშლა საავიამზიდო დაჯგუფებების დახმარებით, ამერიკის მოკავშირეების მხარდაჭერისთვის.[25]

ფლოტი იყო მთავარი მონაწილე ვიეტნამის ომში და კუბის ბლოკადაში. ბალისტიკურრაკეტებიანი წყალქვეშა ნავების გამოყენებამ, ფლოტი მნიშვნელოვან ასპექტად აქცია აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული შემკავებლობის პოლიტიკაში. აშშ-ის ფლოტმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა სპარსეთის ყურეში, ირანის წინააღმდეგ 1987 და 1988 წელს, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ოპერაცია „ჩოქელა“ (ინგლ. Operation Praying Mantis). ფლოტი აქტიურად მონაწილეობდა ოპერაციებში „გადაუდებელი რისხვა“, „უდაბნოს ფარი“, „უდაბნოს ქარიშხალი“, „გათავისუფლებული ძალა“, „სამოკავშირეო ძალა“, „უდაბნოს მელა“, „სამხრეთის დამკვირვებელი“.

აშშ-ის საზღვაო ძალები ასევე მონაწილეობდნენ ძებნა/გადარჩენის ოპერაციებში, ხანდახან სხვადასხვა ქვეყნების და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემებთან ერთად. მაგალითად ფლოტი ჩართული იყო 1966 წელს პალომარესთან B-52-ის კატასტროფის დროს ბირთვული ბომბის ძებნის ოპერაციში, ასევე მეშვიდე ფლოტის 71-ე ოპერატიულმა შენაერთმა ჩაატარა კორეის ავიახაზების რეისი 007-ის ძებნა/გადარჩენის ოპერაცია. კორეის Boeing 747 KAL007, ბორტზე 246 მგზავრთან და ეკიპაჟის 23 წევრთან ერთად, ჩამოგდებულ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ 1983 წლის 1 სექტემბერს.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„როდესაც ნაციას კრიზისი უპირისპირდება, პოლიტიკოსების პირველი კითხვა ხშირად არის: „რა საზღვაო ძალებია ხელმისაწვდომი და რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ ადგილზე მისვლა?““
ოფიცრები ავიამზიდ USS Abraham Lincoln (CVN-72)-ის ბორტზე აკვირდებიან თავდაცვითი სისტემებს 2010 წელს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების სწავლების დროს

21-ე საუკუნეში ამერიკის ფლოტი ისევ აშშ-ის ინტერესების მთავარ მხარდამჭერად გვევლინება. სსრკ-ის დაშლის და მასთან ერთად ცივი ომის დასრულების შემდგომ, საზღვაო ძალებმა თავისი მზერა გადაიტანა ფართომასშტაბიანი ომისთვის სამზადისიდან — სპეციალურ ოპერაციებზე და დარტყმით მისიებზე რეგიონულ კონფლიქტებში.[27] მან მონაწილეობა მიიღო ოპერაციებში „უძლეველი თავისუფლება“, „ერაყის თავისუფლება“ და მთავარი მონაწილეა მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებში. გრძელდება განვითარება და მუშაობა ახალ გემებსა და შეიარაღებაზე, მათ შორის „ჯერალდ ფორდის“ კლასის ავიამზიდზე და ლიტორალურ საბრძოლო გემებზე (LCS). მისი სიდიდის, მაღალტექნოლოგიური შეიარაღების და საკუთარი ტერიტორიისგან შორს ძალის გამოყენების უნარიდან გამოდინარე, აშშ-ის საზღვაო ძალები რჩება აშშ-ის მძლავრ ბერკეტად. გარდა ამისა, იგი მთავარი იარაღია აშშ-ის მიერ გლობალური საერთაშორისო წესრიგის დაცვის საქმეში, კერძოდ იგი იცავს საერთაშორისო ვაჭრობის და მოკავშირე ერების უსაფრთხოებას.[28]

2007 წელს აშშ-ის საზღაო ძალებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსთან და სანაპირო დაცვასთან ერთად მიიღეს ახალი საზღვაო სტრატეგია „21-ე საუკუნის საზღვაო ძალის ერთობლივი სტარტეგია“ (A Cooperative Strategy for 21st Century Seapower), რომელშიც ომის აღკვეთის ცნება აყვანილია ისეთივე ფილოსოფიურ დონეზე, როგორიცაა ომწარმოება. აღნიშნული სტრატეგიის პრეზენტაცია მოხდა საზღვაო ოპერაციების უფროსის, საზღვაო ქვეითთა კორპუსის კომენდანტის და სანაპირო დაცვის კომენდატის მიერ 2007 წლის 17 ოქტომბერს, როდ-აილენდში გამართულ საზღვაო ძალების საერთაშორისო სიმპოზიუმზე.[29] სტრატეგია ამოიცნობს თუ როგორ შეუძლიათ რეგიონალურ კრიზისებს (ბუნებრივი ან ადამიანის მიერ გამოწვეული) და გლობალური სისტემის ეკონომიკურ კავშირებს უარყოფითი გავლენა მოახდინონ აშშ-ის ეკონომიკაზე და ცხოვრების ხარისხზე. ახალი სტრატეგია განსაზღვრავს კურსს, რომლითაც საზღვაო ძალები, სანაპირო დაცვა და საზღვაო ქვეითთა კორპუსი იმუშავებენ ერთობლივად და საერთაშორისო პარტნიორებთან ასეთი კრიზისების თავიდან ასაცილებლად, ან სწრაფ რეაგირებას მოახდენენ აშშ-ზე უარყოფითი გავლენის ასაცილებლად.

საზღვაო ოპერაციების უფროსმა, ადმირალმა გერი რაფჰედმა 2010 წელს აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებზე მოთხოვნა მატულობს, ამიტომ, მისი შეკვეცის და მომავალში დაფინანსების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, საზღვაო ძალებს უფრო მეტად მოუწევს დაყრდნობა საერთაშორისო პარტნიორებზე.[30]

უნივერსალური სადესანტო გემი USS America (LHA-6) ჩაშვებისას, 2012 წელი

2013 წლის საბიუჯეტო მოთხოვნაში საზღვაო ძალებმა ყველა რესურსი მიმართეს თერთმეტი დიდი ავიამზიდის შენარჩუნებაზე, რაც მომცრო გემების რაოდენობის შემცირების და სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავების ჩანაცვლების თარიღის გადადების ხარჯზე მოხერხდა.[31] შემდეგ წელს ამერიკის ფლოტმა ვეღარ უზრუნველყო თერთმეტი ავიამზიდის შენახვა, რადგან 2013 წლის საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი თანხები ამოიწურა. ამ თემაზე კომენტირებისას საზღვაო ოპერაციების უფროსმა ჯონათან გრინერტმა აღნიშნა, რომ ათი ავიამზიდის იმედად დარჩენილი ფლოტი ვერ შეძლებდა შეიარაღებული ძალების მოთხოვნების მდგრად დაკმაყოფილებას.[32] პირველმა საზღვაო ლორდმა, ჯორჯ ზამბელასმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვა ძალები გადაერთო „შედეგებზე დამოკიდებულიდან - რესურსებზე დამოკიდებულ დაგეგმარებაზე“.[33]

აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო კატარღა ქუვეითის საზღვაო ბაზასთან ახლოს 2009 წელს

აშშ-ის საზღვაო ძალებს ამჟამად აქვს სამსაფეხურიანი გეგმა ფლოტის საცეცხლე ძალის გასაზრდელად: ახლო მომავალში, შორი მანძილის გემსაწინააღმდეგო რაკეტების განვითარება და სახმელეთო ბაზირების პლატმორმიდან გაშვებისთვის ადაპტაცია, ჰორიზონტს-მიღმა ფრთოსანი რაკეტა რომლის მოქმედების მანძილი აღმატებული იქნება 121 კმ მოქმედების რადიუსის მქონე ჰარპუნის ტიპის გემსაწინააღმდეგო რაკეტაზე, რათა „ტომაჰავკის“ გემსაწინააღმდეგო რაკეტების შეიარაღებიდან მოხსნის შემდგომ შესაძლებლობები შენარჩუნდეს; საშუალოვადიან პერსპექტივაში, თავდაცვითი სარაკეტო სისტემების ლაზერული იარაღის სისტემებით ჩანაცვლება; გრძელვადიან პერსპექტივაში, გემების ელექტრომაგნიტური რაილგანებით აღჭურვა ჰორიზონტს-მიღმა დაბომბვისთვის. ისეთი ლაზერები, როგორიც ლაზერული შეიარაღების სისტემებშია, დღეს დღეისობით, გამოცდების პროცესშია. ასეთი სისტემები უზრუნველყოფენ გემის დაცვას მტრული რაკეტებისგან მათი დაშლის გზით, მანამ სანამ გემს ექნება ენერგია. გამომდინარე იქედან, რომ ლაზერის გამოყენება შეზღუდულია ჰორიზონტით და ჰორიზონტს მიღმა ცეცხლს ისინი ვერ უზრუნველყოფენ, ლაზერები შეიძლება განეკუთვნოს მხოლოდ თავდაცვით შეიარაღებას. რაილგანები კი, 7 მახის სიჩქარით 201 კმ მანძილზე უზრუნველყოფენ დარტყმების მიყენებას, შესაბამისად ის თავდასხმით შეიარაღებად შეიძლება ჩაითვალოს. რაილგანი იქნება ფრთოსანი რაკეტების დამატებება, რადგან მას აქვს ფრთოსან რაკეტებთან შედარებით ნაკლები მოქმედების მანძილი, კომპონენტები სწრაფად იცვითება და ამჟამად მხოლოდ „ზამვოლტის“ კალსის საესკადრო ნაღმოსნებს აქვთ საჭირო წარმადობისთვის საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა.[34]

აშშ-ის პოლიტიკური კურსის არსებითი ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზღვაო ძალების დაგეგმარებაზე, არის „შებრუნება სამხერეთ აზიაში“. ამასთან დაკავშირებით საზღვაო ძალების მდივანმა, რეი მაბუსმა, განაცხადა, რომ აშშ-ის საერთო ფლოტის 60 % 2020 წლამდე გაიშლება წყნარ ოკეანეში.[35] 2016 წელს გამოქვეყნებულ ფლოტის გემმშენებლობის 30-წლიან გეგმაში მოთხოვნილია 308 გემისგან შემდგარი საზღვაო ძალების ყოლა, მზარდი კონკურენტული საერთაშორისო გარემოს გამოწვევებზე საპასუხოდ.[33]

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურობის გამარტივებული სქემა

აშშ-ის საზღვაო ძალები არის საზღვაო ძალების დეპარტამენტის დაქვემებარებაში, რომელსაც საზღვაო ძალების მდივანი ხელმძღვანელობს. ყველაზე მაღალრანგიანი ოფიცერი ფლოტში საზღვაო ოპერაციების უფროსია, ოთხვარსკვლავიანი ადმირალი, რომელიც საზღვაო ძალების მდივნის უშუალო დაქვემდებარებაშია. ამავე დროს, საზღვაო ოპერაციების უფროსი არის შტაბის უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მნიშვნელობით შეიარაღებული ძალების რიგით მეორე სამსჯელო ორგანოა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგ. ამასთან, საზღვაო ოპერაციების უფროსი ასრულებს პრეზიდენტის მრჩევლის ფუნქციას, მხოლოდ, და არ არის მეთაურობის ჯაჭვის ნაწილი. საზღვაო ძალების მდივანი და საზღვაო ოპერაციების უფროსი პასუხისმგებელნი არიან საზღვაო ძალების ორგანიზებაზე, რეკრუტირებაზე, წვრთნაზე და აღჭურვაზე. საზღვაო ძალების ოპერაციულ სარდლობას ახორციელბს ერთიანი საბრძოლო სარდლობა.

ოპერაციული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ძალების ოპერაციული ძალები აერთიანებს ცხრა დანაყოფს: აშშ-ის ფლოტის ძალების სარდლობა (ადრე აშშ-ის ატლანტიკური ფლოტი), აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტი, აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობა, აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის სარდლობა, საზღვაო ძალების ქსელური ოპერაციების სარდლობა, საზღვაო ძალების რეზერვი, აშშ-ის საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა, საექსპლუატაციო გამოცდების და შეფასების ძალები, სამხედრო საზღვაო გადაზიდვების სარდლობა. ფლოტის ძალების სარდლობა აკონტროლებს მთელ რიგ უნიკალურ შესაძლებლობას, მათ შორისაა სამხედრო გადაზიდვების სარდლობა, საზღვაო ძალების ექსპედიციური საბრძოლო სარდლობა, და საზღვაო ძალების კიბერ ძალები.

აშშ-ის საზღვაო ძალებს აქვს ექვსი დანომრილი ფლოტი — მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მეათე ფლოტი, რომელთაგან თითოეულს ხელმძღვანელობს ვიცე-ადმირალი, ხოლო მეოთხე ფლოტის ხელმძღვანელია კონტრ-ადმირალი. ეს ექვსი ფლოტი დამატებით შეჯგუფებულია სარდლობებში: ფლოტის ძალების სარდლობა (ადრე ატლატიკური ფლოტი), წყნარი ოკეანის ფლოტი, საზღვაო ძალების ევროპა-აფრიკის სარდლობა და საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობა, რომლის მეთაური ასევე არის მეხუთე ფლოტის მეთაურიც; პირველ სამ სარდლობას ოთხვარსკვლავიანი ადმირალები სარდლობენ. აშშ-ის პირველი ფლოტი არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1947 წლიდან, მაგრამ 1973 წელს გადაირქვა მესამე ფლოტად. 2008 წლიდან საზღვაო ძალებმა ხელახლა ჩამოაყალიბეს აშშ-ის მეოთხე ფლოტი (სამხრეთის სარდლობის ტერიტორიაზე ოპერაციების მართვისთვის).[36] მანამდე, მეოთხე ფლოტი 1943–1950 წლებში არსებობდა.

სანაპირო დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ბაზა იოკოსუკაში და ავიამზიდი USS Kitty Hawk (CV-63)

სანაპირო დაწესებულები საზღვაო ძალების შემადგენლობაში არსებობენ ფლოტის მისიის მხრადაჭერისთვის სახმელეთო ნეგებობების გამოყენებით. სანაპირო დაწესებულებების სარდლობაში, 2011 წლის მდგომარეობით, შედიოდა საზღვაო ძალების განათლების და წვრთნის სარდლობა, საზღვაო ძალების მეტეოროლიგიური და ოკეანოგრაფული სარდლობა, საზღვაო ძალების კოსმოსური და საზღვაო საბრძოლო სისტემების სარდლობა, საზღვაო ძალების ნაგებობების საინჟინრო სარდლობა, საზღვაო ძალების მომარაგების სისტემების სარდლობა, საზღვაო ძალების საჰაერო სისტემების სარდლობა, საზღვაო ძალების საზღვაო სისტემების სარდლობა, საზღვაო ძალების მედიცინის და ქირურგიის ბიურო, საზღვაო ძალების პერსონალის ბიურო, საზღვაო ძალების აკადემია, საზღვაო ძალების უსაფრთხოების ცენტრი, საზღვაო დარტყმების და საჰაერო ოპერაციების ცენტრი, და აშშ-ის საზღვაო ძალების ობსერვატორია.[37] ოფიციალური ვებგვერდები, საზღვაო ოპერაციების უფროსს და მის კანცელარიას მიაკუთვნებენ სანაპირო დაწესებულებებს, თუმცა ეს ორი ერთეული სხვა დაწესებულებებზე უპირატეს რანგშია და ასრულებს საკოორდინაიო ფუნქციას.

ურთიერთობები სხვა სახეობებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ქვეითების F/A-18 ემზადება ასაფრენად USS Coral Sea (CV-43)-ის გემბანიდან

1834 წელს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი გადავიდა საზღვაო ძალების დეპარტამენტის განკარგულებაში.[38] ისტორიულად საზღვაო ძალებს უნიკალური ურთიერთობები ჰქონდათ საზღვაო ქვეითთა კორპუსთან, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ორივე ორიენტირებულია საზღვაო ოპერაციებზე. საზღვაო ქვეითთა კორპუსი და საზღვაო ძალები ერთად ქმნიან საზღვაო ძალების დეპარტამენტს და ანგარიშმგებელნი არიან საზღვაო ძალების მდივანის წინაშე. თუმცა კი, საზღვაო ქვეითთა კორპუსი არის განსაკუთრებული, ცალკეული სახეობა[39] თავისი ძალოვანი უწყების უფროსით — ოთხვარსკვლავიანი გენერალი საზღვაო ქვეითთა კომენდანტით. საზღვაო ქვეითთა კორპუსი დამოკიდებულია საზღვაო ძალებზე სამედიცინო მხარდაჭერის (სტომატოლოგები, ექიმები, მედდები, სამედიცინო ტექნიკოსები) და რელიგიური კუთხით (კაპელანები). ამგვარად, საზღვაო ძალების ოფიცრები და რიგითი მეზღვაურები ასრულებენ ამ ფუნქციებს.

როდესაც საზღვაო ქვეითთა კორპუსზე მიმაგრებული დანაყოფები გადასროლილი არიან საოპერაციო გარემოში, ძირითადად ისინი ატარებენ საზღვაო ქვეითთა კომუფლირებულ უნიფორმებს, მაგრამ სხვა შემთხვევებში ისინი იცვამენ საზღვაო ძალების მუნდირს, თუ მათ ამას საზღვაო ქვეითთა კორპუსის სტანდარტები არ უზღუდავთ. ვინაიდან საზღვაო ქვეითთა კორპუსი ექსპედიციური ძალაა, რომელიც სპეციალიზებულია ამფიბიურ ოპერაციებზე, საოპერაციო გარემოში ტერიტორიული წყლების გარეთ ისინი ხშირად იყენებენ საზღვაო ძალების გემებს. საზღვაო ქვეითთა დანაყოფები რომლებიც საზღვაო ქვეითთა საჰაერო-სახმელეთო ოპერატიული შენაერთის ფორმატში არიან გაშლილნი, მოქმედებენ საზღვაო ქვეითთა კორპუსის არსებული მეთაურობის ჯაჭვის ქვეშ. თუმცა კი, საზღვაო ქვეითები ძირითადად ამფიბიური გემებით მოქმედებენ, ორ უწყებას შორის ურთიერთობები წლობით იმდენად განვითარდა რომ, საგემბანო ავიაციის ფრთის მეთაური არ მუშაობს ავიამზიდის მეთაურისთვის, არამედ, კოორდინირებს გემის მეთაურთან და პირად შემადგენლობასთან. ზოგი საზღვა ქვეითთა ესკადრილია, ხშირად უძრავფრთიანები რომლებიც მიმაგრებულნია არიან საგემბანო ავიაციის ფრთაზე, ატარებენ წვრთნებს და მოქმედებენ საზღვაო ძალების ესკადრილიებთან გვერდიგვერდ; დაფრინავენ ერთი და იგივე მისიის ფარგლებში და ხშირად ატარებენ ერთობლივ ფრენებს საგემბანო ავიაციის ფრთის მეთაურობით. ავიაცია არის ის სფერო, რომელშიც საზღვაო ძალებს და საზღვაო ქვეითთა კორპუსს ბევრი საერთო აქვთ, რადგან საფრენი აპარატების ეკიპაჟები თვითმფრინავის მართვისთვისას ხელმძრვანელობენ სტანდარტული პროცედურებით, რომლებიც გაწერილია NATOPS სახელით ცნობილ გამოცემებში.

აშშ-ის სანაპირო დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის სანაპირო დაცვის შვეულმფრენი ემზადება ამფიბიური სადესანტო გემის USS Wasp (LHD-1)-ის გემბანზე დასაშვებად.

აშშ-ის სანაპირო დაცვა მშვიდობიანობის პერიოდში მოქმედებს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ასრულებს მის სამართალდაცვით და სამაშველო ფუნქციებს საზღვაო გარემოში. იგი უზრუნველყოფს სამართალდამცავი დანაყოფების გადასროლას საზღვაო ძალების გემებზე, სადაც ისინი ატარებენ დაკავებებს ან სხვა სამართლადაცვით ღონისძიებებს აბორდაჟის ან გადაჭერითი მისიების დროს. ომიანობის პერიოდში სანაპირო დაცვა მოქმედებს როგორც საზღვაო ძალების ნაწილი.[40] სხვა დროს, სანაპირო დაცვა იცავს პორტების ან სხვა ობიექტების უსაფრთხოებას. სანაპირო დაცვა საზღვაო ძალების სანაპირო ბრძოლის ჯგუფებთან და ესკადრონებთან ერთად აკვირდებიან თავდავის გაძლიერების ფუნქციებს უცხო ქვეყნების ლიტორალურ საბრძოლო და სანაპირო ზონებში.

პირადი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვის ლომები ჯავარის კომპლექსის ერთ-ერთი მღვიმის შესასვლელთან

აშშ-ის საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობა დაახლოებით 500 000 მომსახურეს შეადგენს, რომელთა მეოთხედი აქტიური რეზერვია. აქტიურ მომსახურეთა 80 %-მდე ვადიანი მეზღვაურია, 15 %-მდე ოფიცერი, დანარჩენი — აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის და საზღვაო ძალების რეზერვის ოფიცრის სასწავლო კორპუსის, ასევე საზღვაო ძალების ოფიცრის საკანდიდატო სკოლის კურსანტია.[1] ვადიანი მეზღვაურები საწყის სამხედრო მომზადებას რეკრუტთა საწვრთნელ ბანაკში გადიან, შემდგომ კი, პროფილური მომზადებისთვის იგზავნებიან ინდივიდუალური მიმართულებებით.

რეალური საქმიანობის დასაწყებად, მეზღვაურები შემოწმებას გადიან წვრთნებისას შეძენილ უნარ-ჩვევებში და აბარებენ იდივიდუალური კვალიფიკაციის სტანდარტების ტესტსა და ამოცანებს. უმნიშვნელოვანესია „საბრძოლო კვალიფიკაცია“, რაც ნიშნავს კვალიფიცირებულ კადრს ზედაპირულ ბრძოლაში, საავიაციო ბრძოლაში, საინფორმაციო ბატონობის ომწარმოებაში, საგემბანო ავიაციის ეკიპაჟის წევრობში, სპეციალურ ოპერაციებში, საბრძოლო სამშენებლო ოპერაციებში (Seebee), წყალქვეშა ან საექსპედიციო ოპერაციებში. აშშ-ის საზღვაო ძალების მეზღვაურის უნიფორმაზე კვალიფიკაცია აღინიშნება განმასხვავებელი და სამკერდე ნიშნებით.

უნიფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო დეპარტამენტის ჩამოყალიბებასთან ერთად, 1802 წელს, პირველად შემოღებულ იქნა ოფიცერთა უნიფორმის რეგულაციები, რომელიც ნელ-ნელა ვითარდებოდა. აშშ-ის საზღვაო ძალების ძირითადი ფერებია ლურჯი და თეთრი. შემოღებისას, უნიფორმა დაეფუძნა სამეფო ფლოტის იმდროინდელ უნიფორმას და ამ შაბლონს დღემდე ინარჩუნებს.[41]

ოფიცრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიცრთა რანგები აშშ-ის საზღვაო ძალებში იყოფა სამ კატეგორიად, ესენია: უმცროსი ოფიცერი, უფროსი ოფიცერი და ფლაგმანი. უმცროსი ოფიცრები არიან ისინი, რომელთა ანაზღაურების ხარისხია O-1-დან O-4-მდე, მაშინ როდესაც უფროსი ოფიცრების ანალოგიური ხარისხია O-5 ან O-6, ხოლო ფლაგმანების ანაზღაურების ხარისხია O-7 და მეტი.

ანაზღაურების ხარისხი O-10 O-9 O-8 O-7 O-6 O-5 O-4 O-3 O-2 O-1 OC
განმასხვავებელი ნიშნები
წოდება ფლოტის ადმირალი1 ადმირალი ვიცე ადმირალი კონტრადმირალი უმცროსი კონტრადმირალი კაპიტანი მე-2 რანგის კაპიტანი/
კომანდერი
მე-2 რანგის კაპიტანი/
ლეიტენანტ-კომანდერი
ლეიტენანტი უმცროსი ლეიტენანტი ენსინი მიჩმანი/ოფიცრობის კანდიდატი
აბრევიატურები FADM ADM VADM RADM RDML CAPT CDR LCDR LT LTJG ENS MIDN/OC
ნატოს წოდებრივი კოდი OF-10 OF-9 OF-8 OF-7 OF-6 OF-5 OF-4 OF-3 OF-2 OF-1 OF-D
1 წოდების მინიჭება ხდება მხოლოდ ომიანობის დროს აშშ-ის კონგრესის თანხმობით.

ზემდეგ ოფიცერთა რანგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანაზღაურების ხარისხი W-1 W-2 W-3 W-4 W-5
განმასხვავებელი ნიშნები
წოდება ზემდეგი ოფიცერი - ერთი უფროსი ზემდეგი ოფიცერი - ორი უფროსი ზემდეგი ოფიცერი - სამი უფროსი ზემდეგი ოფიცერი - ოთხი უფროსი ზემდეგი ოფიცერი - ხუთი
აბრევიატურები WO-1 CWO-2 CWO-3 CWO-4 CWO-5

ვადიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეზღვაურები რომლებსაც აქვთ ანაზღაურების ხარისხი R-1-დან — E-3-მდე ითვლებიან სწავლულებად.[42] ისინი დაყოფილნი არიან ხუთ განსაზღვრულ ჯგუფად: მატროსი, მეხანძრე, ავიაფრთის წევრი, ინჟინერ-მშენებელი და სამედიცინო პერსონალი. თითოეულ მიმართულებას ამოსაცნობ ნიშანზე შეესაბამება განსაზღვრული ფერი.

ანაზღაურების ხარისხი E-2
განმასხვავებელი ნიშნები
მიმართულება მატროსი მეხანძრე ავიაფრთა ინჟინერ-
მშენებელი

E-4-დან – E-6-მდე უნტერ-ოფიცრები არიან (NCO, non-commissioned officer) და საზღვაო ძალებში პეტი-ოფიცრებად იწოდებიან.[43] პეტი-ოფიცრები არა მხოლოდ მსახურობენ თავისი პროფილის მიხედვით, არამედ ახალწვეულ მეზღვაურთა ლიდერებიც არიან. E-7-დან – E-9-მდე ისევ იწოდებიან პეტი-ოფიცრებად, მაგრამ ამ რანგის მეზღვაურები უკვე ცალკე საზოგადოებად მიიჩნევა საზღვაო ძალებში. მათ ემსახურებათ ცალკე სასადილოები, ატარებენ განსხვავებულ ფორმას და ასრულებენ განსხვავებულ დავალებებს.

მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერის რანგის მიღების შემდგომ, მეზღვაურს შეუძლია კარიერა გააგრძელოს და გახდეს სარდლობის მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი. სარდლობის მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი ითვლება ერთ-ერთ საკვანძო პირად სარდლობაში, იგი არის სარდლის დამხმარე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა, სამსახურით დაკმაყოფილება, მორალი, უტილიზაცია, წინსვლა და სარდლობის ვადიან მოსამსახურეთა წვრთნა-განათლება.[44][45] მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი შეიძლება იყო სარდლობის დონის (ერთი ქვედანაყოფის, როგორიცაა გემი ან სანაპირო სადგური), ფლოტის დონის (ესკადრა, რომელიც შედგება მრავალი ქვედანაყოფისგან და რომელსაც ხელმძღვანელობს კომოდორი ან ფლაგ-ოფიცერი) ან ძალების დონის (რომელიც ცალკეულ სახეობას მოიცავს საზღვაო ძლებში, მაგალითად წყალქვეშა ფლოტილიის, საგემბანო ავიაციის ან რეზერვების).[46] სარდლობის მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცრის განმასხვავებელი ნიშანი მსგავსია მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცრის ნიშნისა, იმ განსხვავებით, რომ რანგის აღმნიშვნელი სიმბოლო (გადაჯვარედინებული ღუზები) იცვლება გადაბრუნებულ ხუთქიმიან ვარსკვლავზე და ასახავს კარიერულ და რანგულ განსხვავებას წინა რანგებისგან. სარდლობის მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცრის ვარსკვლავი ვერცხლისფერია, ფლოტის მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცრის — ოქროსფერი. მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცრები დამატებით ატარებენ სამკერდე ნიშანს მკერდის მარცხენა მხარეს. [44][47]

ანაზღაურების ხარისხი E-9 E-8 E-7 E-6 E-5 E-4 E-3 E-2 E-1
განმასხვავებელი ნიშნები უნიშნო
წოდება აშშ-ის საზღვაო ძალების მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი ფლოტის/ძალების მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი სარდლობის მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი სარდლობის უფროსი მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი უფროსი მასტერ-მთავარი პეტი-ოფიცერი მთავარი პეტი-ოფიცერი პირველი კლასის პეტი-ოფიცერი მეორე კლასის პეტი-ოფიცერი მესამე კლასის პეტი-ოფიცერი მატროსი უმცროსი მატროსი მატროს-რეკრუტი

სამკერდე ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ძლების სამკერდე და ამოსაცნობი ნიშნები ესაა სამხედრო ნიშნები, რომლებიც გაიცემა აშშ-ის საზღვაო ძალების დეპარტამენტის მიერ საზღვაო ძალების მოსამსახურეებზე, მათ მიერ გარკვეული კვალიფიკაციის ან დამსახურების მიღწევის შემთხვევაში, როგორც აქტიურ, ასევე სარეზერვო სამსახურის დროს. საგემბანო ავიაციის ამოსაცნობი ნიშნების უმრავლესობის ტარება ასევე დაშვებულია საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნიფორმაზე.

როგორც „აშშ-ის საზღვაო ძალების უნიფორმების რეგულაციის“ მე-5 თავშია აღწერილი, „ნიშნები“ იყოფა სამკერდე (როგორც წესი მაგრდება მედლის თამასას ზემოთ და ქვემოთ) და განმასხვავებელ ნიშნებად (ატარებენ მკერდზე ჯიბის დონეზე).[48] სამკერდე განმასხვავებელი ნიშნები, თავისმხრივ, იყოფა სარდლობის, საბრძოლო და სხვა კვალიფიკაციის ნიშნებად.[49] განმასხვავებელი ნიშანი, როგორც წესი, არის ლითონის ემბლემა სარჭი-სამაგრით. მათ ატარებენ სააღლუმო ფორმაზე, ხოლო ყოველდღიურ სამუშაო ფორმაზე მაგრდება ლენტზე ამოქარგული ნიშნის ანალოგი.[50]

ბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ძალების ბაზები აშშ-ის რუკაზე

აშშ-ის საზღვაო ძალების სიდიდე, კომპლექსურობა და საერთაშორისო დასწრება ოპერაციების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერისთვის მოითხოვს დიდი რაოდენობით ნაგებობას. აშშ-ის საზღვაო ბაზების უმრავლესობა თავად აშშ-ში მდებარეობს, დანარჩენები განლაგებულია ამერიკის კონტროლ ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე და უცხო ქვეყნებში „ძალთა სტატუსის შესახებ შეთანხმების“ გათვალისწინებით.

აშშ-ის აღმოსავლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ძალების სიდიდით მეორე ბაზა მდებარეობს ჰემპტონ-როუდსში, ვირჯინიაში. აქ განთავსებულია 15 000 ჰექტარზე გაშლილი ატლატიკური ფლოტის მთავარი პორტი – საზღვაო ძალების სადგური ნორფოლკი; საზღვაო ძალების ავიაბაზა ოშიანა; ამფიბიური ბაზა ლითლ-კრიკი; წვრთნის მხარდაჭერის ცენტრი „ჰემტონ-როუდსი“, ასევე, საზღვაო ძალების და კომერციული გემების მომსახურების მრავალი ვერფი. „წვრთნისა და მომზადების ცენტრი იჯისი“ განლაგებულია საზღვაო ძალების დალგრენის ზედაპირული ბრძოლის ცენტრში, დელგრენი, ვირჯინია. მერილენდის შტატში განლაგებულია საზღვაო ძალების ავიაბაზა „პატაქსენტ-რივერი“, სადაც მდებარეობს საზღვაო ძალების მფრინავ-გამომცდელთა სკოლა; აგრეთვე მერილენდშია აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემია, კერძოდ ანაპოლისში. როდ-აილენდზე, ქალაქ ნიუპორტში, მდებარეობს საზღვაო ძალების სადგური „ნიუპორტი“, რომელშიც ფუნქციონირებს მრავალი სასწავლებელი, მათ შორის ოფიცრობის კანდიდატთა სკოლა, საზღვაო ძალების წყალქვეშა ბრძოლის ცენტრი და სხვა. მანდვეა ჩამოწერილი და არააქტიური გემების სადგომი.

საზღვაო ძალებს აქვთ ბაზა სამხრეთი კაროლინას ქალაქ ჩარლსტონში, სადაც განლაგებულია ბირთვული დარგის შემსწავლელი სკოლები, რომლებიც კადრებს საზღვაო ძალებისთვის ამზადებენ. ფლორიდაში მდებარეობს: საზღვაო ძალების სადგური „მეიპორტი“; საზღვაო ძალების ავიაბაზა „ჯექსონვილი“, რომელიც წყალქვეშა-ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის მთავარი ბაზაა; საზღვაო ძალების ავიაბაზა „პენსაკოლა“; საზღვაო ძალების განათლებისა და წვრთნის სარდლობა; საზღვაო ძალების ავია-ტექნიკური საწვრთნელი ცენტრი, რომელიც ამზადებს ავიაპერსონალს საზღვაო ძალებისთვის და საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის. ფლორიდაშია, ასევე, საზღვაო ძალების ავიაბაზა „პანამა-სიტი“, სადაც დისლოცირებულია საზღვაო ძალების მყვინთავთა და მაშველთა საწვრთნელი ცენტრი.

აღმოსავლეთ აშშ-ში საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავების ძირითადი ბაზებია „ნიუ-ლონდონი“ გროტონში, კონექტიკუტი, და საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავების ბაზა „კინგს-ბეი“ ჯორჯიაში. ნიუ-ჰემშირში, პორტსმუტთან, მდებარეობს საზღვაო ძალების ვერფი „პორტსმუტი“, რომელიც დაკავებულია წყალქვეშა ნავების აღდგენით.[1] ჩიკაგოს ჩრდილოეთით მდებარე საზღვაო ძალების სადგური „გრეით-ლეიკსი“ ასრულებს აზღვა ძალების რეკრუტთა საწვრთნელი ბანაკის ფუნქციას.

აშშ-ის საზღვაო ძალების უძველესი ობიექტია „საზღვაო ძალების ვაშინგტონის ვერფი“, რომელიც ამჟამად საზღვაო ძალების ცერემონიალური და ადმინისტრაციული ცენტრია. მანდვე მდებარეობს საზღვაო ოპერაციების უფროსის ოფისი და რამდენიმე სარდლობა.

აშშ-ის დასავლეთი და ჰავაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მყვინთავ-ამფეთქებელთა ჯგუფის (UDT) წევრები

საზღვაო ძალების უდიდესი კომპლექსია საზღვაო ძალების საჰაერო შეიარაღების სადგური „ჩაინა-ლეიკი“ კალიფორნიაში, რომელიც განთავსებულია 4 500 კმ2 ტერიტორიაზე და იკავებს აშშ-ის საზღვაო ძალების კუთვნილი სახმელეთო ტერიტორიების დაახლოებით 1/3-ს.[1]

საბრძოლო ოპერატორთა წყალქვეშა გადაღების ჯგუფის წევრი ვარჯიშობს გუანტანამოს ყურეში

საზღვაო ძალების ბაზა „სან-დიეგო“, კალიფორნიაში, არის წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარი პორტი (ამ ფლოტის შტაბ-ბინა განლაგებულია პერლ-ჰარბორში, ჰავაი). საზღვაო ძალების ავიაბაზა „ნორზ-აილენდი“ მდებარეობს კორონადოს ჩრდილოეთით. ბაზა „სან-დიეგო“ არის საზღვაო ძალების ავიაციის შტაბ-ბინა, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტის ავიაციის შვეულმფრენთა ესკადრილიის დიდი ნაწილის დისლოკაციის ადგილი, შედის დასავლეთ სანაპიროს ავიამზიდურ ფლოტში. საზღვაო ძალების ამფიბიური ბაზა „კორონადო“ მდებარეობს კორონადოს კუნძულის სამხრეთით, სადაც დისლოცირებულნი არიან დასავლეთ სანაპიროს „ზღვის ლომების“ შენაერთები და სპეცდანიშნულების კატარღების ქვედანაყოფები. „კორონადოში“ ასევე განთავსებულია საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების ცენტრი და „ზღვის ლომების“ მთავარი საწვრთნელი ცენტრი.

ავიამზიდი USS Carl Vinson (CVN-70) გუამზე

დასავლეთ სანაპიროზე საზღვაო ძალების ბაზების კიდევ ერთი შეჯგუფებაა ფიუჯიტ-საუნდში, ვაშინგტონი. აქ განთავსებულია საზღვაო ძალების სადგური „ევერეტი“ — უახლესი და საზღვაო ძალების განცხადებით ყველაზე თანამედროვე ბაზა.[51]

საზღვაო ძალების ავიაბაზა „ფელონი“ ნევადაში, გამოიყენება როგორც საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციის მფრინავების საცეცხლე წვრთნის ძირითადი პოლიგონი. აქვე მდებარეობს საზღვაო დარტყმების და საჰაერო ოპერაციების ცენტრი. საგემბანო ავიაციის პერმანენტული სახმელეთო ბაზირების ბაზები ასევე მდებარეობს საზღვაო ძალების ავიაბაზა „ლემორში“ (კალიფორნია) და „უიდბი-აილენდში“ (ვაშინგტონი). საჰაერო ცდების ძირითადი ნაწილი ტარდება საზღვაო ძალების ავიაბაზა „პოინტ-მუგუში“ (კალიფორნია), აქვეა განთავსებული ადრეული შეტყობინების საგემბანო ავიაცია. ჰავაის კუნძულებზე აშშ-ის საზღვაო ძალები ძირითადად წარმოდგენილია საზღვაო ძალების სადგურ „პერლ-ჰარბორში“, რომელიც წყნარი ოკეანის ფლოტის და მას დაქვემდებარებული სარდლობების შტაბ-ბინაა.

აშშ-ის ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ გუაზე, მისი მდებარობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აშშ-ის საზღვაო ძალები მნიშვნელოვანი მასშტაბებით არის წარმოდგენილი. აქ გაშლილია საზღვაო ძალების ბაზა „გუამი“. გუამის სანაპიროზე არის ბუნებრივი ღრმაწყლიანი ნავსადგური, რომელიც აშშ-ის ყველაზე დასავლეთ ტერიტორიაა, სადაც საგანგებო ვითარებისას ავიამზიდს შეუძლია ღუზა ჩაუშვას.[52] 1995 წელს გუამის საზღვაო ძალების ავიაბაზა გაუქმდა,[53] ხოლო მისი ფუნქცია გადაეცა ახლომდებარე საჰაერო ძალების ბაზა „ანდერსენს“.

კარიბის ზღვაში მდებარე პუერტო-რიკოში ფუნქციონირებდა საზღვაო ძალების სადგური „რუზველტ-როუდსი“, მაგრამ იგი 2004 წელს დაიხურა.

საზღვარგარეთის ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის უდიდესი საზღვარგარეთა ბაზაა აშშ-ის ფლოტის ბაზა „იოკოსუკა“, იაპონიაში, რომელიც საზღვაო ძალების მოწინავე ბაზირების ფლოტის დისლოლოკაციის ადგილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოპერაციებში წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.[54]

ევროპული ოპერაციების უზრუნველყოფას ძირითადად ახდენენ იტალიაში მდებარე ბაზები — საზღვაო ძალების ბაზა „სიგონელა“ და საზღვაო ძალების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო სადგური „ნეაპოლი“. საზღვაო ძალების ბაზა „ნეაპოლი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის და საზღვაო ძალების ევროპის, აფრიკის და სამხრეთ-დასავლეთ აზიის სარდლობის შტაბ-ბინაა. ასევე ევროპულ ოპერაციებში მონაწილეობენ: ობიექტები გაეტაში, საზღვაო ძალების სადგური „როტა“ ესპანეთში, და საზღვაო ძალების ბაზა „სუდასი“ საბერძნეთში.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო ძალების ობიექტები მდებარეობენ მხოლოდ სპარსეთის ყურეს მოსაზღვრე ქვეყნებში. ასეთებია ბაზა „ბაჰრეინი“, რომელიც აშშ-ის მეხუთე ფლოტის და საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაა.

საზღვაო ძალების სადგური „გუანტანომო-ბეი“ კუბაში აშშ-ის უძველესი საზღვარგარეთა ბაზაა. გუანტანამოს ბაზა უკანასკნელ წლებში ცნობილი გახდა გუანტანამოს ციხით, რომელშიც ტერორიზმში და ალ-კაიდასთან თანამშრომლობისთვის მსჯავდებულები იხდიან სასჯელს.[55]

აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მდგომარეობით, აშშ-ის საზღვაო ძალების განკარგულებაშია 280 გემი, 3650 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 50 000 არასაბრძოლო სატრანსპორტო საშუალება და 75 000 შენობა 13 000 კმ² ტერიტორიაზე. ასევე, საზღვაო ძალებს ჰყავს ასზე მეტი ხომალდი, რომლებზეც ოპერირებს სამხედრო გადაზიდვების სარდლობა, ეკიპაჟი კი შედგება სამოქალაქო კონტრაქტორებისა და მცირე რაოდენობით საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეებისგან.

გემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საზღვაო ძალების საბრძოლო მწყობრში ჩამდგარი გემები აღინიშნება პრეფიქსით „USS“, რაც ნიშნავს „United States Ship“ („შეერთებული შტატების გემი“).[56] საზღვაო ძლების მწყობრში არჩამდგარ ან სამოქალაქო ეკიპაჟის მიერ მართულ გემებს ენიჭება პრეფიქსი USNS, რაც იშიფრება როგორც „United States Naval Ship“ („შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემი“). გემების სახელები ოფიციალურად შეირჩევა საზღვაო ძალების მდივნის მიერ, და ისინი ხშირ შემთხვევაში მიენიჭება სახელოვანი ადამიანების ან მნიშვნელოვანი ადგილების პატივსაცემად.[57] გარდა ამისა, თითოეულ გემს ენიჭება ასოებისგან შემდგარი ბორტის კლასიფიკაციის სიმბოლო, ხომალდის ტიპის და ნომრის აღსანიშნავად, მაგალითად, CVN – ავიამზიდები, DDG – საესკადრო ნაღმოსნები. აშშ-ის საზღვაო ძალების ბალანსზე მყოფი ყველა გემი შეტანილია „საზღვაო ძალების ხომალდთა რეგისტრში“ რომელიც „საზღვაო ძალების სიის“ ნაწილია, და იგი სავალდებულოა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 29-ე მუხლით. რეგისტრი თვალს ადევნებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა გემის ამჟამინდელი სტატუსი, მწყობრში ჩადგომის და მწყობიდან მოხსნის თარიღები. ხომალდებს, რომლებიც ამოიღება რეგისტრიდან უტილიზაციის წინ, „რეგისტრიდან ამოშლილს“ უწოდებენ. საზღვაო ძალები ასევე ინახავს არააქტიური ხომალდების სარეზერვო ფლოტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზადაა საბრძოლო მწყობრში ჩასადგომად.

აშშ-ის საზღვაო ძალები ერთ-ერთი პირველთაგანი იყო რომლის საზღვაო ძალების გემები ბირთვული ძალური დანადგარებით აღიჭურვა.[58] დღეისთვის აშშ-ის ყველა აქტიური ავიამზიდი და წყალქვეშა ნავი ბირთვულ ენერგიაზე მუშაობს. ნიმიტსის კლასის ავიამზიდების შემთხვევაში, ბორტზე დამონტაჟებულია ორი ბირთვული რეაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს ავიამზიდის უსაზღვრო სვლას და გამოიმუშავებს იმდენ ენერგიას, რამდენიც საკმარისი იქნებოდა 100 000-იანი ქალაქის მომარაგებისთვის. წარსულში, აშშ-ის საზღვაო ძალების შეირაღებაზე იყო ბირთვული კრეისერები, თუმცა ამჟამად ისინი საბრძოლო მწყობრიდან გამოყვანილია.

2010 წლის დასაწყისში, საზღვაო ძალებმა 313 საბრძოლო გემის ყოლის საჭიროებაზე განაცხადეს, თუმცა მათი გეგმების მიხედვით იმ დროისთვის მათ 232-243 გემის ყოლის შესაძლებლობა ჰქონდათ. 2014 წლის მარტში საზღვაო ძალებმა დაიწყო საკუთარი ფინანსებით ზოგიერთი „ამოშლილი“ გემის მხარდაჭერა და მათი საბრძოლო ფლოტში შენარჩუნების სამუშაოები, რათა 2016 წლის ოქტომბრისთვის გემების საერთო რაოდენობა 272 ერთეული ყოფილიყო;[59] ასეთ გემებს შორის მოხვდნენ ტრალები, სადაზვერვო ხომალდები და ბუქსირები.

ავიამზიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმიტსის კლასის ავიამზიდი USS Nimitz (CVN-68)

აშშ-ის საზღვაო ფლოტს დადგენილი აქვს ავიამზიდების მინიმალური აუცილებელი რაოდენობა – 11 ერთეული, თუმცა ეს რიცხვი 10-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის დეკემბერში USS Enterprise (CVN-65) მოიხსნილ იქნა მწყობრიდან. იგეგმება, რომ 2017 წელს მე-11 ავიამზიდის ნიშას შეავსებს „ფორდის“ კლასის უახლესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford (CVN-78).[60]

როგორც წესი, ავიამზიდი გამოიყენება რამდენიმე დამატებით ხომალდთან ერთად, რომლებიც ერთად „ავიამზიდის დამრტყმელ ჯგუფს“ ქმნიან. ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფში, ავიამზიდის გარდა, შედიან: „იჯისით“ აღჭურვილი სამი ან ოთხი კრეისერი და საესკადრო ნაღმოსანი, ფრეგატი, და ორი წყალქვეშა ნავი. მხარდამჭერი გემების ამოცანაა ავიამზიდის დაცვა როგორც ჰაერიდან, ზედაპირიდან და წყალქვეშა მომდინარე საფრთხეებისგან, ასევე საცეცხლე ძალის გაზრდა. დამრტყმელი ჯგუფის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ მომარაგების გემები. აშშ-ის თანამერდროვე ავიამზიდები ატარებენ ამერიკელი ადმირალების და პოლიტიკოსების, ხშირად პრეზიდენტების სახელებს. მუდმივ გამონაკლისს წარმოადგენს სახელი USS Enterprise, რომელიც, გეგმის მიხედვით, იქნება ფორდის კლასის მესამე ავიამზიდი USS Enterprise (CVN-80).

სადესანტო გემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოსპის კლასის ამფიბიური სადესანტო გემი USS Bataan (LHD-5)

ამფიბიური სადესანტო გემები აშშ-ის ამფიბიური ოპერაციების საკვანძო რგოლებს წარმოადგენენ და ასრულებენ იმავე ამოცანას, რასაც ავიამზიდები, იმ განსხვავებით, რომ ამფიბიური გემების დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ სახმელეთო ძალები, ხოლო ავიამზიდების – საჰაერო ძალები. ეს გემები უზრუნველყოფენ 2200 კაციანი საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის სამეთაურო, საკოორდინაციო და ყველა სხვა სახის მხარდაჭერას, როგორც საჰაერო ასევე ამფიბიური საშუალებებით გადასხმისას. ამფიბიურ სადესანტო გემებს შეუძლიათ V/STOL, STOL, VTOL, კონვერტოპლანების და ხრახნფრთიანი საფრენი აპარატების გემბანზე მიღება, რაც მათ ერთგვარ მცირე ავიამზიდად აქცევს. ისინი ასევე აღჭურვილნი არიან სპეციალური გემბანით საჰაერობალიშიანი სადესანტო კატარღების და სხვა ამფიბიური სადესანტო მცურავი საშუალებების მისაღებად.

სან-ანტონიოს კლასის ამფიბიური სატრანსპორტო დოკი USS San Antonio (LPD-17)

უკანასკნელ პერიოდში ამფიბიური სადესანტო გემები საექსპედიციო დამრტყმელი დაჯგუფების ბირთვის ფუნქციას ასრულებენ, რომელიც შემდეგ გემებს აერთიანებს: ამფიბიური სატრანსპორტო დოკი, სადესანტო დოკ-გემი, „იჯისით“ აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი და კრეისერი, ფრეგატი და წყალქვეშა ნავი დაჯგუფების დაცვისთვის. ამფიბიური სადესანტო გემების სახელები შეირჩევა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ავიამზიდების სახელებიდან.

ამფიბიური სატრანსპორტო დოკები გემებია, რომლებიც დამხმარე ფუნქციას ასრულებენ და ამფიბიური საბრძოლო ოპერაციებისას გადაყავთ საზღვაო ქვეითები, მომარაგება და აღჭურვილობა. ვინაიდან ამ ტიპის გემებს გააჩნიათ დასაფრენი პლატფორმა, მათ შეუძლიათ საექსპედიციო ჯგუფის შემადგენლობაში ავიაციის დამხმარე მეორეხარისხოვანი ფუნქციის შესრულება. ყველა ამფიბიურ სატრასპორტო დოკს შეუძლია შვეულმფრენების, საჰაერობალიშიანი სადესანტო მცურავი საშუალებების და სხვა კონვენციური ამფიბიური სატრანსპორტო საშუალების მიღება. რაც შეეხება სან-ანტონიოს კლასის უახლეს გემებს, მათი შესაძლებლობები გაფართოვდა და მათ საზღვაო ქვეითთა კორპუსის „მობილური ტრიადის“ მიღება შეუძლიათ, ესენია: საექსპედიციო საბრძოლო მანქანები (EFV), V-22 Osprey ტიპის კონვერტოპლანები და საჰაერობალიშიანი სადესანტო კატარღები. ამფიბიური სატრანსპორტო გემებისთვის სახელები ირჩევა აშშ-ის ქალაქების სახელებიდან, გამონაკლისია USS John P. Murtha (LPD-26), რომელიც ყოფილი კონგრესმენის და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოფიცრის სახელს ატარებს, და USS Mesa Verde (LPD-19), რომელიც კოლორადოში მდებარე მესა-ვერდეს ეროვნული პარკის სახელს ატარებს.

სადესანტო დოკ-გემი ესაა საშუალო ამფიბიური ტრანსპორტი, რომლის მთავარი ამოცანაა საჰაერობალიშიანი სადესანტო კატარღების მიღება და მომსახურება, თუმცა მას აგრეთვე შეუძლია სხვა ამფიბიურ მოიერიშე მანქანებზეც ოპერირება. სადესანტო დოკ-გემები, როგორც წესი, განლაგდებიან საექსპედიციო დამრტყმელი დაჯგუფების ამფიბიური მოიერიშე კონტინგენტის შემადგენელი ერთეულის სახით და ასრულებენ მეორეხარისხოვანი გამშვები პლატფორმის როლს საჰაერობალიშიანი კატარღებისთვის. ყველა სადესანტო დოკ-გემი ატარებს აშშ-ის ქალაქების ან მნიშვნელოვანი ადგილების სახელს, ან აშშ-ის საზღვაო ძალების ისტრიიდან.

კრეისერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიკონდეროგას კლასის კრეისერი USS Port Royal (CG-73)

კრეისერი არის ზედაპირული ბრძოლისთვის განკუთვნილი დიდი მცურავი საშუალება, რომელიც აწარმოებს ჰაერსაწინააღმდეგო/რაკეტსაწინააღმდეგო ბრძოლას, ზედაპირულ ბრძოლას, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრძოლას და დამრტყმით ოპერაციებს დამოუკიდებლად ან დიდი ოპერატიული შენაერთის შემადგენლობაში. თანამედროვე მართვადრაკეტებიანი კრეისერების მშენებლობა განპირობებული იყო ნავსაწინააღმდეგო რაკეტების საშიშროებით, რომლის პირისპირ აშშ-ის საზღვაო ძალები ცივი ომის დროს აღმოჩნდა. მაშინ საფუძველი ჩაეყარა AN/SPY-1 ფაზირებულცხაურიანი რადარის და „სტანდარტის“ ტიპის რაკეტების განვითარებას, რომელთაც კოორდინირებას უწევდა საბრძოლო სისტემა „იჯისი“. იჯისით აღჭურვილი პირველი კრეისერები იყვნენ „ტიკონდეროგას“ კლასის კრეისერები, რომელთა პირველადი დანიშნულება ჰაერსაწინაღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა იყო. ვერტიკალური გაშვების სისტემების და „ტომაჰავკის“ რაკეტების შემდგომმა განვითარებამ კრეისერებს შორი მანძილის სახმელეთო და საზღვაო დარტყმების შესაძლებლობა მისცა, რამაც კრეისერებს თავდაცვითთან ერთად თავდასხმითი როლიც შესძინა. „ტიკონდეროგას“ კლასი კრეისერების ერთადერთი აქტიური კლასია. ამ კლასის ყველა გემი ატარებს სახელოვანი ბრძოლების სახელებს.

საესკადრო ნაღმოსნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამვოლტის კლასის სტელსი მართვადრაკეტებიანი საესკადრო ნაღმოსანი USS Zumwalt (DDG-1000)

საესკადრო ნაღმოსნები მრავალამოცანიანი საშუალო ზედაპირული გემებია, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი ჰაერსაწინააღმდეგო, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, გემსაწინააღმდეგო და თავდასხმითი ოპერაციების წარმოება. კრეისერების მსგავსად, მართვადრაკეტებიანი საესკადრო ნაღმოსნების პირველადი ამოცანებია ზედაპირული დარტყმების მიყენება „ტომაჰავკის“ რაკეტებით და ფლოტის დაცვა სისტემა „იჯისით“ და „სტადარტის“ ტიპის რაკეტებით. საესკადრო ნაღმოსნები დამატებით სპეციალიზებულნი არიან წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრძოლისთვის და აღჭურვილნი არიან ვერტიკალური გაშვების წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო რაკეტებით VL-ASROC და LAMPS Mk III Sea Hawk ტიპის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის შვეულმფრენებით. როდესაც საესკადრო ნაღმოსნები გაიშლებიან ავიამზიდური ან საექსპედიციო დამრტყმელი დაჯგუფების შემადგენლობაში, საესკადრო ნაღმოსნების და მათი კოლეგა, იჯისით აღჭურვილი კრეისერების მთავარ ამოცანად ისახება ფლოტის დაცვა, ხოლო დარტყმითი ოპერაციების წარმოება მათთვის მეორეხარისხოვანი ამოცანა. მცირე გამონაკლისების გარდა, საესკადრო ნაღმოსნები ატარებენ აშშ-ის საზღვაო ძალების, საზღვაო ქვეითთა კორპუსის და სანაპირო დაცვის გმირების სახელებს.

ფრეგატები და ლიტორალური საბრძოლო გემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტორალური საბრძოლო გემი USS Independence (LCS-2)

აშშ-ის თანამედროვე ფრეგატების ძირითადი დანიშნულებაა წყალქვეშა ნევებთან ბრძოლა, მომარაგების და სავაჭრო გემების შეიარაღებული ესკორტირება. აღნიშნული ფრეგატები დაპროექტებულია მოკავშირე გემების დასაცავად მტრული წყალქვეშა ნავებისგან, დაბლიდან – საშუალო საშიშროების გარემოში. დამოუკიდებლად ფრეგატებს შეუძლიათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციების და სხვა საზღვაო გადაჭერითი ოპერაციების ჩატარება. საესკადრო ნაღმოსნების მსგავსად, ფრეგატებს არქმევენ აშშ-ის საზღვაო ძალების, საზღვაო ქვეითთა კორპუსის და სანაპირო დაცვის გმირების სახელებს. 2015 წლის შემოდგომაზე ჩამოწერილ იქნა საზღვაო ძალების ფრეგატების უკანასკნელი კლასი. 2020 წლისთვის იგეგმება, რომ ფრეგატების უმეტეს მოვალეობებს ფლოტში ლიტორალური საბრძოლო გემები იტვირთავენ.

USS Freedom (LCS-1) სპეციალური სანიღბავი კომუფლაჟით

ლიტორალური საბრძოლო გემების (ლსგ) კლასი არის ზედაპირული, შედარებით მცირე, მცურავი საშუალებები, რომელთა დანიშნულებაა ლიტორალურ ზონაში (ნაპირის მახლობლად) ოპერაციების წარმართვა. ლსგ-კლასის გემების იდეა მდგომარეობს მოქნილი, დაბალი შემჩნევადობის ზედაპირული გემების შექმნაში, რომელთაც შეეძლებოდათ შეღწევისგან და ასიმეტრიული საფრთხეებისგან ლიტორალური წყლების დაცვას. მათ აქვთ მცირე მოიერიშე ტრანსპორტის შესაძლებლობები, მათ შორის ასაფრენი გემბანი და ორ შვეულმფრენზე გათვლილი ანგარი, კიჩოს მცირე აპარელი პატარა ნავების მისაღებად, და სატვირთო ნაკვეთური საბრძოლო მანქანებით აღჭურვილი მცირე მოიერიშე ძალების გადასაზიდად RoRo-ბაზებე. ამ კლასის გემები ადვილად გადასაწყობია სხვადასხვა მოვალეობების შესასრულებლად, მათ შორის წყალქვეშა ნევების საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, განაღმვითი სამუშაოებისთვის, ზედაპირული ბრძოლისთვის, დაზვერვისთვის, თვალთვალისა და რეკოგნოსცირებისთვის, საზღვაო გადაჭერისთვის, სპეციალური ოპერაციებისთვის, ლოგისტიკური სამუშაოების საწარმოებლად; ეს ყველაფერი კონკრეტული ოპერაციისთვის საჭირო მოდულის დაყენებითაა შესაძლებელი. 2015 წლის მდგომარეობით, საზღვაო ძალების რიგებშია რამდენიმე ლიტორალური საბრძოლო გემი, თუმცა იგეგმება მათი რიცხვის 32-მდე გაზრდა. გარდა ამისა, საზღვაო ძალები გეგმავენ დამატებით ამ ტიპის 20 გემის აგებას, რომლებსაც შემდგომ ფრეგატებს მიაკუთვნებენ.

აშშ-ის საზღვაო ძალების რიგებში ასევე ირიცხება ამერიკის პირველი ექვსი ფრეგატებიდან ერთ-ერთი — USS Constitution, რომელიც მწყობრში ჩადგა 1797 წელს და დღემდე მწყობრშია ჩარლსტაუნის ვერფზე, ბოსტონში. იგი ემსახურება აშშ-ის საზღვაო ძალების მემკვიდრეობისთვის პატივის მისაგებად და ხანდახან გადის ზღვაში, ისეთ საზეიმო დღესასწაულებზე, როგორებიცაა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე და სხვადასხვა გამარჯვებები 1812 წლის ომში. USS Constitution დღეისთვის ყველაზე ძველი საბრძოლო გემია მსოფლიოში, რომელიც იმყოფება ფლოტის რიგებში. აღსანიშნავია, რომ HMS Victory უფრო ძველია, თუმცა იგი სამუდამოდ მშრალ დოკშია გადაყვანილი.

ნაღმსაწინააღმდეგო გემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

USS Warrior (MCM-10)

ნაღმსაწინააღმდეგო გემი ისეთი მცურავი საშუალებაა, რომელიც აერთიანებს ნაღმმონადირების და ტრალერების შესაძლებლობებს ერთ გემში. მას შეუძლია საზღვაო ნაღმების აღმოჩენა, მათი სათითაოდ გაუვნებელყოფა, დანაღმული დიდი ფართობების გაწმენდა ნაღმების აღმოუჩენრად. საზღვაო ძალების შემადგენლობაში ათეულამდე ასეთი ტიპის გემია, თუმცა ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებებს უკვე ლიტორალური საბრძოლო გემი ასრულებს. ნაღმსაწინააღმდეგო გემებს უმეტესად მოძველებული სახელები ჰქვიათ, უმეტესობა მათგანი დარქმეულია მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ტრალერების პატივსაცემად.

საპატრულო კატარღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

USS Typhoon (PC-5) ტოვებს ლითლ-კრიკის ამფიბიურ ბაზას

საპატრულო კატარღა შედარებით მცირე ზომის საზღვაო ხომალდია, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სანაპირო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. წარსულში არსებობდა საპატრულო კატარღების რამდენიმე ნაირსახეობა, თუმცა დღეისთის საზღვაო ძალებში ამ ტიპის გემები მხოლოდ ერთი კლასით არიან წარმოდგენილნი. მათ იყენებენ როგორც საზღვაო ძალები ასევე სანაპირო დაცვა, როგორც ღია ზღვაში ასევე სამდინარო წყლებში მოქმედებისთვის. საზღვაო ძალების რიგებში ათეულამდე ასეთი ტიპის გემია, ისინი ძირითადად გამოიყენებენ სპარსეთის ყურის ლიტორალურ რეგიონებში, ასევე პორტების დაცვისთვის და ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის. საზღვაო ძალების ამჟამინდელ საპატრულო კატარღებს მინიჭებული აქვთ ამინდის მოვლენებზე დაფუძნებული სახელები, მაგალითად USS Typhoon.

წყალქვეშა ნავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჰაიოს კლასის ბალისტიკურაკეტებიანი წყალქვეშა ნავი USS Kentucky (SSBN-737)

აშშ-ის საზღვაო ძალების ყველა მოქმედი და დაგეგმილი წყალქვეშა ნავი აღჭურვილია ბირთვული ძალური დანადგარით, რადგან მხოლოდ მას შეუძლია უხილავი, ხანგრძლივი და სწრაფმავალი სტაბილური წყალქვეშა ნაოსნობის უზრუნველყოფა, რაც თანამედროვე ბირთვულ წყალქვეშა ნავებს საციცოცხლოდ მნიშვნელოვან სახეობად აქცევს ღია ზღვაში. აშშ-ის საზღვაო ძალები ფლობს სამი სახეობის წყალქვეშა ნავებს: ბალისტიკურრაკეტებიანი წყალქვშა ნავი, მართვადრაკეტებიანი წყალქვეშა ნავი და მოიერიშე წყალქვეშა ნავი. აშშ-ის საზღვაო ძალების ბალისტიკურრაკეტებიანი წყალქვეშა ნავები აშშ-ის სტრატეგიული ტრიადის ყველაზე უხილავი ფეხია (დანარჩენებია აშშ-ის სახმელეთო ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო ძალები და საჰაერო ბაზრიბის სტრატეგიული ბომბდამშენი ძალები). ამ წყალქვეშა ნავებს აქვთ მხოლოდ ერთი დანიშნულება: „ტრაიდენტის“ კლასის ბირთვული რაკეტის ტარება და ბრძანების მიღების შემთხვევაში მისი გაშვება. აშშ-ის საზღვაო ძალებში მოიერიშე და მართადრაკეტებიანი წყალქვეშა ნავების პირველადი დანიშნულებაა თვალთვალი, დაზვერვა, სპეციალური ოპერაციები, წერტილოვანი დარტყმები და ზღვების კონტროლი.[61] ამ ტიპის წყალქვეშა ნავები ასევე მონაწილეობენ ერთობლივი დავალებების შესრულებაში საბრძოლო დაჯგუფების შემადგენლობაში. მოიერიშე და მართვადრაკეტებიან წყალქვეშა ნავებს აქვთ რამდენიმე ტაქტიკური დანიშნულება, მათ შორის გემების და სხვა წყალქვეშა ნავების ჩაძირვა, მართვადი რაკეტების გაშვება, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და სპეციალურ ოპერაციებში დახმარების გაწევა.

ვირჯინიას კლასის წყალქვეშა ნავი USS Virginia (SSN-774)

როგორც საზღვაო ძალების სხვა კლასის ხომალდების შემთხვევაში, აშშ-ის წყალქვეშა ნავებსაც სახელი სპეციფიკური გადაწყვეტით ენიჭებათ. აშშ-ის ამჟამინდელი ბალისტიკურრაკეტებიანი „ოჰაიოს“ კლასის წყალქვეშა ნავები დარქმეულია აშშ-ის შტატების პატივსაცემად. აშშ-ის ოთხი ამჟამინდელი მართვადრაკეტებიანი წყალქვეშა ნავი გადაკეთებული „ოჰაიოს“ კლასის ხომალდია, ამიტომ მათაც შეინარჩუნეს აშშ-ის შტატების სახელები. ყველაზე ძველი მოქმედი წყალქვეშა ნავების — „ლოს-ანჯელესის“ კლასის წევრები ატარებენ აშშ-ის ქალაქების სახელებს. „სივულფის“ კლასის სამი ნავი — USS Seawolf, USS Connecticut და USS Jimmy Carter დარქმეულია შეუსაბამო სქემით. „ვირჯინიას“ კლასის მოიერიშე წყალქვეშა ნავებმა, „ოჰაიოს“ კლასის მსგავსად, მიიღეს შტატების სახელები. „ლოს-ანჯელესის“ კლასის წინამორბედი კლასის ნავები ატარებდნენ ზღვის ბინადრების სახელებს, ხოლო „ოჰაიოს“ კლასის წინამორბედი ბალისტიკურრაკეტებიანი ნავები ატარებდნენ ცნობილი ამერიკელების და უცხოელების სახელებს, რომელთაც მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

თვითმფრინავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ძალების სუპერ-ჰორნეტები

ავიამზიდური ბაზირების საჰაერო ხომალდებს შეუძლიათ იერიშის მიტანა ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფისგან მოშორებით მდებარე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიზნებზე, მოკავშირე ძალების დასაცავად მტრული საჰაერო ხომალდებისგან, გემებისგან და წყალქვეშა ნავებისგან. მშვიდობიანობის დროს, თვითმფრინავების უნარი წარმოადგენდნენ მობილური საზღვაო პლატფორმიდან ხანგრძლივი იერიშის საშიშროების წყაროს, აშშ-ის ხელმძღვანელებს ანიჭებს მნიშვნელოვან დიპლომატიურ და კრიზისების სამართავ ბერკეტს. საჰარო ხომალდები ასევე აწარმოებენ საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას მისი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. შვეულმფრენების დახმარებით ხორციელდება სამძებრო-სამაშველო, სპეციალური, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო და ანტი-ზედაპირული ოპერაციები.

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ზღვებზე ავიაციის გამოყენების კვლევა XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო. 1911 წლის 28 იანვარს ლეიტენანტი თეოდორ ელისონი გახდა საზღვაო ძალების პირველი ავიატორი, ხოლო 1922 წელს მწყობრში ჩადგა აშშ-ის პირველი ავიამზიდი USS Langley (CV-1).[62] აშშ-ის საზღვაო ავიაციამ ზრდასრული სახე მიიღო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მას შემდეგ, რაც, პერლ-ჰარბორზე თავდასხმით, მარჯნის ზღვის და მიდვეის ბრძოლებით, ნათელი გახდა, რომ ავიამზიდებმა და მათზე ბაზირებულმა თვითმფრინავებმა ჩაანაცვლეს ზღვების უმრისხანესი და უმძლავრესი იარაღი — სახაზო გემები. მეორე მსოფლიო ომის დროს საზღვაო ძალების მოწინავე თვითმფრინავები იყო Grumman F4F Wildcat, Grumman F6F Hellcat, Chance Vought F4U Corsair, Douglas SBD Dauntless და Grumman TBF Avenger. საზღვაო ძალების ავიაცია ცივი ომის ხანაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმდროინდელ დაპირისპირებებში; თვითმფრინავები F-4 Phantom II და F-14 Tomcat ცივი ომის ეპოქის სამხედრო ხატებად იქცნენ. დღეისთვის საზღვაო ძალების ძირითადი გამანადგურებელი და მოიერიშე თვითმფრინავებია მრავალამოცანიანი F/A-18C/D „ჰორნეტი“ და F/A-18E/F „სუპერ-ჰორნეტი“. 2012 წლისთვის იგეგმებოდა, რომ F-35 Lightning II-ის C-მოდიფიკაცია სრულად ჩაანაცვლებდა F/A-18-ის მოძველებულ C და D მოდიფიკაციებს[63], თუმცა F-35C-ს სრული საბრძოლო მზადყოფნა 2019 წლისთვის გადაიდო. საზღვაო ძალები ასევე განიხილავენ F/A-18E/F „სუპერ-ჰორნეტების“ ჩანაცვლებას F/A-XX პროგრამის ფარგლებში.

„თვითმფრინავთა ინვესტირების გეგმაში“ 2010 წელს გამოითქვა ვარაუდი, რომ მომავალი სამი ათეული წლის განმავლობაში საზღვაო ავიაციას გაეზრდება დაფინანსება დღღევანდელი 30%-დან – საავიაციო ძალების შესყიდვების მთლიანი დაფინანსების 50%-მდე.[64]

შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საავიაციო შეიარაღების მექანიკოსი ამონტაჟებს GBU-12-ს

ამჟამად, აშშ-ის საზღვაო ძალების საზღვაო ბაზირების შეიარაღების სისტემები ფოკუსირებულია რაკეტებზე, რამეთუ განიხილავს მათ როგორც იარაღად, ასევე საფრთხედ. თავდასხმით ოპერაციებში, რაკეტები განკუთვნილია შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის დარტყმების მიყენებისთვის. ვინაიდან და რადგან სარაკეტო შეიარაღება უპილოტოა, მათი საშუალებით შესაძლებელია ძლიერდაცულ მიზნებზე იერიშის მიტანა ადამიანი-პილოტის სიცოცხლისთვის საფრთხის შეუქმნელად. სახმელეთო იერიშები ძირითადად ხორციელდება BGM-109 „ტომაჰავკით“, რომელიც პირველად 1980 წელს მიიღეს შეიარაღებაზე და დღემდე მიმდინარეობს მისი განახლება და მახასიათებლების სრულყოფა. საზღვაო მიზნებზე იყენებენ „ჰარპუნის“ ტიპის რაკეტებს. მოწინააღმდეგის სარაკეტო თავდასმისგან დასაცავად, საზღვაო ძალები იყენებს სხვადასხვა სისტემებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „იჯისის“ საბრძოლო სისტემაში. საშუალო მანძილის თავდაცვას უზრუნველყოფენ Standard Missle 2 ტიპის რაკეტები, რომლებიც შეიარაღებაზეა 1980 წლიდან. „სტანდარტის“ ტიპის რაკეტები ძირითადი საგემბანო შეიარაღებაა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწნააღმდეგო თავდაცვისთვის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გადაჭერის საქმეში. მოკლე მანძილის თავდაცვას უზრუნველყოფენ Phalanx CIWS და უხლესი RIM-162 Evolved Sea Sparrow Missile სისტემები. აშშ-ის საზღვაო ძალების შეირაღებაზეა ასევე Mark 46 და Mark 50 ტიპის ტორპედოები და სხვადასხვა სახის საზღვაო ნაღმები.

საზღვაო ძალების უძრავფრთიანი საჰაერო ხომალდები, როგორც ჰაერი-ჰაერის ასევე ჰაერი-ზედაპირის სახის ბრძოლებისთვის ძირითადად იმავე შეიარღებას იყენებენ, რასაც აშშ-ის საჰაერო ძალები. საჰაერო ბრძოლებისთვის საზღვაო ავიაცია აღჭურვილია „საიდვენდერის“ ტიპის სითბური დამიზნების და AIM-120 AMRAAM-ტიპის რადარით მართვადი რაკეტებით; ახლო ბრძოლებისთვის თვითმფრინავები აღჭურვილია M61 Vulcan-ის ტიპის ქვემეხით. ზედაპირული იერიშებისთვის გამოიყენება რაკეტები, ჭკვიანი და უჭკუო, მათ შორის კასეტური ბომბები. საზღვაო ავიაციის სარაკეტო შეიარაღება შედგება Maverick, SLAM-ER და JSOW ტიპის რაკეტებისგან. ჭკვიანი ბომბები შედგება GPS-ით მართვადი JDAM და ლაზერული დამიზნების Paveway ტიპის ავიაბომბებისგან.

შვეულფრენების ძირითადი საზრუნავია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრძოლა და მცირე ზედაპირული შეტაკებები. წყალქვეშა ნავებზე ნადირობისთვის, შვეულმფრენები იყენებენ Mark 46 და Mark 50 ტიპის ტორპედოებს. მცირე მცურავი საშულებების წინააღმდეგ იყენებენ Hellfire და Penguin ტიპის ჰაერი-ზედაპირი რაკეტებს. შვეულმფრენების განკარგულებაშია ასევე სხვადასხვა სახის ტყვიამფრქვევები, მათ შორის M60, M240, GAU-16/A და GAU-17/A.

აშშ-ის საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღებას ატარებენ ბალისტიკურრაკეტებიანი წყალქვეშა ნავები და თვითმფრინავები. „ოჰაიოს“ კლასის წყალქვეშა ნავები აღჭურვილნი არიან „ტრაიდენტის“ ტიპის რაკეტის უხლესი მოდიფიკაციით. რაკეტა „ტრაიდენტი“ არის სამსაფეხურიანი წყალქვეშა ნავიდან გაშვების ბალისტიკური რაკეტა, ქობინების იდივიდუალური გამიზვნის შესაძლებლობით; Trident II D5 მოდიფიკაციის ჩანაცვლება დაგეგმილია 2020 წლისთვის. საზღვაო ავიაციის ბირთვული შეიარაღება წარმოდგენილია B61 ბირთვული ბომბით. B61 თერმობირთვული მოწყობილობაა, რომელიც შეიძლება ჩამოაგდოს F/A-18 „ჰორნეტმა“ და „სუპერ-ჰორნეტმა“ მაღალ სიჩქარეზე და დიდი სიმაღლიდან. აღნიშნული ბომბი შეიძლება იყოს როგორც თავისუფლად ვარდნადი, ასევე პარაშუტიანი, შეიძლება დაყენდეს როგორც ჰაერში აფეთქებაზე, ასევე ზედაპირთან დეტონირებაზე.

გიუისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის გიუისი

აშშ-ის საზღვაო ძალების ამჟამინდელ გიუისს ეწოდება „საზღვაო ძალების პირველი გიუისი“ და ტრადიციულად მიიჩნევა, რომ იგი ამერიკის რევოლუციური ომის დროს გამოიყენებოდა. 2002 წლის 31 მაისს საზღვაო ძალების მდივანმა, გორდონ ინგლენდმა, გასცა ბრძანება აშშ-ის საზღვაო ძალების ყველა გემისადმი, რათა მათ აღემართათ „პირველი გიუისი“ მანამ, სანამ მიმდინარეობს „ომი ტერორიზმთან“.[65] ბევრმა გემმა „პირველი გიუისის“ აღმართვა გადადო იმავე წლის 11 სექტემბრამდე, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ხსოვნის წლისთავის ღონისძიებისთვის.

აშშ-ის ძველი გიუისი

წინამორბედი გიუისი წარმოადგენდა ლურჯ ველს, რომელზეც გამოსახული იყო 50 თეთრი ვარსკვლავი, აშშ-ის დროშის ლურჯი ნაწილის ანოლოგიით, როგორც ვიზუალურად ასევე ზომებით; მას დღემდე იყენებენ აშშ-ის სანაპირო დაცვის და ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ადმინისტრაციის მცურავ საშუალებებზე. მსგავსი გიუისი გამოიყენებოდა 1794 წელს, მხოლოდ 13 ვარსკვლავით, რომლებიც დალაგებულნი იყვნენ 3-2-3-2-3 თანმიმდევრობით. როდესაც გემი ყენდება ღუზაზე, გიუისი აღიმართება გემის ქიმზე, ხოლო ფლოტის ალამი (აშშ-ის დროშა) — გემის კიჩოზე. გემის მოძრაობისას ალამი აღიმართება გემის ანძაზე. „პირველი გიუისი“ ყოველთვის ფრიალებდა აშშ-ის აქტიური ფლოტის უხუცეს გემზე, ასეთი დღეს არის USS Blue Ridge (LCC-19).

გამოჩენილი მეზღვაურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო ძალებში შეერთებული შტატების ბევრი ისტორიული ფიგურა მსახურობდა. სახელოვანი ოფიცრები იყვნენ ჯონ პოლ ჯონსი, ჯონ ბერი (კონტინენტური საზღვაო ძალების ოფიცერი და აშშ-ის საზღვაო ძალების პირველი ფლაგ-ოფიცერი), ედვარდ პრებლი, ჯეიმზ ლოურენსი (რომლის უკანასკნელი სიტყვები „არ დათმოთ გემი“ (ინგლ. "Don't give up the shipამოტვიფრულია აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიის ბენკროფტ-ჰოლში), სტივენ დეკეიტერი უმცროსი, დევიდ ფარაგუტი, დევიდ დიქსონ პორტერი, ოლივერ ჰაზარდ პერი, კომოდორი მეთიუ პერი, ჯორჯ დიუი (ერთადერთი, რომელმაც მიიღო საზღვაო ძალების ადმირალის წოდება); ოფიცრები, რომლებმაც ფლოტის ადმირალის წოდებას მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს: უილიამ ლეჰი, ერნესტ კინგი, ჩესტერ ნიმიტსი, უილიამ ჰოლსი.

აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ნამსახური ჰქონდა საზღვაო ძალებში, იყო ჯონ კენედი (მეთაურობდა PT-109 ტიპის კატარღას). ფლოტში ასევე მსახურობდნენ ლინდონ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, ჯიმი კარტერი და ჯორჯ ბუში (უფროსი). თეოდორ რუზველტი და ფრანკლინ რუზველტი იკავებდნენ საზღვო ძალების მდივნის თანაშემწეს თანამდებობას პრეზიდენტობამდე. საზღვაო ძალებში მსახურობდა ბევრი კონგრესმენი, მათ შორის სენატორები ბობ კერი, ჯონ მაკკეინი და ჯონ კერი.[66]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 US NAVY Status. დაარქივებული 2020-04-27 საიტზე Wayback Machine. U.S. Navy. 29.09.2015
  2. The gigantic advantage the U.S. Navy has over all others. Carl Lavo. 09.03.2015
  3. If More Money Buys a Smaller Fleet, What Will Less Money Buy? Winslow Wheeler. 03.12. 2012
  4. A Balanced Strategy. Reprogramming the Pentagon for a New Age.რობერტ გეიტსი.Foreign Affairs (Council on Foreign Relations).
  5. "Sunk, Scrapped or Saved: The Fate of America’s Aircraft Carriers". USNI News. 12 აგვისტო, 2015.
  6. "Mothballed Super Carriers" Deano in America. 03.09.2011
  7. "The Russian Navy Is Aiming To Be Much Larger Than The US Navy". Business Insider. 24 სექტემბერი, 2014.
  8. იხილეთ USS Gerald R. Ford (CVN-78) და USS John F. Kennedy (CVN-79).
  9. "MISSION OF THE NAVY" დაარქივებული 2008-12-05 საიტზე Wayback Machine. Navy Organization. United States Navy. Retrieved 29 November 2008.
  10. Start Guide - Navy Recruiting Command - U.S. Navy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-11. ციტირების თარიღი: 2015-10-14.
  11. U.S. Code § 5062 - United States Navy: composition; functions Cornell Law School
  12. "Chapter 20: Sea Power".Basic Military Requirements დაარქივებული 2012-09-27 საიტზე Wayback Machine. United States Navy. February 2002. pp. 20–7. NAVEDTRA 14325.
  13. "Famous Navy Quotes: Who Said Them ... and When" დაარქივებული 2017-07-27 საიტზე Wayback Machine. Naval History & Heritage Command. Retrieved 20 June 2015.
  14. Dull, Jonathan R. (2012). American Naval History, 1607–1865: Overcoming the Colonial Legacy. U. of Nebraska Press, გვ. 1–16. ISBN 978-0-8032-4471-9. 
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Love, Robert W., Jr. (1992). History of the US Navy. Harrisburg: Stackpole Books. ISBN 978-0-8117-1862-2. 
  16. 16.0 16.1 Howarth, Steven (1991). To Shining Sea: A history of the United States Navy 1776–1991. New York: Random House. ISBN 0-394-57662-4. 
  17. 17.0 17.1 17.2 Palmer, Michael A.. The Navy: The Continental Period, 1775–1890. Naval History & Heritage Command. ციტირების თარიღი: 20 June 2015.
  18. Hacker, Barton C.; Vining, Margaret (2007). American Military Technology. The Johns Hopkins University Press, გვ. 53. ISBN 978-0-8018-8772-7. 
  19. Holwitt, Joel I. (January 2012). „Reappraising the Interwar US Navy“. Journal of Military History (Book review). 76 (1): 193–210.
  20. Burbach, David T.; Devore, Marc; Sapolsky, Harvey M.; Van Evera, Stephen (1 December 2001). „Weighing the US Navy“. Defense Analysis. 17 (3): 259–265. doi:10.1080/07430170120093382. |url-access= საჭიროებს |url=-ს (დახმარება)
  21. King, Ernest J., USN (3 December 1945). US Navy at War 1941–1945: Official Report to the Secretary of the Navy. ციტირების თარიღი: 8 April 2006. 
  22. U.S. Navy Active Ship Force Levels, 1886–present. United States Navy (20 June 2015).
  23. Hone, Trent (October 2003). „The Evolution of Fleet Tactical Doctrine in the U.S. Navy, 1922–1941“. The Journal of Military History. Society for Military History. 67 (4): 1107–1148. doi:10.1353/jmh.2003.0300. JSTOR 3396884.
  24. Dater, Henry M. (1950). „Tactical Use of Air Power in World War II: The Navy Experience“. Military Affairs. Society for Military History. 14 (4): 192–200. doi:10.2307/1982840. JSTOR 1982840. |url-access= საჭიროებს |url=-ს (დახმარება)
  25. Michael A. Palmer. "The Navy: The Transoceanic Period, 1945-1992". აშშ-ის საზღვაო ისტორიის და მემკვიდრეობის სარდლობა. 8 მაისი, 2014
  26. საზღვაო პერაციების უფროსი. "THE UNITED STATES NAVY IN "DESERT SHIELD" / "DESERT STORM"". საზღვაო ძალების ისტორიის და მემკვიდრეობის სარდლობა. 15 მაისი, 1991
  27. "Forward ... From the Sea. The Navy Operational Concept დაარქივებული 2006-11-21 საიტზე Wayback Machine. ". აშშ-ის საზღვაო ძალები. მარტი, 1999
  28. Robert Farley. "A US Navy With 350 Ships... But What For?". The Diplomat. 22 ნოემბერი, 2016
  29. Jim Garamone. "Sea Services Unveil New Maritime Strategy დაარქივებული 2017-03-27 საიტზე Wayback Machine. ". Navy.mil. 17 ოქტომბერი, 2007
  30. Bacon, Lance M. (22 June 2010). "CNO: Global challenges need global responses". Navy Times. დაარქივებულია ორიგინალიდან 8 სექტემბერს, 2012.
  31. "Navy Reducing Flight Hours Due to Budget Cuts". Military.com. 8 მაისი, 2013
  32. ჯონ ჰარპერი. "Navy's top admiral: Reducing carrier fleet would burn out sailors, ships დაარქივებული 2014-05-22 საიტზე Wayback Machine. ". Stars and Stripes. 21 მაისი, 2014
  33. 33.0 33.1 Stashwick, Steven. "Road to 350: What Does the US Navy Do Anyway?". thediplomat.com. The Diplomat. 18 ნოემბერი, 2016
  34. "Navy Seeks Rail Guns, Lasers, Cruise Missiles To Improve Pacific Firepower". Breakingdefense.com, 20 იანვარი, 2014
  35. Franz-Stefan Gady, The Diplomat. "US Navy Secretary: We Will Have Over 300 Ships by 2020". The Diplomat. წაკითხულია 12 ნოემბერს, 2015.
  36. Gragg, Alan, MCS3 (24 April 2008). "Navy Reestablishes U.S. Fourth Fleet დაარქივებული 2017-03-29 საიტზე Wayback Machine. ". Navy News Service. NNS080424-13.
  37. The shore establishment დაარქივებული 2015-04-23 საიტზე Wayback Machine. . Navy Organization. United States Navy.
  38. "Navy and Marine Corps History, Customs, and Courtesies – Fundamentals". საზღვაო ქვეითთა ბაზა კემპ-ლეჯენი. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012 წლის 14 მარტს.
  39. "National Security Act of 1947 (As amended 3 August 2007), (50 U.S.C. 426)". 26 ივლისი, 1947. §606.(9) გვ. 69.
  40. "14 USC 3. Relationship to Navy Department". Legal Information Institute. Cornell University Law School.
  41. "History of US Navy Uniforms, 1776-1981 დაარქივებული 2016-12-09 საიტზე Wayback Machine. ". Naval History and Heritage Command. US Navy.
  42. [["Group rate marks for pay grades E-1 through E-3". Navy.mil|http://www.navy.mil/navydata/ranks/rates/rates2.html დაარქივებული 2006-11-22 საიტზე Wayback Machine. ]]
  43. "United States Navy Uniform Regulations". BUPERS, U. S. Navy. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006 წლის 6 დეკემბერს.
  44. 44.0 44.1 "Senior And Master Chiefs As Principal Enlisted Advisor". Military Requirements for Senior and Master Chief Petty Officer Chief. Integrated Publishing.
  45. Navy Enlisted Advancement System - Master Chief. Navy Professional Development Center, Military.com.
  46. Chief of Naval Operations OPNAV Instructions 1306.2D დაარქივებული 2007-02-05 საიტზე Wayback Machine. . Navydata, U. S. Navy.
  47. "United States Navy Uniform Regulations CPO Rating". BUPERS, U. S. Navy. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006 წლის 6 დეკემბერს.
  48. "United States Navy Uniform Regulations NAVPERS 15665I დაარქივებული 2011-04-15 საიტზე Wayback Machine. ". აშშ-ის საზღვაო ძალების ვებგვერდი.
  49. "Uniform Regulations, Chapter 5, Section 2, Breast Insignia დაარქივებული 2011-06-10 საიტზე Wayback Machine. ". აშშ-ის საზღვაო ძალების ვებგვერდი.
  50. "Uniform Regulations, Chapter 5, Section 2, Article 5201.2, Warfare and Other Qualifications დაარქივებული 2011-06-10 საიტზე Wayback Machine. ". აშშ-ის საზღვაო ძალების ვებგვერდი.
  51. "Naval Station Everett Official Site". Naval Station Everett. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005 წლის 9 სექტემბერს.
  52. "Guam".GlobalSecurity.org.
  53. "Naval Air Station, Agana [Tiyan]".GlobalSecurity.org.
  54. "Yokosuka, Japan 35°17'N 139°40'E". GlobalSecurity.org.
  55. "List of US Navy bases". United States Navy. დაარქივებულია ორიგინალიდან 2015 წლის 8 მაისს.
  56. "Ship Naming in the United States Navy დაარქივებული 2019-04-06 საიტზე Wayback Machine. ". Naval History and Heritage Command. 26 ივნისი, 2015
  57. Ronald O'Rourke. "Navy Ship Names: Background for Congress". 14 სექტემბერი, 2016.
  58. "CVN-65 Enterprise". GlobalSecurity.org.
  59. Fleet Size. Naval Vessel Register.
  60. "US Navy to Gates: Yes, we need 11 aircraft carriers". Reuters. 6 მაისი, 2010.
  61. "Submarine Missions". GlobalSecurity.org.
  62. "A Brief History of U.S. Navy Aircraft Carriers Part I - The Early Years დაარქივებული 2012-06-20 საიტზე Wayback Machine. ". აშშ-ის საზღვაო ძალების ვებგვერდი Navy.mil. 15 ივნისი, 2009.
  63. "F-35C Carrier Variant Joint Strike Fighter (JSF)". GlobalSecurity.org.
  64. "This Pentagon Needs Watching". The Huffington Post. 9 მარტი, 2010.
  65. "First Navy Jack in the War on Terrorism". Reprint of the official directive from the Department of the Navy, Office of the Secretary, Washington, DC.
  66. "Attacks on John Kerry Discredited". Military.com. 19 ივნისი, 2006.