სტაშინსკის საქმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტაშინსკის საქმის (გერმ. Staschinski-Fall) სახელით ცნობილია გერმანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება (BGHSt 18, 87)[1] სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) აგენტის ბოგდან ნიკოლაევიჩ სტაშინკის (რუს. Богдан Николаевич Сташинский, დ. 4. November 1931) მიერ ჩადენილ მკვლელობების შესახებ. ძირითად პრობლემატიკას წარმოადგენდა ამსრულებლობისა და თანაონაწილეობის გამიჯვნა სისხლის სამართალში.

სტაშინსკის, რომელიც საქმიანობდა სუკ-ის საზღვარგარეთის ტერაქტების განყოფილებაში, 1957 წელს იგი ბერლინში გაიგზავნა და დაევალა, მოეკლა სსრკ-ის ხელისუფლების მიერ დევნილი პოლიტიკოსები, უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციისა და რუს შემოქმედთა კავშირის გავლენიანი წევრები. დავალების შესაბამისად, სტაშინსკიმ 1957 წლის შემოდგომაზე მოკლა შემოქმედთა კავშირის წევრი ლევ რებეტი, ხოლო 1959 წლის ზაფხულში, მიუნხენშისტეფან ბანდერა, უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. მკვლელობის იარაღად გამოყენებულ იქნა პისტოლეტის მსგავსი იარაღი ციანიდის მჟავის გამოსატყორცნად, რომელსაც იგი თავის მსხვერპლებს ვერაგულად (heimtükisch) პირდაპირ სახეში ასხავდა. ბერლინის კედლის მშენებლობის დღეს სტაშნსკი თავის ცოლთან ერთად გაიქცა დასავლეთი ბერლინისკენ და 1961 წლის 1 სექტემბერს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.

სტაშინსკისთვის, რომელსაც დიდი ალბათობით სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, სასჯელის შემსუბუქების მიზნით გერმანიის სასამართლოებმა მიმართეს შემდეგ ხერხს: ვინაიდან კანონი ითვალისწინებდა დანაშაულში დამხმარესათვის სასჯელის აუცილებელ შემცირებას, სტაშინსკი პროცესის მიმდინარეობისას 1962 წელს გამოაცხადეს მხოლოდ დამხმარედ, რომელმაც გერმანიაში ორი პირის მკვლელობის სახით მხოლოდ დახმარება გაუწია რეალურ ამსრულებელს — მოსკოვში მყოფ სუკ-ის ხელმძღვანელს. სტაშინსკის, როგორც დამხმარეს, მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სამხარეო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება დაამოწმა ფედერალურმა სასამართლომაც, რომელმაც გამოიყენა შემდეგი ფორმულა: „ამსრულებელია, ვისაც ქმედება სურდა, როგორც საკუთარი“. ფედერალური სასამართლოს დასაბუთებით, სტაშინსკის მის მიერ ჩადენილი ქმედება სურდა, როგორც სვისი, კერძოდ როგორც სუკ-ის ხელმძღვანელისა, ხოლო სტაშინსკის ამოძრავებდა არა „ამსრულებლის ნება“, არამედ მხოლოდ სხვის საქმეში „დახმარების ნება“. ანიმუსის თეორიის სახელით ცნობილი ეს თეორია (animus auctoris) ფედერალურ სასამართლოს არასოდეს უარუყვია, თუმცა ამ ფორმით იგი აღარაა გაბატონებული. გადამწყვეტი ამ განაჩენში უნდა ყოფილიყო ის, რომ გერმანულ სასამართლოებს ამ გადაწყვეტილებით სურდათ, ცივი ომის პიკში უცხოეთის ყველა იერარქიის საიდუმლო სამსახურებისთვის ეცნობებინათ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს მსგავსი საქმეები.

სტაშინსკის საქმის მსგავსი პრაქტიკის აღსაკვეთად, კანონმდებელმა 1969 წელს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის § 25-ის პირველ ნაწილში (ძალაშია 1975 წლის 1 იანვრიდან) ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ვინც დანაშაულს თავად ან სხვისი საშუალებით ჩაიდენს, დაისჯება, როგორც ამსრულებელი“. ამ ცვლილების არსი სწორედ ისაა, რომ ქმედების შემადგენლობის უშუალოდ განმახორციელებელი პირი ამსრულებლად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, ამ ცვლილებას უნდა აღეკვეთა საკამათო ტენდენცია სასამართლო პრაქტიკისა, რომელიც საკუთარი ხელით განხორციელებულ ქმედების შემადგენლობას „ამსრულებლის ნების“ არარსებობისას მხოლოდ დამხმარედ მიიჩნევდა და შედეგად იყენებდა სისხლის სამართლის კოდექსის § 27-ის მეორე ნაწილს § 49-ის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის სავალდებულო შემცირებას. თუმცა დღევანდელი გაბატონებული პრაქტიკის მიხედვით, „უკიდურესად განსაკუთრებულ შემთხვევებში“ („extremen Ausnahmefällen“) ისეთი პირები, რომლებიც, სტაშინსკის მსგავსად, ქმედების შემადგენლობას უშუალოდ პირადად ასრულებენ, ჩაითვალონ დამხმარეებად.[2]

2005 წლამდე მიჩნეული იყო, რომ სტაშინსკი მისი გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა გერმანიაში ცხოვრებას შეცვლილი იდენტობით. 2005 წელს რუსეთში გამოქვეყნდა წიგნი სათაურით „რა ღირს სამშობლოს ღალატი?“[3] წიგნში აღწერილია, როგორ მიიღო სტაშინსკიმ ამერიკული მხარის დახმარებით ახალი იდენტობა და რომ იგი სავარაუდოდ აშშ-ში ცხოვრობს. წიგნში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სუკ-მა კაჩინსკის საქმის შემდეგ უარი თქვა გამოეყენებინა „მკვლელობა, როგორც ჩვეული საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სოციალისტური ბანაკის გარეთ“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BGH, Urteil vom 19. Oktober 1962, Az. 9 StE 4/62, Volltext.
  2. BGH NJW 93, 74 ff.
  3. Д. П. Прохоров: Сколько стоит продать родину?, Санкт Петербург Москва 2005, ISBN 5-7654-4469-5.