ხარჭაშნის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარჭაშნის ღვთაების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ფიჩხოვანის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. სოფლების ფიჩხოვანსა და ზემო ალვანს შორის, ტყეში.

ნაგებობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (11,7 X 6,5 მ) მოქცეულია ეკლესია და მასზე დასავლეთიდან მიდგმული სამსართულიანი ნაწილი, რომელშიც კარიბჭე, პატარა სამლოცველო და ორი საცხოვრებელი ოთახია განთავსებული. კარიბჭის შესასვლელის ბალავრის ქვაზე მხედრულით შესრულებული ექვსსტრიქონიანი (ინახება ეროვნულ მუზეუმში) სამშენებლო წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია საგვარეულო საძვლეა და იგი აგებულია ხარჭაშნელი ეპისკოპოსის, მოძღვართა-მოძღვრის პართენოზის დაკვეთით - 1731 წელს.

შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და აგურით. საბჯენი თაღები, კამარები, ლავგარდანი და ფასადების დეკორატიული სამკაული აგურისაა. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის კრამიტის საბურავი და ლავგარდნის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამონგრეულია დასავლეთ ნაწილის მესამე სართულის გადახურვა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, კედლის დასავლეთ კიდესთან. ამ კარით პატარა კვადრატულ კარიბჭეში ვხვდებით, რომელსაც სამსართულიანი ნაწილის სამხრეთ ნახევარი უჭირავს. კარიბჭის აღმოსავლეთ კედელში ეკლესიაში შესასვლელი თაღოვანი კარია. მის მოპირდაპირედ, დასავლეთ კედელში - ბრტყელი თაღით გადახურული ვიწრო კარი (მოგვიანებით ამოუშენებიათ), რომელიც დასავლეთ ფასადზე არსებულ ნიშში გადის. ჩრდილოეთ კედელში, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევრის სისქეში მოწყობილი კიბის ბაქანია. კიბე კარიბჭეს საცხოვრებელ ნაწილთან აკავშირებს. კარიბჭე გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის კვადრატული საფუძველი შეისრული ფორმის კედლის ოთხი თაღითაა შექმნილი. კვადრატის ოთხივე კუთხეში შეისრულთაღოვანი თითო აფრაა, რომლებიც გუმბათოვანი კამარის წრიულ საფუძველს ქმნიან. ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო გეგმით ნახევარწრიული და დაბალი თაღოიანი ნიში. მსგავსი ერთი ნიშია სარკმლის ქვემოთაც. აბსიდის წესიერი მოყვანილობის კონქში ორი პატარა თაღოვანი ხვრელია, რომლებიც ეკლესიის კუთხეებში მოწყობილ სამალავებს უკავშირდება. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია აგურის კანკელით, რომლის დარბაზისაკენ მიქცეული ზედაპირი შელესილია გაჯით, დაყოფილია რამდენიმე იარუსად და გაჯითვე გამოყვანილია უჯრედები. დარბაზის გრძივი კედლები ორ-ორი განიერი და მაღალი ნახევარწრიული თაღითაა დანაწევრებული, რომლებშიც აბსიდის სარკმლის მსგავსი თითო სარკმელია გაჭრილი. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. კამარა შეისრულია და შეისრული ფორმის სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა; მათგან ერთი კამარის შუაშია, თითო - კიდეებში. საბჯენი თაღები ჩვეულებისამებრ კონსოლებს კი არ ეყრდნობიან, არამედ ქუსლთან ცერად არიან ჩამოკვეთილნი. კამარის ზევით დაბალი სხვენია. იგი იმდენად დაბალია, რომ მასში მხოლოდ ხოხვით შეიძლება გადაადგილება. სხვენის აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო გრძივ კედლებში თითო ფართო კვადრატული ღიობია.

საძვლე ეკლესიის იატაკის ქვეშ ჩრდილოეთ ნაწილშია. იგი აგურით გამოყვანილი ვიწრო, გრძელი და დაბალი გვირაბია, რომელსაც კამაროვანი გადახურვა აქვს. საძვალის აღმოსავლეთ კედელში ოთხკუთხა ნიშია, ხოლო, დასავლეთისაში - მცირე ღიობი. ღიობი საძვალის დასავლეთით მდებარე პატარა სამლოცველოს აბსიდში გადის. ღიობი ადრე ამოშენებული ყოფილხა (ამჟამად ჩამონგრეულია).

სამლოცველო გეგმით კვადრატულია, აღმოსავლეთით დასრულებულია კონქით გადახურული ნახევარწრიული აბსიდით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის წინ პატარა დერეფანია (გვიანდელია), ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ნიშით. სამლოცველო გადახურულია კვერცხისებრი გუმბათით, რომლის წვერი საცხოვრებელი დარბაზის ერდოს მსგავსად ახდილია. გუმბათის წყობისთვის გამოყენებულია საგანგებოდ გამომწვარი კერამიკული ნაწარმი. გუმბათი დამყარებულია კუთხის შვერილებზე გადაყვანილ შეისრულ თაღებსა და მათ შორის კუთხეებში ჩაშენებულ აფრებზე. გუმბათის ზედაპირი ოთხი რელიეფური ჯვრით და ფრჩხილისებრი ნაჭდევებითაა შემკული. გუმბათის საფუძვლის დონეზე, მხარეების მიმართულებით, თითო პატარა მრგვალი სარკმელია გაჭრილი, რომელთა ღიობები გარეთკენ თანდათან ფართოვდება. მათგან მხოლოდ დასავლეთის და ჩრდილოეთის სარკმელს აქვს პრაქტიკული დანიშნულება, ხოლო აღმოსავლეთის და სამხრეთის კი შენობის შიდა სადგომების სივრცეებში გადის (აღმოსავლეთის ეკლესიაში, სამხრეთის - კარიბჭეში). გუმბათის ფუძეს ირგვლივ ლავგარდანი შემოუყვება.

საცხოვრებელი ოთახები შენობის დასავლეთ ნაწილის მეორე სართულის ჩრდილოეთ ნახევარს და მესამე სართულს (მთლიანად) შეადგენს. მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ზედა ბაქანზე ოთახში შესასვლელი თაღოვანი კარია. ოთახის დასავლეთ კედელში, შესასვლელის მარჯვნივ, ბუხარია, ხოლო ჩრდილოეთისაში თაღოვანი ნიში, რომელშიც სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედელში გაჭრილი ერთი პატარა სარკმელი ეკლესიის კარიბჭეში გადის. ოთახის აღმოსავლეთ კედელში ორი განიერი ნიშია, რომელთაგან სამხრეთისაში გაჭრილი ვიწრო სარკმელი ეკლესიის დარბაზში იყურება. ოთახი გადახურულია ცილინდრული კამარით. იატაკის შუაში ამოჭრილი ხვრელობი, სამლოცველოს ერდოს წარმოადგენს. ხვრელობს აქვს საფეხუროვანი პროფილი. როგორც ჩანს, მასში ჯდებოდა სარქველი. მესამე სართული სხვაგვარადაა გადაწყვეტილი. იგი უფრო ხალვათია და საერო ხასიათს ატარებს. ამ სართულზე ამოსასვლელი კიბეც კედლის სისქეშია დაყოლებული და მასში შესასვლელი ხვრელი მეორე სართულის იატაკის დონიდან საგრძნობლად მაღალია. გადახურვის წყალობით სართულის სივრცე სამ ნაწილადაა დაყოფილი. მათგან შუა კვადრატულია, გვერდის ნაწილებზე მაღალი. გადახურული ყოფილა ვარსკვლავისებრი კამარით, გვერდის ნაწილები კი - ცილინდრული კამარებით. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო კარია. ჩრდილოეთ კედელში კარის გარდა ბუხარი, საპირფარეშო და სათოფურია მოწყობილი. ორ-ორი სათოფური სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. აღმოსავლეთ კედელში, რომელიც ფაქტობრივად ეკლესიის დასავლეთ კედელს წარმოადგენს, იატაკის დონეზე, ეკლესიის დასავლეთის სარკმელი გამოდის. სარკმლის თავზე სწორკუთხა ნიშია. ნიშის მაღლა კვადრატული ღიობია, რომელიც ეკლესიის კამარის თავზე მოწყობილ სხვენს უკავშირდება.

გარედან, ფასადების პოლიქრომიულობასთან ერთად თვალში საცემია მასების განლაგება შენობის შიდა გეგმარების შესაბამისად. ერთ სწორკუთხა აბრისში მოქცეულია ასიმეტრიულად განლაგებული აღმოსავლეთ ნაწილი (ბაზილიკური მოყვანილობით) და დასავლეთისა, რომელიც კოშკისებურად მაღლდება. მთავარი, სამხრეთ ფასადი შენობის მასების განაწილების გამო ასიმეტრიულია. ფასადის დასავლეთ ნაწილში გამომავალი ორივე კარი ერთ შვეულ ღერძზე არ მდებარეობს და ბრტყელი, ცვალებადი სიგანის რელიეფური მოჩარჩოებით ერთ კომპოზიციურ ნახატში არის გაერთიანებული. ფასადის მარჯვენა ნაწილი, საკუთრივ ეკლესიის კედელი, რომელზეც ორი სარკმელი გამოდის, სადად არის დატოვებული. კედელი დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად დაწყობილი და ლეკალური აგურის რიგების მონაცვლეობისაგან შედგება (ანალოგიური ლავგარდნითაა დასრულებული ეკლესიის დანარჩენი კედლებიც). აგურისვეა სხვენის კედელიც. იგი დამუშავებულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებული შვიდი შეისრულთაღოვანი ნიშით, რომელთა შორის (თაღის დონეზე) აგურის წყობის შეღრმავებით თითო ტოლმკლავა ჯვარია გამოყვანილი.

აღმოსავლეთ ფასადი ბაზილიკური მოხაზულობისაა. ფასადის ქვედა ნაწილში ვიწრო და მაღალი სარკმელია. სარკმლის ზემოთ შეისრული თაღით დასრულებული ნიშია, რომელშიც საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ნიშის ორივე მხარეს სამალავებიდან გამოსული თითო კვადრატული ხვრელია. ანალოგიური ორი ხვრელი ნიშის ზემოთაც გამოდის - სხვენიდან.

დასავლეთ ფასადზე, მარჯვენა კიდესთან, კედლის სიბრტყეში, სიბრტყეში ღრმად შეჭრილი შეისრულთაღოვანი ნიშია. თაღი ფუძესთან რამდენიმე საფეხურით განიერდება და ისე ერწყმის ნიშის შვეულ გვერდებს.

ჩრდილოეთ ფასადი, რომელზედაც გამოდის კოშკისებრი ნაწილის მესამე სართულის კარი და სამლოცველოს პატარა სარკმელი, სადაა. ფასადზე მხოლოდ სხვენის კედელია დამუშავებული - სამხრეთ ფასადის ანალოგიურად.

ეკლესიის ახლოს, პატარა ღელის პირას შემორჩენილია ქვიტკირით ნაგები წყარო და თაღოვანი ნაგებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]