შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°22′20″ ჩ. გ. 45°39′50″ ა. გ. / 42.37222° ჩ. გ. 45.66389° ა. გ. / 42.37222; 45.66389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

შემდგენელი არქ. ზალცმანი, 1864

შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა (შიდა ზომები: 7,4 X 5,1 მ), ნაშენია ფიქლითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული და დანარჩენ მკლავებზე გაცილებით ღრმაა. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები სწორკუთხაა - თანაბარი სიღრმის. გარედან აფსიდა ხუთწახნაგაა. დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელში ნახევარწრიული თაღით გადახურული განიერი შესასვლელია. აფსიდი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღითაა გამოყოფილი, რომლის ქუსლებთან ფიქლის თაროსებრი იმპოსტებია. აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ კიდეში გეგმით ოვალური თაღოვანი ნიშია. საფეხურით შემაღლებულ საკურთხევლის ბაქანს ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. საკურთხეველში დგას ფიქლით ნაშენი კუბური ფორმის ტრაპეზი. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ღერძებზე ბრტყელი თაღით გადახურული თითო განიერი სარკმელია. ორივე სარკმელს თითქმის პარალელური წირთხლები და ჰორიზონტალური რაფა აქვთ. ჯვრის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელთა ქუსლებთან გამოყოფილია ფიქლის თაროსებრი იმპოსტები. მკლავების გადაკვეთაზე, აღმართულია ფიცრის ბრტყელი ჭერით გადახურული, შიგნით წრიული და გარედან რვაწახნაგოვანი ყელი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში გამოყვანილი აფრებით. გუმბათის ყელში რვა ვიწრო და თაღოვანი სარკმელია. გარედან გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, გადახურულია თუნუქის, პირამიდული სახურავით. ეკლესიის დასავლეთ მკლავის წინ გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭეა. თაღები ეკლესიის დასავლეთ კედლის ორ პილასტრსა და ორ კვადრატულ ბურჯს ეყრდნობიან. შიგნით კარიბჭე გადახურულია ნახევარსფერული გუმბათოვანი კამარით, გარედან - თუნუქის ორფერდა სახურავით. კარიბჭის დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ საფუძველი შემორჩა. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებს, თითქმის მთელ სიგრძეზე, გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს სწორკუთხა მალებით გახსნილი მინაშენები ეკვრის, რომელთა თუნუქის ცალფერდა სახურავი ორ კვადრატულ ბურჯს და ეკლესიის კედლის პილასტრებზე გადებულ ხის ძელებს ეყრდნობა. ეკლესიას, კარიბჭეს და მინაშენებს ფიქლის თაროსებრი ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]