გენდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადაჯაჭვული გენდერის სიმბოლოები. წითელი (მარცხენა) არის ქალის ვენერას სიმბოლო. ლურჯი (მარჯვენა) აღნიშნავს კაცის მარსის სიმბოლოს

გენდერი (ინგლ. gender; ლათ. genus — გვარი) — სოციალური სქესი, განსხვავება კაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით (სპეციფიკური სოციალური ფუნქციები საზოგადოებაში, კულტურული სტერეოტიპები და ა.შ.). ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით, გენდერი სოციალურ განზომილებას წარმოადგენს — ერთგვარ სოციოკულტურულ ფენომენს, რომელიც ასახავს კაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. მაგალითად, ზოგ საზოგადოებაში კაცს შეიძლება ჰქონდეს სოციალური როლი, რომელიც ტრადიციულად ქალის როლად მიიჩნევა (მაგ. ბავშვების მოვლა და დიასახლისობა), მაგრამ ეს ქცევა მას ფიზიკურად ნაკლებად „მამაკაცურს“ სულაც არ ხდის. კაცისა და ქალის სოციალურ როლებს თავად საზოგადოება ქმნის, მისთვის დამახასიათებელი კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით.

ეს ტერმინი იხმარება სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასპექტის აღსანიშნავად. გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია; ანუ არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში. ინგლისურ ენაში „Sex“ ნიშნავს სქესს, ხოლო „Gender“ — შეიძლება განვიხილოთ როგორც „სოციო-სქესი“. ორივე ცნება გამოიყენება საზოგადოების ჰორიზონტალური სოციო-სქესობრივი სტრატიფიკაცისათვის და განსხვავდება ვერტიკალური — კლასობრივი, წოდებრივი და სხვ. სტრატიფიკაციისაგან. „Sex“ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და აჯამებს ბიოლოგიურ განსხვავებებს ქალსა და კაცს შორის; გენდერი — სოციალური კონსტრუქტია, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ „Sex“ და გენდერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან.

სქესი საწყისი პოზიციაა, რომლითაც ადამიანი იბადება; მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. ესენია: ჰორმონალური სისტემა, ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურება, გინეკოლოგიური და ანატომიური განსხვავება და სხვა. გენდერი სხვაგვარი კონსტრუქციაა — ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი სოციალიზაციის ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია. სწორედ გენდერი და არა სქესი განსაზღვრავს ქალის და კაცის ფსიქოლოგიურ ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივსა და ესთეტიკურ ნორმებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004;
  • ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში] – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბ., 2002;