ერასტი ჯორბენაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერასტი ჯორბენაძე
დაბ. თარიღი 16 იანვარი, 1885
დაბ. ადგილი გვიმბალაური, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 ივლისი, 1910 (25 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
დაკრძალულია ლანჩხუთი
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა ილიკო იმერიშვილი
ცნობილია, როგორც ფირალი, ტერორისტი, რევოლუციონერი
დაპატიმრების თარიღი 1907
წაყენებული ბრალდება მატარებელზე თავდასხმა
განაჩენი სიკვდილით დასჯა
იარაღი მაუზერი
მკვლელობების არეალი ბათუმი, თბილისი, გურია
გაიქცა 1908

ერასტი ჯორბენაძე (დ. 16 იანვარი, 1885, გვიმბალაური10 ივლისი, 1910, ლანჩხუთი) — ქართველი ფირალი, ტერორისტი და რევოლუციონერი, ფირალების მეორე ტალღის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღო ექვსი კლასის განათლება ჯერ ლანჩხუთში, შემდეგ კი ბათუმში. ხელობით იყო ზეინკალი. მუშაობდა ბათუმის ნავთსახდელ ქარხანაში. ბათუმში შეუერთდა რევოლუციურად განწყობილ მუშებს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. რევოლუციური კომიტეტის დავალებით ასრულებდა ტერაქტებს. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ბათუმში არალეგალურად განაგრძო პარტიის დავალებების შესრულება. რამდენიმეჯერ ააფეთქა რკინიგზა, ერთხელ კი სხვა ტერორისტებთან ერთად სუფსასა და ჯუმათს შორის გააჩერა მატარებელი და მოხსნა იარაღიანი ვაგონი, ორჯერ გაძარცვა ბანკი. ჯორბენაძეს ჰყავდა ნათესავი ცოლის მხრიდან ვაჭარი კოლია რეშეტნიკოვი, რომელმაც 1905 წელს გასცა ის სახლოსნო, სადაც ჯორბენაძე მუშაობდა. ჯორბენაძე სიკვდილს გადაურჩა, თუმცა გამცემის გადარჩა, რადგან რეშეტნიკოვი ჯორბენაძეს ხშირად ეხმარებოდა, ტყვიებს უგზავნიდა.

რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჯორბენაძე გადავიდა თბილისში და იქ გააგრძელა ტერორისტული საქმიანობა. 1907 წელს მოეწყო თავდასხმა ბეიუქსიაკიში მატარებელზე, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. ტერორისტები გასცეს, ამიტომ ჯარმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი თითქმის ყველა თავდამსხმელი დაიჭირეს. ისინი მოათავსეს მეტეხის ციხის სიკვდილმიჯილთა საკანში. ჯორბენაძესთან ერთად საკანში იმყოფებოდნენ ილიკო იმერლიშვილი (ილია ჭავჭავაძის მკვლელი) და მელქისედეკ ბურჭულაძე. ჯორბენაძე თავდებით გაუშვეს და ის გურიაში დაბრუნდა, მაგრამ მალევე დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯორბენაძე იმერლიშვილთან და სხვა 25 პატიმართან ერთად გაიქცა პატიმრობიდან. ყველა დაპატიმრებულს ჩამოღრჩობა ელოდა, ამიტომ კამომ მათი გათავისუფლების გეგმა შეიმუშავა. პატიმრებს კალათით ბომბები და იარაღი შეუგზავნეს. გაქცევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი გაქცეული.[1] გაქცევის შემდეგ იმერლიშვილი და ჯორბენაძე გურიაში შეუერთდნენ წითელ რაზმს და ერთად მოქმედებდნენ.

ერასტი ჯორბენაძე და ილიკო იმერლიშვილი

1910 წლის 10 ივლისს ჯორბენაძე ცნობილი მოჯირითის, ლუკა ჩხარტიშვილის სახლში მოკლეს. ამ დროს ჩხარტიშვილი ამერიკაში იყო. ბოქაულმა კუხალეიშვილმა და შვიდმა დარაჯმა სამი ყაჩაღი სახლში გამოკეტა. მათ შორის იყვნენ იმერლიშვილი და ჯორბენაძე. ორი საათის ბრძოლის შემდეგ ყაღაღები სახლიდან გაიპარნენ, გასვლისას მოკლეს სტრაჟნიკი შაფათავა. სტრაჟამ სროლის დროს ადგილობრივები, 300-400 კაცი მორეკა და მათ ფარად იყენებდნენ. სროლის შემდეგ სახლში იპოვეს იმნაძის ქალი, თავში დაჭრილი, გაქცეულების ძებნას კი ხალხს აიძულებდნენ. ჯორბენაძეს 15 ჭრილობა ჰქონდა მიღებული, სტრაჟნიკებმა ხალხი სისხლის კვალს გააყოლეს. ჯორბენაძე მახლობლად, მეზობლის ღობესთან აბრეშუმის ჭიის ჩაფარქვეშ იმალებოდა. ის შენიშნა რეშეტნიკოვმა და დაიყვირა, აქ არისო. ჯორბენაძემ ვაჭარს მაუზერით ესროლა, რეშეტნიკოვი მეორე დღეს გარდაიცვალა. ჯორბენაძის სიკვდილი ჩაფრებმა დაიბრალეს, მაგრამ სინამდვილეში მან თავი მოიკლა გვამის გაკვეთისას ძუძუს მიდამოებში აღმოაჩინეს ნატყვიარი, რომლითაც დადგინდა, რომ მაუზერიდან მიბჯენით იყო ნასროლი. ჯორბენაძე ვენერიული სენით იყო ავად და დიდხანს სიცოცხლე მაინც არ ეწერა. სიკვდილის წინ ჯორბენაძემ დაღეჭა და შეჭამა არალეგალური ქაღალდები, რომლებიც თან ჰქონდა.[2]

ბოქაულმა კუხალეიშვილმა ხალხს აღუთქვა, რომ მათ არაფერი ემუქრებოდა. მოსახლეობა ხატზე დააფიცეს, რომ ფირალებს სოფელში არ შეუშვებდნენ.შემდეგ ლანჩხუთში მაზრის უფროსის თანაშემწე მივიდა, რომელმაც სოფელი 500 მანეთით დააჯარიმა. დააპატიმრეს უამრავი ლანჩხუთელი, მათ შორის მამსახლისი. ცოტა ხანში ყველა გაათავისფლეს. დაპატიმრებულებს შორის იყო ჯორბენაძის ძმა ლადიკო, რომელიც ციმბირში გადაასახლეს. ლადიკო ხარკოვის ციხიდან გაიქცა, მაგრამ მალე დაიჭირეს და ციხის საკანში ჩაქუჩით მოილა თავი. ჯორბენაძის გვამი ჩხარტიშვილის სახლის წინ დამარხეს. ფირალები მთავრობისგან გვამის გადაცემას ითხოვდნენ.[3] იმერლიშვილს ჯორბენაძის გამცემების სისხლის აღება სურდა, მაგრამ ვასო ჯორბენაძის რჩევით და რეპრესიების შიშით გადაიფიქრა. ამის შემდეგ მან გურია დატოვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 151-158. ISBN 978-9941-403-95-8. 
  • ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 117-120. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „ცხოვრების სარკე“ N17 — 1908 წ.
  2. გაზეთი „ახალი გზა“ N19 — 1910 წ.
  3. გაზეთი „ახალი გზა“ N32 — 1910 წ.
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.