დათიკო შევარდნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დათიკო შევარდნაძე
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1875
დაბ. ადგილი ასკანა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი, 1909
გარდაცვალების ადგილი ვანისქედი
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
დაკრძალულია ასკანის ეკლესია
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა კიკია მამულაიშვილი, მელქისედეკ გუნთაიშვილი, ისაკი თოიძე
ცნობილია, როგორც ფირალი, რევოლუციონერი
მეუღლე(ები) გულიჩქა
მამა ერდიშელ შევარდნაძე
დედა მზეხა
დაპატიმრების თარიღი 1904
იარაღი მაუზერი, ვინტოვკა
მკვლელობების არეალი გურია
გაიქცა 1905

დათიკო შევარდნაძე (დ. 9 ივნისი, 1875, ასკანა14 დეკემბერი, 1909, ვანისქედი) — ქართველი ფირალი, ტერორისტი და რევოლუციონერი. იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედურად შევარდნაძის ნათესავი (მამის ბიძაშვილი).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელი. სამი წელი მუშაობდა ნოვოროსიისკში პორტის მუშების უფროსად. ბრწყინვალედ იცოდა რუსული ენა. და სხვადასხვა დროს მუშაობდა ასკანის, ბასილეთის, ლიხაურის, სასოფლო საზოგადოებების მწერლად. ჩოხატაურის სოფლის მწერალი იყო 1900 წლიდან. თანამდებობას იყენებდა რევოლუციური საქმიანობისთვის. ამზადებდა ყალბ საბუთებს და პოლიციის საიდუმლო ცნობებს ატყობინებდა რევოლუციონერებს. მუშაობდა სოფელ გორაბერეჟოულში თავად ერისთავის მდივნად და საქმისმწარმოებლად. დაჯილდოებული იყო პოეტური ნიჭითაც და წერდა ლექსებს.

დაპირისპირება რევკომთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წელს შევარდნაძეს დაუპირისპირდა გურიის რევოლუციური კომიტეტი. ამ დროს ის მუშაობდა ბახვის სასოფლო საზოგადოების მწერლად. ჩოხატაურში კომიტეტის დავალებით ტერორისტმა მახარაძემ მოკლა შპიონი შალიკაშვილი, რომელიც შევარდნაძის ნათლია იყო. იმ პერიოდში შევარდნაძეს დავალებული ჰქონდა შპიონ ქამჯარაძის მოკვლა. დავალების შესასრულებლად ის ტერორისტ გოგიტიძესთან ერთად იყო წასული. ტერორისტებმა ქამჯარაძე ვერ ნახეს, უკანა გზაზე კი სიმღერით ბრუნდებოდნენ, თუმცა შევარდნაძეს მუსიკალური სმენა არ ჰქონდა. მათ გზაზე შევარდნაძის ნათლიის მკვლელი მახარაძე შეხვდათ, რომელმაც სიმღერის გამო მათ დასცინა და შეტაკება მოხდა. გოგიტიძემ მახარაძე მოკლა, ხოლო თავად კი დაიჭრა. მახარაძის მკვლელობა შევარდნაძეს დაბრალდა, რადგან ეს ამბავი შურისძიებად მიიჩნიეს. რეკომმა შევარდნაძეს სიკვდილი დაუნიშნა. შევარდნაძეს რევკომის დავალებით სამჯერ დაესხნენ თავს. როგორც წესი, კომიტეტის მიზანში ამოღებულ მსხვერპლს ვერაფერი უშველიდა, თუმცა შევარდნაძე გამონაკლისი აღმოჩნდა. 27 სექტემბერს მას თავს დაესხა ბახველი ბასილია, მაგრამ შევარდნაძემ დაასწრო სროლა და მძიმედ დაჭრა თავდამსხმელი.[2]თუმცა შემდეგ თავად გადაარჩინა ის დაპატიმრებისგან. იმავე წლის ოქტომბერში მას ჩოხატაურის ბაზარში დაესხნენ თავს და ხელსა და მკლავში დაჭრეს.[3]მესამე თავდასხმისას მან თავი ნაბდით გადაირჩინა, ნაბადი დადგა, თავად კი გაიქცა. თავდამსხმელებს ნაბადი ადამიანი ეგონათ და მას დაუშინეს ტყვია. რევკომთან დაპირისპირების გამო შევარდნაძეს შეხვდა ქუთაისის გუბერნატორი და შესთავაზა, გაეცა თავდამსხმელები. სანაცვლოდ პირდებოდა სამსახურს და ფულად ანაზღაურებას, მაგრამ ამ ხერხმა ვერ გაჭრა. კომიტეტი რომ დარწმუნდა შევარდნაძის ერთგულებაში, მოსარიგებლად შვიდი კაცი მიუგზავნა. მას მადლობა გადაუხადეს და საკუთარი დანაშაული აღიარეს.

არალეგალური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შევარდნაძე გურიაში აღარ გაჩერდა და გადავიდა სამეგრელოში პოლიკო კიკალაიშვილის ოჯახში, სხვა ცნობებით კი რაჭა-ლეჩხუმში, და იქ გააგრძელა არალეგალური საქმიანობა. მალე ლეჩხუმში დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. ერთხელ ციხის ეზოში ყოფნისას მოკლული მახარაძის ნათესავს მისთვის დაუყვირია — მოღალატევ, ჯაშუშო, კაცის მკვლელოო. ამ საქმეს ნათელი რომ მოფენოდა, რევკომმა გამოძიება დანიშნა და შევარდნაძის სიმართლე დაამტკიცა. 1905 წელს შევარდნაძემ ციხე დატოვა. უცნობია, ის გაათავისუფლეს თუ გაიქცა. 1904-1905 წლებში მონაწილეობდა წითელი რაზმების ჩამოყალიბებაში ხონსა და რაჭა-ლეჩხუმში. ის მონაწილეობდა რაზმის წევრთა გაწვრთნა-მომზადებაში. რაზმელებს კვირაში ორჯერ ასწავლიდნენ საბრძოლო იარაღის ხმარებას, სროლას და უტარებდნენ ტაქტიკურ მეცადინეობას.

1905 წელს დაბრუნდა გურიაში. იყო ერთ-ერთი მეთაური იყო ნასაკირალის ბრძოლისა. ამ ბრძოლის დროს ასისთავის ფუნქციებს ასრულებდა. ბრძოლაში გურულმა გლეხებმა ხელისუფლების ძალები დაამარცხეს და უკუაგდეს. მონაწილეობდა 1905 წელს ბახვში გამართულ შეხვედრაში სულთან კრიმ-გირეისთან, როდესად გურულებმა მეფის ელჩს ბახვის მანიფესტი წარუდგინეს. 1906 წლის ბოლოს შევარდნაძე, როგორც რევოლუციური მოძრაობის ყველაზე აქტიური და თვალსაჩინო წევრი, მონაწილეობს წითელრაზმელთა ერთიანი წარმომადგენლების შეკრებაში, რომელიც კახეთში გაიმართა. მას შემდეგ, რაც წითელი რაზმი ფაქტობრივად დაიშალა, გადარჩენილები პატარა ჯგუფებად დაიყვნენ და ისე მოქმედებდნენ. შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი და ისაკი თოიძე სულ ერთად იყვნენ.

რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის წლებში, ხელისუფლებამ აგრძელებდა მის დევნას. ასკანაში მას სტრაჟნიკი ჩაუსაფრდა, მაგრამ შევარდნაძემ დაასწრო და ჩასაფრებულს მძინარეს დაადგა თავზე, თუმცა არ მოუკლავს. ერთხელ კი, ასევე ჩასაფრებულ სტრაჟნიკს დაასწრო და მოკლა. ამის გამო ასკანაში ეგზეკუცია ჩააყენეს და 3000 მანეთი ჯარიმა დაარიცხეს. შევარდნაძემ წერილი მისწერა პრისტავს და ასკანის დატოვება მოსთხოვა. პრისტავმა იმავე დღეს დატოვა სოფელი. ერთხელ მას ასკანაში დუქნის წინ სძინებია, ურიადნიკს რამდენიმე სტრაჟნიკთან ერთად ჩაუვლია, მაგრამ შევარდნაძის დანახვაზე უკანმოუხედავად გაპარულან. ხალხში მის შესახებ ლეგენდები დადიოდა, რომ ტყვია ვერაფერს აკლებდა. იყო შესანიშნავი ჩუბინი, მაუზერით შეეძლო ტელეგრაფის ძაფის გაწყვეტა. ერთხელ გაიგეს, რომ ბახმაროში იმალებოდა და პრისტავი მის დასაჭერად სტრაჟნიკებთან ერთად გაემართა, მაგრამ გზაში დახვდათ შევარდნაძე, რომელმაც დასძახა „გაგწყვიტავთ ყველასო“. სტრაჟნიკებს შეეშინდათ, უკან დაბრუნდნენ და ხმა გაავრცელეს, შევარდნაძეს პირში ზარბაზანი ჰქონდაო. ერთხელ შეიპყრო ყაჩაღი, რომელმაც ერთი გლეხის ცოლი გააუპატიურა და ყაჩაღი ამავე გლეხს მიჰგვარა მოსაკლავად, მაგრამ გლეხმა კაცის მოკვლა ვერ გაბედა, ცოდვას ჩემს თავზე ვერ ავიღებო.[4]

1909 წელს შევარდნაძე სხვა პირებთან ერთად ჩოხატაურის ბაზარს დაესხა თავს.[5]სხვადასხვა წლებში შევარდნაძემ სიცოცხლეს გამოასალმა ხიდისთავის მამასახლისი თავართქილაძე, ჯაშუში სიმონიშვილი, ანთაძე, სიამაშვილი, სტრაჟნიკების მეთაური აჭარელი ქუცურ-ბეგი და სხვები. ეს უკანასკნელი მან ტერორისტ მათითაიშვილთან ერთად ბერეჟოულში ერისთავის სასახლის წინ მოკლა.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შევარდნაძის დაჭერის ან მოკვლისთვის მთავრობამ 800 რუბლი დააწესა. ჯილდოს მიღების ბევრი მსურველი გამოჩნდა, მაგრამ ვერავინ მოიხელთა. ერთხელ მოწამლეს კიდევაც, მაგრამ გადარჩა. ორი ოჯახი, ჭელიძე და სიამაშვილი ცდილობდა მის დაჭერას. შევარდნაძე გრძნობდა საშიშროებას და ბინას ბინაზე იცვლიდა. 1909 წლის დეკემბერში ის ღამის გასათევად დარჩა მოსე ჭელიძესთან ვანისქედში. იქ სუფრა გაიშალა და შევარდნაძეს მოწამლული არაყი დაალევინეს. მოწამლული დათიკო შეუძლოდ შეიქმნა და წასვლა რომ დააპირა, ნახა, რომ თოფში ხუთივე მაზრა უკუღმა იყო ჩაწყობილი. ეს მოსეს ძმა, ფენია ჭელიძეს გაეკეთებინა. ჭელიძეებს შევარდნაძის სახლში გაჩერება უნდოდათ, იცოდნენ, რომ პრისტავი სტრაჟნიკებთან ერთად უკვე გზაში იყო. შევარდნაძემ თავისი არ დაიშალა და გავიდა, ჭიშკართან კი აღებინა. მაშინ მიხვდა, რომ ნამდვილად მოწამლული იყო. იმდენად იყო დასუსტებული, თოფი თავის თანმხლებ პატარა ბიჭს გადასცა. გზაში შევარდნაძე პრისტავებსა და სტრაჟნიკებს გადაეყარა. ბახველმა სტრაჟნიკმა ბაჯელიძემ იცნო და სროლა დაუწყო. სასიკვდილოდ დაჭრილმა შევარდნაძემ მოასწრო რამდენიმეჯერ გასროლა, ერთი ცხენი მოკლა და სტრაჟნიკი დაჭრა.[6]

შევარდნაძის სიკვდილის შემდეგ ასკანაში მისმა მეგობრებმა, ტერორისტებმა კიკია მამულაიშვილმა და სხვებმა მოიყარეს თავი. ფირალებმა შევარდნაძის საფლავზე მარსელიეზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ. კიკია მამულაიშვილმა შევარდნაძეს ლექსიც უძღვნა. ისინი სტრაჟნიკებსა და პრისტავზე თავდასხმას გეგმავდნენ, მაგრამ ექვსი მოხელის მოკვლის შემთხვევაში სოფელს გადაწვა ელოდა და ამ გეგმაზე ხელი აიღეს. მიუხედავად ამისა, კიკია მამულაიშვილი და ისაკი თოიძე 20 სექტემბერს ჩოხატაურის სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ და ორი სტრაჟნიკი, პლატონ კალანდაძე და ალანია მოკლეს.[7] მათვე მოკლეს ფენია ჭელიძე. სტრაჟნიკების მოკვლის გამო გუბერნატორი ჩავიდა ასკანაში, მოითხოვა დამნაშავეთა გაცემა და სოფელი 6680 რუბლით დააჯარიმა. შევარდნაძის ცოლი და დედა წაიყვანეს ოზურგეთში დაკითხვაძე, მაგრამ მალე გაათავისუფლეს

იხლეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 130-140. ISBN 978-9941-403-95-8. 
  • ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 91-107. 
  • თენგიზ ჟღენტი, „1905 წელი გურიაში“ გვ. 48-49— თბილისი, 1924

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ედუარდ შევარდნაძე, „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“, გვ. 37 — თბილისი, 2006 წ.
  2. გაზეთი „ივერია“ N232 გვ. 2 — 1904 წ.
  3. გაზეთი „ივერია“ N247 — 1904 წ.
  4. ჭაბუა ამირეჯიბი, ჟურნალი „მუდმივი კავშირის სამყარო“ N1 — 2000 წ.
  5. გაზეთი „მომავალი“ N78 გვ. 3 — 1909 წ.
  6. გაზეთი „მომავალი“ N93 გვ. 3 — 1909 წ.
  7. გაზეთი „მომავალი“ N99 გვ. 2 — 1909 წ.
გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.