ჩაიოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაიოტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sechium edule

ჩაიოტი[1] ან მექსიკური კიტრი (ლათ. Sechium edule) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. უძველესი კულტურული მცენარეა. იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ აცტეკებისთვის, მაიასთვის და სხვა ინდიელი ტომებისთვის. ევროპელებმა გაიცნეს XVIII საუკუნეში. მისი სამშობლოა ცენტრალური ამერიკა. ჩაიოტი, როგორც სამრეწველო კულტურა, მოჰყავთ მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში; ასევე, ვიეტნამში, კორეაში და აზერბაიჯანში. კლიმატური პირობები შესაძლებლობას იძლევა ჩაიოტი მოყვანილი იქნას ყირიმში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდოვაში.[2]

მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს აღწევს.[3] ტროპიკებსა და სუბტროპიკებში აქვს ძვირფასი ბოსტნეული კულტურის მნიშვნელობა. აქვს ფართოდ მომრგვალებული ფოთლები, რომლის სიგრძეა 10–25 სმ. ყვავილები ერთსქესიანია, მომწვანო ან კრემისფერი, გვირგვინის დიამეტრია დაახლოებით 1 სმ. მამრობითი ყვავილები ჯგუფებადაა შეკრებილი, მდედრობითი ყვავილები კი ერთეულად ან ჯგუფად. ნაყოფი მსხლისებრი ან მომრგვალო ფორმის კენკრაა, რომლის სიგრძეა 7–20 სმ. იგი შეიცავს ვიტამენებს, პროტეინს, 19 თავისუფალ ამინომჟავას, სახამებელს, აზოტურ და მინერალურ ნივთიერებებს. აქვს შარდმდენი და საერთო მომამაგრებელი თვისებები. ძირითადად დიეტური კვებისათვის გამოიყენება.[4]

საქართველოში ჩაიოტის კულტურით XX საუკუნეში დაინტერესდნენ და ჯერ აფხაზეთში გაავრცელეს, შემდეგ გურია-სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. აგრეთვე მოისინჯა ნიადაგი მისი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების პერსპექტივებისათვის.[2]

სახელწოდება „chayotli“ ნაუატლიდან ითარგმნება როგორც „ეკლებით დაფარული გოგრა“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]