კვიპროსის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვიპროსის გაყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ბუფერული ზონით, ვარდისფერით კი აკროტირი და დეკელია.

კვიპროსის კონფლიქტი — ტერიტორიული კონფლიქტი კვიპროსელ ბერძნებსა და კვიპროსელ თურქებს შორის. კუნძულზე დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის შესვლის შემდეგ ეს დაპირისპირება განიხილებოდა, როგორც „კონფლიქტი კვიპროსელ და ბრიტანელ ხალხებს შორის“. ამჟამად ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის კავშირი.

1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა მიიღო დიდი ბრიტანეთისაგან, რომელიც ქვეყანას ფლობდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. დიდმა ბრიტანეთმა დამოუკიებლობის მინიჭების შემდეგ კუნძულზე დაიტოვა ორი სამხედრო ბაზა, რომლებიც მდებარეობდა ქალაქების, აკროტირისა და დეკელიის მახლობლად. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში აღიარეს ორი თემის არსებობა: ბერძნული — 80 % და თურქული — 18 %. სახელმწიფოს ძირითად დოკუმენტში ცაწერილმა ამ მუხლმა მაშინვე აღაშფოთა თურქულენოვანი საზოგადოება.

1963 წელს ორივე მხარეს განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ სიტუაცია დაძაბა. 1964 წელს ვითარების დარეგულირების მოტივით კუნძულზე განათავსეს გაეროს სამშვიდობო ძალები, რომლებიც კუნძულზე 10 წელი დარჩნენ.

1974 წლის 15 ივლისს კვიპროსში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ EOKA-მ დაამხო პრეზიდენტ მაკარიოს III-ის ხელისუფლება. თურქეთის ხელისუფლება თავიანთი ინტერესების ხელყოფისაგან დასაცავად 30 სამხედრო კორპუსით შეიჭრა კუნძულზე და დაიკავა ქვეყნის 35 %. კვიპროსი გაიყო ჩრდილოეთ თურქულ და სამხრეთ ბერძნულ ნაწილებად. კონფლიქტური მხარეები ერთმანეთისაგან გაიყო ე. წ. „მწვანე ხაზით“გაეროს ბუფერული ზონით. გამყოფი ხაზით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. ბერძნულ და თურქულ თემებს შორის შეიქმნა ფიზიკური და სოციალური ბარიერები.

1983 წელს ჩრდილოეთმა ნაწილმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც დღემდე თურქეთის გარდა არვინ არ აღიარებს.

XXI საუკუნის დასაწყისში გაეროს ინიციატივით დაიწყო კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისათვის ზრუნვა. 2004 წლის 24 აპრილს კიპროსზე გაიმართა რეფერენდუმი კუნძულის გაერთიანების შესახებ. კვიპროსელი ბერძნების 75 %-მა და კვიპროსელი თურქების 35 %-მა ანანის გეგმას, რომელიც ბრიტანული დიპლომატიის მიერ იყო მომზადებული მხარი არ დაუჭირა.

2004 წელსვე კვიპროსი გახდა ევროპის კავშირის წევრი. თუმცა ევროკავშირის წევრი მხოლოდ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი გახდა. 2005 წელს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ევროკომისია ითხოვდა თურქეთის მიერ კვიპროსის სუვერენიტეტის ცნობას.

2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრის ქრისტოფიასმა გაიმარჯვა, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირდებოდა მოსახლეობას, რომ განაახლებდა მოლაპარაკებებს კვიპროსის თურქულ თემთან. 21 მარტს ნიქოზიის ბუფერულ ზონაში გაიმართა მოლაპარაკება ჩრდილოეთი კვიპროსის ლიდერ მეჰმედ ალი თალათისთან. 2008 წლის 3 აპრილს ნიქოზიის ქუჩებში აიღეს ბარიერები, რომელიც განთავსებული იყო 1960 წლიდან.

2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში კვლავ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. 1 ივნისს უკვე მიიღეს ერთიანი მოქალაქეობისა და სუვერენიტეტის კონცეფცია. სექტემბეში პრეზიდენტმა ქრისტოფიასმა გამოაცხადა ნიქოზიის დემილიტარიზაცია. შემოდგომაზე შეთანხმდნენ მმართველობის ერთიანი ფედერალური ორგანოების ჩამოყალიბებაზე. დაიგეგმა გაერთიანების გეგმის ორივე თემში რეფერენდუმზე გატანა.

2011 წელს კვიპრსსა და თურქეთს შორის გაიმართა დავა, რომლის მიზეზიც გახდა კვიპროსის გეგმა დაეწყო ჩრდილოეთ კვიპროსში ნახშირწყალბადების საბადოს ათვისება. თურქეთი თვლიდა, რომ ეს იყო ჩრდილოეთ კვიპროსის უფლება და დაიმუქრა კონფლიქტის სამხედრო მოგვარებით.

2014 წელს განახლდა მოლაპარაკებები კვიპროსის ორ თემს შორის. 2014 წლის 11 თებერვალს პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერმა დერვიშ ეროღლუმ მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია. დეკლარაციის მიღებას მიესალმა ევროპის კავშირიც[1].

რეაქცია კვიპროსელი ბერძნების პარტიებს შორის განსხვავებული იყო. ოპოზიციურმა მშრომელი ხალხის პროგრესულმა პარტიამ განაცხადა, რომ მიესალმება დეკლარაციას[2]. თუმცა ნიკოლას პაპადოპულოსი, რომელიც კოალიციაში იყო მოქმედ პრეზიდენტთან წინააღმდეგი წავიდა დეკლარაციისა და 2014 წლის 27 თებერვალს კოალიცია დატოვა.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსის კონფლიქტი, თანამედროვე სახით, იწყება 1878 წელს, ბრიტანეთის მიერ კვიპროსის დაპყრობით. თავდაპირველად, კონფლიქტს კვიპროსის პოლიტიკურ მომავალის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის ფორმა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით იგი კუნძულის თურქ და ბერძენ მოსახლეობას შორის პოლიტიკურ და შეიარაღებულ, ეთნიკურ დაპირისპირებად გარდაიქმნა.

კვიპროსის ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ 1959 წელს, ციურიხ-ლონდონის შეთანხმებით, კუნძულის პოლიტიკურ სტატუსს - ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელ და ერთიან სახელმწიფოს, ჰყავდა გარანტორები - თურქეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი. სამი გარანტორიდან ორს - თურქეთი და საბერძნეთი, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. კონფლიქტი, დღევანდელ ფაზაში შევიდა 1974 წელს, როდესაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს კვიპროსის ტერიტორიის ერთი მესამედი კუნძულის ჩრდილოეთში და იქ, მოგვიანებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს, რომლის დამოუკიდებლობასაც დღემდე მხოლოდ თურქეთი აღიარებს. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი არის თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებული, კვიპროსის რესპუბლიკის კანონიერი ტერიტორია.

კვიპროსის ისტორია დამოუკიდებლობამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსი არის ტერიტორია, რომელიც უძველესი პერიოდიდან დასახლებულია და სხვადასხვა დროს შედიოდა ასირიული, სპარსული და ეგვიპტური სახელმწიფოების საზღვრებში.

ბერძნულენოვანმა ხალხებმა კუნძულზე დასახლება დაახლოებით ძვ. წ. 1100 წლისთვის დაიწყეს, და ამ თარიღის შემდეგ, კვიპროსი სხვადასხვა დროს შედიოდა ასურელთა, სპარსელთა, ფარაონული და პტოლემეანთა ეგვიპტის, მაკედონიის და ბოლოს, რომის იმპერიის საზღვრებში. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ კუნძული აღმოსავლეთ რომის იმპერიის - ბიზანტიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა და მას შემდეგ, კუნძულზე, ბერძნები დიდი ხნის მანძილზე დომინანტურ კულტურულ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.

ისლამი კვიპროსზე პირველად 649 წელს, ომაიანების შემოჭრასთან ერთად გამოჩნდა - ომაიანებმა დაიპყრეს კვიპროსი და დაახლოებით 40 წლის განმავლობაში - 688 წლამდე კუნძულს ისინი განაგებდნენ, 688 წელს კი კვიპროსი, არაბულ-ბიზანტიური შეთანხმების საფუძველზე, ამ ორი ძალის მიერ ერთობლივად მართულ ტერიტორიად იქცა, რომლისგან შეკრებილი გადასახადებიც ორ იმპერიას შორის თანაბრად ნაწილდებოდა. მიუხედავად ბიზანტიის მცდელობებისა, ეს სტატუს-ქვო დაახლოებით სამასი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ბიზანტიის იმპერიამ მხოლოდ 965 წელს მოახერხა კვიპროსზე კონტროლის სრულად აღდგენა. 1184 წელს კვიპროსის გუბერნატორი ისააკ ანგელოსი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერიას, თუმცა არეული გეოპოლიტიკური ვითარებით ისარგებლეს ჯვაროსნებმა და 1191 წელს, ინგლისის მეფემ რიჩარდ I-მა, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე იყო, სტრატეგიული მოსაზრებებით კუნძული დაიკავა. ჯვაროსნების შემოსვლის შედეგად, კუნძულზე კვიპროსის სამეფო შეიქმნა რომელსაც ფრანგული წარმოშობის ლუზინიანთა დინასტია მართავდა. კვიპროსის სამეფომ 1489 წლამდე იარსება. 1489 წელს კვიპროსი ვენეციელების ხელში გადავიდა და მათ განმგებლობაში 1571-1572 წლებამდე, კუნძულის ოსმალეთის მიერ დაპყრობამდე დარჩა. ოსმალეთ-ვენეციის ომების შედეგად ოსმალეთის იმპერიის კუთვნილებად ქცეულ კუნძულზე, ოსმალეთის მმართველობა მეცხრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა. კვიპროსის თანამედროვე მდგომარეობას საფუძველი 1878 წელს, ბრიტანეთის და ოსმალეთის იმპერიებს შორის დადებული კვიპროსის შეთანხმებით ჩაეყარა - ამ შეთანხმების საფუძველზე, შესაძლო რუსული აგრესიისაგან დაცვის სანაცვლოდ, ოსმალეთის იმპერიამ კვიპროსი, როგორც სტრატეგიული წერტილი, დროებით მართვისათვის ბრიტანეთს გადასცა. ეს მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომამდე - ოსმალეთის იმპერიის ცენტრალური ქვეყნების მხარეს, ანტანტის წინააღმდეგ ომში ჩართვამდე გაგრძელდა; 1914 წელს ბრიტანეთის იმპერიამ ოფიციალურად დაიკავა კვიპროსი და იგი ბრიტანეთის კოლონიურ ტერიტორიად გამოაცხადა.

კვიპროსი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში (1914 – 1955)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვიპროსზე ბრიტანული მმართველობის დამყარებას კუნძულის ბერძნული მოსახლეობა დადებითად შეხვდა. ბერძნების ამ განწყობას განაპირობებდა მათი იმედები, რომ ბრიტანეთი ადრე თუ გვიან დააკმაყოფილებდა მათ სურვილს და კუნძულს საბერძნეთს გადასცემდა. ბერძნების იმედები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც არაერთი აჯანყების და ავტონომიასთან დაკავშირებული ექსპერიმენტის კვალდაკვალ, ხმელთაშუა ზღვის მეორე მნიშვნელოვანი კუნძული ეთნიკურად ბერძნული მოსახლეობით - კრეტა, 1912 წელს საბერძნეთის ნაწილი გახდა. ბრიტანეთის იმპერიაც, თავის მხრივ, კვიპროსის საბერძნეთისათვის გადაცემის იდეას სერიოზულად განიხილავდა და 1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს ჩართვის სანაცვლოდ, საბერძნეთის ხელისუფლებას კვიპროსი პირდაპირ შესთავაზა, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ეს გარიგება ჩაიშალა.

მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებებისა, პირველი მსოფლიო ომი შემდეგ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, რამაც ძალიან დააზარალა თურქეთის ბერძნული მოსახლეობა, კვიპროსში ძალიან გაძლიერდა - ენოზისის - საბერძნეთთან გაერთიანების იდეა. ენოზისს ბერძნების უმრავლესობა მხარს უჭერდა, თურქების დიდი ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა. კვიპროსელების განწყობების მიუხედავად, როგორც საბერძნეთის,3 ისე თურქეთის4 ხელისუფლებები არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს და ამისათვის ფორმალური ნაბიჯებიც გადადგეს. მიუხედავად საბერძნეთის და თურქეთის ხელისუფლებების პოზიციებისა, ურბანიზებულ კვიპროსში, როგორც თურქულ, ისე ბერძნულ მოსახლეობაში აქტიურად ვრცელდებოდა ნაციონალისტური იდეები, რომლებიც თურქებში ქემალიზმის, ხოლო ბერძნებში ენოზის იდეოლოგიური გავლენით ყალიბდებოდა. კვიპროსის ისტორიაში გარდატეხის წერტილად 1931 წელი იქცა, რამდენიმე წლით ადრე არჩეულ, ბერძენი და თურქი წევრებისაგან შემდგარ პარლამენტში, ბრიტანელი გუბერნატორის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი გადასახადების დროებითი ზრდის შესახებ, ბერძენი და თურქი დეპუტატების ერთობლივი ძალებით იქნა ჩაგდებული, ამის საპასუხოდ, გუბერნატორმა გამოიყენა საკუთარი საგანგებო უფლებები და კანონპროექტი პარლამენტის გვერდის ავლით გაიტანა. გუბერნატორის ამ ნაბიჯს კვიპროსის მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა, რითაც ისარგებლეს ენოზის მომხრე ბერძნებმა და 1931 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიის ზარების რეკვით და ბერძნული დროშებით საპროტესტო აქცია მოაწყვეს. საპროტესტო აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი და ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა; ასევე, ამან კუნძულის ბერძნულ მოსახლეობაში ენოზისთან დაკავშირებით შექმნა კონსენსუსი რომელმაც, ამ იდეის ქვეშ გააერთიანა ორი პოლიტიკურად ძალიან განსხვავებული ძალა - კუნძულის მართლმადიდებლური ეკლესია და კვიპროსის კომუნისტური პარტია.

მეორე მსოფლიო ომმა კვიპროსის პრობლემა დროებით უკანა პლანზე გადასწია, რამაც ბრიტანეთის ხელისუფლებას მისცა საშუალება ჩაეთვალა რომ კუნძულზე არსებული კონფლიქტი მინავლდა. 1946 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ აღადგინა კუნძულის გარკვეული პოლიტიკური უფლებები და 1931 წლის მოვლენების შედეგად გადასახლებულ პოლიტიკურ ფიგურებს კუნძულზე დაბრუნების ნება მისცა. ბერძნულ მოსახლეობაში ენოზისის იდეის პოპულარობის ზრდას, თურქი კვიპროსელების რეაქცია მოჰყვა, რომელთა შორისაც გაჩნდა ტაქსიმის ანუ კვიპროსის ორ - თურქულ და ბერძნულ ნაწილებად დაყოფის იდეა, რაზეც, ეთნიკური ფაქტორის გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თურქეთში მზარდი ანტიკომუნიზმი, რის გაძლიერებას კვიპროსში ხელი შეუწყო იმანაც, რომ ომის შემდგომ კვიპროსში ბერძნული პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე გავლენიანი კომუნისტური - მუშათა პროგრესული პარტია (AKEL) იყო. არანაკლები იყო ანტიკომუნიზმის გავლენა ენოზის მომხრე ბერძნებზეც - იმ პერიოდში საბერძნეთში კომუნისტურ და ანტიკომუნისტურ ძალებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომმა კვიპროსელ ბერძნებზეც მოახდინა გავლენა.

ენოზის მთავარი მხარდამჭერი, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია გახლდათ და სწორედ მისი მოთავეობით მოეწყო არაოფიციალური პლებისციტი მხოლოდ კვიპროსელი ბერძნების მონაწილეობით ენოზისთან დაკავშირებით. მანამდე კი, ეთხოვა ბრიტანეთის ხელისუფლებას ნებართვა, რომ კუნძულზე იგივე საკითხზე რეფერენდუმი ჩატარებულიყო, თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ ეს თხოვნა უარყო.9 პლებისციტში გამოყენებული ხმების 95% ენოზის სასარგებლოდ იყო გამოყენებული, რამაც კუნძულის თურქულ მოსახლეობაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოწვია, თურქეთში კი აქტიურად შეუწყო ხელი დისკუსიებს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რომელსაც კვიპროსს თურქეთისთვის გააჩნდა; დაჩქარდა კვიპროსის თურქული მოსახლეობის მიერ კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციების ფორმირების პროცესიც - მაგალითად, რეფერენდუმიდან რამდენიმე თვის შემდეგ - 1950 წლის 4 აგვისტოს, სტამბოლში კვიპროსის დაცვის საზოგადოება დაარსდა.10 თავდაპირველი ყოყმანის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამაც, კუნძულზე სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, კვიპროსელი თურქების ღია მხარდაჭერა დაიწყო და 1954 წელს, გაერთიანებული ერების ანსამბლეაზე, საბერძნეთის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, კვიპროსის თემა უკვე თურქეთ-საბერძნეთს შორის არსებულ პრობლემად იქცა.11 თურქმა და ბერძენმა კვიპროსელებმა გასამხედროებული ფორმირებების ჩამოსაყალიბებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.

კვიპროსის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციის და თურქული წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940-1950-იანი წლების კვიპროსის პოლიტიკურ სიტუაციაში, კვიპროსის ბერძნული მოსახლეობის დე-ფაქტო ლიდერი კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი - მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III გახდა, რომელიც ამ პერიოდში ენოზის მხარდამჭერი იყო და ამ კონტექსტში, თანამშრომლობდა საბერძნეთის არმიის კვიპროსელ ოფიცერ გეორგიოს გრივასთან, ეს თანამშრომლობა არაერთგვაროვანი იყო და მხარეების შეხედულებები ხშირად საკმაოდ განსხვავდებოდა. ბრიტანეთის ხელისუფლების მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კვიპროსის ბერძნულ მოსახლეობაში პოლიტიკური სისტემის მიმართ რწმენის დაკარგვას და ამ კონტექსტში, როგორც მაკარიოსმა, ისე გრივასმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი წინააღმდეგობის ახალ, უფრო რადიკალურ მეთოდებზე. გრივასი, პარტიზანულ, ანტიკოლონიურ კამპანიას უჭერდა მხარს, მაკარიოსი კი ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებს სკეპტიკურად უყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმებოდა ბრძოლის რადიკალურ მეთოდებზე გადასვლის აუცილებლობას, თვლიდა რომ ფართო მასშტაბიანი ძალადობა არ იყო მიზანშეწონილი. საბოლოოდ, გრივასმა, ენოზის იდეის განხორციელების მიზნით, კუნძულზე ადრე შეძენილი მხარდამჭერების გამოყენებით, 1955 წელს პარტიზანული ორგანიზაცია კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია დააარსა და ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა.

1954-1959 წლების კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული ბრძოლა 1955 წლის 1 აპრილს დაიწყო, ეოკამ ერთდროულად შეტევა მიიტანა კვიპროსის რამდენიმე ქალაქში არსებულ ბრიტანეთის ხელისუფლების კუთვნილ ობიექტებზე, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებისათვის მოულოდნელი იყო, ხოლო კვიპროსელ თურქებს შორის და თურქეთში მკვეთრად უარყოფითი რეაქციების მიზეზი გახლდა; ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ კვიპროსის ბრიტანულ პოლიციაში თურქები უმრავლესობას შეადგენდნენ.

თურქეთი და კვიპროსელი თურქების ენოზის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1955 წელს, თურქეთში, მანამდე არსებული კვიპროსელი თურქების ორგანიზაციების გაერთიანების შედეგად საზოგადოება „კვიპროსი თურქულია“ (Kıbrıs Türktür Cemiyeti) დაარსდა. ხოლო 1957 წელს კვიპროსელმა თურქებმა თავიანთი პარტიზანული ორგანიზაცია თურქული წინააღმდეგობის მოძრაობა (Türk Mukavemet Teşkilatı) დაარსეს. ენოზის საწინააღმდეგოდ, კვიპროსელი თურქები მხარს უჭერდნენ ტაქსიმს ანუ კვიპროსის ეთნიკურ ნიადაგზე ნაწილად დაყოფას.

ბრიტანეთის ხელისუფლების რეაქცია და გზა დამოუკიდებლობისაკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი რეაქცია, თურქეთისა და საბერძნეთის დახმარებით, სიტუაციის განმუხტვის მცდელობა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, 1958 წელს, „მესამე გზის“ ანუ დამოუკიდებელი კვიპროსის იდეის გარშემო კონცენტრირდა. ამ პოლიტიკის შედეგად, კუნძულის ბერძნული და თურქული მოსახლეობის მხრიდან მთავარეპისკოპოსმა მაკარიოსმა და ფაზილ ქუჩუქმა ხელი მოაწერეს აქტებს, რომლებიც ციურიხ-ლონდონის შეთანხმების სახელით გახდა ცნობილი. ამგვარად, ბრიტანეთის, თურქეთის და საბერძნეთის გარანტორობით, 1960 წელს კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ბრიტანეთმა შეინარჩუნა აკროტირის და დეკელიის სამხედრო ბაზები, კვიპროსზე განთავსდნენ ბერძნული და თურქული სამხედრო კონტიგენტები. ძალაში შევიდა ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებული ძალაუფლების გაყოფის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი იქნებოდა ბერძენი, ვიცე-პრეზიდენტი თურქი, ორივე ერს ექნებოდა საკუთარი პარლამენტი და ასევე უნდა შექმნილიყო ეროვნული პარლამენტი, რომელიც ორივე ერის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდებოდა. ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მაკარიოსი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა თავის საეკლესიო თანამდებობასთან შეთავსებით და გააგრძელა კვიპროსის ეკლესიის ხელმძღვანელობა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი გახდა ფაზილ ქუჩუქი.

დამოუკიდებლობის პერიოდი, საკონსტიტუციო და ეთნიკური კონფლიქტი (1960-1974)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის შემდგომ კვიპროსი საკმაოდ რთული პოლიტიკური სისტემით იმართებოდა, სადაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა ასევე მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ასევე ეთნიკური კვოტების მიხედვით, ბერძნული და თურქული მოსახლეობის ხვედრითი წილის გათვალისწინებით კომპლექტდებოდა. კვოტების მიხედვითვე განაწილდა მუნიციპალიტეტები, სასამართლო სისტემაში თანამდებობები და სხვა. ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ორივე მხარის საბოლოო მიზანი განსხვავებული იყო, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სისტემური კრიზისებისათვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება ვეტოს უფლების გამოყენებით სისტემის პარალიზება მოეხდინათ. სისტემის პირველი სერიოზული კრიზისი 1963 წელს, კვიპროსის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მესამე წელს მოხდა.

1963-1964 წლების კრიზისი და ეთნიკური კონფლიქტის გამწვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადასახადების აკრეფასთან იყო დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში კვიპროსის მოსახლეობის მხოლოდ 18% იყო თურქი მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ მათთვის გამოყოფილი განათლების სისტემის, პოლიციის თუ სხვა სახელმწიფო სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგანაც მათგან შეგროვილი გადასახადების ოდენობა უბრალოდ არ იყო საკმარისი. ეს კი ბერძენი კვიპროსელების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. კრიზისი გაამწვავა ვიცე-პრეზიდენტ ქუჩუქის მიერ შეიარაღებული ძალების ფორმირების კანონპროექტზე ვეტოს დადებამაც, რის შედეგადაც, კვიპროსის შეიარაღებული ძალები ვერ ჩამოყალიბდა. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მაკარიოსმა, 1963 წლის 3 ნოემბერს, 13 პუნქტის სახელით ცნობილი საკონსტიტუციო რეფორმის გეგმა წარმოადგინა; ამ გეგმის მიხედვით, ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის განაწილებული გარკვეული პოლიტიკური ფუნქციები ერთიან სისტემად რეორგანიზდებოდა, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებები და სასამართლო სისტემა, ასევე იცვლებოდა პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის არჩევის წესი და უქმდებოდა ვეტოს უფლება; ასევე, საჯარო სექტორში ადრე არსებული კვოტა იცვლებოდა კვოტით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა კვიპროსელ თურქებზე.

მაკარიოსის გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც თურქეთი და საბერძნეთი, ისე კვიპროსელი თურქებიც და საბოლოოდ, 1963 წლის 21 დეკემბერს, კვიპროსელი თურქების საპროტესტო გამოსვლები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც 1964 წელსაც გაგრძელდა და საბოლოოდ, თურქეთის შეზღუდული ინტერვენციით დასრულდა. თურქეთის ფართო მასშტაბიანი ინტერვენციის თავის არიდების მიზნით მაკარიოსი დათანხმდა საერთაშორისო მედიაციას და შედეგად, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა და თურქეთის ძალისხმევით, საკითხმა გაერთიანებულ ერებამდე მიაღწია, მიღწეული კონსენსუსის მიხედვით მაკარიოსის ხელისუფლება კვიპროსის ლეგიტიმურ წარმომადგენლად იქნა აღიარებული, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 186-ე რეზოლუციამ გაეროს ეგიდით სპეციალური სამშვიდობო კონტიგენტი ჩამოაყალიბა.

კონფლიქტის მოგვარების მცდელობები 1964-1974 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს სამშვიდობო კონტიგენტის ჩამოყალიბების პარალელურად, გაერომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, გენერალური მდივნის უ ტანის უშუალო მცდელობით, ფინელი დიპლომატი საკარი ტუომიოია მიავლინა. ტუომიოია თვლიდა, რომ კვიპროსის საკითხი რეალურად თურქეთსა და საბერძნეთს შორის არსებული პოლიტიკური პრობლემა იყო და ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ენოზისი იყო, მაგრამ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე - იგი მიიჩნევდა, რომ გაეროს მიერ მისი წევრი ქვეყნის პოლიტიკური რუკიდან გაქრობის მხარდაჭერა არ იყო სწორი, მან გამორიცხა ენოზი და ალტერნატიულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა და მის მაგივრად გაერომ ეკვადორელი დიპლომატი გალო პლასა დანიშნა. გალო პლასას მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებდა კვიპროსის დამოუკიდებლობას, ენოზის იდეის უარყოფას და თურქი კვიპროსელებისათვის, ბერძნული მმართველობის აღიარების სანაცვლოდ ფართო უფლებებს და მათი დაცვის გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებმა ეს გეგმა მიიღეს, თურქები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ და საბოლოო ჯამში, გალო პლასა, რომელმაც ვერ მოახერხა რეალური ნაბიჯი გადადაედგა და დაერწმუნებინა რომელიმე მხარე, იძულებული გახდა გადამდგარიყო. მის შემდეგ გაეროს კვიპროსზე სპეციალური წარმომადგენელი აღარ გამოუგზავნია.

აშშ-ს დიპლომატიური ინტერვენცია და აჩესონის გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს მედიაციის გეგმას არ დაეთანხმა არც იმ პერიოდის „დასავლეთის ბანაკის“ ლიდერი აშშ და მოლაპარაკებების წარმართვისათვის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დინ აჩესონი მიავლინა. ამერიკის მთავარი ინტერესი ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის არიდება და ხმელთაშუა ზღვის აუზში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება იყო. აჩესონის გეგმა, რომელიც ნაწილობრივ კოორდინირებული იყო გაეროსთანაც, ითვალისწინებდა კუნძულის საბერძნეთთან შეერთებას, თურქეთი იღებდა კუნძულზე დიდი ზომის სამხედრო ბაზის განთავსების უფლებას, გარკვეულ სტრატეგიულ ტერიტორიას საბერძნეთისაგან ხმელთაშუა ზღვაში და გარანტიას, რომ თურქი კვიპროსელების უფლებები დაცული იქნებოდა; თუმცა აჩესონის გეგმა მაკარიოსის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და თურქების თანხმობის მიუხედავად, ბერძნების მიერ უარყოფილ იქნა.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები აჩესონის გეგმის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩესონის და პლასას წარუმატებლობის შემდეგ, გაერომ ამჯერად გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კარლოს ბერნადესის საშუალებით სცადა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვა, თუმცა მისი ეს მისია, პირველ რიგში საბერძნეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, წარუმატებლად დასრულდა.

1967 წელს, საბერძნეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი სამხედრო გადატრიალებით დასრულდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა „შავი პოლკოვნიკების“ მეტსახელით ცნობილი სამხედრო რეჟიმი, რომელიც კვიპროსის საკითხში მაკარიოსის პოლიტიკას უარყოფითად უყურებდა და სიმპათიით იყო განწყობილი გრივასისადმი. რამდენიმე თვის შემდეგ კვიპროსი კვლავ სერიოზული შეიარაღებული შეტაკებების ასპარეზად იქცა. საბოლოოდ, თურქეთის ინტერვენციის რისკის საგანგაშო დონეზე გაზრდის შემდეგ, ბერძნები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ და „ეოკას“ ლიდერი გრივასი ათენში გაეწვიათ.

1968 წელს, კვიპროსელ თურქებს და ბერძნებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, 1968-70 წლებს შორის ოთხი რაუნდი გაიმართა და რომლებსაც, მაკარიოსის და ფაზილ ქუჩუქის ნაცვლად, ბერძნული მხრიდან გლაფკოს კლირიდისი, ხოლო თურქული მხრიდან რაუფ დენქთაში წარმართავდნენ. მოლაპარაკებების მიზანი თურქი კვიპროსელების პოლიტიკური სტატუსის, ვიცე-პრეზიდენტის ვეტოს უფლების და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებების საკითხების გადაწყვეტა იყო, თუმცა საბოლოოდ, ეს მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა. მაკარიოსი ყოყმანობდა, ხოლო ათენის ხელისუფლება ღიად ეწინააღმდეგებოდა თურქებისათვის რაიმე სახის დათმობას და 1971 წელს, გრივასის დაბრუნებასთან და ეოკა-ბ-ს ჩამოყალიბებასთან ერთად, მოლაპარაკებების ეს ეტაპი საბოლოო წარუმატებლობით დასრულდა.

1974 წლის სამხედრო გადატრიალება და თურქეთის სამხედრო ინტერვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მაკარიოსის და საბერძნეთის ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობებიც საკმაოდ დაიძაბა. საბერძნეთის ხელისუფლება ცდილობდა განემტკიცებინა კონტროლი კვიპროსზე, რასაც მაკარიოსი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. კვიპროსელ ბერძნებს შორის პოპულარული მაკარიოსის პოლიტიკური გზით ჩამოშორება საბერძნეთის ხელისუფლებისათვის საკმაოდ რთული იყო, ამიტომაც, მაკარიოსზე რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა, რომლებსაც იგი უვნებლად გადაურჩა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა 1973 წელს, როდესაც საბერძნეთის ფაქტობრივი მმართველი, რადიკალური შეხედულებების მქონე ბრიგადის გენერალი დიმიტრიოს იოანიდისი გახდა, რომელიც თვლიდა, რომ მაკარიოსი საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. იოანიდისის ბრძანებით, 1974 წლის 15 ივლისს, კვიპროსის ეროვნული გვარდიის პრო-ბერძნულმა ნაწილებმა შეტევა მიიტანეს კვიპროსის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე, მაკარიოსმა ბრიტანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და ქვეყნის დატოვება მოახერხა, კვიპროსის პრეზიდენტად ენოზის მომხრე, ეოკა-ბ-ს წევრი ნიკოს სამპსონი გამოცხადდა. დაიწყო მაკარიოსის მომხრეების დევნა, ხოლო თურქი კვიპროსელები მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ ანტითურქული შეხედულებებით ცნობილი სამპსონის გაპრეზიდენტებას.

თურქეთის ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრ ბულენთ ეჯევითის მეთაურობით, თავდაპირველად, როგორც კვიპროსის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტორს, მოუწოდა დიდ ბრიტანეთს მონაწილეობა მიეღო ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციის ორგანიზებაში, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად დაეწყო სამხედრო ოპერაცია და 1974 წლის 20 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალები კვიპროსზე გადავიდნენ. თურქეთმა კვიპროსის ჩრდილოეთით, კუნძულის ნაწილი დაიკავა და იქ სამხედრო პლაცდარმი ჩამოაყალიბა. 23 ივლისს ათენში სამხედრო მმართველობა დაემხო, მას მიჰყვა სამპსონის ხელისუფლებაც. გლავკოს კლერიდისი კვიპროსის დროებითი პრეზიდენტი გახდა. თურქეთის ხელისუფლებამ, სტრატეგიული მიზნის მიღწევის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

25 ივლისს ჟენევაში დაიწყო სამმხრივი მოლაპარაკებები საბერძნეთის,თურქეთის და ბრიტანეთის მონაწილეობით. თურქები მოითხოვდნენ, რომ კვიპროსელ თურქებს გადასცემოდათ კონტროლი კუნძულის 36%-ზე და შექმნილიყო ფედერაციული სახელმწიფო მკაფიოდ განსაზღვრული ტერიტორიული დაყოფით. ეს მოთხოვნა უარყო მაკარიოსმა, ყოყმანობდა გლავკოს კლერიდისიც. შედეგად, 8 აგვისტოს თურქეთმა დაიწყო ოპერაციის მეორე ეტაპი და კვიპროსის ტერიტორიის 36% პროცენტი დაიკავა. კუნძულის სამხრეთში მცხოვრები თურქები და ჩრდილოეთში მცხოვრები ბერძნები დევნილებად იქცნენ. კუნძული გაეროს ბუფერული ზონით - ე.წ. მწვანე ხაზით ორად გაიყო. 200 000 ბერძენი და 65 000 თურქი დევნილად იქცა. ბევრი კვიპროსელიც ემიგრაციაში წავიდა.

დაყოფილი კუნძული 1974 – 1997[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევის კონფერენციამ შედეგი ვერ გამოიღო. თურქეთი, რომელმაც სამხედრო ძალის გამოყენებით კუნძულზე ახალი რეალობა შექმნა, კანტონების სისტემაზე დაფუძნებულ ფედერაციას ითხოვდა, რასაც ბერძნები, ბრიტანელები და ამერიკელები ეწინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული მხარე გარკვეულ დროს ითხოვდა თურქების მოთხოვნის განსახილად, თურქებმა თხოვნები უარყვეს და სამხედრო ძალის გამოყენებით დაიკავეს კუნძულის 36 პროცენტი ანუ დაახლოებით ის ტერიტორია, რასაც ისინი კვიპროსის თურქული მოსახლეობის ავტონომიური ტერიტორიისათვის მოითხოვდნენ. ტაქსიმი ანუ კუნძულის ფაქტობრივი დაყოფა განხორციელდა.

1975-1979[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის მოგვარებისათვის ახალ გამოსავალს ეძებდა და 1975 წელს, გაეროს გენერალური მდივნის კურტ ვალდჰაიმის ინიციატივით, კლერიდისსა და დენქთაშს შორის, ვენის ფორმატის სახელით ცნობილი მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებები, 1977 წლამდე გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ორ ნაწილიან ფედერაციად დაყოფასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულ იქნა და, სტატუს-ქვო უცვლელი დარჩა. 1977 წელს გარდაიცვალა მაკარიოსი და კვიპროსის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრი სპიროს კიპრიანუ გახდა.

1979 წელს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ერთობლივი ძალისხმევით, კვიპროსის კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი გეგმა შემუშავდა, რომელიც ABC-ს - ამერიკულ-ბრიტანულ-კანადური გეგმის სახელით იყო ცნობილი. გეგმა ითვალისწინებდა ორი ზონისაგან შემდგარ, ორეროვან ფედერაციას, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლებით. გეგმა უარყოფილ იქნა როგორც კვიპროსის, ისე თურქეთის ხელისუფლებების მიერ.

1979 წლის მაისში, კურტ ვალდჰაიმი ეწვია კვიპროსს და მოახერხა ათი პუნქტისაგან შემდგარი გეგმის შედგენა, რის საფუძველზეც ნიქოზიაში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ფედერაციის ეთნიკურ აგებულებაზე, ასევე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება თურქეთის კონტროლის ქვეშ მოქცეულ სამხრეთ ფამაგუსტას - ვაროშას შესახებ, რომელიც როგორც პოპულარული ტურისტული ზონა, მნიშვნელოვანი ტერიტორია იყო ბერძნებისათვის. თურქებმა ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი უარყვეს და შედეგად, ვაროშა 40 წელზე მეტხანს მიტოვებულ ტერიტორიად დარჩა და მხოლოდ 2019 წელს ჩრდილოეთ კვიპროსის ადმინისტრაციამ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო მის გასახსნელად.

კვიპროსის თურქული ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც კვიპროსიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვდა. თურქი კვიპროსელები, რომლებიც თურქულ ჯარს ასეთად არ მიიჩნევდნენ, ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილებით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. მიუხედავად ამისა, ორ მხარეს შორის, გაეროს ეგიდით მოლაპარაკებები გაგრძელდა და გაეროს შემოთავაზებულ პირობებს ოფიციალურად ორივე მხარე დაეთანხმა. თუმცა ამის მიუხედავად, 1983 წლის 15 ნოემბერს კვიპროსის თურქულმა ნაწილმა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სახელით დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მალევე, თურქეთმა იგი აღიარა. ამის საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ 541-ე რეზოლუციით დაგმო დამოუკიდებლობის გამოცხადება, მოგვიანებით, 1984 წლის დასაწყისში გამოცემული 550-ე რეზოლუციით კი თურქეთის მიერ ჩრდილო კვიპროსის დამოუკიდებლობის აღიარება და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.

1984 წლის სექტებრიდან მოლაპარაკებები განახლდა. მოლაპარაკებების მიზანი ამჯერადაც კვიპროსის ბი-კომუნალურ, ორნაწილიან და ნეიტრალურ ფედერაციად გაერთიანებას შეეხებოდა. თუმცა ეს პირობები არც ბერძნებისთვის აღმოჩნდა მისაღები და არც თურქებისთვის. ამის საპასუხოდ, 1986 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ხავიერ პერეს-კუელიარმა მხარეებს კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა წარუდგინა. პერეს-კუელიარის გეგმაც წარუმატებელი აღმოჩნდა, თურქებს არ სურდათ ტერიტორიების დათმობა, ბერძნებისათვის კი კუნძულზე თურქული ჯარის ყოფნა მიუღებელი იყო.

1988-1994: მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, 1988 წლის აგვისტოში პერეს-კუელიარმა მხარეები დაიყოლია ჟენევაში ერთმანეთს შეხვედროდნენ და 1985-86 წლების სამუშაო გეგმის მაგივრად, 1977 და 1979 წლების შეთანხმებების მიხედვით დაეწყოთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა, რადგანაც კვიპროსელმა ბერძნებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებდნენ შეეტანათ განაცხადი ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობს წევრობაზე. ამ განცხადებას კვიპროსელი თურქების მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. 1990 წელს, ამჯერად ნიუ-იორკში, მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. რაუფ დენქთაში კატეგორიულად მოითხოვდა კვიპროსელი თურქების თვითგამორკვევის უფლების აღიარებას ფედერაციის შიგნითაც, რასაც სასტიკად შეეწინააღმდეგა კვიპროსის მესამე პრეზიდენტი გეორგიოს ვასილიუ, რომელიც კონფლიქტის გაეროს რეზოლუციების მიხედვით გადაწყვეტას ითხოვდა. გაეროს რეზოლუციები კი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას არ ცნობდა.

1990 წლის 4 ივლისს, სამხრეთ კვიპროსმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობაზე, რასაც უდიდესი უკმაყოფილება მოჰყვა როგორც კვიპროსელი თურქების, ასევე თურქეთის მხრიდან, რომელმაც იგივე განაცხადი 1987 წელს გააკეთა. რაუფ დენქთაშმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და განაცხადა, რომ კვიპროსი მხოლოდ თურქეთთან ერთად შეიძლება გამხდარიყო ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი, მიუხედავად ამისა, კვიპროსელი ბერძნების განაცხადი ეეთ-მ წარმოებაში მიიღო. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კვიპროსმა და თურქეთმა საპასპორტო კონტროლის გაუქმების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და აღნიშნეს, რომ სამხრეთ კვიპროსის ეეთ-ში შესვლის შემთხვევაში საბაჟო კავშირსაც დაამყარებდნენ.

1992 წლის აპრილში, გაეროს ახალი გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის ინიციატივით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. მხარეების ნდობის მოსაპოვებლად, გალის მიერ შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებდა კვიპროსის ორნაწილიან ფედერაციულ მოწყობას კომუნალიზმის საფუძველზე, უკრძალავდა ორივე ნაწილს მესამე ქვეყანასთან გაერთიანებას და ითვალისწინებდა სამხრეთ ფამაგუსტას - ვაროშას, გაეროს კონტროლის ქვეშ გადასვლას, თუმცა ეს გეგმაც უარყოფილი იქნა, პირველ რიგში რაუფ დენქთაშის მიერ. უშედეგოდ დარჩა მესამე ძალებიც მცდელობებიც დაეყოლიებინათ დაპირისპირებული მხარეები.

სამხრეთ კვიპროსის გზა ევროკავშირის წევრობისკენ და თურქულ-ბერძნული დაპირისპირება საერთაშორისო არენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს, კორფუს სამიტზე, ევროკავშირად გარდაქმნილმა ეეთ-მა ოფიციალურად ჩართო კვიპროსი კავშირის გაფართოების გეგმაში და დაადგინა მიღებულიყო ზომები კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. 5 ივლისს ჩრდილოეთ კვიპროსს ევროკავშირმა დაუწესა საექსპორტო ემბარგო, ხოლო დეკემბერში საბერძნეთმა დაბლოკა ერთიანი საბაჟო კავშირის პროექტი მასში თურქების როლის გამო. 1995-1996 წლებში კვიპროსზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მოლაპარაკებები შეჩერდა, ხოლო ბერძნებმა კუნძულზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა - 11 აგვისტოს, „მწვანე ზონაში“ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას კვიპროსელმა თურქებმა ცემით მოკლეს ბერძენი მომიტინგე ტასოს ისააკი, ხოლო 14 აგვისტოს სოლომოს სოლომუ თურქი ჯარისკაცების ტყვიას ემსხვერპლა მაშინ, როცა თურქული საგუშაგო პოსტიდან დროშის ჩამოსხნას ცდილობდა, ტასოს ისააკის სიკვდილში, თურქული ექსტრემისტული ორგანიზაცია რუხი მგლები დაადანაშაულეს. სამხრეთ კვიპროსის პასუხი შეიარაღების ოდენობის გაზრდა იყო, რის კულმინაციადაც 1997 წლის კვიპროსის სარაკეტო კრიზისი იქცა. სამხრეთ კვიპროსის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთისაგან შეეძინა ს-300-ს სისტემის ანტისაავიაცო თავდაცვის სისტემები, რამაც თურქეთის უარყოფითი რეაქცია და მუქარები მოჰყვა. თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წვრთვნები დაიწყო. საბოლოო ჯამში კრიზისი ს-300-ების კრეტაზე ტრანსფერით და კვიპროსისათვის ალტერნატიული თავდაცვის სისტემების გადაცემით დასრულდა.

სამშვიდობო პროცესი 1997 წლის შემდეგ და სამხრეთ კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კვიპროსისევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარებამ კუნძულის გაერთიანებასთან დაკავშირებული იმედები გამოაცოცხლა. ოპტიმისტური განწყობა კიდევ უფრო გაიზარდა 1999 წელს, თურქეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატად გამოცხადებასთან ერთად, ეს იყო გამოსავალი, რომელიც ასევე აკმაყოფილებდა თურქეთის მოთხოვნას, კვიპროსი არ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი მისგან დამოუკიდებლად. ნიუ იორკში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, რომლებიც, თურქებისათვის, უფრო მეტად დროის მოგებაზე და იმ გათვლაზე იყო დაფუძნებული, რომ ევროკავშირი, არ გარისკავდა თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებას, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა თურქეთში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად,“კვიპროსის დამპყრობლის“ მეტსახელით ცნობილი ბულენთ ეჯევითი, 2002 წლის არჩევნების შედეგად, სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიამ და მისმა ლიდერებმა ჯერ აბდულა გიულმა, შემდეგ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ევროკავშირთან კარგ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვოდნენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კვიპროსის პრობლების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, რასაც გაეროს მხრიდან სწრაფი რეაქცია მოჰყვა და 2002 წლის 11 ნოემბერს, კოფი ანანმა, ანანის გეგმის სახელით ცნობილი გეგმა მხარეებს წარუდგინა; გეგმის პირველი ვარიანტი მხარეებთან კონსულტაციის შედეგად რამდენჯერმე ჩასწორდა და საბოლოო ვარიანტი 2004 წლის 31 მარტს ჩაუშვეს წარმოებაში.

ანანის გეგმა და 2004 წლის რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანის გეგმა, რომელიც „კვიპროსის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის“ სახელით იყო ცნობილი, ითვალისწინებდა კვიპროსის გაერთიანებას შვეიცარიული მოდელის კანტონალურ ფედერაციად, რომელიც შემდგარი იქნებოდა ორი თანასწორუფლებიანი სახელმწიფოსგან. მოსახლეობის ოდენობის და არსებული სტატუს-კვოს გათვალისწინებით, კუნძულის ტერიტორიის 28,5 % თურქებს, ხოლო 72,5 % ბერძნების ტერიტორია იქნებოდა. კონსტიტუციის დამტკიცების, შეცვლის, რეფერენდუმის გზით საკითხების გადაწყვეტას და ა.შ. დასჭირდებოდა ორივე ნაწილში ცალ-ცალკე ჩატარებულ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობის მიღება, პრეზიდენტის ოფისის მაგივრად იქმნებოდა საპრეზიდენტო საბჭო, რომელიც თავისი წევრებიდან აირჩევდა პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს როტაციულ თანამდებობაზე; მინისტრთა კაბინეტს ეყოლებოდა თანაბარი ოდენობით თურქი და ბერძენი წევრები; ორივე მხარეს ექნებოდა საკუთარი პარლამენტი, ხოლო საკუთრივ კვიპროსის პარლამენტი იქნებოდა ორპალატიანი - სენატი იქნებოდა შემდგარი თანაბარი ოდენობის ბერძენი და თურქი წევრებისგან, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში აუცილებელი იყო ერთ მხარეს მანდატების მინიმუმ 25%-იანი კვოტა ჰქონოდა. გათვალისწინებული იყო კვოტები საბერძნეთისა და თურქეთის მოქალაქეებისათვის, რომელთაც ლეგალურად შეეძლოთ ეცხოვრათ კვიპროსზე - 5%. კვიპროსი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ქვეყნად, გარანტორი ქვეყნების და გაერთიანებული ერების სამშვიდობო კონტიგენტის წარმომადგენლობებით. გათვალისწინებული იყო კომპენსაცია და რეპატრიაციის გეგმაც 1974 წელს და მანამდე დაზარალებულთათვის.

ანანის გეგმაზე მუშაობის დაწყებასთან ერთად კვიპროსზე, ორ ხალხს შორის ურთიერთობაც ნელ-ნელა ნორმალიზაციისაკენ წავიდა, 2003 წლის 23 აპრილს კვიპროსის ორ ნაწილს შორის ოფიციალურად გაიხსნა საზღვარი და პირველივე დღეს, დაახლოები 5000-მა ადამიანმა საზღვარი გადაკვეთა.

მოლაპარაკებების პარალელურად, მიუხედავად რაუფ დენქთაშის უკმაყოფილებისა, 2003 წლის 16 აპრილს ხელი მოეწერა დოკუმენტს სამხრეთ კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელიც 2004 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა. რჩებოდა ანანის გეგმის ორმხრივი რეფერენდუმის გზით რატიფიკაცია. რეფერენდუმი 2004 წლის 24 აპრილს გაიმართა. თურქი კვიპროსელების 64-მა პროცენტმა, მიუხედავად დენქთაშის პოზიციისა, ანანის გეგმას მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ანანის გეგმა ჩავარდა - კვიპროსელი ბერძნების 75-მა პროცენტმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ბერძნების უკმაყოფილების მთავარი მიზეზები გეგმის ის პუნქტები გახლდათ, რომლებიც აზრით არადამაკმაყოფილებელ პირობებს უქმნიდა იმ ბერძენ დევნილებს, რომლებსაც საკუთარ სახლებში სურდათ დაბრუნება. ასევე, კვიპროსელი ბერძნები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევდნენ გეგმის იმ პუნქტებს, რომლებიც უშუალოდ თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლებულ ემიგრანტებს ეხებოდა.

კვიპროსის სამხრეთ ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა და 2004 წლის 1 მაისს დასრულდა; რადგანაც, კუნძულის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთლიანად კვიპროსს მოიცავდა, ჩრდილოეთ კვიპროსიც ევროკავშირის ტერიტორიად მოიაზრება და მის მცხოვრებლებს, გარდა კონფლიქტის შემდგომ თურქეთიდან გადმოსახლებულებისა, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ სამხრეთ კვიპროსის პასპორტის აღების გზით, ევროკავშირის მოქალაქეობის სრული პრივილეგიებით ისარგებლონ.

კვიპროსის პრობლემა 2004 წლის შემდეგ 2008-2012 წლების მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ანანის გეგმის ჩავარდნისა, კვიპროსის თურქული ნაწილის ევროსტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია გარკვეულ დონეზე გაგრძელდა. ჩრდილოეთ კვიპროსმა მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და მიენიჭა ორი არჩეული წარმომადგენლის გაგზავნის უფლება საპარლამენტო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

რეფერენდუმის შემდეგ, მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდა და მხოლოდ 2008 წელს, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტად დიმიტრის ხრისტოფიასის არჩევასთან ერთად განახლდა. 2008 წლის 21 მარტს, მწვანე ზონაში ხრისტოფიასი და ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტი მეჰმედ ალი თალათი ერთმანეთს შეხვდნენ და მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ოფიციალურად დაიწყო. კეთილი ნების გამოხატულების სახით, მხარეებმა, ნიქოზიაში, 1974 წლის შემდეგ დაცარიელებული ლედრას ქუჩის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად ავსტრალიელი დიპლომატი ალექსანდერ დაუნერი დაინიშნა.

მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე გარკვეული შეთანხმებები მიღწეულ იქნა, 2008 წლის 1 ივლისს, მხარეები ერთიანი მოქალაქეობის და სუვერენობის შესახებ შეთანხმდნენ კიდეც. თუმცა მოლაპარაკებები მალევე ჩიხში შევიდა, რადგანაც თალათს სურდა მოლაპარაკებები ანანის გეგმის პირობების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით გაგრძელებულიყო, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბერძენმა კვიპროსელებმა ანანის გეგმას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს, ხრისტოფიასისთვის პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯი იყო. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2010 წლამდე, ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტად დერვიშ ეროღლუს არჩევამდე გაგრძელდა და მიუხედავად შეთანხმებებისა საბაზისო საკითხებზე, ძალიან მცირე რეალური წინსვლა დაფიქსირდა.განსხვავებით თალათისაგან, დერვიშ ეროღლუ, კვიპროსის გაერთიანების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებდა და ამ კუთხით, მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ჩრდილო კვიპროსის თურქეთიდან გადმოსახლებულ მოქალაქეებს შორის. მიუხედავად ამისა, არჩევნების შემდეგ, მან ღიად აღნიშნა, რომ მზად იყო მოლაპარაკებები გაეგრძელებინა იქ, სადაც მისი წინამორბედი შეჩერდა. მოლაპარაკებები 2012 წლამდე გაგრძელდა, თუმცა მცირე პროგრესით და საბოლოოდ, 2012 წლის ივნისში, მხარეების მიერ ერთმანეთისაკენ მიმართული ბრალდებებით, უშედეგოდ დასრულდა. 1 უკმაყოფილება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი-მუნმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ შეინიშნებოდა. 2013 წლის 11 თებერვალს ალექსანდერ დაუნერი, იმ მიზეზით, რომ კონფლიქტიდან გამოსავალი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო გადადგა, მის გადადგომას კვიპროსის თურქული და ბერძნული მხარეების ლიდერების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, რომ ისინი მზად არიან გააგრძელონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.

კვიპროსის პრობლემა 2014 წლიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლისათვის კვიპროსის გაერთიანებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყებოდა კუნძულის რომელიმე ნაწილში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მაგრამ, შიდა და საგარეო ფაქტორების გამო, მოლაპარაკების ყველა რაუნდი უშედეგოდ სრულდებოდა. 2014 წლის 11 თებერვალს, მოლაპარაკებები ამჯერად დერვიშ ეროღლუსა და სამხრეთ კვიპროსის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესს შორის განახლდა და გამოქვეყნდა ორმხრივი დეკლარაციაც, სადაც ორივე მხარე კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ისინი მიზნად ისახავენ კუნძულის გაერთიანებას ორი თანასწორუფლებიანი პოლიტიკური ერთეულის ფედერაციულ რესპუბლიკად და რომ „არცერთი საკითხი არ არის შეთანხმებული, მანამ, სანამ ყველა მათგანთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული“. მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარდაჭერა გამოუცხადეს საბერძნეთის და თურქეთის ხელისუფლებებმა. მხარდაჭერა გამოხატა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმაც.

14 თებერვალს მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლებსაც ბერძნული მხრიდან ანდრეას მავროიანისი, ხოლო თურქული მხრიდან კუდრეთ ოზერსაი წარმართავდნენ. პირველივე შეხვედრაზე მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი საბერძნეთსა და თურქეთში ვიზიტებით დაიწყებოდა.

2015 წელს ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტად მუსტაფა აქინჯი აირჩიეს. 2015 წლის 15 მაისს მუსტაფა აქინჯიმ და სამხრეთ კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს და შედეგად, კეთილი ნების და კვიპროსის რეუნიფიკაციისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ჩრდილოეთ კვიპროსმა სამხრეთ კვიპროსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებებისა, რომლებიც აქტიურად გრძელდებოდა 2015-2017 წლებში, მხარეებმა კვლავ ვერ მოახერხეს მიეღწიათ კომპრომისისათვის - თურქები აუცილებელ პირობად აყენებდნენ როტაციულ საპრეზიდენტო სისტემას და ორზონიან მოდელს, რასაც ბერძნები ეწინააღმდეგებოდნენ. პრობლემა იყო ომის შემდგომ მიტოვებული ქონების საკითხიც.

სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიულ წყლებში, ჩრდილო კვიპროსის სანაპიროსთან, გაზის საბადოების ძებნა დაიწყო. თურქეთის ეს ნაბიჯი დაგმო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ხოლო ეგვიპტემ, კვიპროსმა და საბერძნეთმა ერთობლივი დეკლარაციით განაცხადეს, რომ თურქეთის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. საპასუხოდ, თურქეთმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა საკუთარი ინტერესები სამხედრო ძალის გამოყენებით დაიცვას და 2019 წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კვიპროსზე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი განათავსა.

კვიპროსის პრობლემის სამომავლო პერსპექტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისთვის საკითხის მკვლევარების, კვიპროსის და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილში პოპულარულია აზრი, რომ კვიპროსის ორ ნაწილად დაყოფა ანუ არსებული სტატუს-კვოს იურიდიული აღიარება, პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზაა. ამის მიზეზი, მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით ბერძნული მხარის უკომპრომისო პოზიციაა.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალური პოზიცია კვლავ კვიპროსის გაერთიანებისაკენ არის მიმართული და მსოფლიო ლიდერებმა არაერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა კვიპროსის გაერთიანების გეგმას, თუმცა კონფლიქტი დღემდე გაყინულია და თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების გათვალისწინებით, გაურკვევლობა გრძელდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Clement Dodd – The History and The Politics of the Cyprus Conflict, Palgrave Mcmillan, (2010), ISBN 978-0-230-24211-1
  • Douglas Brinkley – The Cyprus Question: Dean Acheson as Mediator, The Journal of Helenic Diaspora, Vol. XV, N3-4, Fall-Winter 1988
  • Gallia Lindenstrauss - Moving Ahead in Cyprus, Looking Back at the Failure of the Annan Plan, Strategic Assessment, Vol. 10, No. 4, თებერვალი 2008
  • James Edward Miller – The United States and the Making of Modern Greece, History & Power 1950-1974, The University of North Carolina Press, (2009), ISBN 978-0-8078-3247-9
  • James Ker-Lindsay – The Cyprus Problem: What Everyone Needs to Know, Oxford University Press, (2011). ISBN 978-0-19-975716-9
  • Michalis Stavrou Michael – Resolving the Cyprus Conflict: Negotiating History, Palgrave Macmillan, (2009), ISBN: 978–0–230–62002–5
  • Norma Salem(Eds.) – Cyprus, A Regional Conflict and its Resolution, Pallgrave-Macmillan, 1992, ISBN 978-1-349-12783-2
  • Robert Holland– Britain and the Revolt in Cyprus: 1954-1959, Oxford University Press, (1999). ISBN 0-19-820538-4
  • Sibel Akgün, – Türk Mukavemet Teşkilatı, Doctoral Thesis, University of Ankara, (2009)
  • Stanley Mayes– Makarios: a Biography, Pallgrave-Mcmillan, (1981), ISBN 978-1-349-16502-5
  • Tabitha Morgan– Sweet and Bitter Island: a History of the British in Cyprus, I.B. Tauris, (2010), ISBN: 978 1 84885 329 4
  • Umut Gürses – Kıbrıs Türktür Cemiyeti ve Faaliyetleri, Master’s Thesis, University of Ankara, (2014),
  • William Mallinson – Cyprus, a Modern History, I. B. Taurus, (2005), ISBN 1 85043 580 4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Big expectations as Cyprus peace talks restart“. EUobserver. Brussels. 11 February 2014. ციტირების თარიღი: 23 February 2014.
  2. Morley, Nathan (11 February 2014). „Cyprus peace talks resume after two-year break“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 23 February 2014.