სომხეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის დროშა
სომხეთი
მიღებულია 24 აგვისტო, 1990
პროპორცია 1:2
დროშის ავტორი სტეპან მალხასიანცი
კომპიუტერული
დიზაინი
სომხეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის, ჰორიზონტალური, წითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი (უწოდებენ „გარგრისფერსაც”) ზოლებისაგან

სომხეთის დროშა (სომხ. Հայաստանի Հանրապետության դրոշ) — სომხეთის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. შედგება თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური წითელი (ზედა), ლურჯი (შუა) და ნარინჯისფერი (ქვედა) ზოლისაგან. მიღებულია 1990 წლის 24 აგვისტოს სომხეთის უზენაესი საბჭოს მიერ. 2006 წლის 15 ივნისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ დაამტკიცა კანონი სომხეთის მთავრობის მიერ დროშის გამოყენების შესახებ.

ისტორიის მანძილზე არსებობდა სომხეთის დროშის მრავალი ვარიანტი. ანტიკურ ხანაში, სომხური დინასტიები იყენებდნენ სხვადასხვა სიმბოლური ცხოველების გამოსახულებიან დროშებს.[1] XX საუკუნეში საბჭოური დროშების ერთ-ერთ ვერსიას წარმოადგენს სომხეთის სსრ-ის დროშა.

სომხეთის დროშის ფერების სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, წითელი წარმოადგენს 1,5 მილიონი სომეხის დაღვრილ სისხლს,[2] ლურჯი აღნიშნავს სომხეთის სუფთა ცას, ხოლო ნარინჯისფერი — ქვეყნის გამბედაობას.[3]

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ოფიციალურად, ფერების სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირია:

წითელი წარმოადგენს სომეხი ხალხის უწყვეტ ბრძოლას გადარჩენის, ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოს თავისუფლების დაცვისათვის. ლურჯი გამოხატავს სომეხი ხალხის სურვილს მშვიდობიანად იცხოვრონ სომხეთის ცის ქვეშ, ნარინჯისფერი კი — სომეხი ხალხის შემოქმედებით ნიჭსა და შრომისმოყვარე ბუნებას.[4]

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადფრ-ის დროშა
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა. პროპორციებით 2:3. 1918-1922
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დროშა. 1922-1936

1918 წლის 22 აპრილს რუსეთისაგან გამოყოფის შემდეგ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შექმნეს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს იარსება და დაიშალა მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 28 მაისს გამოაცხადეს. ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ადფრ-ს დროშის ფერები გერმანის დროშიდან იყო აღებული, თუმცა ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა განსხვავებული იყო. ადფრ-ის დროშა 1918 წლის აპრილ-მაისში ფედერაციაში შემავალი თითოეული ქვეყნისათვის სახელმწიფო სიმბოლოს წარმოადგენდა.

სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიღებულ იქნა თანამედროვე სამფეროვანი დროშა. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა თითქმის არ განსხვავდებოდა თანამედროვე დროშისაგან. პრაქტიკულად ერთადერთი განსხვავება მათ შორის პროპორციებია (სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის პროპორციები იყო 2:3, თანამედროვე დროშისა კი — 1:2-ია). ეს დროშა გაუქმდა 1922 წელს, მას შემდეგ, რაც სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდნენ.

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, რომელშიც სომხეთი საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად გაერთიანდა. შეიქმნა ახალი საბჭოური დროშა, რომელიც 1936 წლამდე (ასფსრ-ის გაუქმებამდე) სამივე ქვეყნისათვის სახელმწიფო სიმბოლოს წარმოადგენდა. დროშა წარმოადგენდა წითელ ფონზე გამოსახულ ოქროსფერ ხუთქიმიან ვარსკვლავსა (რომელშიც გამოსახული იყო ოქროსფერი ნამგალი და ურო) და რესპუბლიკის აბრევიატურას — «ЗСФСР».

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც მიიღეს 1920 წელს, წარმოადგენდა წითელ მართკუთხა ქსოვილს, რომლის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახული იყო სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ინიციალები სომხური დამწერლობით — «ՀԽՍՀ». 1937 წელს დროშაზე დაამატეს ნამგლისა და უროს გამოსახულება. 1940 წელს ინიციალები აღმოსავლეთ სომხური დიალექტის მიხედვით შეცვალეს.[5]

სომხეთის სსრ-ის დროშამ საბოლოო სახე 1952 წელს მიიღო. დროშიდან ინიციალები ამოიღეს და ლურჯი ზოლი დაამატეს ოქროსფერ ვარსკვლავთან ერთად. ეს დროშა 1990 წლამდე გამოიყენებოდა, სანამ სომხეთის უზენაესმა საბჭომ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა არ აღადგინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]