გიორგი გველესიანი (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი გველესიანი.
გიორგი გველესიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი გველესიანი
დაბადების
თარიღი
5 მაისი, 1991 (1991-05-05) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პერსეპოლისი
ნომერი 30
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2017 დინამო თბილისი 81 (7)
2017–2018 ზობ აჰანი 20 (0)
2018–2019 ნასაჯი მაზანდარანი 22 (5)
2019–2022 სეპაჰანი 62 (9)
2022– პერსეპოლისი 46 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 თებერვალი, 2024

გიორგი გველესიანი (დ. 5 მაისი, 1991, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის „დინამო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.[1]

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, პირველად 2010 წლის 5 დეკემბერს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდნენ. გველესიანმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაშივე დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა.[2]

ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.[3]

რაც შეეხება საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში გატანილ პირველ გოლს, გიორგიმ იგი 2013 წლის 30 ოქტომბერს, ხობის „კოლხეთის“ კარში შეხვედრის მე-16 წუთზე შეაგდო. თამაში დინამოელებმა 6–0 მოიგეს.[4]

სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

„ზობ აჰანი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში.[5][6] ირანული კლუბის მაისურით პირველად 2017 წლის 11 აგვისტოს, ირანის პრო-ლიგის მე-3 ტურის გასვლით შეხვედრაში „პაიკანის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. გველესიანმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაშივე დაიწყო, თუმცა 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრა კი ფრედ 0–0 დასრულდა.[7]

ბოლოჯერ „ზობ აჰანის“ მაისურით 2018 წლის 27 აპრილს, ირანის პრო-ლიგის 30-ე ტურის მატჩში თეირანის „ნაფთის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ზობ აჰანში“ ჩატარებული ბოლო შეხვედრა, სადაც მან შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა მინიმალური სხვაობით — 1–0 მოიგო.[8]

საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„ნასაჯი მაზანდარანი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო.

„სეპაჰანი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

„პერსეპოლისი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დინამოს“ მაისურით.
„სეპაჰანის“ მაისურით.

2022 წლიდან „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში. 2022 წლის დეკემბერში გველესიანმა თეირანული დერბის მე-16 წუთზე „ესტეგლალის“ წინააღმდეგ საჯარიმოში თავური დარტყმით „პერსეპოლისი“ დააწინაურა. მეორე ტაიმში, შეხვედრის 89-ე წუთზე მან კიდევ ერთხელ გაიტანა თავით და გახდა პირველი მცველი დედაქალაქური დერბის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში ორი გოლის გატანა შეძლო. მატჩის მონაწილე გუნდებისთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს პრინციპული შეხვედრა ფრედ 2–2 დასრულდა, რამაც „პერსეპოლისს“ გათამაშების ცხრილში ლიდერობა შეუნარჩუნა.[9][10]

2023 წლის 14 თებერვალს გიორგი გველესიანმა ჰაზფის თასზე შესანიშნავად ითამაშა და „პერსეპოლისს“ თავის ყოფილი კლუბთან „სეპაჰანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. გიორგიმ თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში მე-12 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. ძირითადი დრო 2–2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ქართველ მცველს მე-100 წუთზე კიდევ ერთხელ მიანდეს თერთმეტმეტრიანის შესრულება და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4–2 „პერსეპოლისის“ სასარგებლოდ.[11][12] აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თასის წინა ეტაპის, 1/16-ფინალის შეხვედრაში ისპაანის „ვან პარსთანაც“ თავი გამოიჩინა. ეს მატჩიც 2–2 დასრულდა, მისი ბედიც დამატებით დროში გადაწყდა, როდესაც გიორგიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს მატჩისშემდგომი პენალტების სერიის წყალობით თასის გათამაშების შემდგომ ეტაპზე გასვლის საშუალება მისცა.[13]

2023 წლის 14 აპრილს გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში აღმავლობით ითამაშა და „პერსეპოლისს“ „მეს ქერმანთან“ შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. ირანის პრო-ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა „პერსეპოლისის“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ჩაატარა და მატჩის მთავარი გმირი გახდა. გველესიანის გუნდი მეტოქეს გასვლაზე ეთამაშა და 22-ე წუთზე საეიდ სადეღის გოლით დაწინაურდა. 26-ე წუთზე ქერმანელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ქართველმა მცველმა უნაკლოდ დაარტყა. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის მიწურულს „პერსეპოლისმა“ პენალტის დარტყმის უფლება მეორედ მოიპოვა. გველესიანმა მეორე პენალტიც ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.[14][15][16]

ირანის პრო-ლიგის (Persian Gulf Pro League) 22-ე გათამაშება „პერსეპოლისის“ გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ბოლო ტურში მათ სტუმრად 4–0 დაამარცხეს „ნასაჯი მაზანდარანი“ და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის წოდება დაიბრუნეს. „პერსეპოლისთან“ ერთად ირანის ჩემპიონობა გიორგი გველესიანმაც მოიპოვა, რომელმაც საჩემპიონო მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. 32 წლის წლის ცენტრალურმა მცველმა ირანის ჩემპიონატის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი შეაგდო.[17]

გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.[18][19]

2023 წლის 24 დეკემბერს გიორგი გველესიანმა კიდევ ერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარა „პერსეპოლისში“, რომელმაც ირანის ჩემპიონატში ყაზვინის „შამს აზარი“ 2–1 დაამარცხა. მე-14 ტურის საშინაო შეხვედრა ქართველმა მცველმა შეუცვლელად ჩაატარა და დუბლი შეასრულა. გველესიანმა ანგარიში 45+3-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა და „პერსეპოლისს“ პირველი ნახევარი მოაგებინა. „შამს აზარმა“ 47-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე „პერსეპოლისი“ რთულ მდგომარეობაში მცველის, ალი ნემატის გაძევებამ ჩააგდო. 81-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გველესიანმა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.[20][21]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 28 თებერვალი, 2024
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო
თბილისი
2010–11 უმაღლესი ლიგა 2 0 0 0 0 0 0 0 2 0
2011–12 6 0 2 0 2 0 0 0 10 0
2012–13 5 0 2 0 7 0
2013–14 16 3 4 1 2 0 1 0 23 4
2014–15 15 1 3 0 2 0 1 0 21 1
2016 21 2 3 0 1 0 1 0 26 2
2017 16 1 1 0 16 1
სულ 81 7 15 1 7 0 3 0 106 8
ზობ აჰანი 2017–18 ირანის პრო-ლიგა 20 0 1 0 9 1 30 1
სულ 20 0 1 0 9 1 0 0 30 1
ნასაჯი
მაზანდარანი
2018–19 ირანის პრო-ლიგა 22 5 2 0 24 5
სულ 22 5 2 0 0 0 0 0 24 5
სეპაჰანი 2019–20 ირანის პრო-ლიგა 16 4 2 0 3 0 21 4
2020–21 22 1 3 1 25 2
2021–22 24 4 1 0 6 0 31 4
სულ 62 9 6 1 9 0 0 0 77 10
პერსეპოლისი 2022–23 ირანის პრო-ლიგა 28 6 2 3 30 9
2023–24 17 5 0 0 5 0 22 5
სულ 46 11 4 4 5 0 0 0 55 15
სულ ჯამში 231 32 28 6 30 1 3 0 292 39

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ირანის დროშა ზობ აჰანი
  • ირანის ვიცე-ჩემპიონი: 2017–18
ირანის დროშა სეპაჰანი
  • ირანის ვიცე-ჩემპიონი: 2020–21
ირანის დროშა პერსეპოლისი
  • ირანის ჩემპიონი: 2022–23
  • ირანის თასის მფლობელი: 2022–23[22]
  • ირანის სუპერთასის მფლობელი: 2023

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
ESPNFC.com · FBref.com · FootballDatabase.eu · Kooora · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com
ვიდეო
Leadersport
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gagra 0–2 Dinamo Tbilisi / David Kipiani Cup // soccerway
  2. WIT Georgia 0–1 Dinamo Tbilisi / Erovnuli Liga // soccerway
  3. Dinamo Zugdidi 0–2 Dinamo Tbilisi / Erovnuli Liga // soccerway
  4. Dinamo Tbilisi 6–0 Kolkheti Khobi / David Kipiani Cup // soccerway
  5. გიორგი გველესიანი კარიერას ირანულ „ზობ აჰანში“ გააგრძელებს
  6. გიორგი გველესიანი: ფეხბურთი ირანში უფრო უყვართ, ვიდრე საქართველოში
  7. Paykan 0–0 Zob Ahan / Persian Gulf Pro League // soccerway
  8. Naft Tehran 0–1 Zob Ahan / Persian Gulf Pro League // soccerway
  9. Esteghlal 2–2 Persepolis / Persian Gulf Pro League // soccerway
  10. Esteghlal, Persepolis share spoils in 2-2 draw
  11. Sepahan 2–4 Persepolis / Hazfi Cup // soccerway
  12. გველესიანმა ირანის თასზე დუბლი შეასრულა
  13. Persepolis 2–2 Van Pars Isfahan / Hazfi Cup // soccerway
  14. Mes Kerman 1–3 Persepolis / Persian Gulf Pro League // soccerway
  15. გველესიანი შეუჩერებელია — ქართველმა მცველმა დუბლი შეასრულა
  16. გველესიანის დუბლი — „პერსეპოლისი“ გალიდერდა
  17. გიორგი გველესიანი „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში ირანის ჩემპიონი გახდა!
  18. „თითქოს, არ ვარსებობ, თითქოს, ეროვნების გარეშე ვარ“... ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველის, გიორგი გველესიანის წერილი...
  19. „არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა“
  20. Persepolis 2–1 Shams Azar Qazvin / Persian Gulf Pro League // soccerway
  21. „პერსეპოლისმა“ ქართველი მცველის დუბლით მოიგო
  22. Perspolis vs Esteghlal | Final | Hazfi Cup 2023