პასპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასპორტი (ლათ. passus (მოძრაობა) და porta (კარიბჭე)) — პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი სახელმწიფოთა საზღვრების გადალახვისა და საზღვარგარეთ ყოფნის დროს. პასპორტი ნიშნავს სახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასპორტის მფლობელი აუცილებლად ცხოვრობს ამ პასპორტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ასხვავებენ ორი სახის დოკუმენტს, ეს არის თავად პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ზოგ ქვეყანაში (მაგ. ჩრ. კორეაში, უკრაინასა და რუსეთში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნაცვლად, გაიცემა „შინაგანი პასპორტი“. უმრავლეს ქვეყნებში, პასპორტი არის სახელმწიფოს შინაგანი ძირითადი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მაგ. ბელარუსი). ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვაკეთი და ა.შ. სახელმწიფოს შინაგანი პირადობის დამადასურებელი მოწმობა წარმოადგენს პლასტიკური ბარათის ფორმის ბიომეტრიულ დოკუმენტს, პასპორტის აღება კი ნებაყოფლობითია.

პასპორტი ვიზუალურად არის ბუკლეტისებრი დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ვიზები (თუ არ არის გაფორმებული უვიზო რეჟიმი), რომელიც ქვეყანაში შესვლის ნებართვას იძლევა და პიროვნების მაიდენტიფიცერებელი მონაცემები (მფლობელის სახელი, სურათი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა).
პასპორტი გამოიყენება მთელს მსოფლიოში, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნების პასპორტები მაქსიმალურად უნიფიცირებულია, ხოლო წარწერები ეროვნულ ენაზე ხშირად დუბლირდება ინგლისურ ენაზეც. 21 საუკუნეში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გადადის პასპორტების ახალ თაობაზე — ბიომეტრიულ პასპორტზე.
საქართველოში ბიომეტრული პასპორტები 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა.

როგორც წესი, ქვეყნები კრძალავენ თავის ტერიტორიაზე პიროვნების შესვლას და გადაადგილებას იმ სახელმწიფოს პასპორტით, რომელიც არ არის აღიარებული ამ ქვეყნის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარსეთი და იუდეა

პასპორტის სახის დოკუმენტი პირველად ძველ აღთქმაში გვხვდება. ნეემიას წიგნის, რომლის წერაც ძვ. წ. 443 წელს დასრულდა, მეორე თავში არის ციტატა:[1]

ვიკიციტატა
„7. ვუთხარი მეფეს: თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ მთავრებთან, რათა მათ მეგზურები გამაყოლონ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.“
ვიკიციტატა
„8. ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.“

ბიბლიის ამ მონაკვეთში გადმოცემულია მეფე არტაქსერქსე I-ის მეფობის ხანა სპარსეთი იმპერიაში. მეფის მერიქიფე ნეემია თხოვს მეფეს რათა მისცეს მას ნებართვა სპარსეთი გავლით იუდეაში ჩასასვლელად. თხოვნის თანახმა, ეს ნებართვა მეფემ წერილის სახით უნდა ჩამოაყალიბოს, ანუ გასცეს დოკუმენტი, რომელიც იმ ხანად თანამედროვე პასპორტის როლს ასრულებდა.[2]

პირველი იაპონური პასპორტი. 1866 წელი.
ეგვიპტე

ეგვიპტეში, ჯერ კიდევ ისლამიზაციის საწყის პერიოდში, მოქმედებდა მკაცრი საპასპორტო რეჟიმი. არც ერთ იქ მცხოვრებს არ შეეძლო დაეტოვა თავისი ოლქი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. 720 წელს, მმართველის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თუ რომელიმე ადამიანი შემჩნეულ იქნებოდა უპასპორტოდ ადგილიდან-ადგილზე გადაადგილებაში, ნავში ჩაჯდომაში, ან ნაპირზე გადმოსვლაში, ეს ადამიანი ექვემდებარებოდა დაკავებას, ხოლო ნავი და მისი შიგთავსი კონფისკაციას და დაწვას. ასეთი პასპორტებს სიჯილი ეწოდებოდა და ისინი პაპირუსისგან მზადდებოდა. ტულუნიდების დინასტიის მართველობის დროს ეგვიპტის დასატოვებლად საჭირო იყო ჯავაზის ქონა, ამ პასპორტში თანმხლები მონებიც კი უნდა აღრიცხულიყვნენ.

ხალიფატი

ისლამურ ხალიფატში პასპორტის მნიშვნელობას ასრულებდა ჩეკი, რომელიც გაიცემოდა სპეციალური გადასახადების გადახდისას: ზაკიატი მაჰმადიანებისთვის და ჯიზია არამაჰმადიანებისთვის. ამგვარად, ხალიფატის სხვადასხვა რაიონებში მგზავრობა მხოლოდ გადასახდების კეთილსინდისიერ გადამხდელებს შეეძლოთ.

ევროპა

ზოგიერთი წყაროები თანამედროვე გაგებით „პასპორტის“ პირველი ნიმუშის ავტორად ინგლისის მეფე ჰენრი V-ს მიიჩნევენ, ხოლო სიტყვა პასპორტის სამშობლოდ საფრანგეთი ან იტალია ითვლება. შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი ტიპის დოკუმენტები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაიცემოდა მოგზაურებზე და მასში აღნიშნული იყო ის ქალაქები და დასახლებები, სადაც ამ დოკუენტის მფლობელს შეეძლო შესვლა ქალაქის კედლების და კარიბჭეების გავლით. იმავე შუა საუკუნეების ევროპაში, პორტში გადაადგილებისთვის დოკუმენტების საჭიროება არ იყოს, რადგან პორტი ღია სავაჭრო ზონას წარმოადგენდა.

XX საუკუნემდე პასპორტში მოცემული იყო მხოლოდ ტექსტური ველები მფლობელის ანთროპოლოგიური აღწერით, ფოტოტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად აუცილებელი გახდა ფოტოსურათის არსებობა.

აქტიური პასპორტიზაცია XV საუკუნიდან იწყება, რაც იყო მათხოვრების და მაწანწალა ადამიანების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების ერთ-ერთი ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკანასკნელები მუდმივად ცვლიდნენ ადგილსამყოფელს, მოგზაურები იძულებული იყვნენ დამატებით წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მათ მაწანწალებისგან გაარჩევდნენ. XVII საუკუნის შუა ხანიდან პასპორტის მნიშვნელობა სულ უფროდა უფრო იზრდება: დეზერტირობის აღსაკვეთად შემოიღეს სამხედრო პასპორტი (Militärpass), იმ ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის სადაც გავრცელებული იყო ჟამი, შემოიღეს ე.წ. ჟამური პასპორტი (Pestpass); შემდგომში გამოჩნდა განსაკუთრებული პასპორტი ებრაელებისთვის და სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის; ამავე დროს პასპორტის რეგისტრაციის აუცილებლობაც იქმნება.

საპასპორტო სისტემის განვითრებამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია XVII და XIX საუკუნეების მიჯნაზე, უმთავრესად საფრანგეთში; იკრძალებადა ყოველგვარი გასვლა ქალაქიდან პასპორტის მიღების გარეშე. საპასპორტო სისტემა პოლიტიკური პოლიციის ხელში იყო სახელმწიფოსთვის საშიში ადამიანების მოძებნის უმარტივესი საშუალება. იმჟამინდელი განუწყვეტელი ომიანობის პერიოდში პასპორტი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყანაში ჯაშუშების აღმოჩენის პროცესში.

ოსმალეთის იმპერიის პასპორტი

ნაპოლეონის ხანაში საპასპორტო რეჟიმი არ შეცვლილა, მაგრამ გატარდა რიგი რეფორმებისა: საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი გამარტივდა, ღატაკებზე პასპორტი უფასოდ გაიცემოდა, ასევე უფასოდ იწარმოებოდა პასპორტების რეგისტრაცია (საფრანგეთი, გერმანია). მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პასპორტების სავალდებულო გაცემა და რეგისტრაცია ერთი მხრივ ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას, რადგან მოსახლეობის გაზრდილი მოძრაობიდან გამომდინარე აღნიშნული პროცედურა უბროლო ფორმალობად გადაიქცა, და მეორე მხრივ აღნიშნული პროცედურის ვალდებულება უაზროთ ავიწროვებდა მოგზაურებს, რომელთა უმრავლესობა სრულიად უვნებელი პიროვნებები იყვნენ. პირიქით, არაკეთილსაიმედო ხალხს თავისუფლად და დაუბროკოლებლად შეეძლოთ საზღვრების გადალახვა გაყალბებული ან სხვისი დოკუმენტებით. ამავე დროს, საპასპორტო სისტემა ზღუდავდა რა ადამიანის თავისუფალ მოძრაობას, ასევე ზღუდავდა ქვეყნის სამრეწველო განვითარებას. ამიტომ, XIX ასწლეულის შუა ხანაში დასავლეთ ევროპაში საპასპორტო რეჟიმმა შერბილება განიცადა.

XIX საუკუნის მიწურულიდან პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში მოგზაურობისთვის პასპორტის საჭიროება არ იყო აუცილებელი, საზღვრების გადალახვა იყო გამარტივებული. ამიტომ პასპორტს ფლობდა მოსახლეობის მცირე ნაწილი. ევროპულ საპასპორტო სისტემაში გარდატეხა მომძლავრებულმა სარკინიგზო გადაზიდვებმა მოახდინეს. XIX საუკუნეში სარკინიგზო სისტემის მკვეთრმა ზრდამ, ადამიანების უზარმაზარ მასებს საშუალება მისცა სწრაფად გადაადგილებულიყვნენ ქვეყნებს შორის. ამან ტრადიციული ევროპული საპასპორტო სისტემა მოუქნელ და საშინლად გართულებულ სისტემად აქცია და ევროპელები იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ მასზე. მეფის რუსეთში და ოსმალეთის იმპერიაში საპასპორტო სისტემა შენარჩუნდა, მაგრამ მასთან ერთად არსებობდა შინაგანი პასპორტების სისტემაც, რომელიც ქვეყნის შიდა მიმოსვლას არეგულირებდა.
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ევროპულმა ქვეყნებმა გააძლიერეს სასასზღვრო კონტრლი რათა თავი დაეცვათ უცხო ქვეყნის ჯაშუშებისგან და აღეკვეთათ კვალიფიციური მუშახელის გადინება ქვეყნიდან. ასეთი სისტემა მეორე მსოფლიო ომის შემდგომაც შენარჩუნდა და რუტინულ პროცედურად გადაიქცა. ცნობილია, რომ 1920-იანი წლების ბრიტანელი ტურისტები უჩიოდნენ „არადემოკრატიულ“ პროცედურას, განსაკუთრეთრებით ბევრი ჩივილი მოყვა ფოტოსურათების და ანთროპომეტრიული მონაცემების აუცილებლობას.[3]

1920 წელს ერთა ლიგის სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე, რომელიც პასპორტებს და სამგზავრო დოკუმენტებს ეძღვნებოდა, განისაზღვრა საპასპორტო სისტემის პრინციპები. საპასპორტო სისტემის პრინციპები ასევე 1926 და 1927 წლებშიც ჩატარებულ კონფერენციებშიც განისაზღვრა.
მსგავსი კონფერენცია გაერომ 1963 წელს ჩაატარა, მაგრამ გლობალური საპასპორტო სისტემის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება ამ კონფერენციაზე ვერ მოხერხდა. ამ რეკომენაციების უმრავლესობა მიღებულ იქნა 1980 წელს, იკაო-ს თაოსნობით. მაგალითად, დამტკიცდა თანამედროვე პასპორტის პოლიგრაფიული ფორმატი: მრავალფურცლიანი ბუკლეტი ზომით 88,0 × 125,0 მმ.
[4]

XXI საუკუნიდან (2010 წლის 1 აპრილიდან) სახელმწიფოები იწყებენ მხოლოდ მანქანურად კითხვადი პასპორტების გაცემას, რომლებიც შეიცავენ ბიომეტრიულ და სხვა სახის მონაცემებს (ცნობები ვიზებზე, სახის ციფრული ფოტოგრაფიული გამოსახულება, თითების ან/და თვალის ფერადი გარსის გამოსახულება). აღნიშნული მონაცემები ინახება პასპორტის შიგნით ჩაყენებულ უკონტაქტო იტეგრალური სქემის კრისტალზე.

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოქალაქის ორდინარული ბიომეტრული პასპორტი.

საპასპორტო ტერმინოლოგია უმთავრესად სტანდარტიზებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ქვეყნების მიხედვით პასპორტის ტიპები, გვერდების რაოდენობა და განსაზღვრება შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. არსებობს პასპორტების შემდეგი ტიპები:

ორდინალური პასპორტი (Ordinary passport)
გაიცემა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც მიემარებიან საზღვარგარეთ.
სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტი (Official passport)
გაიცემა მოქალაქეთა განსუკუთრებულ კატეგორიაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ დიპომატიური იმუნიტეტი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურეობრივი პასპორტი მიეცემათ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პარლამენტის, საკონსტიუციო და უზენაისი სასამართლოს, სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორის, და სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთ თანამშრომელს და ასევე ზოგ სხვა პირს.
აშშ-ს დიპლომატიური პასპორტი.
დიპლომატიური პასპორტი (Diplomatic passport)
მიეცემათ დიპლომატებს, საკოსულოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს. დიპლომატიური პასპორტის ფლობა ავტომატურად არ უზრუნველყოფს დიპლომატიური იმუნიტეტის ფლობას. დიპლომატის სტატუსს და დიპლომატიურ იმუნიტეტს პირს ანიჭებს მიმღები სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობის და საერთაშორისო დიპლომატიური კონვენციების შესაბამისად, თუ ეს სახელმწიფო არის ამ კონვენციების მონაწილე. დიპლომატიური პასპორტის ფლობა ასევე არ ნიშნავს უვიზოდ შევლის შესაძლებლობას ხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იმისდა მიუხედავთ, თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, დიპლომატიურ პასპორტის მქონე პირებისთვის საჭიროა დიპლომატიური ვიზის აღება. საქართველოს კანონმდებლობით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ მაღალი თანამდებობის პირები მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე.
დროებითი პასპორტი (Emergency or temporary passport)
დროებითი პასპორტი გაიცემა ძირითადი პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი პასპორტი ფუნქციას ასრულებს პირადობის დროებითი მოწმობა.
მეზღვაურის პასპორტი (Seaman's passport)
ეს არის მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ასევე შეიტანება მონაცემები მეზღვაურის გემზე შრომითი საქმიანობის, ნაოსნობის სტაჟისა და მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურის პასპორტის ფუნქციას მეზღვაურის წიგნაკი ასრულებს.
კოლექტიური პასპორტი (Group passport)
მიეცემა განსაზღვრულ პირთა ჯგუფს, რომელიც ერთად მოგზაურობს, მაგალითად, მოსწავლეთა ჯგუფი მასწავლებლის ხელმძღვანელობით.
ოჯახური პასპორტი (Family passport)
გაიცემა მოგზაურის ოჯახის წევრებზე — მამა, დედა, მეუღლე ან მეუღლეები, შვილები. ოჯახური პასპორტი მიეცემა ერთ-ერთ პირს. ეს პირი შეიძლება მოგზაურობდეს, მარტო, პასპორტში მითითებულ ყველა ან ზოგიერთ ოჯახის წევრთან ერთად.
გაეროს პასპორტი, როგორც ლესე-პასე პასპორტის მაგალითი
ლესე-პასე (Laissez-Passer)
სამგზავრო დოკუმენტი (Travel document), რომელიც არ არის ნაციონალური პასპორტი, მაგრამ ასრულებს პასპორტის ფუნქციას. გაიცემა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თავის თანამშრომლებზე (მაგალითად, გაეროს პასპორტი) ან მთავრობის მიერ.
უცხოელის პასპორტი (Alien's passport)
არის დოკუმენტი, რომელიც არ არის ეროვნული პასპორტი, მაგრამ ასრულებს პასპორტის ფუნქციას ზოგ ვითარებაში, მაგალითად მოქალაქობის არ ქონის შემთხვევაში (ხშირად ხდება ესტონეთში ლატვიასა და დანიაში), ან არამოქალაქე-რეზიდენტზე (ჩეხეთის არამოქალაქის პასპორტი).
საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელის პასპორტის ფუნქციას მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობა ასრულებს.
შინაგანი პასპორტი (Internal passport)
ძირითადი დოკუმენტი, რომელიც მოწმობს რომელიმე სახელმწიფოს მოქალქეობას ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიაზე შინაგანი პასპორტის ფუნციას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ასრულებს.
საპატიო მოქალაქის პასპორტი (Honorary citizen's document)

არის დოკუმენტი, რომელიც არ არის ეროვნული პასპორტი, გაიცემა სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ განსაკუთრებული დამსახურებებისთვის, როგორც წესი, არამოქალაქეებზე. აშშ-ს საპატიო მოქალქაქის პასპორტი ან მსოფლიოს პასპორტი.

კომუფლირებული პასპორტი (Camouflage passport)
კომუფლირებული პასპორტი მაგალითი
ეს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული დოკუმენტი უდასტურებს თავის მფლობელს იმ ქვეყნის მოქალქეობას რომელიც უკვე აღარ არსებობს ან არც არასდროს უარსებია. რამდენიმე ქვეყანაში, არსებობენ ფირმები, რომლებიც ამგვარი პასპორტების ბეჭდვით არიან დაკავებულნი. უშიშროების სამსახურები ხშირად ასეთ ფირმებს ტერორისტების და დამნაშავეების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომუფლირებული პასპორტების შექმნა, გაფორმება, შეძენა და გასხვისება არ იკრძალება კანონმდებლობით, რადგან კომუფლირებული პასპორტი თავის მფლობელს არ მიაწერს რომელიმე არსებული ქვეყნის მოქალაქეობას. კომუფლირებული პასპორტით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ყველა ქვეყანაში დასჯადი ქმედებაა. კომუფლირებული პასპორტის ერთ-ერთ ნაირასახეობას წარმოადგენს ფანტასტიკური პასპორტი.
ფანტასტიკური პასპორტი (Fantasy passports)
ფანტასტიკური პასპორტი, ისევე როგორც კომუფლირებული, არ არის აღიარებული არც ერთი სახელმწიფოს მიერ და ამ დოკუმენტით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია. ფანტასტიკური პასპორტი კომუფლირებული პასპორტისგან განსხვავდება იმით, რომ ფანტასტიკურ პასპორტს საკუთარი სახელით ამზადებენ და გასცემენ რეალურად არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯგუფები ან ფონდები. ზოგ შემთხვევაში, ფანტასტიკური პასპორტის დამზადება მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციის რეკლამას. სხვა შემთხვევაში აღნიშნული პასპორტი არის უბრალოდ ხუმრობა ან სუვენირი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (იკაო) დაადგინა სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტი, რომელიც რეგლამენტირებას უკეთებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. რამდენიმე ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით), არსებობს შედა კანონმდებლობა, რომელიც ეროვნული სტანდარტების არარსებობის შემთხვევაში იკაო-ს სტანდარტების გამოყენებას ავალდებულებს.

მანქანურად კითხვადი ზონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანქანურად კითხვადი ზონა აშშ-ს პასპორტში.

ICAO 9303 სტანდარტის შესაბამისად განისაზღვრება პასპორტის მანქანურად კითხვადი ზონა (ინგლ. Machine Readable Zone, MRZ), რომელიც ჩვეულებისამებრ განთავსებულია გვერდის ქვედა ნაწილში საიდენტიფიკაციო ინფორმაციასთან ერთად. მანქანურად კითხვადი ზონა არსებიობს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პასპორტზე. აღნიშნული ზონა შედგება ავტომატურად ამოკითხვისთვის განკუთვნილი ორი სტროფისგან. სიმბოლოების პირველიი სტროფი შეიცავს ინფორმაციას პასპორტის ტიპის და გამცემი ქვეყნის შესახებ, მფლობელის სახელს და გვარს. მეორე სტროფი შეიცავს პასპორტის ნომერს, გამცემ ქვეყანას, დაბადების თარიღს, მფლობელის სქესს, პასპორტის მოქმედების ვადას და საიდენტიფიკაციო ნომერს (პირად ნომერს) პასპორტის გამცემი ქვეყნის სტანდარტის შესაბამისად. საქართველოს კანონმედბლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს. დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.[5]

პასპორტის ნომერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასპორტის ნომერის მიმდევრობა უმრავლეს ქვეყნებში უნიკალურია. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ ნომერში X — ლათინური ასოა, ხოლო Y — ციფრია, მაშინ პასპორტის ნომერი არის შემდეგი სახის:

ქვეყანა
საქართველო YYXXYYYYY 2Y2X5Y
რუსეთი YY YY YYYYYY 10Y
უკრაინა XXYYYYYY 2X6Y
ბელარუსი XXYYYYYYY 2X7Y
ლიეტუვა XXYYYYYY
YYYYYYYY
2X6Y
8Y
ლატვია XXYYYYYYY
YYYYYYY
2X7Y
7Y
ესტონეთი XYYYYYYY X7Y
სომხეთი XXYYYYYYY 2X7Y
ყაზახეთი XYYYYYYY
YYYYYYY
X7Y
7Y
ყირგიზეთი XXYYYYYYY 2X7Y
უზბეკეთი XX YYYYYYY 2X7Y
თურქმენეთი YYYYYY 6Y
ისრაელი YYYYYY
YYYYYYY
YYYYYYYY
6Y
7Y
8Y
ინდონეზია XYYYYYY 1X6Y

საქართველოს მოქალაქის პასპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედითუნარიან საქართველოს მოქალაქეს, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს, აგრეთვე არასრულწლოვანის წარმომადგენელს. ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე მოქმედ პასპორტს. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემულია პასპორტი, იმავდროულად ახალი პასპორტი გაიცემა მისი წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით მისი გაცემის დღიდან, არასრულწლოვან პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი, ხოლო ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და მომდევნო პასპორტის, ასევე ბიომეტრიული შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი [6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძველი აღთქმა. ნეემია. თავი მეორე
  2. [History of passports. Early passports. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-27. ციტირების თარიღი: 2013-07-28. History of passports. Early passports. (ინგლისური)]
  3. Marrus, Michael, The Unwanted: European Refugees in the Twentieth Century. New York: Oxford University Press (1985), p. 92.
  4. Convention on International Civil Aviation.Six Edition.1980.pdf (ინგლისური)
  5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 98; თავი II; მე-14 მუხლი; მე-5 ქვეპუნქტი.
  6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1398. თავი II. მუხლი 19. I ქვეპუნქტი.