თეოდორე ჭანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგრისის სამეფო VI საუკუნეში

თეოდორე ჭანი — სამხედრო მოღვაწე და სარდალი VI საუკუნის ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ბიზანტიელი ისტორიკოსის აგათია სქოლასტიკოსის (536—572) ნაშრომში, რომელშიც აღწერილია 552—558 წლებში მომხდარი მოვლენები

წარმომავლობა და პიროვნული დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორე წარმოშობით იყო ჭანთა ტომიდან, რაკი ბიზანტიელი ავტორი მას „წარჩინებულთა“ და „ფრიად წარჩინებულთა“ რიცხვს მიაკუთვნებს ის უნდა ყოფილიყო ჭანური სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენელი, რომელიც სახელისა და სიმდიდრის მოსახვეჭად ადრეულ ასაკში წავიდა მოქირავნედ ბიზანტიურ ჯარში. „რომაელებში გაზრდილი“ და „მეტწილად ქალაქურ წესებზე გადასული“ თეოდორე მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა, „ყოველ საქმიანობაში გამჭრიახი და მარჯვე იყო“.ამ თვისებების გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ ის სარდლობდა რამდენიმე ასეული ჭანისგან შემდგარ მძიმედ შეიარაღებულ ფეხოსანთა რაზმს ბიზანტია—სპარსეთს შორის დას. საქართველოზე კონტროლის მოსაპოვებლად წარმოებულ ომში, რომელიც საქართველოს ისტორიაში ცნობილია როგორც „დიდი ომიანობა ეგრისში“ (542—562).

ადრეული წლები, ჭანები ბიზანტიურ ჯარში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორეს ადრეულ წლებზე არაფერია ცნობილი, მაგრამ ის უცილობლად დაკავშირებულია ბიზანტიის არმიის ჭანური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასა და შემდგომ ისტორიასთან. პროკოფი კესარიელის (დაახლ. 500—565) ცნობების თანახმად დაახლ. 540 წლისთვის ბიზანტიელმა სარდალმა სიტამ ჭანთა ნაწილი,ზოგი ძალითა და ზოგიც სიტყვით დაიმორჩილა, რის შემდეგ ჭანები „ეწერებოდნენ რომაულ რაზმებში“[1]. ბიზანტიურ არმიაში ჩამოყალიბდა ჭანთა ცალკე შენაერთი, რომელიც 800 კაცის შემადგენლობით 547—548 წლებში წარმატებით იბრძოდა იტალიაში ოსტგუთების მეფე ტოტილას (541—552) წინააღმდეგ. 549 წლისთვის ისინი გადაიყვანეს ლაზეთში სპარსელთა წინააღმდეგ საომრად, სადაც ჩნდება პირველი ცნობები თეოდორეს შესახებ.

ტელეფისის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორე ჭანი პირველად იხსენიება 553 წელს, ტელეფისის ციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არქეოპოლისზე წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ სპარსელთა სარდალი მერმეროე ტელეფისის ციხეს მიადგა, რომელშიც ძლიერი ბიზანტიური გარნიზონი იდგა მარტინეს სარდლობით. მარტინემ სიმაგრის მახლობლად მზვერავ რაზმად დატოვა 500 ჭანი მეომარი თეოდორეს მეთაურობით, ხოლო დანარჩენი ჯარით გაემართა ოლარიასკენ (ქიტროპოლია), ბიზანტიელთა ძირითად ჯარებთან შესაერთებლად. მერმეროემ დაცლილი ციხე დაიკავა და ბიზანტიელებს დაედევნა. სპარსელთა ეს მოძრაობა შენიშნა თეოდორემ, დატოვა ტელეფისის მიდამოები და დაიძრა ოლარიასკენ რათა ბიზანტიელებისთვის შეეტყობინებინა სპარსთა მოძრაობის ამბავი, მაგრამ გზად წააწყდა მარტინეს ჯარისკაცებს, რომლებიც ახლომახლო სოფლების მოსახლეობას აწიოკებდნენ. თეოდორემ გადაწყვიტა მათი უმსგავსოების აღკვეთა, ამ ნაბიჯით მან დაკარგა გარკვეული დრო, რაც საკმარისი აღმოჩნდა სპარსელებისთვის რათა მოულოდნელად დასხმოდნენ თავს ოლარიასთან მდგარ ბიზანტიელებს, დაემარცხებინათ და გაექციათ ისინი.

ოლარიასთან ბიზანტიელთა სამარცხვინო გაქცევის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ეგრისის მეფე გუბაზსა და ბიზანტიელ სარდლებს შორის, რაც 554 წელს გუბაზის მკვლელობით დასრულდა.

ონოგურის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

554 წელს ბიზანტიელებმა მარტინეს მეთაურობით მოაწყვეს დიდი ლაშქრობა ონოგურის ციხეზე. თეოდორე ჭანი არ იხსენიება ლაშქრობის მონაწილეთა რიცხვში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის ვერ დარჩებოდა ამ მასშტაბური ღონისძიების მიღმა, ხოლო მისი მოუხსენიებლობა აიხსნება ამ ლაშქრობის კატასტროფული მარცხით, რომელსაც ენაწყლიანი ბიზანტიელი ავტორი მოკლედ აღწერს. ბიზანტიურმა არმიამ რომელიც 50 ათასამდე მეომარს ითვლიდა ვერ შეძლო ონოგურის ციხის 3 ათასიანი სპარული გარნიზონის ძლევა, ყველა იერიში მარცხით დასრულდა, სპარსელთა კონტრშეტევის შედეგად კი ბიზანტიელთა ჯარი პანიკამ მოიცვა და გაიქცა. არაორგანიზებული უკანდახევისას მრავალი ბიზანტიელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ფასისის დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

555 წელს სპარსელთა სარდალი ნახორაგანი გაემართა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქ.ფასისის ასაღებად სადაც იდგა ბიზანტიური არმია იუსტინე გერმანეს ძისა და მარტინეს სარდლობით.ამ არმიის შემადგენლობაში იმყოფებოდა თეოდორე ჭანიც,რომელიც თავის რაზმთან ერთად თავდაცვითი ზღუდის ცენტრალურ მონაკვეთზე იდგა.სპარსელებმა პირველი იერიში სწორედ ამ მონაკვეთზე მიიტანეს,მათმა მეისრეებმა დიდი ზარალი მიაყენეს ბიზანტიელებს,რის გამოც მავრუსიელთა (ბერბერები) სარდალმა ანგილამ და ისავრიელთა სარდალმა ფილომატემ 200 კაცით თვითნებურად მიიტანეს იერიში სპარსელებზე,მათ მალევე შეუერთდა თეოდორე ჭანიც.მძიმე ბრძოლების შემდეგ მოიერიშეები ალყაში მოექცნენ,მაგრამ მათ მჭიდრო ფალანგა შეკრეს, გაარღვიეს ალყა და ქალაქს შეაფარეს თავი.ამ მოვლენებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ნახორაგანმა დაიწყო ქალაქის ფართომასშტაბიანი შტურმი,ბიზანტიელები ყველა იერიშის მოგერიების შემდეგ კონტრეშეტევაზე გადავიდნენ, თეოდორე ჭანმა ანგილასთან ერთად ცენტრში დაამარცხა და გააქცია სპარსელები.სპილოებით გაძლიერებული მარჯვენა ფრთის დამარცხების შემდეგ ბრძოლა გადაიზარდა სპარსელთა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტაში.ნახორაგანმა 10 ათასამდე მეომარი დაკარგა და მოხირისისკენ უკუიქცა.

მისიმიანეთზე ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

555 წელს აჯანყდნენ და სპარსელების მხარეზე გადავიდნენ აფხაზეთში, დალის ხეობაში მაცხოვრებელი სვანური მოდგმის ხალხი მისიმიელები.მისიმიანეთი ითვლებოდა ეგრისის მეფის საგამგებლოდ, ამიტომ მომდევნო წელს აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილ ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ეგრისელი მეომრებიც, „ლაზთა მეფის კარის რაზმების“ უფროსის, მაგისტროს ფარსანტ კოლხის მეთაურობით.ბიზანტიელთა მხრიდან იყვნენ მრავალი „ფრიად წარჩინებულნი“,მათ შორის თეოდორე ჭანიც „ჭანური ჯარის უფროსი“.სულ მოკავშირეთა ჯარის რიცხვი 4 ათას კაცს აღწევდა.მოკავშირეთა ჯარებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ დაამარცხეს მისიმიელები და აღადგინეს ეგრის-ბიზანტიის კონტროლი რეგიონზე.

ჭანეთში ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

557 წელს ბიზანტია-სპარსეთს შორის გაფორმდა დროებითი საზავო ხელშეკრულება.რის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ გადაწყვიტა მთელი ჭანეთის დამორჩილება, მრავალ ტომად დაყოფილი ჭანების დიდი ნაწილი კვლავ მტრულად იყო განწყობილი გარესამყაროს მიმართ და სისტემატიურად ეწეოდა მეკობრეობას მეზობელ ქვეყნებში რითაც საგრძნობად ზიანდებოდა იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები, ამასთან ლაზების მიწებზე გადიოდა უმოკლესი სახმელეთო გზა იმპერიის მცირეაზიური სამფლობელოებიდან ლაზიკასკენ.ბიზანტიელებმა შეკრიბეს დიდი ჯარი და ჭანეთის დამორჩილება დაავალეს თეოდორე ჭანს, როგორც ჭანეთისა და ჭანების საუკეთესო მცოდნეს. თეოდორე დიდი ჯარით გავიდა ფასისიდან, შეიჭრა შუაგულ ჭანეთში და რიზე—თეოდორიადასთან გამაგრებული ბანაკი დასცა.აქ მან მოლაპარაკებები გამართა თანატომელებთან, მაგრამ ჭანების დიდმა ნაწილმა არად აგდო მისი დიპლომატიური კეთილგანწყობა.მათ ძლიერ ჯარს მოუყარეს თავი და თეოდორესთან საბრძოლველად დაირაზმნენ. ჭანთა რაზმებმა დაიკავეს ბიზანტიელთა ბანაკთან განლაგებული მაღლობი საიდანაც ისრები და შუბები დაუშინეს მოწინააღმდეგეს, თეოდორემ რაზმი გაგზავნა მათ წინააღმდეგ, მაგრამ ბიზანტიელებმა პირველსავე შეტაკებაში 40-მდე მებრძოლი დაკარგეს და უკუიქცნენ.ჭანებმა დატოვეს მაღლობი და ძლიერი იერიში მიიტანეს კარგად გამაგრებულ ბანაკზე.სასტიკი ხელჩართული ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა სანამ თეოდორემ არ გადაწყვიტა მისი ბედი, მან გაგზავნა საგანგებო რაზმი, რომელმაც ღრმა ფლანგური შემოვლით ზურგიდან დაარტყვა მოიერიშე ჭანებს.ორმხრივ შემოტევას ჭანებმა ვერ გაუძლეს და დამარცხდნენ.2 ათასამდე მეომრის დაკარგვისა და მძიმე მარცხის შემდეგ ჭანებს მეორე მსგავსი ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა არ გააჩნდათ, ამიტომ თეოდოროემ მოკლე დროში დაიმორჩილა ისინი.იმპერატორის დავალებით მან აღწერა ჭანეთის მოსახლეობა და ყოველწლიური გადასახადი დააკისრა.იმპერატორი იუსტინიანე ჭანების დამორჩილებას თავისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევდა, ამ წარმატების შემდეგ თეოდორე ჭანის ავტორიტეტი იმპერატორის კარზე ერთიორად გაიზრდებოდა, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით რადგან ჭანეთის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად ისტორიიდან იკარგება თავად თეოდორეს კვალიც.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი, 1936. — გვ. 311-316.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანით გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. II, თბ. , 1965 წ. გვ. 54