ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიქა წითელი ღვინო

ღვინოალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღუ̂ინა̈ლ (სვან.).

სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, სიტყვა „ღვინო“, მეცნიერთა უმეტესობის აზრით წინარექართულ ენაში პროტო-ინდო-ევრუპული ენიდან[1][2] — ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი — პროტო-სომხური ენის საშუალებით მოხვდა.[3][4] ზურაბ სარჯველაძის მიერ წამოყენებული თეორია[5] ამ სიტყვის წმინდა ქართველურ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, დასავლელმა[6][7] და ქართველმა[1][8] მეცნიერებმა მკაცრად გააკრიტიკეს და უარყვეს იგი.

ღვინის სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯიშის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.

თავის მხრივ, წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინო, სპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არაუმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.

მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.

შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილით. დასაშვებია შეიცავდეს 1,0-14,0% შაქარს. საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ.

B შემაგრებული სადესერტო ღვინო შეიცავს 12,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, აქედან არანაკლები 1,2%-ისა ალკოჰოლური დუღილითაა მიღებული, საწარმოო დაძველების ვადაა 2 წ. შაქრის შემცველობის მიხედვით არის მოტკბო, ტკბილი და არომატული. მოტკბო შეიცავს 14,0-16,0 % (მოცულობითი) სპირტს, 5,0-12,0% შაქარს; ტკბილი - 15,0-17,0% (მოცულობითი) სპირტს, 21,0-35 % შაქარს; არომატული - 16,0-18,0% (მოცულობითი) სპირტს, 6,0-16,0% შაქარს.

ნახშირორჟანგის შემცველ ღვინოებს ეკუთვნის ჰერმეტულ ჭურჭელში წნევის ქვეშ დუღილის შდეგად ნახშირორჟანგის ბუნებრივად გაჯერებული ღვინო. აგრეთვე შუშხუნა ან აირიანი, სატურაციით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო.

ხარისხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყნარი ღვინო ხარისხის მიხედვით არის ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს ორდინალურს უწოდებენ, დაძველებულ მაღლხარისხოვანს კი - სამარკოს. განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ღვინოს, რომელსაც კასრებში საწარმოო დაძველების გარდა ბოთლებშიც აძველებენ (2-3 წლიდან განუსაზღვრელ დრომდე), საკოლქციო ღვინო ეწოდება. ღვინის დამზადების პროცესები მიმდინარეობს ძირითადად მუხის კასრებში, როფებში, რკინაბეტონის რეზერვუარებში, ლითონის ცისტერნებსა და ქვევრებში.

ღვინო საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრება უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო, რის შედეგადაც, სწორედაც რომ, საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.

ქართული სამარკო ღვინოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული სამარკო ღვინოები
  • სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბაანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი).
  • სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი).
  • ნახევრადმშრალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).
  • ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
  • მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი).
  • სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი).

წერილობითი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.

ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო „სურნელოვანი და საამო“ იყო.

სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.

პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: „მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული მეზობელ ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელაშვილი ნ. „მეღვინეობა“, თბ., 1961
  • მოდებაძე კ. „მეღვინეობა“, თბ., 1948
  • გოგოტაშვილი ი. „ღვინის ეტიმოლოგიისთვის“, პრ., 2004
  • ჯავახიშვილი ივ. „ქართველი ერის ისტორია“, თბ., 1965
  • Беридзе Г. «Технология и энохимическая характеристика вин Грузии», Тб., 1956
  • Абашидзе И., Чиаурели В., Лоладзе Г. «Грузинское Вино», Тб., 1989

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Gamkrelidze, Ivanov: Indo-European and the Indo-Europeans: A reconstruction and historical analysis of a proto-language and a proto-culture (vols. I-II). Berlin / New York, 1994-1995
  2. Soviet Anthropology and Archeology, Volumes 22-23, International Arts and Sciences Press, 1985
  3. *ɣwino- in Kartvelian Etymology database compiled by Sergei Starostin "Несомненный индоевропеизм (повидимому, from протоарм. *ɣwino-m, арм. gin); см, напр, Климов 1981, 171, Климов 1994, 78-82 (хотя автор настойчиво пытается избежать выведения из протоармянского, оно все же представляется наиболее вероятным)."
  4. Hračʿeay Ačaṙean (1971–79), Hayerēn armatakan baṙaran [Dictionary of Armenian Root Words], in 4 vols (second edition), Yerevan: Yerevan State University, volume I, page 559
  5. hainc’ p’enrixi, zurab sarǰvelaje (Heinz Fähnrich, Surab Sarjveladze) (2000), k’art’velur enat’a etimologiuri lek’sikoni [Etymological Dictionary of the Kartvelian Languages] (second edition), Tbilisi: Tbilisi Sulkhan-Saba Orbeliani State University Press.
  6. Georgij A. Klimov (1998), Etymological Dictionary of the Kartvelian Languages, New York, Berlin: Mouton De Gruyter
  7. Bouda, Karl (1950). "Beitrage zur etymologischen Erforschung des Georgischen", Lingua 2
  8. Dzidziguri, Shota (1988). "Life of the Word", Tbilisi: Tbilisi State University Publishing