დომიციანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დომიციანე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დომიციანე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტიტუს ფლავიუს კეისარი დომიციანუს ავგუსტუსი
TITUS FLAVIUS CAESAR DOMITIANUS AVGVSTUS

დომიციანეს ბიუსტი, ლუვრის მუზეუმი, პარიზი
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 14 სექტემბერი, 81
მმართ. დასასრული: 18 სექტემბერი, 96
წინამორბედი: ტიტუსი
მემკვიდრე: ნერვა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ოქტომბერი, 51
დაბ. ადგილი: რომი
გარდ. თარიღი: 18 სექტემბერი, 96 (44 წლის)
გარდ. ადგილი: რომი
მეუღლე: დომიცია ლონგინა
შვილები: ვაჟი (80-83 წწ.)
დინასტია: ფლავიუსები
მამა: ვესპასიანე
დედა: დომიცილა

დომიციანე (ლათ. Titus Flavius Caesar Domitianus Augustus; ტიტუს ფლავიუს კეისარი დომიციანუს ავგუსტუსი;[1] დ. 24 ოქტომბერი, 51 — გ. 18 სექტემბერი, 96) — რომის იმპერატორი 81-96 წლებში. ფლავიუსების დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. დომიციანემ თავისი ახალგაზრდობა და ადრეული კარიერა ძმის, ტიტუსის ჩრდილქვეშ გაატარა, რომელმაც სამხედრო სახელი იუდეველთა პირველი ომის დროს მოიპოვა. ასეთი მდგომარეობა მამამისის, ვესპასიანეს, მმართველობის დროსაც გაგრძელდა, რომელიც იმპერატორი ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომის შემდეგ, 69 წელს გახდა. სანამ ტიტუსმა მრავალი თანამდებობა გამოიცვალა, დომიციანემ მართალია პატივი მიიღო, მაგრამ რაიმე პასუხისმგებლობა არ ჰქონია. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი ტიტუსი გახდა, რომლის ზეობასაც მოულოდნელად დაესვა წერტილი 81 წელს, როდესაც იგი უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მომდევნო დღეს პრეტორიანელთა გვარდიამ დომიციანე იმპერატორად გამოაცხადა, რამაც დასაბამი მისცა მის თხუთმეტწლიან მმართველობას. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის თანამდებობა ტიბერიუსის შემდეგ ამდენი ხნით არავის ჰქონია დაკავებული.

იმპერატორობისას დომიციანემ გააძლიერა რომის ეკონომიკა მონეტარული სისტემის გადაფასებით, გააფართოვა იმპერიის საზღვრების თავდაცვა და ქალაქ რომის დაზიანებული ნაწილების აღდგენის მიზნით გრანდიოზული სამშენებლო პროგრამის წამოწყების ინიციატივით გამოვიდა. მნიშვნელოვანი ომები მიმდინარეობდა ბრიტანეთში, სადაც რომის მხედართმთავარმა აგრიკოლამ სცადა კალედონიის (შოტლანდია) დაპყრობა და დაკიაში, სადაც დომიციანემ ვერ შეძლო მეფე დეკებალუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. დომიციანეს ხელისუფლება ავლენდა ტოტალიტარულ ნიშნებს. იგი საკუთარ თავს ახალ ავგუსტუსად მიიჩნევდა, განათლებულ დესპოტად, რომლის ბედისწერასაც წარმოადგენდა რომის იმპერიის გაძღოლა ბრწყინვალების ახალ ერაში. რელიგიურმა, სამხედრო და კულტურულმა პროპაგანდამ ხელი შეუწყო პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას. საკუთარი თავის სამუდამო ცენზორად გამოცხადებით, დომიციანე შეეცადა მოსახლეობის საჯარო და პიროვნული მორალის გაკონტროლებას. შედეგად, იმპერატორი ხალხსა და არმიაში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სენატი მას ტირანად მიიჩნევდა.

დომიციანეს ზეობას 96 წელს დაესვა წერტილი, როდესაც იგი სასახლის კარის მოხელეებმა მოკლეს. იმავე დღეს იმპერატორის ტახტი მისმა მრჩეველმა, ნერვამ დაიკავა. სიკვდილის შემდეგ რომის სენატმა დომიციანეს ხსოვნა დავიწყებას მისცა, ამასთანავე, სენატორმა ავტორებმა, როგორებიც იყვნენ ტაციტუსი, პლინიუს უმცროსი და სვეტონიუსი, იგი ბოროტ და პარანოიდ ტირანად წარმოაჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი პიროვნების თანამედროვე კვლევებმა გამოკვეთეს მისი, როგორც ულმობელი, თუმცა ქმედითი, უნარიანი თვითმპყრობლის სახე, რომლის კულტურულმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროგრამამ საფუძველი შეუქმნა მშვიდობიან მეორე საუკუნეს.

ცხოვრების ადრეული წლები

ოჯახი

ფლავიუსების ოჯახის გენეალოგიური ხე, რომელზეც გამოსახულნი არიან ტიტუს ფლავიუს პეტრონისა და ტერტულას შთამომავლები.

დომიციანე 51 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა რომში. იგი ტიტუს ფლავიუს ვესპასიანუსისა (უფრო ცნობილია ვესპასიანეს სახელით) და ფლავია დომიცილა უფროსის უმცროსი ვაჟი იყო.[2] ჰყავდა უფროსი და, დომიცილა უმცროსი და ძმა, მამის მოსახელე, ტიტუს ფლავიუს ვესპასიანუსი.[3]

ძვ. წ. I საუკუნეში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა დიდად შეუწყო ხელი რომის ძველი არისტოკრატიის დაკნინებას. პირველი საუკუნის დასაწყისში იგი თანდათანობით მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა ახალმა პროვინციულმა ნობელიტეტმა.[4] ერთ-ერთი ასეთი ოჯახი იყო ფლავიას გვარი (gens Flavia), რომელმაც ჩრდილიდან გამოსვლა, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება, ფულისა და სტატუსის მოპოვება სულ რაღაც ოთხ თაობაში, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის იმპერატორების ზეობისას შეძლო. დომიციანეს დიდი პაპა, ტიტუს ფლავიუს პეტრონი კეისრის სამოქალაქო ომის მსვლელობისას პომპეუსთან ცენტურიონად მსახურობდა. მის სამხედრო კარიერას წერტილი იმ შერცხვენამ დაუსვა, რომელიც მან ძვ. წ. 48 წელს ფარსალოსის ბრძოლიდან გაქცევის გამო დაიმსახურა.[2]

მიუხედავად ამისა, პეტრონმა მაინც მოახერხა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება უაღრესად მდიდარ ტერტულაზე დაქორწინებით, რომლის ქონებამაც უზრუნველყო პეტრონის ვაჟისა და ტიტუსის პაპის, ტიტუს ფლავიუს საბინუსის აღმასვლა.[5] საბინუსმა, თავის მხრივ, დააგროვა ქონება და აზიაში გადასახადების ამკრეფად, ჰელვეტიაში კი ბანკირად მსახურობისას, სავარაუდოდ, მხედრის სტატუსიც მოიპოვა. ვესპასია პოლაზე დაქორწინებით იგი დაუკავშირდა ბევრად პრესტიჟულ პატრიციულ ვესპასიას გვარს (gens Vespasia), რამაც განაპირობა მისი ვაჟების, ტიტუს ფლავიუს საბინუსისა და ვესპასიანეს სენატორულ რანგამდე აღზევება.[5]

დომიციანეს დენარიუსი.

ვესპასიანეს პოლიტიკური კარიერა მოითვლიდა კვესტორის, ედილისა და პრეტორის თანამდებობებს; ამ ყოველივეს დაგვირგვინებას კი 51 წელს მისი გაკონსულება წარმოადგენდა. მისი კონსულობის წელს დაემთხვა დომიციანეს დაბადება. როგორც სამხედრო მეთაურმა, მან ადრევე მოიპოვა სახელი 43 წელს ბრიტანეთში შეჭრაში მონაწილეობით.[6] მიუხედავად ამისა, ანტიკური პერიოდის წყაროები დომიციანეს აღზრდისას ფლავიების ოჯახის გაღარიბებას ამტკიცებენ[7] და იმასაც კი აცხადებენ, რომ იმპერატორების კალიგულასა და ნერონის ზეობისას ვესპასიანემ საეჭვო რეპუტაცია მოიპოვა.[8] თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს მტკიცებები უარყოფილია. არსებობს აზრი, რომ ეს ისტორიები მოგვიანებით, ფლავიუსების მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როგორც პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი, რომ დაემცირებინა ოჯახის მიერ იულიუს-კლავდიუსების დინასტიის ნაკლებად პატივცემული იმპერატორების მმართველობისას მოპოვებული წარმატებები და განედიდებინა კლავდიუსისა და მისი ვაჟის, ბრიტანიკუსის პერიოდში არსებული მიღწევები.[9]

ნებისმიერ შემთხვევაში, ფლავიუსები 40-იან და 60-იან წლებში იმპერატორთა კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. სანამ ტიტუსი საიმპერატორო კარზე ბრიტანიკუსთან ერთად იღებდა განათლებას, ვესპასიანემ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერია გაიკეთა. 50-იან წლებში სამსახურიდან გადადგომის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ იგი ნერონის მმართველობისას საჯარო სამსახურს დაუბრუნდა. 63 წელს ვესპასიანე აფრიკის პროკონსულად მსახურობდა, 66 წელს კი თან ახლდა იმპერატორს ოფიციალურ მოგზაურობაში საბერძნეთში.[10]

ამავე წელს იუდეის პროვინციაში მცხოვრები ებრაელები რომის იმპერიას აუჯანყდნენ. ეს მოვლენები იუდეველთა პირველი ომის სახელით გახდა ცნობილი. რომის არმიის მეთაურად ვესპასიანე დაინიშნა, ტიტუსს კი, რომელსაც უკვე დამთავრებული ჰქონდა სამხედრო განათლება, ლეგიონის ხელმძღვანელობა მიანდეს.[11]

ახალგაზრდობა და პიროვნება

ვესპასიანეს ბიუსტი (პუშკინის მუზეუმი).

როდესაც დომიციანე 6 წლის გახდა, მისი დედა და და დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ,[12] მამა და ძმა კი გამუდმებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი რომის სამხედრო ცხოვრებაში და მეთაურობდნენ არმიებს გერმანიასა და იუდეაში. სწორედ ამის გამო დომიციანემ თავისი სიჭაბუკის ასაკის მნიშვნელოვანი ნაწილი უახლოესი ადამიანების გარეშე გაატარა. იუდეველთა ომის დროს მასზე, დიდი ალბათობით, ბიძა, ტიტუს ფლავიუს საბინუსი ზრუნავდა, რომელსაც ამ დროისათვის რომის ქალაქის პრეფექტად მსახურობდა, თუმცაღა, შესაძლოა, ეს პიროვნება ფლავიუსების ერთგული მეგობარი და დომიციანეს მომავალი მემკვიდრე, მარკუს კოკიუს ნერვაც ყოფილიყო.[13][14]

დომიციანემ პრივილეგირებული სენატორთა კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდა კაცისათვის შესაფერისი განათლება მიიღო: სწავლობდა რიტორიკასა და ლიტერატურას. სვეტონიუსი თავის თორმეტი კეისრის ცხოვრებაში, დომიციანეს ბიოგრაფიის აღწერისას, ადასტურებს, რომ საჭირო დროს ამ უკანასკნელს შეეძლო ისეთი მნიშვნელოვანი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების ციტირება, როგორებიც იყვნენ ჰომეროსი და ვერგილიუსი.[15][16] აგრეთვე, იგი დომიციანეს აღწერს, როგორც სწავლულ და განათლებულ ჭაბუკს, მოხდენილი სიტყვა-პასუხის უნარით.[17] მის პირველ გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის იყო ლექსები, აგრეთვე, ნაწერები სამართალსა და ადმინისტრაციაზე.[13]

ძმისგან, ტიტუსისაგან განსხვავებით, დომიციანეს განათლება საიმპერატორო კარზე არ მიუღია. არ მოგვეპოვება წყაროები იმის შესახებ გაიარა თუ არა მან ფორმალური სამხედრო წვრთნა, თუმცაღა, სვეტონიუსის თანახმად, მშვილდოსნობაში მან საყურადღებო სნაიპერული უნარი გამოავლინა.[18][19] დომიციანეს გარეგნობისა და პიროვნების დეტალურ აღწერილობასაც სწორედ სვეტონიუსი გვთავაზობს, რომელიც ამ უკანასკნელის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს მისი პიროვნების აღწერას უთმობს:

მაღალი იყო, მოკრძალებული გამომეტყველებით, ლოყებშეფაკლული პირისახის, დიდი, ოდნავ ახლომხედველი თვალებით, გარდა ამისა, მიმზიდველი აღნაგობისა, განსაკუთრებით ყმაწვილკაცობაში, მხოლოდ ფეხის თითები დაღრეცილი ჰქონდა; შემდგომში კი სიმელოტით, წინგადმოვარდნილი ფაშვითა და ხანგრძლივი ავადობით ჩამომდნარი, გაძვალტყავებული ფეხებით, სიმახინჯედ იქცა.[20]

დომიციანე უაღრესად განიცდიდა თავის სიმელოტეს, რის დამალვასაც იგი მოგვიანებით პარიკის ტარებით ცდილობდა.[21] სვეტონიუსის თანახმად, მან წიგნიც კი დაწერა თმის მოვლის შესახებ.[22] აღსანიშნავია, რომ სვეტონიუსის ნაშრომი დომიციანეს პიროვნების აღწერისას ორ უკიდურესობას შორის მერყეობს. ერთი მხრივ, იგი წარმოჩინდება, როგორც ტირანი იმპერატორი, ფიზიკურად და ინტელექტუალურად განუვითარებელი ადამიანი, მეორე მხრივ კი გვხვდება მისი, როგორც ინტელექტუალი და დახვეწილი პიროვნების აღწერილობა.[23]

ისტორიკოსი ბრაიან ჯონსი თავის იმპერატორ დომიციანეში ასკვნის, რომ ამ უკანასკნელის პიროვნების ნამდვილი ბუნების შეფასებას არსებითად ართულებს შემორჩენილი წყაროების მიკერძოებულობა.[23] მიუხედავად ამისა, გავრცელებული ხმები, რაც არ უნდა იყოს, არსებული მტკიცებულებებიდან გაჩნდებოდა. როგორც ჩანს, მას აკლდა მამისა და ძმის ბუნებრივი ქარიზმა. იგი ქედმოხრილი ხვდებოდა ეჭვებს და ხშირად წარმოჩინდებოდა მარტოსულ, ზოგჯერ თვითკრიტიკული იუმორის მქონე პიროვნებად,[24][25] რომელიც ხშირად ფარულად ურთიერთობდა.

დომიციანეს პიროვნების ბუნდოვანება კიდევ უფრო გაამძაფრა მისმა ხანდაზმულობამ და როდესაც ასაკში შევიდა, იგი უფრო და უფრო მეტად ავლენდა მარტოობისაკენ სწრაფვას, რისი მიზეზიც, შესაძლებელია, მარტოობაში გატარებული ბავშვობა ყოფილიყო.[13] მართლაც, როდესაც მან თვრამეტი წლის ასაკს მიაღწია, დომიციანეს ყველა უახლოესი ნათესავი უკვე გარდაცვლილი იყო ომის ან დაავადების გამო. რამდენადაც თავისი ცხოვრების ადრეული წლების დიდი ნაწილი ნერონის ზეობის დაღმასვლის პერიოდში ჰქონდა გატარებული, მისი პიროვების ჩამოყალიბებაზე ძლიერი გავლენა უნდა მოეხდინა 60-იანი წლების პოლიტიკურ მღელვარებასა და არეულობას, რაც 69 წლის სამოქალაქო ომით დასრულდა და რომელმაც მისი ოჯახი ხელისუფლებაში მოიყვანა.[26]

ფლავიუსების დინასტიის აღზევება

ოთხი იმპერატორის წელი

რომის იმპერია ოთხი იმპერატორის წლის (69) დროს. ლურჯი ფერით აღნიშნულია ვესპასიანესა და გაიუს ლიცინიუს მუციანუსის ერთგული პროვინციები. მწვანე ფერით აღნიშნულია ვიტელიუსის ერთგული პროვინციები.

68 წლის 9 ივნისს სენატსა და არმიასთან დაპირისპირების პირობებში ნერონმა თავი მოიკლა. მის სიკვდილთან ერთად წერტილი დაესვა იულიუს-კლავდიუსების დინასტიასაც. ამ ფაქტს ქვეყანაში ქაოსი მოჰყვა, რამაც წარმოშვა ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც ოთხმა ყველაზე გავლენიანმა მხედართმთავარმა (გალბა, ოტონი, ვიტელიუსი, ვესპასიანე) შეძლო საიმპერატორო ძალაუფლების დასაკუთრება.[27]

ნერონის სიკვდილის ამბავმა ვესპასიანემდე მაშინ მიაღწია, როდესაც ეს უკანასკნელი იერუსალიმის ალყისათვის ემზადებოდა. თითქმის მაშინვე სენატმა ტარაკონის ესპანეთის (თანამედროვე ჩრდილოეთი ესპანეთი) მმართველი, გალბა, რომის იმპერატორად გამოაცხადა. კამპანიის გაგრძელების ნაცვლად, ვესპასიანემ გადაწყვიტა შემდგომ ბრძანებებს დალოდებოდა და ტიტუსი ახალ იმპერატორთან მისასალმებლად გაგზავნა.[27]

იტალიაში ჩასვლამდე ტიტუსმა შეიტყო, რომ გალბა მოკლეს და იმპერატორის ტახტი ლუზიტანიის (თანამედროვე პორტუგალია) მმართველმა, ოტონმა დაიკავა, ხოლო ვიტელიუსი გერმანიაში მყოფ თვის არმიასთან ერთად დედაქალაქზე წასასვლელად ემზადებოდა ოტონის ჩამოგდების განზრახვით. რადგანაც არ სურდა, რომ ერთ ან მეორე მხარეს მძევლად ჩავარდნოდა, ტიტუსმა რომისაკენ მგზავრობა შეწყვიტა და მამასთან იუდეაში დაბრუნდა.[28]

ოტონი და ვიტელიუსი აცნობიერებდნენ ფლავიუსებისაგან მომდინარე შესაძლო საფრთხეს. ვესპასიანეს განკარგულებაში იყო ოთხი ლეგიონი, რაც თითქმის 80 000 ჯარისკაცს უდრიდა. მას, აგრეთვე, ის უპირატესობაც ჰქონდა, რომ იუდეაში ყოფნის გამო ახლოს იმყოფებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეგვიპტის პროვინციასთან, რომელიც რომს მარცვლეულით ამარაგებდა. მისი ძმა კი, ტიტუს ფლავიუს საბინუსი, როგორც ქალაქის პრეფექტი, რომის მთელ გარნიზონს მეთაურობდა.[11] ფლავიუსთა ჯარში დაძაბულობამ იმატა, თუმცა რადგანაც ვერც გალბამ და ვერც ოტონმა ძალაუფლების შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ვესპასიანემ მოქმედებაზე უარი თქვა.[29]

როდესაც ბედრიაკუმის პირველ ბრძოლაში ვიტელიუსმა ოტონი დაამარცხა, იუდეისა და ეგვიპტის არმიებმა გადაწყვიტეს თავად დაეწყოთ მოქმედება და 69 წლის 1 ივლისს ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადეს.[30] ამ უკანასკნელსაც უარი არ უთქვამს და ვიტელიუსის წინააღმდეგ სირიის მმართველთან, გაიუს ლიცინიუს მუციანუსთან შეკრა კავშირი.[30] იუდეისა და სირიის ლეგიონებისაგან შემდგარი ძლიერი არმია მუციანუსის მეთაურობით რომისაკენ დაიძრა, ამასობაში კი ვესპასიანე ალექსანდრიაში გაემგზავრა და იუდეველთა აჯანყების ჩახშობა ტიტუსს მიანდო.[31]

ვიტელიუსის ბიუსტი (ლუვრის მუზეუმი).

რომში მყოფი დომიციანე ვიტელიუსმა შინაპატიმრობაში აიყვანა, როგორც ფლავიუსებისაგან მომდინარე საფრთხისაგან უსაფრთხოების გარანტი.[26] ძველი იმპერატორისათვის მხარდაჭერამ იკლო, რამდენადაც მთელი იმპერიიდან უფრო და უფრო მეტი ლეგიონი უცხადებდა ერთგულებას ვესპასიანეს. 69 წლის 24 ოქტომბერს ვიტელიუსისა და ვესპასიანეს ჯარები ერთმანეთს ბედრიაკუმის მეორე ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელიც პირველის სასტიკი მარცხით დასრულდა.[32]

სასოწარკვეთილებაში მყოფმა ვიტელიუსმა დანებებაზე მოლაპარაკებების დაწყება სცადა. ტიტუს ფლავიუს საბინუსთან შედგა შეთანხმება ზავის პირობებზე, რომელიც იმპერატორის ტახტიდან ნებაყოფლობით გადადგომას გულისხმობდა, თუმცა პრეტორიანელთა გვარდიის, საიმპერატორო დაცვის ჯარისკაცებმა, ეს გადადგომა სამარცხვინოდ მიიჩნიეს და ვიტელიუსს ხელშეკრულების პირობების შესრულების საშუალება არ მისცეს.[33] 18 დეკემბრის დილით იმპერატორი გამოჩნდა, რათა საიმპერატორო ინსიგნიები კონკორდის ტაძრისათვის გადაეცა, თუმცა უკანასკნელ წუთას გადაიფიქრა და სასახლისაკენ გაემართა. დაბნეული სახელმწიფოს სათავეში მყოფი წარჩინებულები საბინუსის სახლთან შეგროვდნენ და ვესპასიანე იმპერატორად გამოაცხადეს, თუმცა, როდესაც ვიტელიუსის კოჰორტები საბინუსის შეიარაღებულ მცველებს დაუპირისპირდნენ მრავალი მათგანი გაიქცა, ეს უკანასკნელი კი იძულებული გახდა კაპიტოლიუმის ბორცვისაკენ დაეხია.[34]

ღამით მას ნათესავებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო დომიციანეც. მუციანუსის არმია უკვე რომის მახლობლად იყო, თუმცა ალყაშემორტყმულმა ფლავიუსების მომხრეებმა ერთ დღეზე მეტხანს ვერ გაძლეს. 19 დეკემბერს ვიტელიუსის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. შეტაკებისას საბინუსი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. დომიციანემ თავი ისიდას თაყვანისმცემლად გაასაღა და გაქცევა მოახერხა. მან ღამე უსაფრთხოდ გაატარა მამამისის ერთ-ერთ მხარდამჭერთან, კორნელიუს პრიმუსთან.[34]

20 დეკემბრის ნაშუადღევისათვის ვიტელიუსი მკვდარი იყო, მისი არმიები კი ფლავიუსების ლეგიონებმა გაანადგურეს. რადგანაც საშიში უკვე აღარაფერი იყო, დომიციანე ქალაქში შემოსულ ჯართან შესახვედრად გაემართა, რომელმაც იგიკეისრად გამოაცხადა, ჯარისკაცებმა კი მამამისის სახლამდე მიაცილეს.[34] მომდევნო დღეს, 21 დეკემბერს, სენატმა ვესპასიანე რომის იმპერატორად გამოაცხადა.[35]

ომის შემდეგ

გაიუს იულიუს ცივილისის შეთქმულება (დეტალი), რემბრანდტი (1661 წ.). ბატავიანელთა აჯანყების დროს დომიციანე შეეცადა შანსით ესარგებლა და სამხედრო დიდება მოეპოვებინა, თუმცა მისი სურვილი ლეგიონის მეთაური გამხდარიყო, მთავარსარდლობამ უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ ომი ოფიციალურად დასრულდა, ანარქიისა და უკანონობის მდგომარეობა ვიტელიუსის სიკვდილის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. წესრიგი სათანადოდ მუციანუსმა აღადგინა 70 წლის დასაწყისში, თუმცა ვესპასიანე რომში იმავე წლის სექტემბრამდე არ ჩასულა.[34] ამასობაში დომიციანე სენატში ფლავიუსების ოჯახის წარმომადგენლის როლს ასრულებდა. მან კეისრის ტიტული მიიღო და კონსულის ძალაუფლების მქონე პრეტორადაც დაინიშნა.[36]

ტაციტუსის აღწერის თანახმად, დომიციანეს პირველი სიტყვა სენატში მოკლე და აწონილ-დაწონილი იყო. ისტორიკოსი აქვე აღნიშნავს მის უნარს თავი აერიდებინა უხერხული შეკითხვებისათვის.[37] დომიციანეს უფლებამოსილება ნომინალური იყო, თუმცაღა, შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარად მოასწავებდა თუ რა როლში მოუწევდა მას ყოფნა სულ ცოტა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ყველა წყარო თანხმდება, რომ ვესპასიანეს არყოფნისას რეალური ძალაუფლება მუციანუსს ეპყრა ხელთ. იგი ფრთხილად ცდილობდა უზრუნველეყო, რომ დომიციანეს, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ 18 წლის იყო, თავისი ფუნქციის ზღვარი არ გადაელახა.[36] მკაცრი კონტროლი შენარჩუნდა ახალგაზრდა კეისრის გარემოცვაზეც. არიუს ვარუსისა და ანტონიუს პრიმუსის მსგავსი მხედართმთავრები დააწინაურეს და მას ჩამოაშორეს, მათი ადგილები კი არეცინუს კლემენსის მსგავსმა უფრო სანდო პირებმა დაიკავეს.[36]

ამგვარადვე შეზღუდა მუციანუსმა დომიციანეს სამხედრო ამბიციები. 69 წლის სამოქალაქო ომმა სერიოზულად არია მდგომარეობა პროვინციებში, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადგილობრივი აჯანყება, როგორიც იყო ბატავიანელთა აჯანყება გალიაში. რაინის ლეგიონების დამხმარე ბატავიანელთა ძალებმა გაიუს იულიუს ცივილისის მეთაურობით აჯანყება წამოიწყეს ტრევერების მხარდაჭერით, რომელთაც იულიუს კლასიკუსი მეთაურობდა. მათ წინააღმდეგ რომიდან შვიდი ლეგიონი გაიგზავნა ვესპასიანეს სიძის, კვინტუს პეტილიუს ცერიალისის მეთაურობით.[18]

მიუხედავად იმისა, რომ ამბოხების ჩახშობა მალევე მოხერხდა, მარცხის შესახებ გაზვიადებულმა ხმებმა მუციანუსი აიძულა თავად დაეტოვებინა დედაქალაქი დამხმარე ძალებით. დომიციანემ სამხედრო დიდების მოპოვება სცადა და სხვა ოფიცრებს შეუერთდა ლეგიონის მეთაურობის განზრახვით. ტაციტუსის მიხედვით, მუციანუსი ამ პერსპექტივით აღტაცებული არ ყოფილა, თუმცა რამდენადაც მასზე პასუხისმგებლობას გრძნობდა, არჩია იგი ახლოს ჰყოლოდა, ვიდრე რომში დაეტოვებინა.[38]

როდესაც ცერიალისის მიერ ცივილისზე მოპოვებული გამარჯვების შესახებ შეიტყო, მუციანუსმა ტაქტიანად გადაათქმევინა დომიციანეს დევნის გაგრძელების მცდელობის განზრახვა.[18] ამის შემდეგ დომიციანემ ცერიალისს წერილი მისწერა, რომლითაც აცნობებდა, რომ არმიას ის მეთაურობდა, თუმცა ამჯერადაც საყვედური მიიღო.[18] სექტემბრის ბოლოს ვესპასიანეს დაბრუნების შემდეგ დომიციანემ პოლიტიკა დატოვა და საკუთარი დრო ხელოვნებასა და ლიტერატურას მიუძღვნა.[39]

ქორწინება

დომიცია ლონგინას ბიუსტი ფლავიუსების სტილის ვარცხნილობით (ლუვრის მუზეუმი).

პოლიტიკური და სამხედრო კარიერისაგან განსხვავებით, რომელიც იმედგამაცრუებლად დასრულდა, დომიციანეს პირადი ცხოვრება უფრო წარმატებული გამოდგა. 70 წელს ვესპასიანემ სცადა დინასტიური ქორწინება მოეწყო თავის უმცროს ვაჟსა და ამ უკანასკნელის ძმისშვილს, იულია ფლავიას შორის,[40] თუმცა დომიციანე მტკიცედ იცავდა თავის სიყვარულს დომიცია ლონგინას მიმართ და იმდენად შორს შეტოპა, რომ დაარწმუნა მისი ქმარი, ლუციუს ელიუს ლამია, გაყროდა დომიციას, რათა თავად შესძლებოდა მასზე დაქორწინება.[40] თავდაპირველი უგუნურების მიუხედავად, კავშირი ორივე ოჯახისათვის ძალზედ პრესტიჟული იყო. დომიცია ლონგინა იყო პატივცემული მხედართმთავრისა და წარჩინებული პოლიტიკოსის, გნეუს დომიციუს კორბულონის უმცროსი ასული, რომელმაც სახელი სომხეთში მეთაურობისას გაითქვა. 65 წელს ნერონის წინააღმდეგ პიზონის მიერ მოწყობილი წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ მას თვითმკვლელობა აიძულეს. ახალმა ქორწინებამ არა მხოლოდ ხელახლა დაამყარა კავშირები მოწინააღმდეგე სენატორებთან, არამედ, აგრეთვე, დაეხმარა ფლავიუსების იმდროინდელ პროპაგანდასაც, რომელიც ნერონის ზეობისას ვესპასიანეს პოლიტიკური წარმატებების დამცირება-მიჩქმალვას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად წარმოჩნდა კავშირები კლავდიუსსა და ბრიტანიკუსთან, ნერონის მსხვერპლნი ან მის მიერ სხვაგვარად დაზარალებულნი კი რეაბილიტირებულ იქნენ.[41]

80 წელს დაიბადა დომიციანესა და დომიციას ერთადერთი დადასტურებული ვაჟი, რომლის სახელიც უცნობია. იგი სიყრმეშივე, 83 წელს გარდაიცვალა.[42] საიმპერატორო ტახტის დაკავებიდან მცირე ხნის შემდეგ დომიციანემ დომიციას ავგუსტას საპატიო ტიტული უბოძა, მათი ვაჟი კი გააღმერთა. მისი გამოსახულებები დატანილია იმ პერიოდის მონეტების რევერსებზე.[43] მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, 83 წელს ამ ქორწინებას სერიოზული კრიზისის გადატანა მოუხდა. უცნობი მიზეზების გამო, დომიციანემ ხანმოკლე პერიოდით გააძევა კიდეც დომიცია, თუმცა მალევე მოიხმო უკან, რაც ან სიყვარულით იყო გამოწვეული, ან ჭორებით, რომ მას თავის ძმისშვილთან, იულია ფლავიასთან ჰქონდა ურთიერთობა.[44] ჯონსის მტკიცებით, დომიცანეს ეს ქმედება იმით იყო გამოწვეული, რომ დომიციამ მისთვის მემკვიდრის გაჩენა ვერ შეძლო.[42] 84 წლისათვის დომიცია სასახლეში დაბრუნდა,[45] სადაც ის დომიციანეს მმართველობის ბოლომდე ცხოვრობდა რაიმე ინციდენტის გარეშე.[46] არც თუ ბევრია ცნობილი დედოფლის როლში დომიციას აქტიურობაზე ან იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენდა იგი დომიციანეს მთავრობაზე, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი როლი შეზღუდული იყო. სვეტონიუსისგან ვიცით, რომ იგი, სულ ცოტა, თან ახლდა ხოლმე იმპერატორს ამფითეატრში, ებრაელი ისტორიკოსი და მწერალი, იოსებ ფლავიუსი კი მოგვითხრობს იმ სიკეთეებზე, რომლებიც მან დედოფლისგან მიიღო.[47] უცნობია ჰყავდა თუ არა სხვა შვილები, თუმცა იგი ხელახლა აღარ დაქორწინებულა. რომაულ წყაროთა განცხადებების მიუხედავად, რომლებიც მრუშობასა და განქორწინებაზე საუბრობდნენ, ეს ქორწინება ბედნიერი უნდა ყოფილიყო.[48]

ცერემონიული მემკვიდრე (71-81 წწ.)

ლოურენს ალმა-ტადემას ტიტუსის ტრიუმფი (1885 წ.). ნახატი ასახავს ტიტუსისა და მისი ოჯახის ტრიუმფალურ მსვლელობას. პონტიფექს მაქსიმუსის სამოსში გამოწყობილი ვესპასიანე ოჯახს წინ მიუძღვის. მას უკან მიჰყვება დომიციანე ცოლთან, დომიცია ლონგინასთან ერთად, რომელზეც იგი მხოლოდ მოგვიანებით დაქორწინდა. მათ უკან მიჰყვება რელიგიურ რეგალიებში გამოწყობილი ტიტუსი. ტიტუსისა და დომიციას ურთიერთმიპყრობილი მზერა მიანიშნებს იმ ურთიერთობაზე, რომელზეც ისტორიკოსები დავობდნენ.[42][49][50] ალმა-ტადემა ცნობილი იყო ანტიკური პერიოდის სამყაროს დაწვრილმანებული კვლევით.[51]

იმპერატორად გახდომამდე დომიციანეს როლი ფლავიუსების მთავრობაში მეტწილად ცერემონიული ხასიათის იყო. 71 წლის ივნისში ტიტუსმა წარმატებით დაასრულა იუდეველთა ომი და იუდეიდან ტრიუმფით დაბრუნდა რომში. საბოლოო ჯამში, აჯანყებამ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან უმეტესობა ებრაელი იყო.[52] იერუსალიმი და ქალაქის მეორე ტაძარი მთლიანად განადგურდა, მისი ყველაზე ძვირფასი საგანძური რომის არმიამ დაიტაცა. თითქმის 100 000 ადამიანი შეიპყრეს და მონად აქციეს.[52]

ამ გამარჯვებისათვის სენატმა ტიტუსი ტრიუმფით დააჯილდოვა. დღესასწაულების დღეს ფლავიუსების ოჯახი დიდებით შებრძანდა დედაქალაქში. მათ წინ უძღოდა მდიდრული მსვლელობა, რომელიც დატვირთული იყო ომში მოპოვებული ალაფით.[53] ოჯახს წინ ვესპასიანე და ტიტუსი მიუძღოდნენ, ხოლო დომიციანეს, რომელიც შესანიშნავ თეთრ ცხენზე იჯდა, ფლავიუსთა დანარჩენი ნათესავები მიჰყვებოდნენ.[54]

ებრაული დაუმორჩილებლობის წინამძღოლები რომის ფორუმზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც მსვლელობა იუპიტერის ტაძართან, რელიგიური მსხვერპლშეწირვების თანხლებით დასრულდა.[53] ფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელში აღმართეს ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, როგორც ომის წარმატებული დასასრულის ხსოვნის სიმბოლო.[55]

ტიტუსის დაბრუნებამ კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთა დომიციანეს შედარებით უმნიშვნელო როლი, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ სფეროებში. როგორც ვესპასიანეს უფროსმა და მეტად გამოცდილმა ვაჟმა, ტიტუსმა გაიზიარა მამის ტრიბუნის ძალაუფლება, შვიდჯერ ეკავა კონსულის თანამდებობა, იყო ცენზორი და პრეტორიანელთა პრეფექტიც გახდა, რამაც უეჭველი გახადა, რომ სწორედ ის იყო საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე.[56] როგორც მეორე ვაჟი, დომიციანე ფლობდა საპატიო ტიტულებს, როგორებიც იყო კეისარი და პრინცეპს ივენტუტისი, აგრეთვე, ეკავა რამდენიმე ქურუმის თანამდებობაც, როგორებიც იყო ავგური, პონტიფიკი, არვალელი ძმა, არვარელ ძმათა უფროსი და საკერდოს კოლეგიორუმ ომნიუმი,[57] თუმცა იმპერიუმის მქონე არც ერთი თანამდებობაზე არ ყოფილა.

ვესპასიანეს ზეობისას დომიციანე ექვსჯერ იყო კონსული, თუმცაღა მხოლოდ ერთხელ, 73 წელს ეკავა ჩვეულებრივი კონსულის თანამდებობა, დანარჩენი ხუთი ვადით იგი ნაკლებად პრესტიჟული სუფექტი იყო 71, 75, 76, 77 და 79 წლებში, როდესაც, ჩვეულებრივ, მამას ან ძმას ცვლიდა შუა იანვარში.[56] მიუხედავად თავიანთი ცერემონიული ხასიათისა, ამ თანამდებობებმა უდავოდ შესძინეს დომიციანეს ძვირფასი გამოცდილება სენატში და შესაძლოა, შემდგომ საქმიანობაშიც დახმარებოდა.[57]

ვესპასიანესა და ტიტუსის მმართველობის პერიოდში პირები, რომლებიც ფლავიუსების ოჯახის წევრები არ იყვნენ, არსებითად, ჩამოცილებულნი იყვნენ მნიშვნელოვან საჯარო თანამდებობებს. თავად მუციანუსიც კი ქრება იმდროინდელი ისტორიული ჩანაწერებიდან და მიჩნეულია, რომ იგი 75-77 წლებს შორის პერიოდში გარდაიცვალა.[58] ნამდვილი ძალაუფლება ეჭვშეუტანლად ფლავიუსების ხელში იყო მოქცეული. დასუსტებული სენატი მხოლოდ დემოკრატიის ფასადის როლს ასრულებდა.[59]

რადგანაც ტიტუსი ეფექტიანად მოქმედებდა, როგორც მამის თანაიმპერატორი, 79 წლის 23 ივნისს ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, ფლავიუსების პოლიტიკაში რაიმე მოულოდნელი ცვლილება არ მომხდარა. ტიტუსმა დაარწმუნა დომიციანე, რომ ეს უკანასკნელი სულ მალე გახდებოდა ხელისუფლების სრული თანამონაწილე, თუმცაღა თავისი ხანმოკლე ზეობის პერიოდში ძმისთვის არც ტრიბუნის ძალაუფლება მიუნიჭებია და არც რაიმე სახის იმპერიუმი.[60] ახალი იმპერატორი სულაც არ ესწრაფვოდა დანაპირების შესრულებას, იგი მხოლოდ ორმოცი წლის იყო და თავისი ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა.

79 და 80 წლებში ორი უმთავრესი უბედურება დატრიალდა. 79 წლის 24 აგვისტოს ამოიფრქვა ვულკანი ვეზუვი,[61] რომელმაც ახლოსმდებარე ქალაქები, პომპეი და ჰერკულანუმი რამდენიმე მეტრის სისქის ფერფლსა და ლავაში ჩამარხა. მომდევნო წელს კი რომში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სამი დღე მძვინვარებდა და მრავალი მნიშვნელოვანი საჯარო შენობა გაანადგურა.[62] ამ მოვლენების გამო ტიტუსმა თავისი ზეობის დროის უმეტესი ნაწილი დაზარალებულთა დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებასა და დაზიანებული ქონების აღდგენაში დახარჯა. 81 წლის 13 სექტემბერს ორწლიანი მმართველობის შემდეგ საბინების მიწებზე ყოფნისას ტიტუსი მოულოდნელად გარდაიცვალა ციებ-ცხელებით.[60]

ანტიკური პერიოდის ავტორები აცხადებენ, რომ დომიციანე გარეული იყო ძმის სიკვდილში. მას ან უშუალოდ ადანაშაულებენ ტიტუსის მკვლელობაში,[63] ან მიუთითებენ, რომ მან ავადმყოფი ძმა სასიკვდილოდ მიატოვა.[49][54] ისინი იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მის სიცოცხლეში დომიციანე ღიად გეგმავდა შეთქმულებას ტიტუსის წინააღმდეგ.[49] შემორჩენილ წყაროებში არსებული ამ მტკიცებების ფაქტობრივი სინამდვილის შემოწმება მარტივი არაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დომიციანეს ძმური სიყვარული ტიტუსის მიმართ მინიმალური უნდა ყოფილიყო, რამდენადაც შვიდი წლის ასაკის შემდეგ დომიციანეს ძმა თითქმის არ ჰყავდა ნანახი.[60]

მათი ურთიერთობის ბუნების მიუხედავად, როგორც ჩანს, დომიციანემ სასიკვდილოდ მწოლიარე ძმის მიმართ მცირეოდენი თანაგრძნობა გამოიჩინა, ნაცვლად პრეტორიანელთა ბანაკში წასვლისა, სადაც იგი იმპერატორად გამოაცხადეს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, სენატმა დაამტკიცა დომიციანეს ძალაუფლება. გადასცა ტრიბუნის ძალაუფლება, პონტიფექს მაქსიმუსობა და ავგუსტუსისა და სამშობლოს მამის (Pater Patriae) ტიტულები.[64]

იმპერატორი

მმართველობა

რომის საიმპერატორო დინასტიები
ფლავიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ვესპასიანე 69-79 წწ.
ტიტუსი 79-81 წწ.
დომიციანე 81-96 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
ოთხი იმპერატორის წელი
მემკვიდრე
ანტონინუსების დინასტია

საიმპერატორო ტახტის დაკავების შემდეგ დომიციანემ მალევე მოაცილა ქვეყანას ის რესპუბლიკური ფასადი, რომელიც მისმა მამამ და ძმამ თავიანთი მმართველობის პერიოდში შეინარჩუნეს.[65] მთავრობის ცენტრის საიმპერატორო სასახლეში გადატანით (მეტ-ნაკლებად ფორმალურად), ახალმა იმპერატორმა ღიად გამოხატა სენატის ძალაუფლების დრომოჭმულობა. მისი შეხედულებით, რომის იმპერია ღვთაებრივი მონარქიის სახით უნდა ყოფილიყო მართული მისი, როგორც ქველი ტირანის ხელით.

აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების გარდა, დომიციანეს მიაჩნდა, რომ იმპერატორის როლი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა ყოფილიყო ჩართული და გასძღოლოდა რომაელ ხალხს, როგორც კულტურული და მორალური ავტორიტეტი.[66] ამ ახალ ერაში შესასვლელად მან დაისახა ამბიციური ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული პროგრამები იმპერიის ავგუსტუსის დროინდელი დიდებულების აღდგენის განზრახვით.[67]

ამ დიდი ზრახვების გარდა, დომიციანეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იმპერია კეთილსინდისიერად და პატიოსნად ემართა. იგი პირადად ჩაერთო ადმინისტრაციის ყველა შტოს საქმიანობაში: გამოიცემოდა ედიქტები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისა და სამართლის უმცირეს დეტალებსაც კი აწესრიგებდნენ, საგადასახადო სისტემა და საჯარო მორალი კი უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მოექცა.[68] სვეტონიუსის თანახმად, საიმპერატორო ბიუროკრატიულ აპარატს ისე რაციონალურად არასოდეს უფუნქციონირია, როგორც დომიციანეს დროს, რომლის მომთხოვნმა სტანდარტებმა და ეჭვიანმა ბუნებამ პროვინციათა მმართველებსა და არჩევით თანამდებობის პირებს შორის კორუფციის ისტორიულად დაბალი დონე შეინარჩუნა.[69][70]

მიუხედავად იმისა, რომ დომიციანეს თავისი აბსოლუტური მმართველობისას სენატის მნიშვნელობის შესახებ არ უთვალთმაქცია, ის სენატორები, რომლებსაც იგი უღირსებად მიიჩნევდა, სენატიდან განდევნეს, ხოლო საჯარო თანამდებობების განაწილებისას იგი იშვიათად სწყალობდა ოჯახის წევრებს. მისი პოლიტიკა ვესპასიანესა და ტიტუსის დროინდელი ნეპოტიზმის საპირისპირო საწყისებზე იდგა.[71] დომიციანე, უპირველესად, აფასებდა იმ პირთა ერთგულებასა და დამთმობლობას, რომლებიც მან სტრატეგიულ თანამდებობებზე დანიშნა. პიროვნულ ღირსებებს იგი მხედართა ფერნაში უფრო ხშირად პულობდა, ვიდრე სენატორებს ან საკუთარი ოჯახის წევრებს შორის, რომლებსაც ეჭვით ეპყრობოდა და დაუყოვნებლივ ხსნიდა თანამდებობიდან, თუ რომელიმე მათგანი საიმპერატორო პოლიტიკას შეეწინააღმდეგებოდა.[72]

დომიციანეს თვითმპყრობლობის რეალური სახე კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა იმ ფაქტმა, რომ ტიბერიუსის შემდეგ, მან ყველა სხვა იმპერატორზე მეტი დრო გაატარა დედაქალაქის გარეთ.[73] მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის დაცემის შემდეგ სენატის ძალაუფლებაც დასუსტდა, დომიციანეს მმართველობის პერიოდში ძალაუფლების ცენტრიც კი აღარ იყო რომში, არამედ იქ, სადაც იმპერატორი იმყოფებოდა.[65] სანამ პალატინის ბორცვზე ფლავიუსების სასახლის მშენებლობა დასრულდებოდა, საიმპერატორო კარი ალბასთან ან ცირცეიისთან მდებარეობდა, ზოგჯერ კი კიდევ უფრო შორსაც. იმპერატორი ფართოდ მოგზაურობდა ევროპულ პროვინციებში და თავისი ზეობის სულ ცოტა სამი წელი გერმანიასა და ილირიკუმში გაატარა, სადაც იმპერიის საზღვრებთან არსებულ სამხედრო კამპანიებს ხელმძღვანელობდა.[74]

ეკონომიკური პოლიტიკა

ტახტზე ასვლისთანავე დომიციანემ გადაახალისა რომის სავალუტო სისტემა დენარიუსში ვერცხლის შემცველობის 12%-ით გაზრდით. ეს მონეტა მოჭრილია იმპერატორის ვაჟის გაღმერთების საზეიმოდ.

დომიციანეს მისწრაფება უშუალო კონტროლი ჰქონოდა იმპერიის მართვაზე არც ერთ სფეროში არ ყოფილა ისე აშკარა, როგორც ფინანსურ პოლიტიკაში. კითხვა იმის შესახებ თავისი გარდაცვალების შემდეგ დომიციანემ იმპერია ვალებში ჩაფლული დატოვა თუ პირიქით, ჭარბი ფინანსები დაუტოვა, გაცხოველებული კამათის საგანს წარმოადგენდა. მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ მისი ზეობის უმეტესი დროის განმავლობაში იმპერიას დაბალანსებული ეკონომიკა გააჩნდა.[75] ტახტზე ასვლისთანავე მან ძირეულად გადააფასა რომის სავალუტო სისტემა. დენარიუსში ვერცხლის შემცველობა 90%-დან 98%-მდე გაიზარდა, შესაბამისად, სუფთა ვერცხლის წონა 2,87 გრამიდან 3,26 გრამამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 85 წლის ფინანსურმა კრიზისმა ვერცხლის შემცველობის 93,5%-მდე, ხოლო მასის 3,04 გრამამდე შემცირება გამოიწვია.[76][77]

მიუხედავად ამისა, მონეტის ახალი ღირებულება მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ის ნიშნულები, რომელთა შენარჩუნებაც შეძლეს ვესპასიანემ და ტიტუსმა თავიანთი მმართველობის პერიოდში. დომიციანეს მკაცრმა საგადასახადო პოლიტიკამ უზრუნველყო ამ სტანდარტის უწყვეტობა მომდევნო თერთმეტი წლის განმავლობაში.[77] ამ პერიოდის მონეტები გამოირჩევიან თავიანთი მაღალი ხარისხით. აღსანიშნავია, რომ ყურადღება ექცევა ისეთ დეტალებსაც, როგორებიცაა დომიციანეს ტიტულატურა და რევერსზე შესრულებული პორტრეტები.[77]

ჯონსი დომიციანეს წლიურ შემოსავლებს 1,2 მილიარდი სესტერციუმით აფასებს, რომლის ერთ მესამედზე მეტიც, სავარაუდოდ, რომის არმიის შენარჩუნებას უნდა მოხმარებოდა.[75] მნიშვნელოვანი ოდენობის ფინანსური სახსრები იხარჯებოდა რომის რეკონსტრუქციის ხარჯების დასაფარადაც. დომიციანეს ტახტზე ასვლისათვის ქალაქს კვლავ აწუხებდა 64 წლის რომის დიდი ხანძრის, 69 წლის სამოქალაქო ომისა და 79 წლის ხანძრის მძიმე შედეგები.[78]

დომიციანეს სამშენებლო პროგრამა, რომელიც აღდგენით სამუშაოებზე მეტი იყო, მიზნად ისახავდა, რომ იმპერიული მასშტაბის კულტურული აღორძინების დამაგვირგვინებელ მიღწევად ქცეულიყო. აღიმართა, აღდგა ან დასრულდა დაახლოებით 50 სტრუქტურა, რაც მხოლოდ ავგუსტუსის მიღწევებს ჩამორჩება.[78] ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ნაგებობებს შორის იყო ოდეონი, სტადიუმი და პალატინის ბორცვზე მდებარე ძვირფასი სასახლე, რომელიც ფლავიუსების სასახლის სახელით გახდა ცნობილი და რომელიც დომიციანეს მთავარი არქიტექტორის, რაბირიუსის მიერ იყო დაპროექტებული.[79]

უმნიშვნელოვანესი შენობა, რომელიც დომიციანემ აღადგინა, კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე იუპიტერის ტაძარი იყო, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, მოოქროვილი სახურავი ჰქონდა. მის დროს დასრულებულ შენობებს შორის იყო ვესპასიანესა და ტიტუსის ტაძარი, ტიტუსის თაღი და კოლოსეუმი, რომელსაც მან მეოთხე დონე დაამატა და დაასრულა შიდა დასაჯდომი სივრცე.[55]

რომის მოსახლეობის გულის მოსაგებად, დომიციანეს მთელი მმართველობის განმავლობაში დაახლოებით 135 მილიონი სესტერციუმი დაიხარჯა შეწირულობებზე.[80] იმპერატორმა საჯარო წვეულებების ჩვეულებაც აღადგინა, რომელიც ნერონის დროს უბრალოდ საკვების განაწილების ღონისძიებამდე შემცირდა, ხოლო სანაცვლოდ დიდი თანხები იხარჯებოდა გართობასა და თამაშებზე. 86 წელს დომიციანემ საფუძველი ჩაუყარა კაპიტოლიუმის თამაშებს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მოიცავდა ათლეტურ სანახაობებს, ეტლების რბოლასა და შეჯიბრებებს მჭერმეტყველებაში, მუსიკასა და თეატრალურ მოქმედბებში.[81]

დომიციანე თავად უწყობდა ხელს მონაწილეთა მოგზაურობას იმპერიის ყოველი კუთხიდან რომში და ანაწილებდა პრიზებსაც. სიახლები გაჩნდა ჩვეულებრივ გლადიატორთა თამაშებშიც, რომლებსაც დაემატა საზღვაო შეჯიბრებები, ღამის ბრძოლები და ქალ და ჯუჯა გლადიატორების ბრძოლები. იმპერატორმა ორი ახალი გუნდი დაამატა ეტლებით რბოლასაც, ოქროსფერი და მეწამული, რომელთაც არსებული თეთრი, წითელი, მწვანე და ლურჯი გუნდების წინააღმდეგ უნდა ეასპარეზათ.[82]

სამხედრო კამპანიები

ბოიუკდაშის მთის (აზერბაიჯანი) მახლობლად აღმოჩენილი ქვაზე ამოკვეთილი წარწერა ახსენებს დომიციანესა და რომის XII ლეგიონს.

დომიციანეს მმართველობის პერიოდში წარმოებული სამხედრო კამპანიები, ძირითადად, თავდაცვითი ხასიათის იყო, რადგანაც იმპერატორმა უარყო ექსპანსიონისტური ომების იდეა.[83] სამხედრო სფეროში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზემო გერმანია-რეტიის ლიმესის განვითარება წარმოადგენდა, რომელიც იმპერიის დასაცავად აიგო მდინარე რაინის ნაპირზე და გზების, სიმაგრეებისა და საგუშაგო კოშკების ფართო ქსელისაგან შედგებოდა.[84] მიუხედავად ამისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ომი მაინც მოხდა: გალიაში ხატების წინააღმდეგ და დუნაის სანაპიროებზე მდებარე საზღვრების გასწვრივ სვებების, სარმატებისა და დაკიელების წინააღმდეგ.[85]

გნეუს იულიუს აგრიკოლას მეთაურობით გაგრძელდა ბრიტანეთის დაპყრობა, რომელმაც რომის იმპერიის საზღვრები კალედონიამდე (დღევანდელი შოტლანდია) განავრცო. 82 წელს ხატებთან საბრძოლველად დომიციანემ ახალი ლეგიონიც (Legio I Minervia) დააფუძნა.[85] იმპერატორს უგულისყუროდ არც აღმოსავლეთში რომის ინტერესები დაუტოვებია.[86] ბოიუკდაშის მთასთან (დღევანდელი აზერბაიჯანი) ნაპოვნი წარწერა ახსენებს დომიციანესა და XII ლეგიონს. წარწერაში ნახსენები კეისრის, ავგუსტუსისა და გერმანიკუსის ტიტულების გათვალისწინებით, შესაბამისი ლაშქრობა 84-დან 96 წლებს შორის პერიოდში უნდა მომხდარიყო.

რომის არმიის დომიციანესეული გამგებლობა ხასიათდება იმავე მომთხოვნელობით, რომელსაც იგი მმართველობის სხვა შტოებშიც ავლენდა. მიუხედავად ამისა, მისი თანამედროვეები აკრიტიკებდნენ იმპერატორის კომპეტენციას სტრატეგიაში.[83] თუმცა დომიციანემ რამდენიმე ტრიუმფი იზეიმა, ეს, დიდწილად, მაინც პროპაგანდული მანევრები იყო. მის მიერ ხატებზე მოპოვებულ გამარჯვებას ტაციტუსი დასცინის და მას „ყალბ ტრიუმფს“ უწოდებს. იგი, აგრეთვე, აკრიტიკებს აგრიკოლას დაპყრობების შემდეგ ბრიტანეთში უკანდახევის გადაწყვეტილებას.[87][88]

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, დომიციანე უაღრესად პოპულარული იყო ჯარისკაცებს შორის. მან თავისი ზეობის დაახლოებით სამი წელი არმიასთან ერთად კამპანიებში გაატარა (ავგუსტუსის შემდეგ ამდენი დრო ჯართან არც ერთ იმპერატორს არ გაუტარებია) და მათი ჯამაგირი ერთი მესამედით გაზარდა.[84][89] მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია არმიის სარდლობას მისი ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დაეგმო, მისდამი უბრალო ჯარისკაცების ერთგულება ეჭვგარეშეა.[90]

კამპანია ხატების წინააღმდეგ

როგორც კი იმპერატორი გახდა, დომიციანე დაუყოვნებლივ შეეცადა დიდი ხნის ნანატრი სამხედრო დიდების მოპოვებას. 82 ან შესაძლოა, 83 წელს იგი გალიაში გაემგზავრა თითქოს მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად, თუმცა მოულოდნელად ხატებზე თავდასხმის ბრძანება გასცა.[91] საგანგებოდ ამ მიზნისათვის შეიქმნა ახალი ლეგიონი (Legio I Minervia), რომელმაც ხატების ტერიტორიაზე დაახლოებით 75 კმ-ის სიგრძის გზები ააშენა მტრის სამალავების გამოსავლენად.[85]

მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში გამართული ბრძოლების შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია შემორჩენილი, დომიციანეს გამარჯვება ადრეულ ეტაპზევე უნდა მოეპოვებინა, რამდენადაც 83 წლის ბოლოსთვის იგი რომში დაბრუნდა, სადაც ტრიუმფი იზეიმა და საკუთარ თავს „გერმანიკუსის“ ტიტულიც უბოძა.[92] დომიციანეს მოჩვენებით გამარჯვებას აბუჩად იგდებდნენ ანტიკური პერიოდის ავტორები, რომლებიც კამპანიას აღწერენ, როგორც „უაზროს“[93] და „ყალბ ტრიუმფს“.[87] მტკიცებულებები რამდენადმე სარწმუნოს ხდის ამ განცხადებებს, რამდენადაც ხატებმა მოგვიანებით, 89 წელს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სატურნინუსის აჯანყებისას.[84]

ბრიტანეთის დაპყრობა (77-84 წწ.)

გნეუს იულიუს აგრიკოლა

ფლავიუსების დინასტიის დროს წარმოებული სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური წყარო ტაციტუსს ეკუთვნის, რომლის მიერ დაწერილი თავისი სიმამრის, გნეუს იულიუს აგრიკოლას ბიოგრაფიაც დიდწილად 77-84 წლებში ბრიტანეთის დაპყრობას ეხება.[84] აგრიკოლამ 77 წელს ბრიტანეთის მმართველობა ჩაიბარა და დაუყოვნებლივ წამოიწყო კამპანია კალედონიაში (დღევანდელი შოტლანდია).

82 წელს აგრიკოლამ გადალახა დაუდგენელი „წყალი“ და დაამარცხა რომაელთათვის მანამდე უცნობი ხალხები.[94] მან ირლანდიის მოპირდაპირე სანაპიროც გაამაგრა და ტაციტუსი აღნიშნავს, რომ მისი სიმამრი ხშირად ამტკიცებდა კუნძულის ერთი ლეგიონითა და რამდენიმე დამხმარე შენაერთით დაპყრობის შესაძლებლობას.[95] აგრიკოლამ თავშესაფარი მისცა დევნილ ირლანდიელ მეფეს და აპირებდა იგი დაპყრობის საბაბად გამოეყენებინა. ეს ლაშქრობა არასდროს შემდგარა, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წყლის გადაკვეთა, რეალურად, ირლანდიაში მოწყობილი მცირემასშტაბიანი დაზვერვითი ან სადამსჯელო ექსპედიცია იყო.[96]

აგრიკოლამ, რომელმაც ყურადღება ირლანდიიდან ბრიტანეთზე გადაიტანა, მომდევნო წელს ფლოტი შეკრიბა და მდინარე ფორთს მიღმა შეიჭრა კალედონიაში. მისი ამ წინსვლის მხარდასაჭერად, ინქტუთილთან აშენდა დიდი ციხესიმაგრეები ლეგიონერებისათვის.[95] 84 წლის გაზაფხულზე რომაელები მონს გრაუპიუსის ბრძოლაში კალედონიის მკვიდრთ დაუპირისპირდნენ, რომლებსაც კალგაკუსი მეთაურობდა.[97] მიუხედავად იმისა, რომ რომის არმიამ მტერი ძლიერ დააზარალა, კალედონიელთა ჯარის ორმა მესამედმა მაინც შეძლო გაქცევა და თავის შოტლანდიის ჭაობებისა და მთებისათვის შეფარება, რამაც, საბოლოო ჯამში, აგრიკოლას საშუალება არ მისცა ბრიტანეთის მთლიანი კუნძული თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია.[95]

85 წელს დომიციანემ აგრიკოლა რომში გამოიძახა. ამ უკანასკნელს ბრიტანეთის მმართველად ექვს თვეზე მეტი ჰქონდა ნამსახური, რაც აღემატებოდა კონსულის ლეგატების ვადას ფლავიუსების ეპოქაში.[95] ტაციტუსის მტკიცებით, დომიციანემ იმიტომ გამოიწვია იგი, რომ აგრიკოლას წარმატებებმა დაჩრდილეს თავად იმპერატორის მიერ გერმანიაში მოპოვებული მოკრძალებული გამარჯვებები.[87] ურთიერთობა აგრიკოლასა და იმპერატორს შორის ბუნდოვანია. ერთი მხრივ, წარმატებული სარდალი ტრიუმფითა და ქანდაკებით დააჯილდოვეს, მეორე მხრივ კი მას აღარასოდეს დაუკავებია სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობა თავისი გამოცდილებისა და სახელის მიუხედავად. მას აფრიკის პროვინციის მმართველობა შესთავაზეს, თუმცა აგრიკოლამ უარი განაცხადა რაც ან ავადმყოფობით იყო გამოწვეული ან, როგორც ტაციტუსი ამტკიცებს, დომიციანეს მაქინაციებით.[98]

ბრიტანეთიდან აგრიკოლას გამოხმობიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ რომის იმპერია აღმოსავლეთში დაკიასთან ომში ჩაება და რადგანაც საჭირო გახდა დამხმარე ძალების შეკრება, 87 ან 88 წელს დომიციანემ ბრიტანეთის პროვინციაში ჯარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიული უკანდახევის ბრძანება გასცა. ინქტუთილის ციხე დაანგრიეს, კალედონიაში მდებარე სიმაგრეები და საგუშაგო კოშკები კი მიატოვეს. იმპერიის საზღვარმა დაახლოებით 120 კმ-ით სამხრეთით გადაიწია.[99] არმია შესაძლოა აღეშფოთებინა იმპერატორის გადაწყვეტილებას უკანდახევაზე, თუმცა დომიციანესთვის კალედონიის მიწები მხოლოდ რომის ხაზინის ზედმეტ ხარჯს წარმოადგენდა.[84]

დაკიური ომები (85-88 წწ.)

დაკიის პროვინცია (ვარდისფერი არეალი) 106 წელს ტრაიანეს დაპყრობის შემდეგ. შავი ზღვა ბევრად აღმოსავლეთითაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელიც რომის იმპერიას დომიციანეს ზეობისას დაემუქრა, ილირიკუმის ჩრდილოური პროვინციიდან გაჩნდა, სადაც სვებები, სარმატები და დაკიელები გამუდმებით აწუხებდნენ დუნაის გასწვრივ არსებულ რომაულ დასახლებებს. მათგან განსაკუთრებით საშიშები იყვნენ სარმატები და დაკიელები. დაახლოებით 84 ან 85 წელს დაკიელებმა მეფე დეკებალუსის მეთაურობით მეზიის პროვინციაში დუნაი გადმოლახეს, ააოხრეს მიდამო და მოკლეს მეზიის მმართველი ოპიუს საბინუსი.[100]

დომიციანემ სწრაფად დაიწყო კონტრშეტევა და პირადად გაემგზავრა რეგიონში მრავალრიცხოვან არმიასთან ერთად, რომელსაც მისი პრეტორიანელების პრეფექტი, კორნელიუს ფუსკუსი მეთაურობდა. ფუსკუსმა წარმატებით შეძლო დაკიელების უკუგდება საზღვართან 85 წლის შუა ხანებში, რამაც იმპერატორს საშუალება მისცა რომში დაბრუნებულიყო და თავისი მეორე ტრიუმფი ეზეიმა.[101]

გამარჯვება ხანმოკლე აღოჩნდა. 86 წელს ფუსკუსმა მარცხიანი ექსპედიცია წამოიწყო დაკიაში, რაც ტაპეს პირველ ბრძოლაში მეხუთე ლეგიონის სრული განადგურებით დასრულდა. ფუსკუსი მოკლეს, პრეტორიანელთა გვარდიის საბრძოლო შტანდარტი კი დაიკარგა.[102] საბრძოლო შტანდარტის, იგივე აკვილას დაკარგვა გამანადგურებელი მარცხის მიმანიშნებელი იყო და რომაელთა ეროვნულ სიამაყეს შეურაცხყოფდა.

86 წელს დომიციანე მეზიაში დაბრუნდა. მან პროვინცია ორ ნაწილად, ზემო და ქვემო მეზიად დაყო და დუნაიზე დამატებით კიდევ სამი ლეგიონი გაგზავნა. 87 წელს რომაელები კიდევ ერთხელ შეიჭრნენ დაკიაში, ამჯერად ტეტიუს იულიანუსის მეთაურობით და საბოლოოდ, შეძლეს დეკებალუსის დამარცხება 88 წლის ბოლოსთვის იმავე ადგილას, სადაც ფუსკუსი დაიღუპა.[103] გათვალისწინებული იყო შეტევა დაკიის დედაქალაქ სარმიზეგეტუსაზე, თუმცა 89 წელს გერმანიის საზღვარზე ახალმა სირთულეებმა იჩინეს თავი.[73]

რათა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, დომიციანემ დეკებალუსთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დაკიის რეგიონში რომაული ჯარის თავისუფალი მოძრაობის თაობაზე, ამავდროულად, დეკებალუსს რომისაგან ყოველწლიურად უნდა მიეღო 8 მილიონი სესტერციუმი.[73] მოვლენათა თანამედროვე ავტორები მკაცრად აკრიტიკებენ ამ ხელშეკრულებას, რამდენადაც მას რომისათვის სამარცხვინოდ მიიჩნევენ, ამასთნ არც საბინუსისა და ფუსკუსის სიკვდილის გამო მომხდარა შურისძიება.[104] დომიციანეს ზეობის დანარჩენი დროის განმავლობაში დაკია მშვიდობიან ვასალ სამეფოდ დარჩა, თუმცაღა დეკებალუსმა რომაული ფული თავდაცვის გასამაგრებლად გამოიყენა.[105]

დომიციანეს, სავარაუდოდ, დაკიის წინააღმდეგ ახალი ომის წამოწყება სურდა და ზემო მეზია დამატებით ორი საცხენოსნო ერთეულით გააძლიერა, რომლებიც მან სირიიდან ჩამოიყვანა. მასვე დაუმატა პანონიიდან ჩამოყვანილი სულ ცოტა 5 კოჰორტა. მოგვიანებით ტრაიანემ გააგრძელა დომიციანეს პოლიტიკა და ზემო მეზიის დამხმარე ძალებს კიდევ ორი დანაყოფი დაუმატა, შემდეგ კი ეს გაძლიერებული არმია თავისი დაკიური ომებისათვის გამოიყენა.[106][107] საბოლოოდ, რომაელებმა დეკებალუსზე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება 106 წელს შეძლეს. რომის არმიამ ამჯერადაც მძიმე ზიანი განიცადა, თუმცა ტრაიანემ წარმატებით შეძლო სარმიზეგეტუსას აღება და რაც მთავარია, მოახერხა დაკიის ოქროსა და ვერცხლის საბადოების დაკავება.[105]

რელიგიური პოლიტიკა

დომიციანეს გენიუსი ეგიდითა და სიუხვის რქით. მარმარილო. კაპიტოლიუმის მუზეუმები, რომი.

დომიციანეს მტკიცედ სწამდა ტრადიციული რომაული რელიგია და მისი მმართველობის პერიოდში არსებობას განაგრძობდა უძველესი ჩვეულებები და მორალი. ფლავიუსების მმართველობის ღვთაებრივი ბუნების გასამართლებლად და დასასაბუთებლად, იგი ხაზს უსვამდა რომაული პანთეონის უმთავრეს ღვთაება იუპიტერთან კავშირებს,[66] რისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაც კაპიტოლიუმის ბორცვზე იუპიტერის ტაძრის აღდგენა იყო. დამცველი იუპიტერის სახელზე აიგო მცირე სამლოცველოც იმ სახლის მახლობლად, რომელსაც მომავალმა იმპერატორმა 69 წლის 20 დეკემბერს შეაფარა თავი. მოგვიანებით, დომიციანემ ეს შენობა უფრო მდიდრულით ჩაანაცვლა.[108]

მიუხედავად ამისა, იგი ყველაზე მგზნებარედ ქალღმერთ მინერვას სცემდა თაყვანს. გარდა იმისა, რომ საკუთარ საძინებელში მისდამი მიძღვნილი სალოცავი ჰქონდა მოწყობილი, ქალღმერთი რეგულარულად ჩნდება მის მონეტებზე და I ლეგიონსაც მის პატივსაცემად მინერვა ეწოდა.[109]

დომიციანემ აღადგინა საიმპერატორო კულტის პრაქტიკაც, რომელიც გამოყენებიდან ვესპასიანეს ზეობის დროს ამოვარდა. მრავლისმთქმელია ის ფაქტიც, რომ მისი, როგორც იმპერატორის პირველი ქმედება ძმის, ტიტუსის გაღმერთება იყო. სავარაუდოდ, გარდაცვალების შემდეგ ღმერთებად შერაცხეს დომიციანეს ჩვილი ვაჟი და ძმისშვილი, იულია ფლავია. იმპერატორის ფიგურის რელიგიურ მხარესთან დაკავშირებით, როგორც სვეტონიუსი და დიონ კასიუსი ამტკიცებენ, დომიციანემ საკუთარ თავს ოფიციალურად მიანიჭა ტიტული ბატონი და ღმერთი (Dominus et Deus — დომინუს ეტ დეუს).[110][111] თუმცაღა მან არა მხოლოდ უარყო ტიტული ბატონი (Dominus — დომინუს) თავისი ზეობისას,[112][113] არამედ რამდენადაც ეს მოვლენა არც რაიმე ოფიციალურ დოკუმენტში ასახულა და არც მის მიერ მოჭრილ მონეტებზე, ზოგიერთი ისტორიკოსი (მაგ. ბრაიან ჯონსი) აცხადებს, რომ ამგვარად დომიციანეს მლიქვნელები მიმართავდნენ, რომელთაც იმპერატორის გულის მოგება სურდათ.[69]

საიმპერატორო ოჯახისადმი თაყვანისცემის წასახალისებლად, დომიციანემ ვესპასიანეს ძველი სახლის ადგილას კვირინალის ბორცვზე დინასტიური მავზოლეუმი ააგო[114] და დაასრულა ვესპასიანესა და ტიტუსის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გაღმერთებული მამისა და ძმის თაყვანისცემისათვის განკუთვნილ სალოცავს წარმოადგენდა.[55] ფლავიუსების ოჯახის სამხედრო ტრიუმფების უკვდავსაყოფად, ბრძანა ტემპლუმ დივორუმისა და ტემპლუმ ფორტუნა რედუქსის მშენებლობა და დაასრულა ტიტუსის თაღი.

ზემოთხსენებულის მსგავსი სამშენებლო პროექტები მხოლოდ ყველაზე ხილული ნაწილი იყო დომიციანეს რელიგიური პოლტიკისა, რომელიც საკუთარ თავში რელიგიური სჯულისა და საჯარო მორალის განმტკიცებასაც მოიცავდა. 85 წელს მან საკუთარი თავი მუდმივ ცენზორადაც დანიშნა. ეს თანამდებობა რომაული მორალისა და ყოფა-ქცევის ზედამხედველობის ფუნქციასაც გულისხმობდა.[115] დომიციანე ამ ამოცანას ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მან აღადგინა იულიას კანონი, რომელიც მრუშობის გაძევებით დასჯას ითვალისწინებდა. მსაჯულთა სიიდან მან ამოშალა მხედარი, რომელიც გაშორდა ცოლს და შემდეგ უკან დაიბრუნა ის, ხოლო ყოფილი კვესტორი სენატიდან ცეკვის გამო გარიცხა.[68]

დომიციანე სასტიკად დევნიდა კორუფციას საჯარო მოხელეთა შორის. ქრთამის აღების შემთხვევაში თანამდებობიდან ხსნიდა მსაჯულებს და აუქმებდა კანონმდებლობას ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ეჭვის შემთხვევაში.[68] მან შექმნა იმის გარანტიაც, რომ ცილისმწამებლური ხასიათის ნაწერის შექმნა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული, გაძევებით ან სიკვდილით დაისჯებოდა.[68] მსახიობებსაც მსგავსადვე ეჭვის თვალით უყურებდნენ, რამდენადაც მათი წარმოდგენები მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით შესაძლებელია სატირული შინაარსის ყოფილიყო.[116] ამდენადვე საჯაროდ გამოსვლა აუკრძალა მიმებსაც.

87 წელს გამოაშკარავდა, რომ ვესტალებს დარღვეული ჰქონდათ სიკვდილამდე უბიწოების ღვთაებრივი აღთქმა. რამდენადაც ვესტალები საზოგადოების ქალიშვილებად მიიჩნეოდნენ, მათი მიერ ამგვარი საქციელის ჩადენა ინცესტს უთანაბრდებოდა. შესაბამისად ნებისმიერი ასეთი ცოდვა სიკვდილით ისჯებოდა. სასჯელის აღსრულების სახეს კი ან დამნაშავე ირჩევდა ანდა მათ უძველესი წესით, ცოცხლად დამარხვით კლავდნენ.[117]

უცხოური წარმოშობის რელიგიებს შემწყნარებლურად ექცეოდნენ იმდენად, რამდენადაც ისინი ხელს არ უშლიდნენ საჯარო წესრიგს ან შეიძლებოდა შერწყმულიყვნენ ტრადიციულ რომაულ რელიგიასთან. ეგვიპტური ღვთაებების თაყვანისცემა კი კომოდუსის მმართველობამდე არ ყოფილა ისე გავრცელებული, როგორც ფლავიუსების დინასტიის ზეობისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სერაპისისა და ისიდას თაყვანისცემა, რომლებიც, შესაბამისად, იუპიტერსა და მინერვასთან იყვნენ გაიგივებულნი.[109]

მეოთხე საუკუნის ისტორიკოსის, ევსები კესარიელის თანახმად, დომიციანეს მმართველობის ბოლოსთვის იუდეველები და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ.[118][119] ზოგიერთის აზრით, იოანეს გამოცხადება ამ პერიოდში უნდა იყოს დაწერილი.[120] მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები მძიმედ იყვნენ დაბეგრილნი, არც ერთი თანამედროვე ავტორი არ მიუთითებს არარომაულ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენების მოტივზე დამყარებულ სასამართლოებსა თუ სიკვდილით დასჯებზე.[121]

წინააღმდეგობები

სატურნინუსის აჯანყება (89)

დომიციანე, კაპიტოლიუმის მუზეუმები, რომი

89 წლის 1 იანვარს ზემო გერმანიის მმართველმა, ლუციუს ანტონიუს სატურნინუსმა, მაინცთან მყოფ თავის ორ ლეგიონთან ერთად ხატების მხარდაჭერით აჯანყება წამოიწყო.[90] აჯანყების ზუსტი მიზეზი ბუნდოვანია, თუმცა, როგროც ჩანს, იგი კარგად იყო დაგეგმილი. სენატორთა კლასის ოფიცრები ალბათ გმობდნენ დომიციანეს სამხედრო სტრატეგიებს, როგორიც იყო გერმანიის საზღვრის გამაგრება შეტევის ნაცვლად, ასევე, მისი ბოლოდროინდელი უკანდახევა ბრიტანეთში და სამარცხვინო დაშოშმინების პოლიტიკა დეკებალუსთან ურთიერთობაში.[122]

ნებისმიერ შემთხვევაში ჯანყი საიდუმლოდ იყო დამალული სატურნინუსის პროვინციაში და მალევე გამჟღავნდა, როგორც კი მეზობელ პროვინციებში მომხდარის შესახებ ხმები გავრცელდა. ქვემო გერმანიის მმართველი, ავლუს ბუკიუს ლაპიუს მაქსიმუსი რეციის პროკურატორთან, ტიტუს ფლავიუს ნორბანუსთან ერთად მაშინვე გაემართა რეგიონისკენ. ესპანეთიდან გამოიძახეს ტრაიანე, დომიციანე კი პირადად ჩამოვიდა რომიდან პრეტორიანელთა გვარდიის თანხლებით.[123]

დამდნარმა წყალმა ხატებს საშუალება არ მისცა რაინი გადმოელახათ და სატურნინუსს დახმარებოდნენ.[123] 24 დღეში აჯანყება ჩაახშეს და მისი წინამძღოლები მაინცთან სასტიკად დასაჯეს. მეამბოხე ლეგიონები ილირიკუმში, ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, ხოლო ის ლეგიონები, რომლებიც იმპერატორს ამბოხების ჩახშობაში დაეხმარნენ სათანადოდ დააჯილდოვეს.[124]

ლაპიუს მაქსიმუსმა სირიის მმართველობა მიიღო, 95 წელს კი მეორედ გახდა კონსული და ქურუმი. ამ უკანასკნელ თანამდებობას იგი 102 წელსაც ფლობდა. ტიტუს ფლავიუს ნორბანუსი შესაძლოა ეგვიპტის პრეფექტურაში დაეწინაურებინათ, მაგრამ 94 წელს უდავოდ გახდა პრეტორიანელთა პრეფექტი ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსთან ერთად.[125] დომიციანემ აჯანყების შემდეგი წელი კონსულობის მარკუს კოკიუს ნერვასათვის გაზიარებით დაიწყო, რომელსაც გარკვეული როლი ჰქონდა ნათამაშები შეთქმულების გამჟღავნების საქმეში, შესაძლებელია ისეთივე ფორმით, როგორც ეს პიზონის შეთქმულების დროს გააკეთა ნერონის მმართველობისას.[126]

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამაა ცნობილი ნერვას ცხოვრებასა და კარიერაზე, სანამ 96 წელს იმპერატორი გახდებოდა, იგი ადვილად შემგუებელი დიპლომატი უნდა ყოფილიყო, რომელიც მრავალი რეჟიმის ცვლილებას გადაურჩა და ფლავიუსების ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი გახდა.[126] აქედან გამომდინარე, მისი კონსულობაც შესაძლოა რეჟიმის სტაბილურობისა და არსებული სტატუს კვოს ხაზგასმას ისახავდა მიზნად.[127] რევოლუცია დამარცხდა და იმპერიაც წესრიგს დაუბრუნდა.

ურთიერთობა სენატთან

დომიციანე სამხედრო მორთულობაში. ვეზონ-ლა-რომენი, საფრანგეთი.

რესპუბლიკის დაცემის შემდეგ რომის სენატის ავტორიტეტი მნიშვნელოვანწილად დაკნინდა ავგუსტუსის მიერ შექმნილი მმართველობის კვაზი-მონარქიული სისტემის პერიოდში, რომელიც პრინციპატის სახელითაა ცნობილი. პრინციპატი დე ფაქტო დიქტატორულ რეჟიმს არსებობის შესაძლებლობას აძლევდა და ამავდროულად რომის რესპუბლიკის გარეგნულ ფასადსაც ინარჩუნებდა.[128] იმპერატორთა უმეტესობა იცავდა დემოკრატიის საჯარო ფასადს, სანაცვლოდ კი სენატი უყოყმანოდ აღიარებდა იმპერატორის დე ფაქტო მონარქის სტატუსს.[129]

ზოგიერთი მმართველი ამ ფაქტობრივ შეთანხმებას სხვებთან შედარებით მეტი სიფრთხილით, ფაქიზად ეპყრობოდა, თუმცა დომიციანე ამგვარი პიროვნება არ იყო. მმართველობის დასაწყისიდანვე მან ხაზი გაუსვა თავისი თვითმპყრობლობის რეალურობას.[129] იგი ვერ იტანდა არისტოკრატიას და არც ეშინოდა ამის ჩვენების. დომიციანემ სენატს გადაწყვეტილების მიღების ყოველგვარი ძალაუფლება ჩამოართვა. სანაცვლოდ კი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანამდებობებების გაკონტროლებაში მეგობრებისა და მხედრების მცირერიცხოვან ჯგუფს ეყრდნობოდა.[130]

ეს სიძულვილი ორმხრივი იყო. დომიციანეს მკვლელობის შემდეგ სენატორები სასწრაფოდ სენატის შენობისაკენ გაემართნენ, სადაც მისი ხსოვნის მივიწყება გამოაცხადეს.[131] ნერვა-ანტონინუსების დინასტიის მმართველობის პირობებში სენატორმა ავტორებმა გამოაქვეყნეს ისტორიული ნაშრომები, რომლებიც ყოფილ იმპერატორს ტირანად წარმოაჩენდნენ.[129]

მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა თანახმად, დომიციანე სენატორთა პოზიციის მიმართ გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა. მაშინ როდესაც ვესპასიანესა და ტიტუსს კონსულის ძალაუფლება დიდწილად ფლავიუსების ოჯახის ხელში ჰქონდათ თავმოყრილი, დომიციანემ ნება დართო პროვინციელთა და შესაძლო მეტოქეთა მოულოდნელად დიდ რაოდენობას დაეკავებინათ კონსულის თანამდებობა და გასძღოლოდნენ ოფიციალურ კალენდარს წლის გახსნით ჩვეულებრივი კონსულების როლში.[132] შეუძლებელია დადგინდეს იყო თუ არა ეს მის მიმართ მტრულად განწყობილ სენატის დაჯგუფებებთან შერიგების გულწრფელი მცდელობა. პოტენციური მოწინააღმდეგეებისათვის კონსულობის შეთავაზებით დომიციანეს შესაძლოა ამ სენატორების მათი მხარდამჭერების თვალში დამცირება სურდა. როდესაც ამ პირების მოქმედება არადამაკმაყოფილებელი ხდებოდა, იწყებოდა სასამართლო პროცესები, რომლებიც მათი გაძევებით ან სიკვდილით დასჯით სრულდებოდა, მათი ქონება კი კონფისკაციას ექვემდებარეობოდა.[130]

ტაციტუსი და სვეტონიუსი აცხადებენ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლოსათვის იმატა დევნების რიცხვმა და მკვეთრი მატების წერტილად 93 წელს ასახელებენ ან ზოგჯერ 89 წლის სატურნინუსის წარუმატებელ აჯანყებას.[133][134] სიკვდილით დაისაჯნენ სულ ცოტა 20 სენატორი,[135] მათ შორის იყვნენ დომიცია ლონგინას ყოფილი ქმარი, ლუციუს ელიუს ლამია და საკუთრივ დომიციანეს ოჯახის სამი წევრიც: ტიტუს ფლავიუს საბინუსი, ტიტუს ფლავიუს კლემენსი და მარკუს არეცინუს კლემენსი.[136] მათგან ზოგიერთი შედარებით ადრე 83 ან 85 წლისთვის დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ტაციტუსს მაინც აძლევს მცირეოდენ საბაბს საიმისოდ, რომ დომიციანეს მმართველობის ბოლო პერიოდი „ტერორის ზეობად“ მოიხსენიოს. სვეტონიუსის თანახმად, ზოგიერთი მათგანი კორუფციის ან ღალატის ბრალდებით გაასამართლეს, სხვებს კი გაცვეთილი, უბრალო ბრალდებები წაუყენეს, რასაც დომიციანე თავისი ეჭვით ამართლებდა:

ამბობდა, რომ ყველაზე უბადრუკად პრინცეპსები ცხოვრობდნენ, რადგან სანამ სულს არ ამოხდიდნენ, არავინ იჯერებდა, რომ მათ წინააღმდეგ მართლაც იყო მოწყობილი შეთქმულება.[137]

ჯონსი დომიციანეს დროინდელ სიკვდილით დასჯებს იმპერატორ კლავდიუსისას ადარებს და აღნიშნავს, რომ კლავდიუსმა სიკვდილით დასაჯა დაახლოებით 35 სენატორი და 300 მხედარი, თუმცა სენატმა მაინც გააღმერთა და მას ერთ-ერთ კარგ იმპერატორადაც კი განიხილავდნენ.[138] დომიციანეს აშკარად არ შეეძლო არისტოკრატიის მხარდაჭერა მოეპოვებინა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის მიმართ მტრულად განწყობილი სენატორთა დაჯგუფებებისათვის კონსულობის მიცემით მათთან ურთიერთობების დალაგების მცდელობებს. მმართველობის მისმა თვითმპყრობლურმა სტილმა სენატს ძალაუფლება დააკარგვინა, ხოლო პატრიციებისა და საკუთარი ოჯახის წევრების მიმართაც კი ყველა დანარჩენის მსგავსად მოპყრობამ იმპერატორს მათი ზიზღიც მოუტანა.[138]

სიკვდილი და პოლიტიკური მემკვიდრეობა

მკვლელობა (96)

სვეტონიუსის თანახმად, დომიციანე ცრუმორწმუნე მოწიწებით სცემდა თაყვანს მინერვას, როგორც მფარველ ქალღმერთს. როგორც ამბობდნენ, მკვლელობის წინ იგი სიზმარში გამოეცხადა იმპერატორს და მის დაცვაზე უარი თქვა.

96 წლის 18 სექტემბერს დომიციანე საიმპერატორო კარის მოხელეთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად სასახლეში მოკლეს.[139] სვეტონიუსის ნაშრომი საკმაოდ დეტალურად აღწერს შეთქმულებასა და მკვლელობას. იგი ამტკიცებს, რომ შეთქმულების მთავარი წამომწყები დომიციანეს ხაზინადარი პართენიუსი იყო და მთავარ მოტივად მცირე ხნით ადრე იმპერატორის მიერ საკუთარი მდივნის, ეპაფროდიტუსის სიკვდილით დასჯას ასახელებს.[140][141] დომიციანეს სიცოცხლე უშუალოდ პართენიუსის აზატმა, მაქსიმუსმა და იმპერატორის დისწულის, ფლავია დომიცილას მსახურმა, სტეფანუსმა მოუსწრაფეს.[142]

ნაკლებად აშკარაა ნამდვილად მონაწილეობდნენ შეთქმულებაში პრეტორიანელები თუ არა. ამ დროისათვის გვარდიას ტიტუს ფლავიუს ნორბანუსი და ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი ხელმძღვანელობდნენ. ამ უკანასკნელისათვის კი თითქმის უეჭველად იყო ცნობილი შეთქმულების შესახებ.[142] დიონ კასიუსი, რომელიც მკვლელობიდან თითქმის ასი წლის შემდეგ წერდა თავის ნაშრომს, შეთქმულებს შორის დომიცია ლონგინასაც ასახელებს, თუმცაღა თუ გავითვალისწინებთ მის დამტკიცებულ ერგულებას ქმრისადმი დომიციანეს გარდაცვალებიდან წლების შემდეგაც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მართლაც მონაწილეობდა შეთქმულებაში.[47]

დიონ კასიუსი იმასაც ამბობს, რომ მკვლელობას იმპროვიზებული ხასიათი ჰქონდა, ხოლო სვეტონიუსი კარგად დაგეგმილ შეთქმულებაზე საუბრობს.[143] თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე სტეფანუსმა მოიგონა რომ ჭრილობა ჰქონდა, რათა სახვევების ქვეშ ხანჯალი დაემალა. მკვლელობის დღეს მსახურების საცხოვრებლების კარები დაკეტილი იყო, დომიციანეს პირადი ხმალი კი, თავდაცვის უკანასკნელი იარაღი, რომელსაც იგი ბალიშის ქვეშ მალავდა, წინასწარ მოიპარეს.[144]

იმპერატორს სჯეროდა ასტროლოგთა წინასწარმეტყველების, რომლის თანახმადაც, იგი შუადღისით უნდა გარდაცვლილიყო, ამიტომაც დღის ამ მონაკვეთში მოუსვენრად იყო. თავის უკანასკნელ დღეს დომიციანე თავს აფორიაქებულად გრძნობდა და მსახურს რამდენიმეჯერ ჰკითხა თუ რა დრო იყო. ბიჭმა, რომელიც შეთქმულებაში იყო გარეული, იცრუა და უთხრა რომ ჯერ შუადღემდე ბევრად ადრე იყო.[144] დამშვიდებული იმპერატორი თავისი სამუშაო მაგიდისაკენ გაეშურა რათა რამდენიმე ბრძანებისათვის ხელი მოეწერა, როდესაც სვეტონიუსის თანახმად, მოულოდნელად სტეფანუსი მიუახლოვდა:

[სტეფანუსმა] მოიმიზეზა შეთქმულთა მხილება და ამის გამო დომიციანესთან შეიყვანეს. მან იმპერატორს წერილი გაუწოდა და სანამ იგი თავგზააბნეული კითხულობდა მას, საზარდულში ხანჯალი ჩასცა. დაჭრილმა გაიბრძოლა, მაგრამ კორნიკულარიუსმა კლოდიანუსმა და პართენიუსის აზატმა მაქსიმუსმა, აგრეთვე საძინებლის მსახურთა დეკურიონმა სატურმა და საიმპერატორო სკოლის რომელიღაც გლადიატორმა მას შვიდი დარტყმით მოუღეს ბოლო.[145]

დომიციანე და სტეფანუსი რაღაც დროის განმავლობაში იატაკზე იბრძოდნენ, სანამ იმპერატორი საბოლოოდ არ დაჯაბნეს და შეთქმულებმაც სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრძოლისას დომიციანემ სტეფანუსს მახვილი ჩასცა და ეს უკანასკნელიც მალევე გარდაიცვალა. დაახლოებით შუადღისთვის, თავის 45-ე დაბადების დღემდე მხოლოდ ერთი თვით ადრე, ფლავიუსების დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი სხეული გავრცელებული სტილის კუბოთი გადაიტანეს და დომიციანეს გამდელმა ფილისმა მას უცერემონიოდ ჩაუტარა კრემაცია. მოგვიანებით მან იმპერატორის ფერფლი მისივე ძმისშვილის, იულიას ფერფლს შეურია ფლავიუსების ტაძარში.[146]

სვეტონიუსის მიხედვით, არსებობდა მრავალი ომენი, რომელიც დომიციანეს სიკვდილს მოასწავებდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მას სიზმარში მინერვა გმოეცხადა და ამცნო, რომ იგი იუპიტერმა განაიარაღა და მის დაცვას ვეღარ შეძლებდა.[109][147]

პოლიტიკური მემკვიდრეობა

დომიციანეს მკვლელობისთანავე სენატმა ნერვა იმპერატორად გამოაცხადა.

ფასტები, ოსტიური კალენდარი, გადმოგვცემს, რომ დომიციანეს მკვლელობის დღესვე სენატმა იმპერატორად მარკუს კოკიუს ნერვა გამოაცხადა.[148] მისი პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, ეს შესანიშნავი არჩევანი იყო. ნერვა ხანდაზმული და უშვილო იყო. კარიერის უმეტესი ნაწილი კი საზოგადოებისაგან მოფარებულად ჰქონდა გატარებული, რამაც უბიძგა როგორც ანტიკური პერიოდის, ისე თანამედროვე ავტორებს ეჭვები გამოეთქვათ დომიციანეს მკვლელობაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.[149][150]

დიონ კასიუსის მიხედვით, შეთქმულებს ნერვასთან, როგორც მომავალ იმპერატორთან, მკვლელობამდე ჰქონდათ მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან, სულ მცირე, იცოდა მაინც გეგმის შესახებ.[151][152] იგი არ ჩნდება მოვლენათა სვეტონიუსისეულ ვერსიაში, თუმცა ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, რამდენადაც მისი ნაშრომები ნერვას პირდაპირი შთამომავლების, ტრაიანესა და ადრიანეს დროს გამოქვეყნდა. იმის აღნიშვნა, რომ დინასტია ხელისუფლებაში მოსვლას მკველობას უმადლოდა, ნაკლებად კორექტული იქნებოდა.[151]

მეორე მხრივ, ნერვა იმპერიაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობდა და მისი, როგორც ფლავიუსების ერთგული მხარდამჭერის რეპუტაციასა და ცხოვრებაში განვლილ გზასაც არ უნდა გამოეწვია დიდი ნდობა შეთქმულებში. ზუსტი ფაქტები ისტორიამ ბუნდოვანი გახადა,[153] თუმცაღა თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ნერვა იმპერატორად მხოლოდ სენატის საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა, მკვლელობის ამბის გაგებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.[148] გადაწყვეტილების ასე ნაჩქარევად მიღება ალბათ სამოქალაქო ომის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად, თუმცა არც ნერვა და არც სენატი შეთქმულებაში გარეული არ უნდა ყოფილიყო.[154]

ყველაფრის მიუხედავად, დომიციანეს სიკვდილმა სენატი გაახარა და ნერვას ტახტზე ასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოსცა დამნაციო მემორიე (ხსოვნის შეჩვენება) მის სახელზე, რომლის ძალითაც ყოფილი იმპერატორის მონეტები და ქანდაკებები გადაადნეს, თაღები დაანგრიეს, სახელი კი ყველა საჯარო ჩანაწერიდან ამოშალეს.[155] დომიციანე და საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პუბლიუს სეპტიმიუს გეტა იყვნენ ის ორი იმპერატორი, რომლებმაც ოფიციალურად მიიღეს დამნაციო მემორიე, თუმცაღა სხვები შესაძლოა დე ფაქტო შეეჩვენებინათ. მრავალ შემთხვევაში დომიციანეს არსებული პორტრეტები, როგორიცაა კანცელერიის რელიეფზე, უბრალოდ ხელახლა გამოკვეთეს იმგვარად, რომ ნერვასათვის დაემსგავსებინათ, რამაც ახალი გამოსახულებების სწრაფ გამრავლებასა და მასალის ხელახლა გამოყენებას შეუწყო ხელი.[156] ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატის ბრძანება ნაწილობრივ შესრულდა რომში, იტალიის გარეთ მდებარე პროვინციათა უმეტესობამ კი საერთოდ უგულვებელყო ის.[155]

სვეტონიუსის თანახმად, რომის მოსახლეობა დომიციანეს სიკვდილის ამბავს გულგრილად შეხვდა, თუმცა არმია ბევრად უფრო ნაწყენი იყო. ჯარისკაცები მკვლელობის შემდეგ მის დაუყოვნებლივ გაღმერთებას მოითხოვდნენ და ზოგიერთ პროვინციაში აჯანყდნენ კიდევაც.[157] კომპენსაციად პრეტორიანელთა გვარდიამ მკვლელების სიკვდილით დასჯა მოითხოვა, თუმცა ნერვამ ამაზე უარი განაცხადა. ამის ნაცვლად მან მხოლოდ ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი დაითხოვა და იგი ყოფილი მხედართმთავრით, კასპერიუს ელიანუსით ჩაანაცვლა.[158]

ამ საკითხებზე უკმაყოფილება ნერვას მმართველობას შავ ზოლად გასდევდა და საბოლოოდ 97 წლის ოქტომბრის კრიზისით დაგვირგვინდა, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის წევრებმა კასპერიუს ელიანუსის მეთაურობით ალყაში მოაქციეს საიმპერატორო სასახლე და ნერვა ტყვედ აიყვანეს.[159] იგი იძულებული გახდა შეესრულებინა მათი მოთხოვნები, გადაეცა დომიციანეს სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები და აჯანყებული პრეტორიანელებისათვის მადლობის გადასახდელად სიტყვითაც კი გამოსულიყო.[159] ტიტუს პეტრონიუს სეკუნდუსი და პართენიუსი მოძებნეს და დახოცეს. ნერვა ამ ყოველივეს უვნებელი გადაურჩა, თუმცაღა მისმა რეპუტაციამ აუნაზღაურებელი დარტყმა მიიღო. ამ მოვლენებიდან მალევე მან გამოაცხადა, რომ ტრაიანეს შვილობილად და მემკვიდრედ ასახელებდა, რაც არსებითად ტახტიდან გადადგომასაც ნიშნავდა.[160]

ისტორიოგრაფიაში

ანტიკურ წყაროებში

დომიციანე, როგორც იმპერატორი. შესაძლოა, ნერონის ქანდაკებისაგან იყოს გამოკვეთილი. ვატიკანის მუზეუმები.

კლასიკური შეხედულება დომიციანეზე, ძირითადად, უარყოფითია, რამდენადაც ანტიკური წყაროების ავტორთა უმეტესობა სენატორულ ან არისტოკრატიულ კლასებთან იყო დაკავშირებული, რომლებთანაც ყოფილ იმპერატორს განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.[131] გარდა ამისა, მისი ეპოქის თანამედროვე ისტორიკოსებმა, როგორებიც იყვნენ პლინიუს უმცროსი, ტაციტუსი და სვეტონიუსი, დომიციანეს მმართველობის შესახებ ცნობები მას შემდეგ დაწერეს, რაც იმპერატორი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ხსოვნა კი მივიწყებული. დომიციანეს კარის პოეტების, მარციალისისა და სტაციუსის ნაშრომები, ფაქტობრივად, მისი ზეობის თანადროული ერთადერთი ლიტერატურულ მტკიცებულებაა. მარციალისისა და სტაციუსის ლექსების შინაარსი ალბათ ისევე არაა გასაკვირი, როგორც დომიციანეს შემდგომი ისტორიკოსების პოზიციები. ეს ლექსები მკვეთრად გამოხატული მლიქვნელური ხასიათისაა და იმპერატორის მიღწევებს ღმერთების თანასწორად განადიდებს.[161]

დომიციანეს ცხოვრების შესახებ ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ვრცელი წყარო სვეტონიუსს ეკუთვნის, რომელიც ვესპასიანეს ზეობის დროს დაიბადა და თავისი ნაშრომი ადრიანეს მმართველობის პერიოდში (117-138 წწ.) გამოაქვეყნა. სწორედ მისი თორმეტი კეისრის ცხოვრების წყალობითაა ცნობილი ჩვენთვის იმ ინფორმაციის უმეტესობა, რაც დომიციანეს შესახებ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექსტი მეტად უარყოფითია, ის არც კიცხავს და არც განადიდებს იმპერატორს და აცხადებს, რომ მისი მმართველობა კარგად დაიწყო, მაგრამ თანდათანობით ტერორში გადაიზარდა.[162] მიუხედავად ყველაფრისა, ეს ბიოგრაფია პრობლემურია, რადგანაც იგი ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება დომიციანეს მმართველობასა და პიროვნებას, მეორე მხრივ კი მას კეთილსინდისიერ, თავდაჭერილ კაცად, დეკადენტ ლიბერტარიანისტად წარმოაჩენს.[23]

სვეტონიუსის თანახმად, დომიციანე მთლიანად იგონებდა თავის ინტერესს ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი და არასდროს შეუწუხებია თავი კლასიკოს ავტორებს გასცნობოდა. სხვა შემთხვევა, რომელიც იმპერატორის სიყვარულის ეპიგრამულ გამოხატვაზე მიანიშნებს, აღნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, მისთვის უცხო არ იყო კლასიკოსი მწერლები და ამასთან იგი მფარველობას უწევდა პოეტებსა და არქიტექტორებს, დააარსა სახელოვნებო ოლიმპიადა და პირადად აღადგინა რომის დამწვარი ბიბლიოთეკა დიდი ხარჯის ფასად.[23]

თორმეტი კეისრის ცხოვრება, აგრეთვე, გადმოგვცემს რამდენიმე შეურაცხმყოფელ ამბავს დომიციანეს საქორწინო ცხოვრებასთან დაკავშირებით. სვეტონიუსის თანახმად, დომიცია ლონგინა 83 წელს ცნობილ მსახიობთან, პარისთან ურთიერთობის გამო გააძევეს. როგორც ამბობდნენ, როდესაც იმპერატორმა ამის შესახებ შეიტყო, პარისი ქუჩაში მოკლა და დაუყოვნებლივ გაეყარა ცოლს. სვეტონიუსი იმასაც ამატებს, რომ დომიციას გადასახლების შემდეგ, დომიციანემ დაიბრუნა იულია, როგორც საყვარელი, რომელიც მოგვიანებით აბორტის წარუმატებელი მცდელობის შედეგად გარდაიცვალა.[48][163]

უნდა ითქვას, რომ ამ ყოველივეს თანამედროვე ისტორიკოსები მეტად არადამაჯერებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ დომიციანეს ღალატთან დაკავშირებულ ამგვარ ღვარძლიან ჭორებს ანტიკური პერიოდის ისტორიკოსები მიზანმიმართულად იმეორებდნენ, რათა ხაზი გაესვათ იმპერატორის ფარისევლობისათვის, რომელიც საჯაროდ ავგუსტუსისეული მორალის აღორძინებას ქადაგებდა, პირად ცხოვრებაში კი არაზომიერებას ემორჩილებოდა და გარემოცვაც კორუმპირებული ჰყავდა.[164] მიუხედავად ამისა, სვეტონიუსის ნაშრომი საუკუნეთა განმავლობაში დომინირებდა საიმპერატორო ისტორიოგრაფიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტაციტუსი, ჩვეულებრივ, თავისი ეპოქის ყველაზე სანდო ავტორადაა მიჩნეული, დომიციანეს შესახებ მის ხედვებს ართულებს ის გარემოება, რომ მისი სიმამრი, გნეუს იულიუს აგრიკოლა, შესაძლებელია იმპერატორის პირადი მტერი ყოფილიყო.[165] თავის ბიოგრაფიულ ნაშრომში აგრიკოლა, ტაციტუსი იმ აზრზეა, რომ კალედონიაში მოპოვებულმა მისმა ტრიუმფმა გამოკვეთა დომიციანეს, როგორც სამხედრო მთავარსარდლის უუნარობა, რის გამოც აგრიკოლას გადადგომა აიძულეს. ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი, მაგალითად, დორი, ამტკიცებს, რომ სინამდვილეში აგრიკოლა დომიციანეს ახლო მეგობარი იყო და ტაციტუსს მხოლოდ ის სურდა, რომ ნერვას გაიმპერატორების შემდეგ, თავისი ოჯახი დაცემული დინასტიისათვის ჩამოეშორებინა.[165][166]

ტაციტუსის ყველა ძირითადი ისტორიული ნაშრომი, ისტორიისა და აგრიკოლას ბიოგრაფიის ჩათვლით, დაიწერა და გამოქვეყნდა დომიციანეს მემკვიდრის, ნერვასა და ტრაიანეს მმართველობის პერიოდში. სამწუხაროდ, ტაციტუსის ისტორიის ის ნაწილი, რომელიც ფლავიუსების დინასტიის ზეობას ეხება, თითქმის მთლიანად დაკარგულია. თუმცაღა მისი შეხედულებები დომიციანეზე შემორჩა პირველი ხუთი წიგნის მოკლე კომენტარებსა და აგრიკოლას ბიოგრაფიაში გადმოცემულ მოკლე, თუმცა მეტად უარყოფით დახასიათებაში, სადაც იგი მკაცრად აკრიტიკებს იმპერატორის სამხედრო მცდელობებს. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ტაციტუსი იმასაც აღიარებს, რომ ფლავიუსების დინასტიასთან ვალშია, რამდენადაც მას უმადლის თავის საჯარო კარიერას.[167]

მეორე საუკუნის სხვა მნიშვნელოვანი ავტორებიდან აღსანიშნავია იუვენალისი და პლინიუს უმცროსი. ეს უკანასკნელი ტაციტუსის მეგობარი იყო და 100 წელს მიიღო მისი ცნობილი პანიგერიკუს ტრაიანი, სანამ ტრაიანე და რომის სენატი აღდგენილი მშვიდობის ახალ ერას განადიდებდნენ, დომიციანეს კი ტირანად შერაცხავდნენ. იუვენალისი სასტიკად დასცინის დომიციანეს კარს თავის სატირებში და იმპერატორსა და მის ეპოქას კორუმპირებულად, სასტიკად და უსამართლოდ წარმოაჩენს. ყოველივე ამის შედეგად, მეორე საუკუნის ბოლოსთვის ანტიდომიციანური განწყობილება უკვე მტკიცედ იყო დამკვიდრებული და კიდევ უფრო გაიზარდა მესამე საუკუნეში ადრეული ქრისტიანი ისტორიკოსები მიერ, რომლებიც დომიციანეს ქრისტიანთა ადრეულ მდევნელად მიიჩნევდნენ.

თანამედროვე შეხედულებები

დომიციანეს ბიუსტი მუხის გვირგვინით. პალაცო მასიმო ალე ტერმე. რომი.

მტრული შეხედულებები დომიციანესთან დაკავშირებით გაბატონებულ მდგომარეობას ინარჩუნებდა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, სანამ არქეოლოგიისა და ნუმიზმატიკის წინსვლამ განახლებული ყურადღება არ მიაპყრო მის მმართველობას და ლიტერატურაში ტაციტუსისა და პლინიუს უმცროსის მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპის გადახედვის აუცილებლობის საკითხი არ დააყენა. 1930 წელს რონალდ საიმი ამტკიცებდა დომიციანეს ფინანსურ პოლიტიკაზე არსებული შეხედულებების სრული გადაფასების საჭიროებას, რაც მანამდე, უმეტესწილად, კატასტროფულად დასრულებულ რეფორმად მიაჩნდათ. საიმი აღნიშნავს, რომ:

ნიჩბებით შესრულებულმა სამუშაომ და საღი აზრის გამოყენებამ ტაციტუსისა და პლინიუსის გავლენის შესუსტების საქმეში დიდი როლი ითამაშეს და დომიციანეს ხსოვნა შერცხვენიდან თუ მივიწყებიდან გამოიყვანეს, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია.
რონალდ საიმი, იმპერიის ფინანსები დომიციანეს, ნერვასა და ტრაიანეს დროს

მეოცე საუკუნეში დომიციანეს სამხედრო, ადმინისტრაციული და ეკონომიკური პოლიტიკის ხელახლა შეფასება მოხდა, თუმცაღა მთელი წიგნის ზომის ნაშრომები 1990-იან წლებამდე არ გამოქვეყნებულა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრაიან უ. ჯონსის იმპერატორი დომიციანე. თავის მონოგრაფიაში ჯონსი ასკვნის, რომ დომიციანე ულმობელი, მაგრამ ეფექტიანი, ქმედითი თვითმპყრობელი იყო.[168] მისი ზეობის უმეტესი დროის განმავლობაში, არ არსებობდა ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება იმპერატორის ან მისი მმართველობის მიმართ. მისი სისასტიკე მხოლოდ მცირერიცხოვნმა ჯგუფმა გამოსცადა, თუმცაღა მათ სიტყვას დიდი წონა ჰქონდა და მოგვიანებით მათ ყოფილი იმპერატორის დესპოტიზმი ახალი, ნერვა-ანტონინუსების დინასტიის სასარგებლოდ გააზვიადეს.[168]

დომიციანეს საგარეო პოლიტიკა რეალისტური იყო. იგი უარყოფდა ექსპანსიონისტური ომების წარმოებას და მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, როდესაც რომის სამხედრო ტრადიციები აგრესიულ და დამპყრობლურ პოლიტიკას ქადაგებდნენ. მისმა ეკონომიკურმა პროგრამამ, რომელიც მკაცრად ეფექტიანი იყო, რომაული ვალუტა იმ ნიშნულამდე მიიყვანა, რომლისთვისაც მას აღარასოდეს მიუღწევია. იუდეველებისა და ქრისტიანების მსგავსი რელიგიური უმცირესობები არ იდევნებოდნენ.[169] მიუხედავად ამისა, დომიციანეს ხელისუფლება ავლენდა ტოტალიტარულ ხასიათს. როგორც იმპერატორი, იგი საკუთარ თავს ახალ ავგუსტუსად ხედავდა, განათლებულ დესპოტად, რომლის ბედისწერაც რომის იმპერიის გაძღოლა იყო ფლავიუსების აღორძინების ახალ ეპოქაში.[67]

რელიგიურმა, სამხედრო და კულტურულმა პროპაგანდამ პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. დომიციანემ გააღმერთა თავისი ოჯახის სამი წევრი და ფლავიუსების დინასტიის მიღწევების ხსოვნის უკვდავსაყოფად მასიური ნაგებობები აღმართა. გულმოდგინედ დამუშავებული ტრიუმფბიც იმ მიზნით აღინიშნებოდა, რომ განედიდებინათ მისი, როგორც მეომარი იმპერატორის სახე, თუმცაღა მრავალი მათგანი ან დაუმსახურებელი იყო, ან უდროო.[83] საკუთარი თავის მუდმივ ცენზორად დანიშვნით დომიციანე მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი და პიროვნული მორალის კონტროლს.[115]

იგი პირადად იყო ჩართული ხელისუფლების ყველა შტოს მუშაობაში და წარმატებით დევნიდა კორუფციას საჯარო მოხელეებს შორის. ცენზორის ძალაუფლების ბნელი მხარე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და სენატის მიმართ მზარდ სიმკაცრეში გამოვლინდა. იგი ცილისწამებას გაძევებით ან სიკვდილით სჯიდა, თუმცა თავისი ეჭვიანი ბუნების გამო, უფრო და უფრო მეტად იღებდა ინფორმატორების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ღალატის ცრუ ბრალდებების წაყენება შესძლებოდა.[170]

მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამედროვე ისტორიკოსები დომიციანეს სიკვდილის შემდეგ აძაგებდნენ, მისი მმართველობა მშვიდობიანი მეორე საუკუნის პრინციპატის საფუძვლად იქცა. მისი მემკვიდრეები, ნერვა და ტრიანე, ნაკლებად შემზღუდველები იყვნენ, თუმცა რელურად, მათი პოლიტიკა დომიციანესისეულიდან მცირედით თუ განსხვავდებოდნენ. რომის იმპერიის ყოფას 81-96 წლებში თეოდორ მომზენი დომიციანეს პირქუშ, მაგრამ საზრიან დესპოტიზმს უწოდებს.[171]

წინაპრები

ლიტერატურა

გამოყენებული ლიტერატურა

  • Canduci, Alexander (2010). Triumph and Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors. Sydney: Pier 9. ISBN 978-1-74196-598-8. 
  • Grainger, John D. (2003). Nerva and the Roman Succession Crisis of AD 96–99. London: Routledge. ISBN 0-415-28917-3. 
  • Jones, Brian W. (1992). The Emperor Domitian. London: Routledge. ISBN 0-415-10195-6. 
  • Levick, Barbara (2002). „Corbulo's Daughter“. Greece & Rome. 49 (2): 199–211. doi:10.1093/gr/49.2.199. JSTOR 826906.
  • Morgan, Llewelyn (1997). „Achilleae Comae: Hair and Heroism According to Domitian“. The Classical Quarterly, New Series. Great Britain. 47 (1): 209–214. doi:10.1093/cq/47.1.209. JSTOR 639608.
  • Murison, Charles Leslie (2003). „M. Cocceius Nerva and the Flavians“. Transactions of the American Philological Association. University of Western Ontario. 133 (1): 147–157. doi:10.1353/apa.2003.0008.
  • Sullivan, Philip B. (1953). „A Note on the Flavian Accession“. The Classical Journal. The Classical Association of the Middle West and South, Inc. 49 (2): 67–70. JSTOR 3293160.
  • Syme, Ronald (1930). „The Imperial Finances under Domitian, Nerva and Trajan“. The Journal of Roman Studies. 20: 55–70. doi:10.2307/297385. JSTOR 297385. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  • Townend, Gavin (1961). „Some Flavian Connections“. The Journal of Roman Studies. Society for the Promotion of Roman Studies. 51 (1 & 2): 54–62. doi:10.2307/298836. JSTOR 298836. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  • Waters, K. H. (1964). „The Character of Domitian“. Phoenix. Classical Association of Canada. 18 (1): 49–77. doi:10.2307/1086912. JSTOR 1086912.
  • Wellesley, Kenneth (1956). „Three Historical Puzzles in Histories 3“. The Classical Quarterly. Cambridge University Press. 6 (3/4): 207–214. doi:10.1017/S0009838800020188. JSTOR 636914.
  • Wellesley, Kenneth [1975] (2000). The Year of the Four Emperors, Roman Imperial Biographies. London: Routledge, გვ. 272. ISBN 978-0-415-23620-1. 

რეკომენდებული ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

პირველადი წყაროები

მეორეული წყაროები

სქოლიო

  1. კლასიკურ ლათინურში დომიციანეს სახელი დაიწერებოდა, როგორც TITVS FLAVIVS CAESAR DOMITIANVS AVGVSTVS.
  2. 2.0 2.1 Jones (1992), გვ. 1
  3. Townend (1961), გვ. 62
  4. Jones (1992), გვ. 3
  5. 5.0 5.1 Jones (1992), გვ. 2
  6. Jones, (1992), გვ. 8
  7. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 1
  8. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 4
  9. Jones (1992), გვ. 7
  10. Jones (1992), გვ. 9–11
  11. 11.0 11.1 Jones (1992), გვ. 11
  12. Waters (1964), გვ. 52–53
  13. 13.0 13.1 13.2 Jones (1992), გვ. 13
  14. Murison (2003), გვ. 149
  15. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 9
  16. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 12.3
  17. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 20
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Jones (1992), გვ. 16
  19. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 19
  20. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე, 18
  21. Morgan (1997), გვ. 214
  22. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 18
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 Jones (1992), გვ. 198
  24. Morgan (1997), გვ. 209
  25. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 21
  26. 26.0 26.1 Waters (1964), გვ. 54
  27. 27.0 27.1 Sullivan (1953), გვ. 69
  28. Wellesley (2000), გვ. 44
  29. Wellesley (2000), გვ. 45
  30. 30.0 30.1 Sullivan (1953), გვ. 68
  31. Wellesley (2000), გვ. 126
  32. ტაციტუსი, ისტორია III.34
  33. Wellesley (2000), გვ. 166, 189
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 Jones (1992), გვ. 14
  35. Wellesley (1956), გვ. 213
  36. 36.0 36.1 36.2 Jones (1992), გვ. 15
  37. ტაციტუსი, ისტორია IV.40
  38. ტაციტუსი, ისტორია IV.68
  39. Jones (1992), გვ. 17
  40. 40.0 40.1 Jones (1992), გვ. 33
  41. Jones (1992), გვ. 34
  42. 42.0 42.1 42.2 Jones (1993), გვ. 36
  43. Jones (1992), გვ. 161–162
  44. Jones (1992), გვ. 39
  45. Varner (1995), გვ. 200
  46. Jones (1992), გვ. 34–35
  47. 47.0 47.1 Jones (1992), გვ. 37
  48. 48.0 48.1 Jones (1992), გვ. 35
  49. 49.0 49.1 49.2 დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.26
  50. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 10
  51. Prettejohn, Elizabeth (March 2002). „Lawrence Alma-Tadema and the Modern City of Ancient Rome“. The Art Bulletin. 84 (1): 115–129. doi:10.2307/3177255. JSTOR 3177255.
  52. 52.0 52.1 იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომი VI.9.3
  53. 53.0 53.1 იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომი VII.5.5
  54. 54.0 54.1 სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 2
  55. 55.0 55.1 55.2 Jones (1992), გვ. 93
  56. 56.0 56.1 Jones (1992), გვ. 18
  57. 57.0 57.1 Jones (1992), გვ. 19
  58. Crook, John A. (1951). „Titus and Berenice“. The American Journal of Philology. 72 (2): 162–175. doi:10.2307/292544. JSTOR 292544.
  59. Jones (1992), გვ. 163
  60. 60.0 60.1 60.2 Jones (1992), გვ. 20
  61. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.22
  62. Jones (1992), გვ. 80
  63. ფილოსტრატუსი, აპოლონიუს ტიანელის ცხოვრება 6.32 დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
  64. Jones (1992), გვ. 21
  65. 65.0 65.1 Jones (1992), გვ. 22
  66. 66.0 66.1 Jones (1992), გვ. 99
  67. 67.0 67.1 Jones (1992), გვ. 72
  68. 68.0 68.1 68.2 68.3 Jones (1992), გვ. 107
  69. 69.0 69.1 Jones (1992), გვ. 109
  70. Canduci, pg. 34
  71. Jones (1992), გვ. 164
  72. Jones (1992), გვ. 178–179
  73. 73.0 73.1 73.2 Jones (1992), გვ. 150
  74. Jones (1992), გვ. 26–28
  75. 75.0 75.1 Jones (1992), გვ. 73
  76. Tulane University "Roman Currency of the Principate"
  77. 77.0 77.1 77.2 Jones (1992), გვ. 75
  78. 78.0 78.1 Jones (1992), გვ. 79
  79. Jones (1992), გვ. 84–88
  80. Jones (1992), გვ. 74
  81. Jones (1992), გვ. 103
  82. Jones (1992), გვ. 105
  83. 83.0 83.1 83.2 Jones (1992), გვ. 127
  84. 84.0 84.1 84.2 84.3 84.4 Jones (1992), გვ. 131
  85. 85.0 85.1 85.2 Jones (1992), გვ. 130
  86. Millar, Fergus (2002). Rome, the Greek World, and the East: The Roman Republic and the Augustan revolution. UNC Press Books, გვ. 51. ISBN 0-8078-4990-1. 
  87. 87.0 87.1 87.2 ტაციტუსი, აგრიკოლა 39
  88. ტაციტუსი, ისტორია I.2
  89. Syme (1930), გვ. 64
  90. 90.0 90.1 Jones (1992), გვ. 144
  91. Jones (1992), გვ. 128
  92. Jones (1992), გვ. 129
  93. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 6
  94. ტაციტუსი, აგრიკოლა 24
  95. 95.0 95.1 95.2 95.3 Jones (1992), გვ. 132
  96. Reed, Nicholas (1971). „The Fifth Year of Agricola's Campaigns“. Britannia. 2: 143–148. doi:10.2307/525804. JSTOR 525804.
  97. ტაციტუსი, აგრიკოლა 29
  98. ტაციტუსი, აგრიკოლა 42
  99. Jones (1992), გვ. 133
  100. Jones (1992), გვ. 138
  101. Jones (1992), გვ. 139
  102. Jones (1992), გვ. 141
  103. Jones (1992), გვ. 142
  104. Jones (1992), გვ. 195
  105. 105.0 105.1 Salmon, Edward Togo (1936). „Trajan's Conquest of Dacia“. Transactions and Proceedings of the American Philological Association. Johns Hopkins University Press. 67: 83–105. doi:10.2307/283229. JSTOR 283229.
  106. Knight, D. J. (1991). „The Movements of the Auxilia from Augustus to Hadrian“. Zeitschrift für Papyrologie und Epigraphik. 85: 189–208.
  107. Matei-Popescu, Florian (2006–2007). „The Auxiliary Units from Moesia Superior in Domitian's Time and the Problem of CIL XVI 41“. Ephemeris Napocensis. 16–17: 31–48.
  108. Jones (1992), გვ. 88
  109. 109.0 109.1 109.2 Jones (1992), გვ. 100
  110. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 13:2
  111. დიონ კასიუსი, რომის ისტორია, 67:4:7
  112. Jones (1992), გვ. 108
  113. contra Deissmann, Adolf (1995). Light From the Ancient East. Peabody, Massachusetts: Hendrickson Publishers, გვ. 357, n. 1. ISBN 1-56563-155-2. 
  114. Jones (1992), გვ. 87
  115. 115.0 115.1 Jones (1992), გვ. 106
  116. Grainger (2003), გვ. 54
  117. Jones (1992), გვ. 101
  118. ევსები კესარიელი (425). საეკლესიო ისტორია. 
  119. Smallwood, E.M. (1956). 'Domitian's attitude towards the Jews and Judaism“. Classical Philology. 51: 1–13. doi:10.1086/363978.
  120. Brown, Raymond E. (1997). An Introduction to the New Testament. New York: Doubleday, გვ. 805–809. ISBN 0-385-24767-2. 
  121. Jones (1992), გვ. 119
  122. Jones (1992), გვ. 145
  123. 123.0 123.1 Jones (1992), გვ. 146
  124. Jones (1992), გვ. 149
  125. Jones (1992), გვ. 148–149
  126. 126.0 126.1 Grainger (2003), გვ. 30
  127. Murison (2003), გვ. 150
  128. Waters, K. H. (1963). „The Second Dynasty of Rome“. Phoenix. Classical Association of Canada. 17 (3): 198–218 [201]. doi:10.2307/1086720. JSTOR 1086720.
  129. 129.0 129.1 129.2 Jones (1992), გვ. 161
  130. 130.0 130.1 Jones (1992), გვ. 169
  131. 131.0 131.1 Jones (1992), გვ. 160
  132. Jones (1992), გვ. 163–168
  133. ტაციტუსი, აგრიკოლა 45
  134. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 10
  135. მსხვერპლი სენატორების სრული სიის სანახავად იხილეთ Jones (1992), გვ. 182-188
  136. მარკუს არეცინუს კლემენსი შესაძლოა სიკვდილით დასჯის ნაცვლად გაეძევებინათ. იხილეთ Jones (1992), გვ. 187
  137. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე, 21
  138. 138.0 138.1 Jones (1992), გვ. 192
  139. Jones (1992), გვ. 193
  140. Grainger (2003), გვ. 16
  141. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 14;16
  142. 142.0 142.1 Grainger (2003), გვ. 19
  143. Grainger (2003), გვ. 5
  144. 144.0 144.1 Grainger (2003), გვ. 1–3
  145. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე, 17
  146. Jones (1992), გვ. 38
  147. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 15
  148. 148.0 148.1 Murison (2003), გვ. 153
  149. Murison (2003), გვ. 151
  150. Grainger (2003), გვ. 4–27
  151. 151.0 151.1 Jones (1992), გვ. 194
  152. დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVII.15
  153. Syme, Ronald (1983). „Domitian: The Last Years“. Chiron. 13: 121–146.
  154. Jones (1992), გვ. 196
  155. 155.0 155.1 Grainger (2003), გვ. 49
  156. Last, Hugh (1948). „On the Flavian Reliefs from the Palazzo della Cancelleria“. The Journal of Roman Studies. Society for the Promotion of Roman Studies. 38 (1–2): 9–14. doi:10.2307/298163. JSTOR 298163.
  157. Grainger (2003), გვ. 32–33
  158. Grainger (2003), გვ. 40
  159. 159.0 159.1 Grainger (2003), გვ. 94–95
  160. Syme, Ronald (1980). „Guard Prefects of Trajan and Hadrian“. The Journal of Roman Studies. 70: 64–80. doi:10.2307/299556. JSTOR 299556.
  161. Jones (1992), გვ. 32
  162. Waters (1964), გვ. 51
  163. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, დომიციანე 22
  164. Levick (2002), გვ. 211
  165. 165.0 165.1 Jones (1992), გვ. 58
  166. Dorey, T. A. (1960). „Agricola and Domitian“. Greece & Rome. 7 (1): 66–71. doi:10.1017/s0017383500014029. JSTOR 640729.
  167. ტაციტუსი, ისტორია I.1
  168. 168.0 168.1 Gowing, Alain M. (1992). „Review: The Emperor Domitian“. Bryn Mawr Classical Review. University of Washington.
  169. Jones (1992), გვ. 114–119
  170. Jones (1992), გვ. 180
  171. Syme (1930), გვ. 67
დომიციანე
დაიბადა: 24 ოქტომბერი, 51 გარდაიცვალა: 18 სექტემბერი, 96
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
ტიტუსი
რომის იმპერატორი
81-96 წწ.
შემდეგი:
ნერვა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვესპასიანე და ტიტუსი
რომის იმპერიის კონსული
ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსთან ერთად
73 წ.
შემდეგი:
ვესპასიანე და ტიტუსი
წინამორბედი:
ვესპასიანე და ტიტუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიტუსთან ერთად
80 წ.
შემდეგი:
ლუციუს ფლავიუს სილვა და მარკუს აზინიუს პოლიონ ვერუკოზუსი
წინამორბედი:
ლუციუს ფლავიუს სილვა და მარკუს აზინიუს პოლიონ ვერუკოზუსი
რომის იმპერიის კონსული
82-88 წწ.
შემდეგი:
ტიტუს ავრელიუს ფულვუსი და მარკუს აზინიუს ატრაცინუსი
წინამორბედი:
ტიტუს ავრელიუს ფულვუსი და მარკუს აზინიუს ატრაცინუსი
რომის იმპერიის კონსული
მარკუს კოკიუს ნერვასთან ერთად
90 წ.
შემდეგი:
მანიუს აცილიუს გლაბრიონი და ტრაიანე
წინამორბედი:
მანიუს აცილიუს გლაბრიონი და ტრაიანე
რომის იმპერიის კონსული
კვინტუს ვოლუზიუს სატურნინუსთან ერთად
92 წ.
შემდეგი:
სექსტუს პომპეუს კოლეგა და კვინტუს პედუკეუს პრისცინუსი
წინამორბედი:
ლუციუს ნონიუს კალპურნიუს ტორკვატუს ასპრენასი და ტიტუს სექსტიუს მაგიუს ლატერანუსი
რომის იმპერიის კონსული
ტიტუს ფლავიუს კლემენსთან ერთად
95 წ.
შემდეგი:
გაიუს მანლიუს ვალენსი და გაიუს ანტისტიუს ვეტუსი
ფლავიუსების დინასტია
ვესპასიანე | ტიტუსი | დომიციანე