მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტეხი.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

მეტეხის ეკლესია და გორგასალი ძეგლი

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — თბილისი
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′24″ ჩ. გ. 44°48′40″ ა. გ. / 41.6901528° ჩ. გ. 44.8112556° ა. გ. / 41.6901528; 44.8112556
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — ტაძარი თბილისში, მეტეხის აღმართის №1-ში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება. ის თავიდან მთლიანად იყო შემოსილი თლილი მომწვანო-რუხი ქვით, მოგვიანებით კი აღდგენილია აგურით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აფსიდებით დასრულებულ მართკუთხედს, რომლის შუაში აღმართულია ოთხ ბურჯზე დაფუძნებული გუმბათი. აღმოსავლეთის ცენტრალურ შვერილ აფსიდს დიდი ჯვარი და ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს. ესაა სამთავისის ტაძრის საფასადო მორთულობის ცნობილი კომპოზიცია.

მეფე დემეტრემ ტაძარი ადრინდელი შენობის ნაშთზე ააგო, რამაც განაპირობა XIII საუკუნისათვის უჩვეულო არქიტექტურული თავისებურებები: ოთხი გუმბათქვეშა ბურჯი და სამინახევარ წრიულად შვერილი აფსიდი აღმოსავლეთ ფასადზე. ფასადები, ძირითადად, დემეტრეს დროინდელი სახით არის შემორჩენილი, იმხანისაა თლილი ქვის პერანგის მეტი ნაწილი და ტაძრის ორნამენტული შემკულობა.

საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა. XVII -XVIII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთი პატრონიკე, კამარები, გუმბათი და სხვა. ერეკლე მეფის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არის XIX საუკუნის ფენებიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია ერთ-ერთი უძველესთაგანია თბილისში აშენებულ ეკლესიათა შორის. ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ მეტეხის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ: “ავლაბარსა შინა არის ეკკლესია დიდშენი სახელსა ზედა ღვთის მშობელისასა აკათისტოსად წოდებული, მეხუთესა კვირიაკესა დიდმარხვის შაბათის დღეს ზედა. მაღალსა კლდესა ზედა გუმბათიანი ქვითკირისა და თლილისა ქვით ნარევად აღშენებული ვახტანგ გურგასლანისაგან 480-სა წელსა. ამა ეკლესიისა კლდის მთისა ძირსა ქვეშე ხიდსა თანა ტფილისისასა არს ნიში მოსალოცველი წმინდისა მოწამისა აბო სპარსისა, რომელიცა ეწამა ქ˜ესთვს ადგილსა მას ამის სპარსისაგან 791-სა წელსა და დღესასწაულსა მისსა დღესასწაულობს ქართველთა ეკკლესია იანურის თთვის 8-დღესა. იტყვიან კუალად რომელ ამას ეკკლესიასა შინა იყოს მისვენებული დადაფლული ქ˜ესთვს წამებით მოკლული წმინდა მოწამე დედოფალი შუშანიკ, რომელიცა ეწამა წელსა 432-სა ახლად გაკერპმსახურებულისა ქრმისა მისისა ვარქსგენისაგან...”.

ტაძრის აშენებას VI საუკუნეში ასევე ადასტურებენ ვახუშტი, პლატონ იოსელიანი და სხვა მკვლევარები. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს „იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო“. მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია, ციხესიმაგრე და სასახლე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღვთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიედრებოდა.

თენგიზ ვერულავა გადმოგვცემს: „ხალხში გავრცელებულია თქმულება, რომ დიდი ხნის წინათ მოპირდაპირე მხრიდან მეტეხის კლდეს რომ შემოხედავდით, შეიძლებოდა დაგენახათ ათი ქვის ბუმბერაზის ღრმა ნაოჭებით დასერილი მახინჯი სახე. მრავალი საუკუნის წინათ ამბოხებული გოლიათები სამეფო ციხის კედლებიდან გადმოაგდეს და მას შემდეგ თავისი მხრებით იჭერდნენო მას. დროისა და წყლის დინებამ ისე ჩამოქნა გადმოშვერილი კლდე, სანამ მთლად არ გაუერთიანა მეტეხის ციხე-კოშკებსა და ქონგურებიან კედლებს. ამბობენ, როცა ციხე-სიმაგრის გალავნიდან ძირს ყრიდნენო უკეთურებს, გაქვავებული გოლიათები კმაყოფილებით იღიმებოდნენ, ხოლო როცა სამეფო სახლში სიმშვიდე სუფევდა, ისინი მტკვარს ცივიმზერით ყინავდნენო“.

ტაძრის სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულ წყაროებში ეს ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით იხსენიება. თვით ტაძარს მემატიანე „ისანთას“ უწოდებს და არა „მეტეხს“. იგი „მეტეხთა ღვთისმშობლის „ხატის“ საყოფელად“ აუგიათ. ეს, აწ უკვე დაკარგული ხატი, უეჭველია, დიდად სახელმოხვეჭილი და პატივცემული უნდა ყოფილიყო. რაკი ტაძარი ხალხს „მეტეხთა ღვთისმშობლის“ ბინად წარმოედგინა, ამ სახელმა ადრევე დაიმკვიდრა ადგილი. აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნემდე ყველა ძველ საბუთში სახელწოდება მრავლობით რიცხვში იხმარება.

არსებობს ლეგენდა მეტეხის დაარსებაზე. ოსთა მთავარს ბაყათარს გაუტაცნია ვახტანგის და, სამი წლის ხვარამზე. მეფემ გადაწყვიტა მისი დახსნა. დამ შეუთვალა: თუ ბაყათართან ბრძოლას მაინც არ დაიშლი, გაითვალისწინე, რომ ის სულ აბჯარასხმული დაიარება, მისი მოკვლა შეიძლება თუ იღლიაში დაჭრიო. ვახტანგმა გაუგზავნა კაცი ბაყათარს. ვახტანგი მტკვარგაღმა იდგა დაელოდა ბაყათარს. ბაყათარმა მას ფიცი ჩამოართვა: სანამ წყალს არ გამოვცდები, ისარი არ მესროლოო და შეაგდო ცხენი წყალში. ვახტანგმა ფიცი გატეხა და ბაყათარს ისარი ესროლა. რადგან მან ფიციგატეხა, მონანიების მიზნით ააგო ტაძარი მეტეხი, რაც ნიშნავს ”მე ვტეხე ფიცი”.

ნიკო ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა მეტეხი ბერძნული “მეტოქისაგან” წარმოსდგება, რაც ნიშნავს “ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიდთტა დროებით სადგომსა ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში”. ზოგი მკვლევარის აზრით, მეტეხი ძველქართულად “არემარეს სასახლის ირგვლივ” ნიშნავს.

ქართულ ისტორიულ წყაროებში მეტეხის კლდე XII-XIII საუკუნეებში მძლავრ გამაგრებულ ციხედ იხსენიება, სადაც ბაგრატოვან მეფეთა პალატები იყო.

„მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი 1195 წელს შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. მეფე რუსუდანის მეფობისას, 1226 წელს მონღოლებმა ისევ დაანგრიეს მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.

ჟამთააღმწერელი გვამცნობს, რომ 1289 წელს ყაენთან წასვლის წინ მეფე დემეტრე II–მ თავდადებულმა “აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობლისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზვარნი, და განუჩინა მონაზონთა საზრდელი…”. და მონასტერიც დააარსა. ტაძრის დღევანდელი სახე სწორედ ამ დროს მიეკუთვნება.

1630-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1660 წელს ეკლესია მეხის დაცემისაგან დაზიანდა. 1661 წელს ვახტანგ V შაჰ-ნავაზმა ტაძარი აღადგინა ისნის ციხის გალავანში, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია. მეფე როსტომმა გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან მეტეხის ტაძარში წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა. XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა.

1690-იან წლებში მეფე ერეკლე I–მა, ანუ ნაზარალი–ხანმა მეტეხის ციხესთან ერთად ეკლესიის შენობაც გადასცა სპარსელებს, რომლებიც მას კვლავინდებურად დენთის საწყობად იყენებდნენ. ეკლესია მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 1748 წელს ერეკლე მეორემ აბდულა-ბეგი დაამარცხა. მან ციხის აღების დროს დაზიანებული ეკლესია შეაკეთა და აღადგინა მისი გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა:

მეფემ ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართო მალადო.

აიღო ჯუარი ქრისტესი წინ მიიმძღუარა ფარადო.

დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქუს სახლის კარადო.

ღუთის მოყუარესა ჴელმწიფეს ასე ჰსჭირს ამის გუარადო.

ღუთის სადიდებელად, მეოხად მეფის ერეკლესია.

1795 წელს ტაძარი კვლავ დაზიანდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. 1798-1800 წლებში ეკლესია შეაკეთა მეფე გიორგი XII–მ. 1801 წლის შემდეგ მეტეხის ეკლესია განაგრძობს მოქმედებას. 1819 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით ძველი ციხე-სიმაგრე დააქციეს და აშენდა ორ იარუსიანი შენობა (კლდისგარშემო) დამნაშავეთა საპატიმროდ. ამის შემდეგ წინანდელ ისნის ციხეს მეტეხის სატუსაღო დაერქვა, ტაძარი კი სატუსაღოს ეკლესიად გადაიქცა. მეტეხის საერთო არქიტექტურა შეიცვალა: ეკლესიის გარშემო მრავალ კოშკებიანი გალავნის ნაცვლად ყაზარმული ტიპის ახალი შენობები გაჩნდა.

„ეხლა მეტეხის ციხეში გამართულია საპყრობილე და მეტეხის ღმრთისმშობლის ეკლესია არის სამლოცველო ტაძარი პყრობილთა და უძლურთა სულთა“ − წერს 1884 წელს ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1934 წელს მეტეხის სატუსაღო გაუქმდა და 1937 წელს მეტეხის გარშემო აშენებული ყაზარმების შენობები დაანგრიეს. „დიდი წმენდის“ პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა მას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ამ საქმეს მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე მეთაურობდა. ბერიამ შესთავაზა მუზეუმისათვის ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა, რასაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა.

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. „მეტეხის თეატრი“. მოგვიანებით ტაძარი მხატვრის სახელოსნოდ გადაიქცა.

1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. ეკლესიის მრევლმა დადგა გაძარცვული ტაძრის ახალი ხის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.

ტაძრის სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა. წმინდანი დედოფლის ნეშტი ეკლესიის სადიაკვნეშია. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას.

ადრე ტაძარს ჰქონდა XVII საუკუნეში მოჭედილი თავისი ხატიც – ჩვილედი ღვთისმშობლისა. მაჯდ-ოს-სალტანე მასთან დაკავშირებით წერს: “1795 წელს, ყიზილბაშების შემოსევის ჟამს დაიკარგა ტაძრის ხატი, რომლის სამაგიერო გამოგზავნა პეტერბურღიდან ბატონიშვილმა სალომემ, იულონის მეუღლემ”.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ახალი სამხედრო ტაძარი..“ //ივერია.-1897(2 აპრ.).-N63.-გვ.1. — ძველი სამხედრო ტაძრის გადატანა მეტეხში, მზადება კურთხევისათვის.
  • ახალშენიშვილი დ. დიმიტრი ზაქარაიას ძეს ბაქრაძეს //დროება.-1878(2 სექტ.).-N177.-გვ.3. — ერეკლე II-სადმი მიძღვნილი ლექსის ტექსტი მეტეხის ტაძრის კედელზე.
  • ბაქრაძე დ. უფალო რედაქტორო! //დროება.-1878(14 სექტ.).-N185.-გვ.3. — მეტეხის ტაძრის კედლის ქვის წარწერის შესახებ.
  • ბერიძე ვ. თბილისის „მეტეხი“ //მეცნიერება და ტექნიკა.-1952.-N2.-გვ.18-21. — ტაძრის ისტორია XIX საუკუნემდე,მისი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  • ბერიძე ვ. თბილისის „მეტეხი“.-1969. — მეტეხის მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება.
  • ბერიძე ვ., მეფისაშვილი რ., რჩეულიშვილი ლ., შმერლინგი რ. — თბილისის მეტეხის ტაძარი. -თბ., 1969. — XIII საუკუნის თბილისის მეტეხის ტაძრის მხატვრულ-ისტორიული ანალიზი. ტექსტს ერთვის ნახაზები, ფოტოსურათები და ჩანახატები.
  • გეგეჭკორი ა. მეტეხი //გაზ. „თბილისი“.-1958(4 აპრ.). — მოკლე ცნობები მეტეხის ტაძრის შესახებ.
  • „გუშინ, ამ თვის 12-ს მეტეხის ციხეში..“ //ივერია.-1890(13 ივნ.).-N1213.-გვ.1. — ტაძრის აღმ.მხრიდან ახალი შენობის კურთხევის თაობაზე.
  • „ერთი ჩვენი შემთხვევითი კორესპონდენტი…“ //დროება.-1875(24 აგვ.).-N96.-გვ.2. — მეტეხის ტაძრის ნგრევის გამო.
  • ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.- თბ., 1977. -გვ.6-7. — მოკლე ცნობა თბილისის მეტეხის ტაძრის შესახებ.
  • „თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიიდამ..“ //დროება.-1878(1 სექტ.).-N176.-გვ,.2. — ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი ლექსის ტექსტიანი ქვის დაკარგვის გამო.
  • კარბელაშვილი მ., კინწურაშვილი ს., ჯანბერიძე ნ. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი. -თბ., 1958.- გვ.162-165. — ტაძრის მოკლე ისტორია, არქიტექტურული და მხატვრული ანალიზი.
  • მეტეხი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.- თბ., 2003.-გვ.7. — მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • მეტეხი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI.- თბ.,1983.- გვ.614. — მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების შესახებ.
  • „მეტეხის ციხის ძირში..“ //ივერია.-1898(25 სექტ.).-N206.-გვ.2. — ცნობა წმინდა შუშანიკის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ნიშის აგების შესახებ.
  • მეფისაშვილი რ. — თბილისის „მეტეხის“ ტაძარი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებათა განყოფილების XVI სამეცნიერო სესია 1944 წლის 6, 8 და 9 მაისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1944.-გვ.11. — მეტეხის ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმებისა და დეკორატიული მორთულობის სისტემის ანალიზი.
  • საყვარელიძე თ. თბილისი, მეტეხი //ფრესკა.-1971.-N4.-გვ.19-20. — მეტეხის ტაძრის ისტორია და მისი ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  • ჯულაბაშვილი ლ. მეტეხი და შურის ციხე //ახალგაზრდა კომუნისტი.-1958.-7 ივნისი. — მეტეხის ტაძრისა და თბილისის ციხის მოკლე ისტორია.
  • მეტეხი //იამბე, ციხის ნაშალო. -თბ., 2007.- გვ.117-118. — მეტეხის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულება. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.
  • სართანია ი. — გავუფრთხილდეთ თბილისის კულტურის ძეგლებს //საბჭოთა ხელოვნება.-1968.-N11.-გვ.62-64. — მეტეხის, ნარიყალასა და ლურჯი მონასტრის მოკლე ისტორია.
  • ქართველიშვილი ვ. — მეტეხი // ჯვარი ვაზისა.-1988.-N3.-გვ.11-13. — ტაძრის ისტორია, ხალხში შემორჩენილი თქმულებები.
  • შაიშმელაშვილი ი. //ჩაუქრობელი დიდების ქალაქი.- თბ., 1987. — გვ.59-62. — მეტეხის ციხე, როგორც თბილისის თავდაცვითი სისტემის ძირითადი კომპონენტი.
  • წმ. შუშანიკის დღეობა //ცნობის ფურცელი.-1898(28 აგვ.).-N617.-გვ.2. — წმინდა შუშანიკის სახელობის დღის აღნიშვნა მეტეხის ტაძარში.
  • ჯავახიშვილი ივ. თხზ.ტ.III.-თბ.,1982.-გვ.334. — მოკლე ცნობა მეტეხის ციხის შესახებ.
  • ჯანაშვილი მ. დათვალიერება მეტეხის ტაძრისა //მწყემსი.-1884.-N18.-გვ.6-9. — მეტეხის ტაძრის მოკლე ისტორია და სიძველეთა აღწერილობა.
  • ჯანაშვილი მ. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი. -ქუთაისი, 1899. — გვ.164-165. — ტაძრის მოკლე ისტორია და მის აღმოსავლკეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის ანალიზი.
  • წმინდანთა ძვალთშესალაგი. მეტეხი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.-თბ., 2005.- გვ.248-250. — მემატიანეთა ცნობა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის შესახებ, ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემკულობის აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის ფოტოები.
  • ავლაბარი //ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია.- თბ.,1977.- გვ.13-138. — მეტეხის ციხისა და ეკლესიის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერების მიმოხილვა, ეკლესიის მოკლე ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  • ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები //მეცნიერება და ტექნიკა.-1958.-N10.-გვ.20-24 //ძეგლის მეგობარი.-1971.-კრ.25.-გვ.24-25 //ბერიძე ვ. თბილისის მეტეხი //მეცნიერება და ტექნიკა .-1952.-N2.-გვ.18-21. — ანჩისხატის, სიონის, მეტეხის, ნარიყალას, ქაშვეთის, ლურჯი მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მონღოლების მძლავრობის დროს აგებული მეტეხის ტაძრის მშენებლობისა და დროთა განმავლობაში ფუნქციის ცვლილების თაობაზე.
  • ბერიძე ვ. და სხვა . //თბილისის მეტეხის ტაძარი.- თბ., 1969.- 100გვ. რეზ.რუს. და ფრანგ.ენებზე //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების XVI სამეცნიერო სესია 1944 წლის 6,8 და 9 მაისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1944.-გვ.9-10. — ძეგლის ისტორია სამეცნიერო და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით.
  • თბილისის „მეტეხი“ //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. — თბ., 1974.-გვ.63.,163-164. — ვახტანგ გორგასალის მიერ აგებული ტაძრის სახელწოდების ეტიმოლოგია, მოკლე ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა — ზოგადი მიმოხილვა. მოცემულია ტაძრის ზომები. ტექსტს ახლავს ნახატები და ფოტოები (ტაბ.170-172).
  • მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2002.- გვ.97. — ტაძრის მშებლობის, აღდგენისა და ფუნქციის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მეფე წმ. დიმიტრი თავდადებული (ტაძარი აღადგინა 1278–1289 წწ.,), ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი, (XV ს.), შარდენი , ვახტანგ V შაჰნავაზი, ერეკლე II (აღადგინა ტაძარი 1748 წ.), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ალ. ანთაძე, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე) მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
  • ბერიძე ვ. მეტეხი //გაზ. „კოლხეთი“ (სენაკი).-1970(18 ივნ.).
  • ბილიხოძე ზ. მეტეხის ტაძარს ეყოფა შემოტევები //გაზ. „სახალხო განათლება“.-2002(30 იანვ.).-გვ.VII. — ტაძრის დაარსების ისტორია, ისტორიული ბედი.
  • ბჟალავა დ., ჯაფარიძე ნ. — მეტეხი //გაზ. „ახალი 7 დღე“.-1999(10-16 სექტ.).-გვ.19. — მეტეხის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის აღმშენებლობის მოკლე ისტორია.
  • თარხნიშვილი მ. „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ტაძარსა შინა… //გაზ. „სამშობლო“.-1988(ივლ.).-N15.-გვ.6. -მეტეხის ტაძრისა და ანჩისხატის ეკლესიის ამოქმედების გამო.
  • კვირკველია თ. ისანი, მეტეხი, ავლაბარი //გაზ. „ლიტერატურული საქართველო“.-1981(30 ოქტ.).-გვ.16. — თბილისის მშენებლობის ისტორიიდან.
  • კილაძე ლ. კილაძე ლ. ენთუზიასტებს — მხარდაჭერა! //გაზ. „თბილისი“.-19753 ივლ.).-გვ.3. — მეტეხისა და მისი შემოგარენის კეთილმოწყობის გამო.
  • მაისურაძე ი. მეტეხი //გაზ. „თბილისი“.-1978 (2 სექტ.).-გვ.3. — ტოპონიმ მეტეხის თაობაზე.
  • მარსაგიშვილი გ. მეტეხის ტაძარი //გაზ. „თბილისი“.-1988(28 ოქტ.).-გვ.3. — ისტორიული ცნობები ტაძრის შესახებ.
  • მაჭარაშვილი გ.- მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია // „მადლი“.- 1998 (ივლ.-აგვ.).- გვ.1, 10.
  • მრევლიშვილი ს. წერილები რედაქციას //გაზ. „ლიტერატურული საქართველო“.-1988(1 აპრ.).-გვ.6. -მეტეხის ტაძარში მოქმედი თეატრისათვის ახალი ბინის გამოყოფის თაობაზე.
  • საზოგადოებრივი აზრი და შედეგი //გაზ. „ლიტერატურული საქართველო“.-1988(8 აპრ.).-გვ.10. — ვახტანგ გორგასალის მიერ აგებული ტაძრისათვის მისი თავდაპირველი დანიშნულების დაბრუნების გამო. იხ. ხატისკაცი ნ. „რეკენ ზარები“ //„ლიტერატურული საქართველო“.-1988.-N25.
  • სვანიძე ა. მეტეხი //გაზ. „თბილისი“.-1978(10 ივნ.).-გვ.3. — მოკლე ისტორიული მიმოხილვა.
  • ქურდიანი ა. გავაცოცხლოთ ძველი „ისანი“ //გაზ. „თბილისი“.-1975(3 ივლ.).-გვ.3. — მეტეხისა და მისი შემოგარენის კეთილმოწყობის გამო.
  • ჩხენკელი ი. — რა არის აქ ცუდი? //გაზ. „თბილიაი“.-1975(3 ივლ.).-გვ.3. — მეტეხის ტაძრის ეზოს კეთიმოწყობაზე.
  • ჭარხალაშვილი ქ. მეტეხის ტაძარი და მისი ისტორია //„დილის გაზეთი“.-2001(4 ივლ.).-გვ.15.
  • ხატისკაცი ნ. — რეკენ ზარები //გაზ. „ქართული ფილმი“.-1988(13 აპრ.).-გვ.3 //ხატისკაცი ნ. რეკენ ზარები //გაზ. „ლიტერატურული საქართველო“.-1988(25 მარტი).-გვ.5. — ტაძრის აღდგენის თაობაზე.
  • ხომერიკი ნ. მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენის დათარიღებისათვის //გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“.-2000(22 ივნ.).-გვ.4.
  • ჯინორია ო. კონტაქტები მტკიცდება //გაზ. „კომუნისტი“.-1971(16 თებ.).-გვ.3. — ქ.ერფურტში მოლსდორფის სასახლეში დაცული უცნობი იტალიელი მხატვრის ტილოს — მეტეხის ტაძარი თბილისში — შესახებ.
  • მეტეხის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.19-22. — ტაძრის მდებარეობა, მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]