მოქვის სახარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთ-ერთი გვერდი მინიატიურით მოქვის სახარებიდან

მოქვის სახარება, ასევე მოქვის ოთხთავიშუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი სახარება. გადაწერილია 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ტაძარში. მოქვის სახარება ცნობილია თავისი მდიდრული ტრადიციული ქართული ორნამენტებითა და მინიატიურებით. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით.

მოქვის სახარება გადაწერილია დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ამაზე მიუთითებს ხელნაწერის ბოლოს დართული ფურცელი, რომელზედაც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და თავად დანიელ ეპისკოპოსი. ღვთისმშობელი მდგომარეა, ქვემოთ კი, მის წინაშე მუხლმოდრეკილი დანიელია. დანიელ ეპისკოპოსის გამოსახულების თავზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმის გახსნით ამგვარად იკითხება: „დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსი“. დანიელ ეპისკოპოსმა მოქვის სახარება ღვთისმშობლის სახელზე აგებულ მოქვის ტაძარს შესწირა.

მოქვის სახარების გადამწერია ეფრემი. ამაზე თავისივე ანდერძი მეტყველებს. ეფრემი სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია ასევე მოქვის სახარების მინიატიურებისა და დეკორის ავტორადაც[1].

მოქვის სახარება XIX საუკუნის 80-იან წლებში გელათის მონასტრის წიგნთსაცავში ინახებოდა. 1921 წელს იგი საქართველოს სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით გადასარჩენად საფრანგეთში გაიტანეს. საქართველოში იგი მხოლოდ 1945 წელს დააბრუნეს. ამჟამად მოქვის სახარება თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავშია დაცული (Q 902)[2].

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქვის სახარებას ზომები 30 x 23 სმ-ს შეადგენს. წიგნი შეიცავს 328 ფურცელს. ფურცლები კარგად დამუშავებული ტყავისაგანაა დამზადებული. ტექსტი ნუსხურია და თითოეულ ფურცელზე განაწილებულია ორ სვეტად. ხელნაწერი გამოირჩევა ლამაზი კალიგრაფიული ხელითა და მდიდრულად ორნამენტირებული დეკორისაგან. ხელნაწერის დასაწყისი ათი მდიდრულად შემკული კამარაა. ყოველი ახალი თავის დასაწყისში გაკეთებულია ასევე მდიდრული თავსართები (თავსამკაულები). ტექსტში აბზაცების თავში მრავლადაა საზედაო ასოები. მათი საერთო რაოდენობა მოქვის სახარებაში 531-ს შეადგენს[1] და ამმხრივ სახარება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ქართულ შუა საუკუნეების ხელნაწეებში. საზედაო ასოები ძირითადდ ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება.

სახარება მდიდარია სახარებიეული სიუჟეტების ამსახველი მინიატიურებით, რომელთა საერთო რაოდენობა 152-ს შეადგენს. მინიატიურები ტექსტში ჩასმულია შინაარსობრივად შესაბამის ადგილებში. ოთხკუთხა ფორმის მინიატიურა ხშირად გადაწერილი სვეტის ფარგლებიდან გამოდის, ხოლო საზედაო ასოსთან ერთად ფერადოვან ანსამბლს ქმნის ლამაზად დაწერილი ტექსტის ფონზე.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერის ბოლოს დართული ფურცელი, რომელზედაც გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და სახარებას დამკვეთი დანიელ ეპისკოპოსი. მინიატიურა დაზიანებულია ფონად გამოყენებული ფურცლოვანი ოქროს ჩამოცვენის გამო

გარდა მინიატიურების სიმრავლისა, მოქვის სახარების მოხატულობა გამორჩეულია თავისი საშემსრულებლო ტექნიკითაც. ქართულ წიგნებში მინიატიურების ფონის შესავსებად გამოიყენებოდა ფურცლოვანი ოქრო რომელიც ფურცელზე ნივრის ან სპეციალური წებოვანი შენაერთების საშუალებით მაგრდებოდა. სხვა ქართულ ხელნაწერებში ოქროთი იფარებოდა ის ადგილები, რომლებიც მინიატიურის გამოსახულების გარშემოწერილი კონტურების მიღმა, მოქვის სახარებაში კი მოხატულობები უშუალოდ ოქროს ზემოდანაა შესრულებული — თავდაპირველად მინიატურის მთელი არე დაიფარა ფურცლოვანი ოქროთი, ხოლო შემდეგ ზედ საღებავები დაიდო შესაბამის ადგილებში. ამგვარმა მოხატულობამ არ გაამართლა და მინიატიურების მნიშვნელოვანი დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად ხშირად სწორედ მოქვის გამორჩეული მოატულობის ტექნიკა სახელდება — საღებავმა დროთა განმავლობაში შეიწოვა მის ქვეშ არსებული ოქრო და გამოაშრო, რის შედეგადაც საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.

შინაარსობრივად მოქვის სახარების მინიატიურები ერთ მთლიან საილუსტრაციო ციკლს ქმნიან, რომელიც იწყება მათეს სახარების დასაწყისში წარმოდგენილი ქრისტეს გენეალოგიით და იოანეს სახარების ბოლოს მთავრდება სულიწმიდის მოფენითა და ღვთისმშობლის მიძინებით. აღსანიშნავია, რომ ქრისტეს გენეალოგიური ხის გამოსახულება ქართულ მინიატიურებში იშვიათია. ქრისტეს ცხოვრების ამსახველი მინიატიურები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული. ძირითადად დასურათებულია მათეს სახარება (სულ 97 მინიატიურა), ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. იშვიათია ერთი და იმავე სიუჟეტის მინიატიურის განმეორება. განსხვავებით მოქვის სახარებისაგან, სხვა ქართულ ოთხთავებში თითოეული თავი საკუთარ დამოუკიდებელ საილუსტრაციო ციკლს შეიცავს. მოქვის სახარება გელათისა და ჯრუჭის მეორე ოთხთავებისაგან განსხვავებით, იძლევა ძირითადად, შინაარსის საკვანძო სიტუაციებს, მაშინ როდესაც ეს ორი დაწვრილებით მოგვითხრობს სახარების ამბებს.

დაზიანებები და რესტავრაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქვის სახარება სხვა ქართულ ხელნაწერ სახარებებთან შედარებით ყველაზე მეტადაა დაზიანებული. დაზიანება ძირითადად ეხება ფურცლოვან ოქროზე შესრულებულ უნიკალურ მინიატიურებს. ხელნაწერის დაზიანების მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის სახარებას თავდაპირველი შენახვის არასწორი პირობები, თუმცა მინიატიურების სავალალო მდგომარეობის ძირითად მიზეზად მაინც მათი შესრულების განსხვავებული ტექნიკაა მიჩნეული. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ელენე მაჭავარიანის თქმით, მხატვრობის დაზიანებები გამოწვეულია იმით, რომ მინიატიურების ფონად გამოყენებულია ოქრო. დროთა განმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი ნივთიერება ამოშრა და საღებავებმა შეიშრო ოქრო, რის გამოც მინიატურების ნახატობა იშლება[2].

მოქვის სახარებას რამდენიმეჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია, თუმცა, ელენე მაჭავარიანის განცხადებით, ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა. თავდაპირველად, მინიატიურების გადასარჩენად კვერცხის ცილით დაფარეს კამარები, მაგრამ ამან პირიქით, უარყოფითი შედეგი აჩვენა. შემდეგში საქართველოში სპეციალურად მოქვის სახარებასათვის მოიწვიეს გერმანელი რესტავრატორი, რომელმაც სცადა შემაკავშირებელი ნივითერების ამოქაჩვა, რათა მისი საშუალებით საღებავების ფენა ეტრატთან შეწებებულიყო, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა[2].

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას განცხადებით, მოქვის სახარებას ამჟამინდელი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და მასზე მკვლევართა მუშაობაც კი საშიშია. მინიატიურებს მუდმივად ცვივა მიკეონაწილაკები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ბუბა კუდავას თქმით, საქართველოში არ არსებობს არც რესტავრაციისათვის საჭირო მასალა და არც აპარატურა[2].

აღსანიშნავია, რომ იუნესკოს საქმეთა ეროვნულმა კომისიამ 2010-2011 წლებში მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 37 საპროექტო განაცხადიდან შეარჩია ათი, რომელთაგან ერთ-ერთი პროექტი მოქვის სახარებას დიაგნოსტიკას, დიგიტალიზებას და გამოცემას ითვალისწინებს[2].

„გადავარჩინოთ მოქვის სახარება“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალურად ღონისძიებისათვის შექმნილი მოქვის სახარების ერთ-ერთ გვერდზე დაფუძნებული თანამედროვე კალიგრაფიული ნამუშევარი, კალიგრაფი: დავით მაისურაძე

მოქვის სახარების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების შესაგროვებლად 2010 წლის 7 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სახელწოდებით „გადავარჩინოთ მოქვის სახარება“. მარჯანიშვილის თეატრისა და ცენტრის მეგობართა საზოგადოების გარდა პროექტს ორგანიზებას უწევდა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერდნენ ქალაქ თბილისის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი მომღერლები და ანსამბლები, მათ შორის გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი „ლაშარი“, ნეკა სებისკვერაძე, დავით არჩვაძე, თეატრალური კვარტეტი, ანსამბლი ,,ბასიანი’’, ანსამბლები „მართვე“ და „ფესვები“, აფხაზეთის მთავრობასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზუმბა, ნიაზ დიასამიძე, სოფო ხალვაში, მსახიობი მურმან ჯინორია.

მარჯანიშვილის თეატრში მოქვის სახარების შესახებ ასევე მოეწყო მცირე გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები და სახარების მულაჟი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ახალგაზრდა კალიგრაფების მიერ ქაღალდზე, მუყაოსა თუ კერამიკულ ნაწარმზე საგანგებოდ შესრულებული სამახსოვრო წარწერები და მოქვის სახარების დეტალების ასლები. გაიყიდა ასევე საგანგებოდ ამ აქციისათვის დამზადებული, მოქვის სახარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სუვენირი[3][4][5].

როგორც ბილეთებიდან, ასევე გაყიდული სუვერინებიდან კალიგრაფიული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა, პროექტის ფარგლებში, სრულად მოხმარდება მოქვის სახარებას (სახარების) რესტავრაციას[3][4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]