კონტინენტური ევროპის სამართალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) — ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე.

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული სამართლისა და გერმანული სამართლის ქვეყნები. რომანული სამართლის ოჯახი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის ეპოქის კანონმდებლობის გავლენით. ამ ოჯახს მიეკუთვნება საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, მონაკო, ჰაიტი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია. აგრეთვე, გარკვეული თავისებურებებით, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენდნენ საფრანგეთის კოლონიებს, სადაც დიდი გავლენა აქვს ჩვეულებით სამართალსა და რელიგიას. გერმანული სამართლის ოჯახი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ამ ოჯახს მიეკუთვნება გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი, საქართველო. აგრეთვე, გარკვეული თავისებურებებით, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, სკანდინავიის ქვეყნები — შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია. ამავე დროს, სკანდინავიის ქვექნები სამართლის დამოუკიდებელ ოჯახსაც აყალიბებენ.[1]

კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აზიასა და აფრიკაში. ცალკეულ ქვეყნებში ეს პროცესი ნებაყოფლობით წარიმართა რეცეფციის გზით.[2]

რომის სამართლის რეცეფცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა. XI საუკუნიდან დასავლეთ ევროპაში უკვე ვრცელდებოდა Corpus Iuris Civilis-ის მოქმედება. ბოლონიის უნივერსიტეტში იურიდიულ განათლებას საფუძვლად დაედო რომის სამართალი.[3] იმავდროულად ჩაეყარა საფუძველი კანონიკურ სამართალსაც, რომელსაც არ ჰქონდა ისეთი სრულყოფილი ტექსტი, როგორიც იუსტინიანეს კოდექსს. ამიტომ იქმნებოდა კერძო კრებულები. ასეთი კრებული, ე.წ. Decretum Granti, 1140 წელს ბოლონიაში შეიქმნა და Corpus Iuris Civilis-ის გვერდით კანონიკური სამართლის სავალდებულო სახელმძღვანელოდ გამოცხადდა.[4]

რომის სამართლის გავრცელებაში უდიდესი როლი ითამაშეს უნივერსიტეტებმა, განსაკუთრებით, ბოლონიის უნივერსიტეტმა. ყველა უნივესრიტეტმა, რომლებიც XII-XV საუკუნეების ევროპაში დაარსდნენ, სავალდებულო სასწავლო და სამეცნიერო დისციპლინად დაამკვიდრეს რომისა და კანონიკური სამართალი. მათ ერთიანობაში Ius Utruque ეწოდებათ. ბოლონიის უნივერსიტეტში დამკვიდრებული ტრადიცია სხვა უნივესიტეტებმაც აიტაცეს იტალიაში (პადუა 1222), ნეაპოლი 1224, ტურინი 1405), საფრანგეთში (მონპელიე 1260, ტულუზა 1229), გერმანულ სივრცეში (პრაღა 1347/1348, ვენა 1365, ჰაიდელბერგი 1385, კელნი 1388, ლაიფციგი 1409), პოლონეთში (კრაკოვი 1364), უნგრეთში, ჩრდილოეთის ქვეყნებში (კოპენჰაგენი 1478, უპსალა 1477).[5]

რომის სამართალი განსაკუთრებულად გავრცელდა გერმანიაში, სადაც იგი სუბსიდიარულად მოქმედებდა ადგილობრივ სამართლებრივ ჩვეულებებთან ერთად. საფრანგეთში რომის სამართალს, როგორც ასეთი, არასდროს უმოქმედია. ევროპის ერთიანი სამართლებრივი კულტურის ფორმირება ბევრად დააჩქარა რომის სამართლის მეცნიერულმა გამოკვლევებმა. რომის სამართლის გავრცელება ასევე მნიშვნელოვნად განაპირობა ევროპული ცივილიზაციის ერთიანმა ხასიათმა.[6]

დიდი კოდიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში განხორციელებულმა „დიდმა კოდიფიკაციებმა“ დააჩქარა ეროვნული სამართლის ფორმირების პროცესი. პირველი ეროვნული კოდიფიკაციები წარმოიშვა დანიასა (1683) და ნორვეგიაში (1687), შვედეთსა და ფინეთში. მაგრამ კონტინენტური ევროპის სამართლის განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი ითამაშეს პრუსიულმა, ავსტიულმა, ფრანგულმა და გერმანულმა კოდიფიკაციებმა.[7]

ავსტრიასა და პრუსიაში თანამედროვე კოდექსებზე მუშაობა ჯერ კიდევ XVIII საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო. ამ კოდექსების შემუშავების იდეა ბიუროკრატიას ეკუთვნოდა. ორივე კანონი დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შეიქმნა — პრუსიაში კოდიფიკაცია დასრულდა 1791-1794 წლებში, ხოლო ავსტრიაში კი 1811 წელს.[8][9] თუმცა კოდექსები ისეთი არ გამოვიდა, როგორიც დაგეგმილი იყო, კერძოდ, ისინი უფრო სახელმძღვანელოებს ჰგავდნენ, ვიდრე კანონებს

ფრანგული სამოქალაქო კოდექსის (ფრანგ. Code Civil), გერმანულისგან განსხვავებით, ძალიან მოკლე დროში შეიქმნა. საფრანგეთმა XVIII საუკუნეში დამოუკიდებელი იურიდიული ენა ჩამოაყალიბა, რაც ძალიან აიოლებდა კოდექსზე მუშაობას. კოდექსის სტრუქტურას საფუძვლად უდევს იუსტინიანეს იუსტინიანეს ინსტიტუციები.[10] ნაპოლეონი, სამოქალაქო კოდექსის შედგენისას, ფართოდ სარგებლობდა რომის სამართლით, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-ით.[11]

გერმანიში კოდიფიკაცია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. გერმანიისთვის პრობლემა იყო იურიდიული ენის არარსებობა. ვინაიდან იურისტების ენა ლათინური წარმოადგენდა, საჭირო იყო სპეციალური ტერმინების შემუშავება გერმანულ ენაზე. მეორე პრობლემა ის იყო კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული ორი გერმანელი იურისტის, ტიბოსა და სავინის დავა. ტიბო კოდიფიკაციის თეორიის მომხრე იყო, ხოლო სავინი კი მოწინააღმდეგე. სავინი აკრიტიკებდა კოდიფიკაციის თეორიას და ხოტბას ასხამდა რომის სამართალს, რომის სამართლის სქელტანიან ტომებს.[12]

გერმანიში სამოქალაქო კოდექსის (გერმ. Bürgerliches Gesetzbuch) კოდიფიკაცია 1890 წელს დასრულდა, ხოლო კოდექსი ძალაში შევიდა 1900 წლის 1 იანვარს, თითქმის ასი წლით გვიან, ვიდრე საფრანგეთისა და ავსტრიის სამოქალაქო კოდექსები. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში კოდიფიკაცია ამდენ ხანს გაგრძელდა, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა, კერძოდ, გერმანელმა კანონმდებელმა გაითვალისწინა საფრაქნგეთისა და ავსტრიის მიღწევები და შექმნა სრულყოფილი კოდექსი. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სისტემატიზირებული იყო. ასევე, შედარებით უფრო ზუსტად ჩამოყალიბდა იურიდიული ცნებების შინაარსი.[13][14]

საფრანგეთში, ავსტრიასა და გერმანიაში განხორციელებულმა კოდიფიკაციებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრეს სამოქალაქო სამართის ბედი მთელ მსოფლიოში. ნაპოლეონის გამარჯვებებთან ერთად საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი დამკვიდრდა სამხრეთ გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. მართალია, ნიდერლანდებმა, გათავისუფლების შემდეგ, 1838 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსი მიიღო, მაგრამ იგი ბევრად არ განსხვავდებოდა Code Civil-სგან. Code Civil-ის საფუძველზე ჩამოყალიბდა კოდექსი რუმინეთში (1864), ესპანეთსა (1888) და პორტუგალიაში (1867), თუმცა პორტუგალიამ 1967 წელს ახალი კოდექსი მიიღო. ფრანგული კოდექსის საფუძველზე ჩამოყალიბდა ლათინური ამერიკის ქვეყნების კოდექსებიც — ჰაიტი (1825), ბოლივია (1830), დომინიკელთა რესპუბლიკა (1845/1884), ეკვადორი (1857). ჩილემ (1855), არგენტინამ (1869), კოლუმბიამ (1873), ბრაზილიამ (1916) და მექსიკამ (1928) კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩიეს, მაგრამ კოდიფიკაციისას ხელთ ეპყრათ ფრანგული კოდექსი. ფრანგული სამოქალაქო კოდექსი დანერგილია აშშ-ის შტატ ლუიზიანაშიც.[15]

შვეიცარულმა სამოქალაქო კოდექსმა თურქეთისა (1926) და ჩინეთის (1929-1931) სამოქალაქო კოდექსებზე.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, იაპონელებმა გადაიღეს და აამოქმედეს 1898 წელს, იმაზე ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თვით გერმანიაში ამოქმედდებოდა (1900). გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, იაპონიის მეშვეობით, სამხრეთ კორეაშიც ამოქმედდა.[16]

განსხვავება კონტინენტური ევროპის სამართალსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტინენტური ევროპის სამართალსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის არსებული განსხვავება უკავშირდება პოზიტიურ (დაწერილ) კანონმდებლობას, როგორც სამართლის წყაროს. კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში პოზიტიური კანონმდებლობა სამართლის ძირითადი წყაროა. ანგლო-ამერიკული სამართლის წყაროებს კი წარმოადგენს სამოსამართლო სამართალი (ინგლ. Case Law) და კანონის სამართალი (ინგლ. Statute Law). ამრიგად, კონტინენტური ევროპის სამართლისგან განსხვავებით, ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითადი წყაროა პრეცედენტული სამართალი. ანგლო-ამერიკული სამართლისთვის უცხოა ისეთი კოდიფიცირებული აქტები, როგორიც სამოქალაქო კოდექსების სახით კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებს აქვთ.[17]

კონტინენტურ ევროპასა და ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახებს შორის მეორე დიდი განსხვავება ეფუძნება იურიდიული აზროვნების წესსა და მეთოდებს. რომის სამართალზე ორიენტირებულმა მეცნიერებმა დიდი როლი შესრულეს კონტინენტური ევროპის სამართლის ფორმირების პროცესზე. სწორედ ამიტომ, კონტინენტური ევროპის იურიდიულ აზროვნებას ახასიათებს მეცნიერული სტილი. ანგლო-ამერიკულ სამართალს კი ახასიათებს აზროვნების სამოსამართლო სტილი. რამდენადაც ევროპული იურიდიული აზროვნება ესწრაფვოდა სისტემატიზაციას, აყალიბებდა საყოველთაო მნიშვნელობის ზოგად ნორმებს, კონტინენტური ევროპის იურიდიული აქროვნების წესი დედუქციურია — მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ, ანუ იურისტი სამართლის ზოგადი ნორმის საფუძველზე წყვეტს კონკრეტულ შემთხვევას. ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების იურისტის აზროვნება ინდუქციურია — მიმართულია კერძოდან ზოგადისკენ, იურისტი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აყალიბებს ზოგად პრინციპს.[18]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000.
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 212-213
  2. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 212
  3. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 214
  4. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 14
  5. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 14
  6. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 214
  7. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 25
  8. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 25
  9. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 214
  10. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 26
  11. ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ, 2005. გვ. 19
  12. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 27-28
  13. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 29
  14. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 215
  15. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 30
  16. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 31
  17. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 87
  18. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 219