ვულკანოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვულკანოლოგიის შესწავლის მთავარი საგანი - ვულკანი

ვულკანოლოგია (ბერძნ. Βούλκαν – ვულკანი და λόγος – მოძღვრება) — მეცნიერება ვულკანების შესახებ, დინამიკური გეოლოგიის ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის ვულკანების წარმოშობის, განვითარების და განლაგების კანონზომიერებებსა და ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტებს.

ვულკანოლოგიის საგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაქტიკული თვალსაზრისით ვულკანოლოგიის მიზანია ვულკანური ამოფრქვევების პროგნოზირების მეთოდების და ვულკანურ სითბოსა და ამოფრქვევის პროდუქტების გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება. ამ თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად ვულკანოლოგია იყენებს გეოლოგიის, გეოტექტონიკის, გეოფიზიკის, გეოქიმიის, ფიზიკური ქიმიისა და პეტროლოგიის მონაცემებს. ჩამოთვლილ დარგებთან ერთიანობაში ვულკანოლოგიას დიდი როლი ენიჭება გეოლოგიური მეცნიერების ისეთ ზოგად თეორიულ საკითხთა გადაწყვეტაში, როგორიცაა : ვულკანური ენერგიის წყარო, მაგმის ევოლუცია, მაგმური კერების განლაგება დედამიწის წიაღში, ვულკანიზმის როლი დედამიწის ქერქის ფორმირებაში.

ვულკანოლოგიის მოკლე ისტორია და დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულკანის სტრუქტურა

პირველი ვულკანოლოგიური ცნობები შემონახულია ანტიკური ავტორების შრომებში (ჰერაკლიტე, არისტოტელე). მათი საქმე გააგრძელა სტრაბონმა, რომელმაც აღწერა ვულკანი სანტორინი. განსაკუთრებით აღსანიშნავია აგრეთვე პლინიუს უმცროსის მიერ ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის აღწერა (79).

ვულკანოლოგიის საკითხებს აშუქებენ ცნობილი მკვლევრები : ფრანც ლევინსონ-ლესინგი, ალექსანდრე ზავარიცკი, ნიკოლოზ სხირტლაძე, ანტუან ლაკრუა, ალფრედ რიტმანი, გარუნ ტაზიევი სხვ. ვულკანების ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, მრავალ ვულკანურ მხარეში ჩამოყალიბებულია ვულკანოლოგიური სადგურები და ობსერვატორიები. პირველი მათგანი ჩამოყალიბდა 1842 წელს ვულკან ვეზუვის კალთაზე, შემდეგ ამგვარი ობსერვატორიები დაარსდა ჰავაის კუნძულებზე, ვულკან კილაუეის მიდამოებში (1912 წ.). ვულკანოლოგიური სადგურების ქსელი შექმნილია იაპონიასა და ინდონეზიაში.

1935 წელს სადგური დაარსდა კამჩატკაზე. 1944 წლიდან მოსკოვში არსებობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვულკანოლოგიური ლაბორატორია, რომელიც 1962 წელს გადაიქცა ვულკანოლოგიის ინსტიტუტად. ვულკანოლოგიური გამოკვლევები ტარდება აგრეთვე სახალინზე, საქართველოსა და სომხეთის გეოლოგიურ ინსტიტუტებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 464-465.
  • Заварицкий А. Н., Начало русской вулканологии, ч. 2, М. — Л., 1947;
  • Меняйлов А. А., Вулканология, в сб.: Развитие наук о Земле в СССР, М., 1967;
  • Macdonald G. A., Volcanology, "Science", 1961, v. 133, № 3454, p. 673—79;
  • Vlodavets V. I., Achievements of modern geological volcanology and ist trends, "Earth — Science Reviews", 1966, v. 2, № 3, p. 181—97.