ექვთიმე გარეჯელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ექვთიმე გარეჯელი
გარდაიცვალა 1804(1804)
ხსენების დღე ახ. სტილით - 21 აგვისტო (8 აგვისტო)

ექვთიმე გარეჯელი — ღირსი ექვთიმე — ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (1804). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 21 აგვისტო (8 აგვისტო).

წმინდა ექვთიმე იყო გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას „მრავალღვაწლმშრომელად“ მოიხსენიებს.

იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილნი... მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა“. მისი კურთხევით სავანეში ითარგმნებოდა დიდძალი სასულიერო ლიტერატურა, იწერდნენ იშვიათ საგნებს.

იოანე ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ წმინდა ექვთიმემ შეასწავლა „რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღვთისმეტყველებაჲ“.

წმინდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმინდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმის აღწერად მუჴლედნი „გიხაროდენ“ საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი“.

1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმინდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.

წმინდა ექვთიმე 1804 წელს აღესრულა მშვიდობით.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალღვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ექვთიმე წინამძღვარი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.