ალექსი (შუშანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი (შუშანია)
დაიბადა 5 ოქტომბერი, 1852(1852-10-05)
სენაკის მუნიციპალიტეტი
გარდაიცვალა 31 იანვარი, 1923(1923-01-31) (70 წლის)
სენაკი

ღირსი მამა მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია (დ. 5 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1852, ნოქალაქევი — გ. 31 იანვარი, 1923) — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 31 იანვარი (ძვ. სტ. 18 იანვარი).

ყრმობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.

ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.

გზაგასაყარზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1868 წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.

ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.

ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?“ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი!“ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”

შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა. ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.

ბერად აღკვეცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.

ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.

ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.

თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.

დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.

სიცოცხლის ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი შუშანიას საფლავი

1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.

1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე. წ. მთავარანგელოზთა გორაზე. მეცენატების დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.

ბერი ალექსი 1923 წლის 18 (31) იანვარს გარდაიცვალა. ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.

მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის ნეშტი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი სწავლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოძღვრებანი დაყუდებულის მღვდელმონაზონის ალექსისნი, გამოცემა თეკლათის დედათა მონასტრისა, ფოთი, 1901წ
  • სასულიერო წერილნი და მსჯელობანი
  • სასულიერო თხრობანი
  • წიგნი აღსარებისა, თბილისი 1904

ეკლესია და საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხალხი და ეკლესია. გამოცემა დიმიტრი კაჭარავასი, ფოთი, 1905
  • 'ერთობა და ეკლესია
  • მთავრობა და სარწმუნოება
  • ისპობა თუ არა ბატონყმობა, 1906

ასკეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრძოლა თავის თავთან, თბილისი, 1903
  • მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის. თბილისი, 1910

ჰაგიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხოვრება ღირსისა მამისა სქემონაზონ ონისაფორე მარტომყოფ მეუდაბნოისა, გამოცემა ი. ლეჟავასი, თბილისი, 1904

აპოლოგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განხილვა ერნესტ რენანის მოსაზრებათა ქრისტეს ცხოვრების შესახებ. გამოცემა ი. ლეჟავასი, თბილისი, 1908
  • უღმრთოება ბუნების უარყოფაა

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოთხრობა ღირსად მოხსენიებულისა კეისრის ასულისა მარიამისა(ლექსად), ფოთი, 1901
  • ალექსი, ლექსთა კრებული, 1901
  • ალექსი, ლექსთა კრებული ტII, 1905
  • ებანი, ლექსთა კრებული, თბილისი, 1908

საგაზეთო პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რა მოაქვს უღმერთობას? // შინაური საქმეები. - 1908. - N3, 4, 5,
  • არა იციან რასა იქმან! // შინაური საქმეები. - 1908. - N17
  • გამოვედით, მუშაკნო ვენახისანო! // შინაური საქმეები. - 1908. - N22.
  • კორტოხას : [ლექსი] // შინაური საქმეები. - 1908. - N19
  • ნამუსი // მწყემსი. - 1906. - N18.
  • ბერის დღიურიდგან : თავის ცნობა // შინაური საქმეები 1911. - N35.
  • ბერის დღიურიდგან : სული და ნივთი // შინაური საქმეები / - 1911. - N37.
  • ბერის დღიურიდან : არსებობის აზრი. (დასასრული) // შინაური საქმეები /- 1911. - N38.
  • ხორციელი ვნებები და სინდისი // შინაური საქმეები / - 1912. - N2-3.
  • ახალმოდის ცოლ-ქმრობა // შინაური საქმეები / - 1912. - N4-5.
  • ამპარტავნება და მრისხანება // შინაური საქმეები / - 1912. - N6
  • საზოგადოების საყურადღებოდ // შინაური საქმეები / 1912. - N35. -
  • ბ. დ. ახვლედიანს // შინაური საქმეები / - 1909. - N1
  • არა იცით წერილისა და სცთებით : (შენიშვნები წიგნაკზე "ახალი ქადაგება") // შინაური საქმეები / 1909. - N2.
  • ცხოვრების გაკვეთილები // შინაური საქმეები / რედაქტორი, მღვდელი სიმონ მჭედლიძე. - 1909. - N10
  • რას აკეთებს ბერი? : [დასაწყისი] // შინაური საქმეები / . - 1909. - N30.

გამოკრებილი სწავლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერთადერთი უმთავრესი სიკეთე ადამიანისათვის არის ბრძოლა თავის თავთან, რომელიც შეცავს ყოველთ ვნებათაგან თავის დაცვას.

'კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს. 'ბრძოლა თავის თავთან დიდ–სულობაა და მებრძოლი იგი ახოვანების ბაირაღით შევალს უვნებელობის საყდარში, სადაცა განისვენებს მუფება მაღლისა.[1]

  • ბრძოლა თავის თავთან არის ნამდვილი ბრძოლაცა ქვეყნის სიბოროტესთან, რამეთუ, უკეთუ ყოველი კაცი სულიერის ბრძოლითა დავამშვიდებთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ უეჭველად დავამშვიდებთ მთელ მსოფლიოს, შევამცირებთ ბოროტებას.[2]
  • ეჰა რამე კეთილ, რამე შვენიერ განათლებულთა პირთა სარწმუნოებით ორთავ სოფლის მოღვაწეობა. ჭეშმარიტსა ვიტყვი, რამეთუ ცის ქვეშე სასიხარულო ჩვენს სულს არა რა აქვს შესადარი ამისა, ვითარ მაღალ–ნასწავლი კაცი იყოს სარწმუნოებით მშრომელი ქვეყანისათვის. თაყვანსაცემელია ის კაცი, რომელსაც სწავლით განათლება მიუღია და სარწმუნოებით მხედველობა სულისა სახარებასა შინა უფსკრულსა ღვთის საიდუმლოებისასა მიუქცევია, განუმსჭვალია და მის მიერ ანაყოფიერებდეს ასეულად ტალანტსა მისსა.[3]
  • ეცადე, არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას, და შენი თავი კი დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.[4]
  • ჰოი ვითარ საკვირველ არს და ძნელად მისაწდომელ ცხოვრება წმიდანებისა, რამეთუ კაცნი იყვნენ ხორცით შეკრულნი, და უხორცონი განაკვირვნეს და, თუ გნებავს ცნობა ძლეირებისა მათისა, აიღე საგნად ერთი რომელიმე ბუნებრივი ვნება შენ შორის დაბუდებული და ეცადე მის აღმოფხვრას, და მაშინ ნახავ, თუ რა ძალა შეუმოსიათ წმიდანებს, ოდეს ყველა ბუნებრივი, ესე იგი ადამიანური ვნებანი აღმოფხვრეს და სძლიეს.

  • აღსარება მაშინვე ვერ აძლევს ძლევა–მოსილებას ადამიანს თავის ვნებულ თვისებათა მოსასპობლად, გარნა მცირედ მცირედ იღებს საღვთო ძლიერებას ყოველ აღსარების დროზედ და მით მოეღება ბოლო ბუნების ძლიერ მეომარ თვისებებს, რომლისათვის სახეცა შესაბამი მოგახსენოთ: მაგალითად, ოდეს ვისმე ნებავნ ხისა დიდისა მოჭრა, ნუთუ ერთითა და ორითა შეკვეთითა მოიჭრას იგი, არამედ მიადგება იგი მოუწყინებლად და ცემს ცულსა ნელ–ნელა და კვეთს ცოტ–ცოტად და ბოლოს ხე იგი დიდი წაიქცის.
  • ცოდვის სახე საზიზღარია და ყოვლად უშვერებით აგებულია, რომელსაც ბიწიერება ასაზრდოებს, ხოლო ზნე ჩვეულებად იზიდავს და შეკრავს განრყვნილება.

არაფერს არ აქვს ისეთი ძალა კაცის გამაფუჭებელს ბუნებაში, როგორც ცოდვას. ესე ჯოჯოხეთური თვისება იმონებს ყოვლად უშვერებით ადამიანს, პატიოსნებისაგან განაშიშვლებს, გააცუნდრუკებს, დააგლახაკებს, გაასულელებს, გააეშმაკებს, გააღორებს, რათა მსგავსად მისსა იწუნპოს ყოვლადვე დღე და ღამ ბინძურებაში. და უსაკვირველეს ყოვლისა ის არის, რომ ამგვარად სისაძაგლეში ჩაფლულ ადამიანს, მაინც თავი მოსწონს და კიდევ საზოგადოებაში ამპარტავნობს და დიდად მაღლობს და ეძიებს ქებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრძოლა თავის თავთან, გვ3, თბილისი, 1903
  2. იქვე, გვ3
  3. იქვე, გვ4
  4. იქვე, გვ6