ფოტოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფართოფორმატიანი კამერის ლინზები

ფოტოგრაფია (ფრანგ. photographie, ძვ. ბერძნ. φως / φωτος (ფოს) — სინათლე და ძვ. ბერძნ. γραφω (გრაფის) — სტილუსი, ფუნჯი ან ძვ. ბერძნ. γραφή (გრაფე) — მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის დარგი, რომელიც მოიცავს ფოტოგადაღების ობიექტისაგან გამოფრქვეულ ან არეკლილ ოპტიკურ სიგნალთა მიღებას ფოტოგრაფიული აპარატის შუქმგრძნობიარე ზედაპირზე (შუქმგრძნობიარე შრეზე ან მატრიცაზე).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანალოგური ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკინის ორმოციანი წლებიდან მოყოლებული რუსეთის დიდ ქალაქებში, ბევრი გამოჩენილი მხატვარი და ბევრიც მხატვრობით დაინტერესებული, გატაცებით შეუდგა ფოტოგრაფიის შესწავლას.

ზოგიერთმა უმაღლესი ცოდნით აღჭურვილმა პირმა მიატოვა თავისი სპეციალობა და დაიწყო ფოტოგრაფობა. რუსეთის ფოტოგრაფიის მამამთავარი ს. ლ. ლევიცკი განათლებით იურისტი იყო. ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ ის წავიდა საზღვარგარეთ და ექვსი წელიწადი მოანდომა თავისი ცოდნის გაღრმავებას ფოტოგრაფიის დარგში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთელი თავისი სიცოცხლე ფოტოგრაფიას შესწირა. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში კურსდამთავრებული ა. ი. დენიერი და მხატვარი ოჟე, თავიანთ პროფესიად თვლიდნენ ფოტოგრაფობას. პირველ ხანებში ფერწერაში მომუშავე ა. ი. დენიერმა გარს შემოიკრიბა სხვა მხატვრებიც. მასთან მუშაობდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც იყვნენ: ი. ნ. კრამსკოი, რადლოვი, სოკოლოვი, გრინფი, რუსი აკადემიკოსი მხატვრები.

განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენდა რუს ფოტოგრაფებზე „პერედვიჟნიკების“ გამოფენები. ისინი დიდი ინტერესით იღებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებას. ხალხის სიხარული დამწუხარება, გლეხობის მწარე ბედი იყო ასახული ა. ო. კარელინის, მ. პ. დიმიტრიევის, ს. ა. ლობოვიკოვის და სხვათა ფოტოსურათებში.

ფოტოგრაფმა მ. პ. დიმიტრიევმა გააკეთა ხელით სატარებელი ურემი, ზედ დააწყო ფოტოაპარატის მოწყობილობა, თვითონ შიგ შეება და დაჰყვა ვოლგის სანაპიროებს რიბინსკიდან ასტრახანამდე. მან გადაიღო მრავალი ტიპი, ისტორიული ძეგლი, ხალხური ზნე-ჩვეულება, ლამაზი პეიზაჟები, მონასტრები და მშრომელი ხალხი სხვადასხვა სამუშაოების შესრულების დროს. ამ ფოტოსურათებმა მ. პ. დიმიტრიევს მსოფლიოში სახელი მოუხვეჭა.

მ. პ. დიმიტრიევის აღმზრდელი ა. ო. კარელინიც საინტერესო პიროვნება იყო. მან დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. მხატვარი კარელინი გაიტაცა ფოტოგრაფიამ და საფუძვლიანად შეისწავლა იგი. პეტერბურგიდან კარელინი გადავიდა ნიჟნი-ნოვგოროდში და იქ 1869 წელს გახსნა თავისი ფოტოსახელოსნო. მან თავი მოუყარა მრავალ ნივთს, შეიძინა დიდძალი ძველი საოჯახო ნივთი, ქსოვილი, ტანისამოსი, ჭურჭლეულობა, სურათები და სხვა. ის სწავლობდა უკვე დავიწყებულ ხალხურ ზნეჩვეულებებს, ყოფაცხოვრებას, ისტორიული სინამდვილით და სიზუსტით აღადგენდა მას და იღებდა ფოტოსურათებს. თავის ფოტოგრაფიასთან მას ჰქონდა გახსნილი სამხატვრო სკოლა, სადაც უფასოდ ასწავლიდა ნიჭიერ ღარიბ მოსწავლეებს. მან აღზარდა მთელი რიგი გამოჩენილი ფოტოგრაფი, მისი მდიდარი კოლექცია ანდერძის თანახმად დარჩა ერმიტაჟს.

ლუი დაგერი

ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც 1707 წელს პირველად გერმანელმა მეცნიერმა ი. შულცემ აღმოაჩინა. 1802 წელს ინგლისელმა ტ. უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი. მოგვიანებით აღმოაჩინეს ვერცხლის სხვა მარილების (ქლორიდის, იოდიდის, ბრომიდის) შუქმგრძნობიარობაც.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ. არაგომ განაცხადა, რომ ლ. დაგერმა და ჟ. ნიეფსიმ ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლისწყლის ორთქლით. გამჟღავნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.

თითქმის ლ. დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ. ტოლბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპიისაგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის პოზიტივის დამზადება. გარდა ამისა გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც.

ფრედერიკ სკოტ არჩერი

დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ. სკოტ არჩერის მიერ 1851 წელს სველკოლოდიური პროცესების გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა და ა. შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით. 1871 წელს ინგლისელმა რ. მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. შემდგომ ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები (). სწორედ ასეთ შუქმგრძნობიარე შრეებს უშვებდა მრეწველობა XIX საუკუნის 70-იან წლებში. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი — ქაღალდისა (ფოტოქაღალდი) და აფსკის (ფოტოფირი) ფუძეშრეზე.

ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1873 წელს გერმანელი მეცნიერის ჰ. ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას. ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურადან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეიალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი. იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი. პეცვალმა. ფოტოგრაფიის ოპტიკის განვითარების შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (მათი შუქძალის გაზრდა, აბერაციის შემცირება და სხვა) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობის გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალ და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა) კონსტრუირება.

თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურული გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლებიიქნებდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს იმავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად — ფოტოხელოვნებად. ამასთან ერთად გაფართოვდა ფოტოგრაფიის მეშვეობით გადასაწყვეტ ამოცანათა დიაპაზონიც. ფოტოგრაფიის გამოყენების ერთ-ერთი ძირითადი დარგია პოლიგრაფია. ფართოდ იყენებენ ფოტოგრაფიას მედიცინაში, კრიმინალისტიკაში, სამხედრო საქმეში და სხვა დარგებში. ფოტოგრაფიამ თავისი დიდი როლი შეასრულა კინემატოგრაფიის განვითარებაშიც.

ფოტოგრაფიას მისი გამოჩენის დღიდანვე დიდი ადგილი დაეთმო მეცნიერულ კვლევა-ძიებაში. ხელნაწერების აღდგენა, ისტორიული ძეგლების გადაღება, არქეოლოგიური ნაშთების გამომზეურება, ყოველივე ეს მოითხოვდა კვალიფიციური ფოტოგრაფის ყოლის აუცილებლობას.

თვით მეცნიერებიც დიდად იყვნენ დაინტერესებულნი ფოტოგრაფიით. დიდ მეცნიერს კ. ა. ტიმირიაზევს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის რუსული ფოტოხელოვნების განვითარებაში. ტიმირიაზევი არამარტო თეორიულად იცნობდა ფოტოგრაფიას, თვითონაც კარგი ფოტოგრაფი იყო. მხატვრულად შესრულებულ ფოტოსურათებისათვის მას ხშირად მიუღია ჯილდო ფოტოგამოფენაზე. მან სპეციალური შრომა მიუძღვნა ფოტოგრაფიას. კითხულობდა ლექციებს ფოტოგრაფიის სამეცნიერო მიზნით გამოყენების შესახებ.

ასევე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით ქიმიკოსი დ. ი. მენდელეევი. მას დიდი სურვილი ჰქონდა დაეარსებინა ფოტოგრაფიული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნებოდა მასობრივად გაევრცელებინა საუკეთესო მხატვრული სურათები.

ფოტოგრაფიული ხელოვნების განვითარებას დიდად უწყობდა ხელს აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში გამოფენების მოწყობა და ფოტოილუსტრირებული ჟურნალების გამოცემა, განსაკუთრებით პორტრეტულ ჟანრში, შექმნილია ფოტოგრაფიის საშუალებით.

გამოყენების დარგზე დამოუკიდებლად ფოტოგრაფია შეიძლება დაიყოს ცალკეულ კერძო სახეობებად: მაგალითად განასხვავებენ შავ-თეთრ (უფრო ზუსტად — მონოქრომულ) და ფერად ფოტოგრაფიას; შუქმგრძნობიარე შრის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით — ფოტოგრაფიულ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჰალოგენვერცხლის და არავერცხლის შრეებში; ფოტოგამოსახულების სივრცითი აღქმის ხასიათის მიხედვით — სიბრტყით (ჩვეულებრივ) და სივრცით (სტერეოსკოპულ) ფოტოგრაფიას. სივრცითი გამოსახულების მიღების განსაკუთრებული ხერხია ჰოლოგრაფია. ფოტოგრაფიის ხერხთა შორის აღსანიშნავია ერთსაფეხურიანი პროცესი (შუქმგრძნობიარე მასალის გამჟღავნება და ფიქსირება ხდება ერთ ხსნარში) და ფართოდ გავრცელებული პროცესები, სადაც იყენებენ ე. წ. შექცევად ფოტომასალას. შექცევად ფოტოფირზე გადაღებისა და მისი დამუშავებისას გამოსახულების შექცევის პროცესის გამოყენების შედეგად ღებულობენ (უშუალოდ ნეგატივის სტადიის გამოყენებით) პოზიტიურ გამოსახულებას. ერთსაფეხურიანი პროცესის პერსპექტიული სახესხვაობაა ე. წ. დიფუზიური ფოტოგრაფიული პროცესი, რომლის დროს ფოტოსურათი სწრაფად მიიღება გადაღებისა და გამოსახულების უშუალოდ ფოტოკამერაში გამჟღავნებისთანავე.

კალოტიპიას დღესდღეობით მისდევენ განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც ჩამოყალიბდა ფოტოკამერის სპეციფიკური სახეობა სახელწოდებით - „ავღანური კამერა“.[1]

ფერადი ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავთეთრი ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად, ფოტოგრაფების გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო ფერადი ფოტოგრაფიის ხელოვნების ათვისებაც. ნეგატივებზე შესრულებული ფერადი გამოსახულება, როგორც წესი სამი (წითელი, ყვითელი, ლურჯი) შუქფილტრის საშუალებით მიიღწეოდა. არსებობდა ფოტოაპარატის რამდენიმე ნაირსახეობა. იყო ფოტოაპარატები, რომლებზეც დგებოდა სპეციალური ვერტიკალური გრძელი კასეტები, სადაც სიგრძეში თანმიმდევრობით ჩალაგებული იყო სამი ნეგატივი თავისი დამოუკიდებელი ფერის შუქფილტრით. ბერმპოჰლის (Bermpohl) კომპანიას ასევე ჰქონდა შექმნილი თავისი უფრო კომპაქტური და მოდერნიზებული აპარატი, რომელშიც ნახევრადგამჭვივალე სარკეებით მიიღწეოდა, ობიექტივიდან მიღებული სხივის ერთდროულად სამ ნეგატივზე განაწილება. რუსეთში პოპულარობით სარგებლობდა ფოტოგრაფი სერგეი პროკუდინ-გორსკი.

ციფრული ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში ვერცხლის მსოფლიო მარაგების ამოწურვასთან დაკავშირებით ფოტოგრაფიაში მთავარი ამოცანა იყო შუქმგრძნობიარე შრის შეცვლა უვერცხლო შუქმგრძნობიარე შრით, რაც შემდგომში გადაიჭრა ციფრული ფოტოგრაფიის ნელ-ნელა დაწინაურებითა და განვითარებით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Г. М. Болтянский, «Очерки по истории фотографии в СССР», Москва, Госкиноиздат.
  • А. Донде «Сто лет фотографии», Госкиноиздат, 1934.
  • Photography and The Art of Seeing by Freeman Patterson, Key Porter Books 1989, ISBN 1-55013-099-4.
  • The Art of Photography: An Approach to Personal Expression by Bruce Barnbaum, Rocky Nook 2010, ISBN 1-933952-68-7.
  • Image Clarity: High Resolution Photography by John B. Williams, Focal Press 1990, ISBN 0-240-80033-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]