პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიმშილით გარდაცვლილი გლეხები ხარკოვის ქუჩებში, 1933

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში — საშინაო პოლიტიკის პოლიტიკური ინსტრუმენტი საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა კავშირში, დაწყებული ოქტომბრის რევოლუციის (1917) პირველივე დღეებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991), რომლის მსხვერპლი გახდა სსრკ-ში მცხოვრები მილიონობით ადამიანი. კულმინაციამ მიაღწია სტალინის ეპოქაში, გრძელდებოდა „ხრუშჩოვის დათბობის“ დროს, გაძლიერდა ბრეჟნევის უძრაობის ხანაში, რაც საბჭოთა დისიდენტების დევნაში გამოიხატა და არ შეწყვეტილა არც გორბაჩოვის პერესტროიკის ეპოქაში. მისი მემკვიდრეობა კვლავ გავლენას ახდენს დღევანდელი რუსეთის ცხოვრებაზე.

გენეზისი და ადრეული სსრკ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეპრესიების თეორიული ბაზისი ემყარებოდა მარქსისტულ შეხედულებას კლასობრივი ბრძოლის შესახებ და აქედან გამომდინარე, პროლეტარიატის დიქტატურის იდეას. მისი საკანონმდებლო ბაზა გაფორმდა რსფსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლში (ძალაში შევიდა 1927 წლის 25 თებერვალს) და დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამის მუხლებში.

„რეპრესია“, „ტერორი“ და სხვა მსგავსი სიტყვები, ადრეულ საბჭოთა პერიოდის საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი სამუშაო ტერმინები იყო.

იმ დროს, რეპრესირებულებს ხალხის მტრებს უწოდებდნენ. სახელმწიფოს მიერ დასჯა ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ სიკვდილს, უდანაშაულო ადამიანების გაგზავნას გულაგებში, ძალადობრივ გადასახლებას და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას. გარკვეულ პერიოდში, „სამშობლოს მოღალატის“ ოჯახის ყველა წევრი ისჯებოდა, ბავშვების ჩათვლით, როგორც „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი“. რეპრესიებს ახორცილებდნენ ჩეკა, მისი მემკვიდრე უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები. რეპრესიები შეიძლება დაიყოს როგორც პერიოდებად, ასევე თემატურად: წითელი ტერორი, კოლექტივიზაცია, დიდი წმენდა, ექიმთა საქმე და სხვა. რეპრესიები ხორციელდებოდა, როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს წითელმა არმიამ „გაათავისუფლა“, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით.[1]

სახელმწიფო რეპრესიებმა გამოიწვიეს წინააღმდეგობა, რომელიც სასტიკად იხშობოდა სამხედრო ძალებით. ასეთი იყო ტამბოვის ამბოხება, კრონშტადტის ამბოხება და ვორკუტის აჯანყება. ტამბოვის ამბოხების დროს, ბოლშევიკურმა სამხედრო შენაერთებმა სამოქალაქო პირებისა და ამბოხებულთა სოფლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.[2] ხშირად, სოფლების წარჩინებული მოქალაქეები მძევლად აყავდათ, რომელთაც სიკვდილით სჯიდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ამხობული მებრძოლები არ ნებდებოდნენ.[3]

რეპრესიების სსრკ-ს წარმოშობამდე – წითელი ტერორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რუსეთში დაიწყო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისთანავე.

წითელი ტერორი ოფიციალურად გამოცხადდა 1918 წლის 2 სექტემბერს იაკობ სვერდლოვის მიერ და დასრულდა დაახლოებით 1918 წლის ოქტომბერში. მიუხედავად ამისა, სერგეი მელგუნოვი ამ ტერმინს იყენებს რუსეთის სამოქალაქო ომის მთელი პერიოდის, 1918–1922 წლების რეპრესიების აღსანიშნავად.[4][3]

რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკთა პოლიტიკური მოწინააღმდეგები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მათი პოლიტიკისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. რეპრესიები ხორციელდებოდა ასევე სოციალური ნიშნით – ყოფილი პოლიციელების, ჟანდარმების, მეფის მთავრობის ჩინოვნიკების, მღვდლების, ასევე ყოფილი მემამულეებისა და მეწარმეების წინააღმდეგ.

რეპრესიები 20-იან წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეპრესიები ანექსირებულ საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტალინური რეპრესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლექტივიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა წყობილებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სოფლად შექმნილი ვითარება წარმოადგენდა. საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები სოფლად სუსტი იყო იმიტომ, რომ მიწაზე კერძო საკუთრება არსებობდა. ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკები მთავარ პრინციპს - კერძო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. ქალაქად ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ფაბრიკა ქარხნების ასევე რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული. ბურჟუაზიის წინააღმდეგობაც დათრგუნეული იყო. თუმცა ცხოვრების დონის დაქვეითებას შეიძლებოდა ქალაქშიც დაეძაბა ვითარება. გარდა ამისა თუ მრეწველობა არ განვითარდებოდა, საჭირო დონეს ვერ მიაღწევდა ქალაქის თავდაცვისუნარიანობა, რაც გარესამყაროსთან დაპირისპირებულ საბჭოთა კავშირისთვის ძალზე საშიში იყო.

სტალინის მიზანი, სწრაფად გადაექცია საბჭოთა კავშირი ინდუსტრიალიზებულ ქვეყნად, უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის აუცილებლობას როგორც მზარდი რაოდენობის მუშების გამოსაკვებად, ისე ვალუტის გამოსამუშავებლად, რათა უცხოური ტექნოლოგია შეეძინათ მარცვლეულის ექსპორტის მეშვეობით. პრობლემის მოგვარების გზად მან კოლექტივიზაცია გამოაცხადა - გლეხების იძულება, უარი ეთქვათ თავიანთ მიწებზე და სახელმწიფოს კუთვნილ, სახელმწიფოს მიერ მართულ უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ემუშავათ.

საბჭოთა წყობილების მიერ სოფლად გატარებული რეფორმები ცნობილია „სოფლის კოლექტივიზაციის“ სახელით. ამ რეფორმის მიზანი იყო სოფლად კერძო საკუთების ლიკვიდაცია და კოლექტიური მეურნეობის შექმნა. 20-იან წლების დამდეგს სოფლად მემამულური და მსხვილი მიწისმფლობელობის სხვა ფორმების ლიკვიდაციამ საბჭოთა ხელისუფლებას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. მიწის მესაკუთრე გლეხობისთვის, ბოლშევიკების მიერ შეთავაზებული სოციალური იდეები მიუღებელი აღმოჩნდა. მართალია საბჭოთა ხელისუფლება კერძო საკუთრების წინააღმდეგი იყო მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლება ერთ დროს პოლიტიკური მოსაზრებით გლეხებისთვის მის მიერვე ნაჩუქებ მიწებს უკანვე ვერ წაართმევდა. ასეთი ნაბიჯი გლეხობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. არადა თუ მიწები კერძო მესაკუთრე გლეხობის ხელში დარჩებოდა, ცხადია, მათ ხელშივე დარჩებოდა პურით და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქციით ქალაქის მოსახლეობის და უზარმაზარი არმიის მომარაგების საქმე. ამას კი საბჭოთა ხელისუფლება არ დაუშვებდა, რადგან საბჭოთა ხელისუფლებას გლეხობისთვის მიწის წართმევა არ შეეძლო, შემუშავდა სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის სხვა ფორმა. ვითომდა სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობისთვის წვრილი გლეხური მეურნეობები გააერთიანეს, კოლექტიურ მეურნეობებში (კოლმეურნეობებში). კოლმეურნეობაში შესული გლეხის მიწა და სხვა ქონება ხდებოდა მთელი კოლექტივის საკუთრება. მიღებული მოსავალიც კოლექტივის წევრებზე ნაწილდებოდა. თავდაპირველად სახელმწიფო კოლმეურნობის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. შემდგომ წლებში კოლმეურნეობები ვალდებული გახადეს სახელმწიფოს მიერ დაწესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გეგმების შეესრულებინა და ამასთანავე ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაუქვემდებარეს. ღარიბი გლეხობა რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა ნებაყოფლობით გაერთიანდა კოლმეურნეობებში. საშუალო გლეხობა მერყეობდა, ხოლო მდიდარი გლეხობა (კულაკობა) სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი საკურთრების კოლექტიურად გადაქცევის. საბოლოოდა საბჭოთა ხელისუფლებამ ღარიბ გლეხობაზე დაყრდნობით მოახერხა კოლაკობის წინააღმდეგობის დაძლევა და სოფლად კოლმეურნეობები დაამყარა.

1929-1939 წლებში 5 %-დან 99 %-მდე გაიზარდა იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც კოლექტიური ფერმები აკონტროლებდნენ. გლეხობა წინააღმდეგობას უწევდა სტალინის ამ კამპანიას - კოლექტივიზაციას გმობდნენ, როგორც „მეორე ბატონ-ყმობას“ და ბოლშევიკური რევოლუციის ღალატს, რადგან რევოლუცია გლეხებს „მშვიდობას და მიწას“ ჰპირდებოდა. ამას ემატებოდა მორწმუნე გლეხებში გავრცელებული შეხედულება, რომ საბჭოთა მთავრობა ანტიქრისტე იყო და კოლექტიურ ფერმებში გაწევრიანება სულის ჯოჯოხეთისთვის გაწირვას უდრიდა. კოლექტივიზაციის დესპოტურად და არასწორად მართვას და გლეხების აქტიურ წინააღმდეგობას საზარელი შიმშილობები მოჰყვა 1930-იანი წლების დასაწყისში. მარტო უკრაინაში გარდაიცვალა 3,5 მილიონამდე ადამიანი. სხვა მონაცემებით უკრაინის ჰოლოდომორსს შეეწირა ათი მილიონი ადამიანი. შიმშილობას მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ევროპულ ნაწილშიც, ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში. შიმშილმა და სასოწარკვეთამ 1,5 მილიონამდე ადამიანს აიძულა მეზობელ ჩინეთში ემიგრაცია.

საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება 1927-1928 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა საბჭოთა ხელისუფლებამ 1932 წლისათვის დაასრულა სოფლების კოლექტივიზაციის პროცესი, მოსპობილი იქნა კერძო საკუთრება. კოლმეურნე გლეხობაზე დაყრდნებით საბჭოთა ხელისუფლებამ სოფლად სერიოზული დასაყრდენი ნახა. კოლექტივიზაციის პროცესში უამრავი უსამართლობა იქნა დაშვებული, ამ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა კატასტროფულად დაეცა.

დიდი წმენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი წმენდა, ასევე სტალინის რეპრესიები (რუს. Большая чистка, Ста́линские репре́ссии) — საბჭოთა კავშირში განხორციელებული მასობრივი რეპრესიები კიროვის მოკვლის მომენტიდან (1 დეკემბერი, 1934) იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე (5 მარტი, 1953). უფრო ადრინდელი სამოქალაქო ომისა და 1920-იანი წლების რეპრესიებისგან გამოირჩეოდა თვით მმართველი პარტიის წევრების (სკპ) მოსობრივი განადგურებით (პოლიტიკური და ფიზიკური). რეპრესიების უნებლიე თუ ნებაყოფლობით მონაწილეებად გახდა კომპარტიისა და სსრკ-ის პრაქტიკულად ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი, ვინაიდან ყველა იყო იძულებული, როგორც მინიმუმ, კენჭი ეყარა „ხალხის მტრის“ დაგმობის მხარდასაჭერად, რასაც ხშირად თან ახლავდა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერაც.

რეპრესიების ზოგიერთი აქტიური ორგანიზატორი (გ. იაგოდა, ნ. იეჟოვი, ნ. კრილენკო, პ. პოსტიშევი, ვვ. აბაკუმოვი) თავად გახდნენ მათი მსხვერპლი, სხვები (ლავრენტი ბერია, ვ. დეკონოზოვი და შსს-სა და სუკ-ის თანამშრომელთა სხვა ჯგუფი) გასამართლებულ იქნენ უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რეპრესიების ორგანიზატორთა ფართომასშტაბანი დევნით დაინტერესებული არ იყო, ვინაიდან თავად იყო მასში მონაწილე. 1956 წლის შემდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობის ბრალდება შეიძლება გამოყენებულიყო მსხვილი პარტიული ლიდერის თანამდებობიდან გადასაყენებლად პოლიტიკურ ბრძოლაში, თუმცა ასეთი შემთხვევები განკერძოებული იყო, ხოლო წლიდან ამგვარი პრეცედენტი აღარ განმეორებულა.

დიდი წმენდა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. 1. მოსახლეობის უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დამყარებული სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად. 2. კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 3. ძველი ინტელიგენცია, რომელიც არასდროს შერიგებია საბჭოთა სისტემას. ყველა ამ მიზეზთა გამო ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძლიერი ოპოზიციური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.

იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.

30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ გამოჩენილი მწერალი: მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა. პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით დასაჯეს: მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები.

გენოციდი, ეთნიკური წმენდა და ერების გადასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლიდან 1953 წლამდე, გარდაცვალებამდე სტალინმა განახორციელა ეთნიკური უმცირესობების იძულებით გადასახლების, დეპორტაციის პოლიტიკა.

დეპორტაცია გამოყენებული იყო პოლონელების, რუმინელების, ლიტველების, ლატვიელების, ესტონელების, ვოლგისპირელი გერმანელების, ფინელების, ყირიმელი თათრების, ყირიმელი ბერძნების, ყალმუხების, ბალყარელების, ყარაჩაელების, თურქი მესხების, კორეელების, ჩეჩნების, ინგუშების და სხვათა წინააღმდეგ. გადასახლება შეეხო 6 მილიონამდე ადამიანს, რომელთაგანაც 1,5 მილიონამდე კაცი დაიღუპა. დეპორტირებულების უმრავლესობას შორეულ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ასახლებდნენ. ზოგ შემთხვევაში, დეპორტირებულთა 40-მდე პროცენტის სიცოცხლე ეწირებოდა დაავადებებსა და შიმშილს. 1956 წელს, „დესტალინიზაციის“ შესახებ თავის ცნობილ გამოსვლაში, ნიკიტა ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ უკრაინელები ასეთივე ბედს გადაურჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ „მეტისმეტად ბევრნი იყვნენ და არ არსებობდა ადგილი, სადაც მათი დეპორტაცია მოხერხდებოდა“. დეპორტაციის პოლიტიკა უფრო მომცრო მასშტაბით გაგრძელდა სტალინის სიკვდილის შემდეგაც. 1959 წელს ჩეჩნებს, რომლებსაც მანამდე ჩეჩნეთში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, მთიდან ბარში გადასახლება აიძულეს. იგივე მოხდა 1970-იან წლებში ტაჯიკეთში, სადაც მოსახლეობის რამდენიმე ჯგუფს აიძულეს მთიდან ბარში გადასახლება.

გულაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. გულაგებში დაიღუპა 1,6 მილიონამდე ადამიანი. გულაგებში პატიმართა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს. ბანაკებში მყოფთ უხეიროდ კვებავდნენ, მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არ უზრუნველყოფდნენ ხშირი უამინდობისათვის საჭირო ტანისამოსით, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები.

გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში - ხე-ტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა.

1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. გულაგების სისტემა გაუქმდა 1960 წელს.

რეპრესიები ახლად ანექსირებულ ტერიტორიებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიისპირეთის ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუმინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოსტ-სტალინური რეპრესიები (1953–1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 9 აპრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც 23 აგვისტო გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ. იმავე წლის 23 აგვისტოს საქართველოში პირველად აღნიშნეს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე.[5]

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის გაფორმებული თავდაუსხმელობის (ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის) პაქტით, ორმა ტოტალიტარულმა ქვეყანამ გავლენის სფეროებად დაინაწილა ევროპა, რითაც სათავე დაედო ყველაზე სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში.

მანამდე, 2009 წელს 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ევროპის პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაცხადეს.

ვიდრე დადგენილებას მიიღებდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ 1939 წლის 23 აგვისტო ევროპის უახლოესი ისტორიის უმძიმესი თარიღია. ამ დღეს დადებული ხელშეკრულების საიდუმლო ოქმების მიხედვით განისაზღვრა საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ინტერესთა სფეროები, რამაც საზღვრების რღვევასა და რეპრესიების ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი: კატინის ცნობილი ტრაგედიას, მასობრივ დეპორტაციებს (მოსახლეობის დაპატიმრება, გაციმბირება) და სხვა.

1939 წლამდე ტოტალიტარული ქვეყნები რეპრესიებს, ძირითადად, საკუთარი ხალხების წინააღმდეგ მიმართავდნენ, 1939 წლის 23 აგვისტოს შემდეგ კი სისტემატური ხასიათი შეიძინა ძალადობამ დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ. საქართველოს პარლამენტის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტოტალიტარიზმი ცალკე რომელიმე სახელმწიფოსა და ერის პრობლემა როდია: „როცა ვსაუბრობთ ტოტალიტარიზმზე, ვსაუბრობთ იმაზეც, რომ თუკი შენ დაუშვებ, რომ შენს მეზობელ ქვეყნებში (ევროპა იქნება თუ სხვა რომელიმე რეგიონის ქვეყნები) გაიმარჯვოს ტოტალიტარიზმმა, აუცილებლად ეს „წითელი მამალი“ მოგაკითხავს შენ და აუცილებლად მოვა შენს სახლშიც. ამიტომ შეფასება იმისა, რაც იყო ფაშიზმი და რაც იყო კომუნიზმი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“

უნდა ითქვას, რომ ევროპის პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას ყველა ქვეყანაში არ იზიარებენ. მაგალითად, რუსეთში ბევრი დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს და არ ცნობს კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა პირველად შემოიტანა ევროპულ დისკურსში მთელი სიმწვავით გავლენის სფეროთა ცნება, ანუ ის, რის დაკანონებასა და ლეგიტიმაციას ასეთი დაჟინებთი ცდილობენ რუსეთის დღევანდელი მმართველები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]