ბისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბისონი, ომოფორი და კვართი.
XVII საუკუნის ბისონი, ათენი, ბენაკის მუზეუმი.

ბისონი (ბერძ. σάκκος, საკოსი - წმინდა სელი)ბიზანტიისა და ქართველ მეფეთა, ასევე მღვდელმსახურის შესამოსელი.

ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დიაკვნის სტიქარს ჰგავს, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი სიმბოლურად მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.

ბიზანტიის მეფეთა ბისონი — გრძელი და ვიწრო სამოსი, მოძრაობის გასაადვილებლად წინა კალთა მუხლამდე ჰქონდა შეჭრილი, ხოლო ყელთან სამკუთხედად ღრმად იყო ამოჭრილი, ყელთან დაჰყვებოდა მარგალიტის მძივები, ალაგ-ალაგ შემკული იყო ძვირფასი ქვებით, ჰქონდა ნაქარგი ზოლები. ბისონზე ბიზანტიის მეფეები ირტყამდნენ მარგალიტებით შემკულ სარტყელს.

ქართველ მეფეთა ბისონი — მცირედით განსხვავდებოდა ბერძნულისაგან, ქართველების ბისონი უფრო ფართო და უფრო მოკლე იყო, ყელზე ზოგჯერ მრგვლად და ზოგჯერ სამკუთხედად იყო ჩაჭრილი. ბისონში გამოწყობილი ქართველი მეფეების ფრესკები გვხვდება: ატენში (ბაგრატ IV-ის), ბედიაში (ბაგრატ III-ის), ვარძიასა და ყინწვისში (გიორგი III-ის), ბეთანიასა და ბერთუბანში (თამარ მეფის) და უდაბნოს მონასტერში (დემეტრე II-ის). ბისონი იკერებოდა როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ქსოვილისაგან. სავარაუდოდ, ბისონის შესაკერად გამოიყენებოდა სტავრა, ატლასი, ზარქაში, სხვადასხვა სახის ოქროქსოვილები და ფერადი ძოწეულები.

ბისონს უწოდებენ აგრეთვე ერთგვარ მცენარეს, რომლითაც სამოსელი იღებება ელვარე ნაკვერცხლისფრად. მზადდებოდა აბრეშუმისებრი ძაფისაგან, რომელსაც გამოყოფენ ზღვის ერთგვარი ლორწოვანი მოლუსკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • ს. ორბელიანი. „ლექსიკონი ქართული“, 1991 წ.
  • „მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი“, 2002 ნ.
  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.