ნაგატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნაგატო
Nagato.jpg
დებიუტი მანგა – 372-ე თავი (2008 წ.[1]), ანიმე – 128-ე ეპიზოდი (2009 წ.[1])
შემქმნელი მასაში კიშიმოტო
გახმოვანება ჯუნპეი მორიტა
კენიუ ჰორიუჩი (პეინი)
ტომოაკი მაენო (ბავშვი ნაგატო)
შიჰო ჰისაჯიმა (ქალი ცხოველის გზა)[2]
პროფილი
სხვა სახელები პეინი (ペイン, პეინ); ღმერთი (神, კამი)
სქესი: მამრობითი
ეროვნება ამეგაკურე
წოდება ეს-რანგის შინობი
მოკავშირეები კონანი
შესაძლებლობები რინეგანი;
პეინის ექვსი გზა;
დევას გზა;
შინრა ტენსეი;
ჩიბაკუ ტენსეი;
ბანშო ტენინ;
ასურას გზა;
ადამიანის გზა;
ცხოველის გზა;
პრეტას გზა;
ნაკარას გზა;
გარეთა გზა;
გარეთა გზა: ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა;
გაერთა გზა: დემონური ქანდაკების გამოძახება;
სხვა ტექნიკები

ნაგატო (კანჯი長門), იგივე პეინი (ペイン, პეინ) — გამოგონილი პერსონაჟი ნარუტოს სამყაროდან. შექმნილია მასაში კიშიმოტოს მიერ. იგი ეს-რანგის ნინძა ბოროტმოქმედთა კრიმინალური ორგანიზაციის - აკაცუკის ლიდერი იყო, აგრეთვე სათავეში ედგა ე.წ. „წვიმაში დამალულ სოფელს“, ამეგაკურეს. სერიებში იგი ერთ-ერთ უმთავრეს ანტაგონისტს წარმოადგენდა. აკაცუკის წევრებისთვის იგი ავტორიტეტული ლიდერი იყო, რომელიც თითოეული მათგანის საქმიანობას წარმართავდა და შესაბამის მითითებებს იძლეოდა. საიდუმლოდ ნაგატო ობიტო უჩიჰასთან თანამშრომლობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა ნაგატო

ნაგატო წარმოშობით უზუმაკის კლანიდანაა, რასაც მისი თმის ფერიც მოწმობს.

ნაგატოს ტრაგიკული ისტორია შინობთა მეორე მსოფლიო ომის დროიდან იღებს სათავეს, როდესაც „დამალული წვიმა“ (ამეგაკურე), მიმდებარე სოფლებთან ერთად, ბრძოლის ველად იყო ქცეული. ნაგატოც ერთ-ერთ ასეთ სოფელში დაიბადა და ოჯახთან ერთად იქ იმალებოდა. ომის მსვლელობისას მის სახლში მტერი ქვეყნის, კონოჰას ორი შინობი საკვების საშოვნელად შეიჭრება. სახლიდან უჩუმრად გაპარვას ოჯახი ვერ შეძლებს. ნაგატოს მშობლები პირველები გადავლენ შეტევაზე და შვილის გაქცევისთვის საჭირო დროის მოგების მიზნით მათ შეჩერებას შეეცდებიან. სიბნელეში კონოჰელები მათ მტრის ნინძებად აღიქვამენ და ნაგატოს თვალწინ დახოცავენ ორთავეს. მხოლოდ ამის შემდგომ გააცნობიერებენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოფილან. პეინის თქმით, მშობლების დახოცვით განცდილი ტკივილი მასში იმწუთიერად ბრმა სიძულვილად გარდაიქმნა, რამაც გაააქტიურა მისი რინეგანი და გაუცნობიერებლად დაახოცვინა მკვლელები.

მშიერი და მიუსაფარი ბიჭი საჭმლის სათხოვნელად კარდაკარ იწყებს სიარულს, თუმცა პურის ერთ ნაჭერსაც კი არავინ გაიმეტებს მისთვის. შიმშილისგან წაქცეულ ნაგატოს ძაღლი ჩიბი გადაარჩენს, რომელიც ალოკავს გონებადაკარგულ ბიჭს და გონს მოიყვანს. ნაგატოს თქმით, იგი ძილშივე დაიღუპებოდა, ჩიბი რომ არ გამოჩენილიყო. იმ დღიდან ჩიბი მისი მუდმივი თანამგზავრი და მფარველი ანგელოზი ხდება.

მარცხნიდან მარჯვნივ: იაჰიკო, კონანი, ნაგატო და ჩიბი

მოგვიანებით, შიმშილისგან კვლავინდებურად ძალადაკარგულ ნაგატოს მოულოდნელად თავს თანატოლი გოგონა - კონანი წაადგება, რომელიც სიკვდილის ზღვარს მყოფს ღიმილით პურს გაუწვდის. კონანს იგი თავშესაფარში იაჰიკოსთან მიჰყავს, რომელიც თანხმდება უცხო ბიჭის მიღებასა და მისთვის საცხოვრებლის გაზიარებაზე. ნაგატოს მსგავსად ეს ორიც ომმა დააობლა, რის გამოც ისინი საუკეთესო მეგობრები ხდებიან და გადარჩენისთვის ბრძოლას ერთად იწყებენ.

თანდათანობით, იაჰიკო ნაგატოსთვის მისაბაძი მაგალითი ხდება - მისი გამბედაობა, მიზანდასახულობა და, რაც მთავარია, მისი ოცნება სამყაროდან სიძულვილისა და ტკივილის განდევნაზე ნაგატოსთვის მთავარ შთამაგონებლად იქცევა.

გავა დრო და სამეული სრულიად შემთხვევით ამეგაკურეს იმდროინდელი მმართველი ჰანზოსა და კონოჰას ლეგენდარულ სანინთა ბრძოლის მომსწრე გახდება. ბრძოლის ველიდან გადმოვარდნილი კუნაის აფეთქების შედეგად იღუპება ჩიბი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ნაგატოს ტკივილს. მოკლული ჩიბის, კონანისა და ნაგატოს ცრემლების შემხედვარე იაჰიკო გააცნობიერებს, რომ საკუთარი ოცნებისა და ცხოვრების მთავარი მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება ღმერთად, ანუ ყველაზე ძლევამოსილ შინობად გადაქცევაა, რაც დიდ ზეგავლენას მოახდენს ნაგატოზე.

სამეული კონოჰას იმ სამი შინობის ძებნას იწყებს, რომლებიც ძლევამოსილ ჰანზოსთან შერკინების შემდეგ ცოცხლები გადარჩნენ. მეტად სახიფათო და დამქანცველი ძიების შედეგად ისინი სამ ლეგენდარულ სანინს შეხვდებიან. ერთ-ერთი მათგანი, ჯირაია მათ თავდაცვისათვის საჭირო საბრძოლო ტექნიკების სწავლებაზე სთანხმდება. ცუნადე და, განსაკუთრებით კი, ოროჩიმარუს, დიდ ინტერესს არ გამოიჩენენ ბავშვებისადმი. ოროჩიმარუ მათ დახოცვასაც კი გადაწყვეტს, თუმცა ჯირაიას შეაჩერებს მას.

ნაგატო, იაჰიკო, კონანი და ჯირაია

ნაგატო, იაჰიკო, კონანი და ჯირაია ერთად ცხოვრებას იწყებენ. უზომოდ კეთილი, თბილი და მზრუნველი ჯირაია მალე მათი ოჯახის ნაწილი ხდება. თავდაპირველად ნაგატოს უჭირს კონოჰელი ჯირაიას მიღება, ვინაიდან კონოჰას სიმბოლო მას მშობლების დაკარგვით განცდილ ტკივილს ახსენებს. ერთ დღეს, იაჰიკოს გადარჩენის მიზნით, ნაგატო მტრის შინობს გაუცნობიერებლად მოკლავს. მისი რინეგანის შემხედვარე ჯირაია მიიჩნევს, რომ სწორედ იგია ის ნაწინასწარმეტყველევი ბავშვი, რომელმაც გასაოცარი ცვლილებები უნდა მოახდინოს სამყაროში. ნაგატო მწარედ განიცდის თავის საქციელს, ვინაიდან ადამიანის მოკვლა მას უდიდეს ბოროტებად მიაჩნია. მძიმე წუთებში მას ჯირაია გაამხნევებს და ეტყვის, რომ ის, რაც მან ჩაიდინა, მეგობრის დასაცავად და გადასარჩენად გააკეთა, რის გამოც მის განსჯასა და გაკიცხვას ვერავინ შეძლებდა. სწორედ ამ დროს შეიცვლება ნაგატოს წარმოადგენა ჯირაიაზე და კეთილ მასწავლებელს მთელი გულით მიიღებს. იმ დღიდან, ნაგატოსთვის უმთავრეს მიზნად მისთვის უძვირფასეს ადამიანებზე - კონანსა და იაჰიკოზე ზრუნვა იქცევა.

პარალელურად ჯირაია პასუხს დაეძებს ურთულეს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება სამყაროდან სიძულვილის განდევნა. გავა დრო და პასუხს იგი ახალგაზრდა ნაგატოს სიტყვებში იპოვის. ერთ დღეს, თავშესაფარში დაბრუნებული ნაგატო მას ეტყვის, რომ იგი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს მშვიდობისათვის, არასდროს დანებდეს და ბოლო მოუღოს იმ „წყევლას“, რასაც გაუთავებელი ომიანობა და სიძულვილი წარმოადგენს. სწორედ ეს სიტყვები გახდება ჯირაიას წიგნის დედააზრი, ამიტომ მთავარ პერსონაჟად იგი ნაგატოს პიროვნებას შეარჩევს.

იაჰიკოს აკაცუკი

სამ წელიწადში ჯირაია სამეულის გაწვრთნას დაასრულებს და სანინებს უბრუნდება. იაჰიკო, ნაგატო და კონანი კი შექმნიან გუნდს, სახელად „აკაცუკი“, რომელსაც სათავეში იაჰიკო ჩაუდგება. მისი მთავარი მიზანი მშვიდობისათვის ბრძოლაა. ნაგატოს უამრავი თანაგუნდელი შეეწირება ამ ბრძოლას. აკაცუკის რეპუტაციის სწრაფი ზრდა ამეგაკურეს მმართველ ჰანზოს შეაშფოთებს და, კონოჰას მმართველი დანზოს დახმარებით, მათ განადგურებას განიზრახავს. თავდაპირველად, იაჰიკოს ნდობის მოსაპოვებლად ჰანზო მას თანამშრომლობას შესთავაზებს, მომდევნო დღეს კი იგი კონანს გაიტაცებს. ჰანზო ნაგატოს კუნაის გადაუგდებს და იაჰიკოს მოკვლას უბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონანის მოკვლით იმუქრება. ურთულესი არჩევანის გაკეთებაში მას იაჰიკო ეხმარება, რომელიც მეგობრის ხელში არსებულ დანას თავადვე წამოეგება. სიკვდილის წინ იგი ნაგატოს შეახსენებს, რომ სწორედ იგია ის, ვინც მსოფლიო უნდა გადაარჩინოს.

ნაგატო გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახების შემდეგ

ნაგატო შეძლებს კონანის გამოხსნას, თუმცა ჰანზოს ძიუცუ მას ორივე ფეხს დაუზიანებს. დემონური ქანდაკების გამოძახებით იგი ხელის ერთი მოსმით გაანადგურებს ჰანზოს მთელ არმიას, მოგვიანებით კი მასაც მოკლავს. მეგობრის უსიცოცხლო სხეულთან ჩაკეცილი ნაგატო, კუნაის მეშვეობით, თავის შუბლსაკრავზე გამოსახულ ამეგაკურეს სიმბოლოს ჰანზოს რეჟიმის დამხობის ნიშნად გადახაზავს, რაც მოგვიანებით ამეგაკურეს ყოველი მკვიდრის, მათ შორის, კონანისა და პეინის ექვსი გზის შუბლსაკრავთა სიმბოლოდ იქცევა.

იაჰიკოს დაღუპვით განცდილი ტკივილი მთლიანად შეცვლის ნაგატოს პიროვნებას. იგი მშვიდობისთვის ბრძოლაზე უარს იტყვის, ვინაიდან მისი არსებობის აღარ ჯერა.

გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოყენების შედეგად ნაგატო უკიდურესად დაუძლურდება. გარდა ამისა, მის ზურგში ჩაკრას გადამცემი, ლითონის უამრავი ღერო ჩარჩება. ამიტომ იგი „პეინის ექვს გზას“ შექმნის. მათ შორის უმთავრესი - დევა - იაჰიკოს სხეულია და, ბედის ირონიით, სწორედ მისი ხელებით შეუდგება იმის გაკეთებას, რის წინააღმდეგ ბრძოლასაც იაჰიკომ სიცოცხლე შესწირა.

აკაცუკის ლიდერის პოზიციას ნაგატო იკავებს, რომელიც თავს პეინსა და „ღმერთს“ უწოდებს და აკაცუკის ბოროტმოქმედებით დააკომპლექტებს. მის გზასვე დაადგება კონანიც, იგივე „ანგელოზი“, რომელიც ერთადერთ საყვარელ ადამიანად შემორჩება პეინის ცხოვრებაში. კუდიანი ურჩხულების ჩაკრას მეშვეობით პეინი ზეიარაღის შექმნას წამოიწყებს, მათი ჯინჩურიკების დასაჭერად კი იგი აკაცუკის იყენებს. იარაღის მთავარი ფუნქცია ახალი მსოფლიო ომის წამოწყებაა. პეინის აზრით, მხოლოდ ომის ტკივილი შეახსენებს ადამიანებს მშვიდობის ფასს, თუმცა მშვიდობა მხოლოდ დროებითია და ადამიანები მას მალევე დაივიწყებენ. ისინი ახალ ომს წამოიწყენებ, რისთვისაც კვლავინდებურად პეინის იარაღს გამოიყენებენ, შემდეგ დაისადგურებს ისევ დროებითი მშვიდობა, სანამ ადამიანებს კვლავ ომის წყურვილი არ გაუჩნდებათ და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ტკივილისა და სიძულვილისაგან დაბრმავებული ნაგატო ტობის მსხვერპლი ხდება და მის ხელში მარიონეტად იქცევა. იგი არც საკუთარ მასწავლებელსა და ერთ დროს მისთვის უსაყვარლესს პიროვნებას - ჯირაიას დაინდობს. ამეგაკურეში აკაცუკის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შეპარული ჯირაია იქ კონანსა და ნაგატოს აღმოაჩენს, რომლებიც მას ომში დაღუპულებად მიაჩნდა. ლეგენდარული ბრძოლის შედეგად პეინი კლავს ჯირაიას, რის შემდგომაც, კონანთან ერთად, იგი კონოჰასაკენ, ცხრაკუდა მელიის დასაჭერად მიემართება.

განადგურებული კონოჰა

შინრა ტენსეის მეშვეობით, პეინი მთელ ქალაქს მიწის პირისაგან აღგვის და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. სოფლის მეთაური, ცუნადე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბრძოლისთვისაა მზად, თუმცა ნარუტო შეაჩერებს მას და თავად შეებრძოლება მტერს. პეინთან ბრძოლის დროს ჯირაიას მიერ მიღებული ინფორმაციის წყალობით ნარუტომ იცის, თუ რაში მდგომარეობეს „ღმერთის“ სისუსტე. მიუხედავად ამისა, იგი მარცხდება. მას შემდეგ, რაც პეინი ნარუტოს მეგობარს ჰინატა ჰიუგას მის თვალწინ თითქოს-და მოკლავს, ტკივილი და სიძულვილი მასში ცხრაკუდა დემონის ჩაკრას გაააქტიურებს და, საბოლოო ჯამში, პეინის წინაშე რვაკუდიანი დემონი მელია წარდგება. ფიზიკური გამოფიტულობის მიუხედავად პეინი „ღმერთის ტექნიკას“ - ჩიბაკუ ტენსეის გამოიყენებს და მელიას ქვის სფეროში გამოამწყვდევს, საიდანაც თავის დაღწევას დემონი ახერხებს. ამასობაში, მამის, მინატოს დახმარებით, ნარუტო ახერხებს სიძულვილის მოთოკვას და, შესაბამისად, იმორჩილებს დემონსაც. მას შემდეგ, რაც რვაკუდიანი დემონი გაქრება, ნარუტო დაამარცხებს უკანასკნელ პეინს - დევას და ნაგატოსთან დასალაპარაკებლად გაემართება.

ჯირაიას მსგავსად, ნაგატოც ღიმილით კვდება

პირის-პირ შეხვედრისას ნარუტო ბრძოლაზე უარს იტყვის. ნაგატოს ისტორიის მოსმენის შემდეგ იგი გააცნობიერებს, რომ საერთო მათ არა მხოლოდ სენსეი ჰყავდათ, საერთოა ასევე საყვარელი ადამიანების დაკარგვით მათ მიერ განცდილი ტკივილიც. იგი ასევე მიხვდება, რომ სწორედ ნაგატოა ის, ვინც ჯირაიას წიგნის დაწერაში დაეხმარა. ნარუტო ამხელს პეინს, რადგან მან ვერ გაამართლა მასწავლებლის იმედები და საკუთარ სიტყვებს გადაუხვია. ასევე ეტყვის მას, რომ წიგნის მთავარ გმირს ჰქვია „ნარუტო“ და რომ იგი შეძლებს და გახდება ეს გმირი. გაიმეორებს რა ნაგატოს იმ სიტყვებს, რაც ჯირაიას წიგნის მთავარ აზრად იქცა, პეინი გააცნობიერებს, რომ მან არა მხოლოდ მასწავლებელს, ასევე საკუთარ თავსაც უღალატა. მიუხედავად ყველაფრისა, ნარუტოში იგი იმედს დაინახავს და დაუჯერებს მას. იგი დააფიცებს ნარუტოს, რომ იმ დიდი ტკივილების მიუხედავად, რაც მას შეხვდა, ან გზად შეხვდება, იგი შეძლებს და მუდამ თავისი სიტყვების ერთგული დარჩება, რის შემდგომაც, უკანასკნელი ენერგიით, კონოჰას ყველა დაღუპულ მოსახლეს გააცოცხლებს, თავად კი მოკვდება.

რეინკარნაციის შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტობისთან თანამშრომლობის მიზნით, მის მოსახიბლავად კაბუტო იაკუში აკაცუკის გარდაცვლილ წევრებს, მათ შორის კი ნაგატოსაც, გააცოცხლებს. კაბუტოს რეინკარნაციის ტექნიკის მეშვეობით ტობი სუპერბოროტმოქმედთა არმიას შექმნის, რასაც შინობთა გაერთიანებულ ძალებს დაუპირისპირებს და მეოთხე მსოფლიო ომს წამოიწყებს. რეინკარნირებული ნაგატო გარეგნობით ისეთივეა, როგორიც გარდაცვალების დღეს იყო - შეზღუდული შესაძლებლობებითა და თეთრი თმით, თუმცა ზურგში მას ლითონის ღეროები აღარ აქვს.

რეინკარნირებული ნაგატო და იტაჩი

თავდაპირველად ნაგატოს გადაადგილებაში კაკუზუ ეხმარება, რომელიც მას ზურგზე მოიკიდებს, იტაჩისთან დაწყვილების შემდგომ კი კაკუზუს ეს უკანასკნელი შეენაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი გაცოცხლებულ გვამს წარმოადგენს, რომლებიც კაბუტოს მითითებებს უყოყმანოდ ემორჩილებიან, ცნობიერება მათ ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ. გზაში ისინი აკაცუკიზე საუბრობენ და იხსნებენ, თუ როგორც იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის ტობი მათ დოძიუცუს. ტობისა და კაბუტოს გეგმებზე საუბრის შემდეგ ნაგატო ნარუტოსა და კილერ ბის ჩაკრას იგრძნობს. ნარუტოს ხილვით გახარებული ნაგატო მას ცხრაკუდა დემონის დამორჩილებასა და საკუთარ სიძულვილზე გამარჯვებას მიულოცავს, თუმცა, კაბუტოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი, იძულებულია მას შეებრძოლოს.

ბრძოლის დროს ნაგატო პეინის ექვსი გზის ყველა ძირითად ტექნიკას გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, იგი ყველანაირად ცდილობს ნარუტოს დახმარებას და მას არა მარტო თავისი, არამედ იტაჩის ყოველი შემოტევის შესახებ წინასწარ აფრთხილებს.

მას შემდეგ, რაც ყვავის მეშვეობით იტაჩი კაბუტოს ზემოქმედებას თავს დააღწევს, იგი ნაგატოს ამატერასუს ცეცხლში გახვევს, თუმცა, შინრა ტენსეის გამოყენებით, ნაგატო ამ ტექნიკის სწრაფად განეიტრალებას შეძლებს. ამასობაში, ნაგატოს ცნობიერების „დაბლოკვის“ შედეგად, კაბუტო მასზე სრულ კონტროლს მოიპოვებს. ფართო მასშტაბიანი შინრა ტენსეის გამოყენების შემდეგ ნაგატო კილერ ბის ჩაკრას დიდი ოდენობით შთანთქავს და მისი მეშვეობით გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახებით წლების წინ დაუძლურებულ სხეულს გაიჯანსაღებს. პირველად იგი ნარუტოსგან სულის ამოცლას შეეცდება, შემდეგ კი, პრეტას გზის გამოყენებით, ორ დამატებით ხელს გამოიბამს, საიდანაც ჩაკრას ძლევამოსილი ბლასტის გატყორცნას დააპირებს, თუმცა მას იტაჩი შეაჩერებს. საბოლოოდ ნაგატო ჩიბაკუ ტენსეის გამოყენებას გადაწყვეტს, თუმცა ტექნიკის შესრულებამდე ნარუტო, კილერ ბი და იტაჩი გაერთანებული ძალებით გრავიტაციის შავი სფეროს გაანადგურებენ, ტოტსუკას მახვილის მეშვეობით კი ეს უკანასკნელი ნაგატოს სასიკვდილოდ დაჭრის.

სიკვდილის წინ ნაგატო საკუთარ შეცდომებზე საუბრობს და თავს „უნაკლო“ მასწავლებლის უღირს მოსწავლეს უწოდებს. მას კვლავინდებურად სჯერა, რომ სწორედ ნარუტოა ის, ვინც ჯირაიასა და მისი ოცნების ასრულებას შეძლებს, თავად კი მასწავლებელთან შესახვედრადაა მზად.

ნაგატოს მარცხს კაბუტო მის მრავალწლიან ქმედუუნარობას აბრალებს, რის გამოც მან საკუთარი ძალების მაქსიმალურად გამოყენება ვერ შეძლო.

შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარუტოს სამყაროში პეინი ერთ-ერთი უძლიერესი შინობია. იგი ერთადერთია, რომელიც ბუნებრივად ფლობს რინეგანს, რაც ყველაზე ძლევამოსილ ძიუცუს წარმოადგენს. ბიაკუგანთან და შარინგანთან ერთად რინეგანი ერთ-ერთია თვალის სამ ტექნიკას შორის და მათგან ყველაზე ძლიერია. მისი მეშვეობით ნაგატო „პეინის ექვს გზას“ აკონტროლებს. საკუთარ ჩაკრას იგი ექვს სხეულში ანაწილებს და მათ ერთდროულად მართავს. როგორც ირკვევა, თითოეული მათგანი გვამს წარმოადგენს, რომელიც ნაგატოს მიერ, ჩაკრას დისტანციურად გადაცემის გზით, მოძრაობაშია მოყვანილი. ყოველ ასეთ სხეულს საკუთარი უნიკალური ძიუცუ ახასიათებს. მათ შორის უძლიერესია დევა, რომელიც ისეთ უნიკალურ ტექნიკებს ფლობს, როგორიცაა ჩიბაკუ ტენსეი, შინრა ტენსეი, ბანშო ტენინ.

რინეგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რინეგანი.
ნაგატოს რინეგანი

ნაგატოს კეკეი გენკაის ლეგენდარული რინეგანი (輪廻眼, ქართ. „სამსარას თვალი“) წარმოადგენს, რაც სამ ძლევამოსილ დოძიუცუს შორის ყველაზე ძლიერია. მას შინობთა სამყაროს შემქმნელი ექვსი გზის ბრძენიც ფლობდა. მისი წყალობით ნაგატო ის ერთადერთია, რომელსაც ბუნების ხუთივე ელემენტის მართვა შეუძლია, რაც მას ნებისმიერი ტექნიკის გამოყენების პოტენციას ანიჭებს. ჩაკრას ბუნების ხუთივე ტრანსფორმაციის წყალობით ნაგატოსთვის ყველა ნინძიუცუ ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყველა იმ ტექნიკის გამოყენება შეუძლია, რასაც სხვა პერსონაჟები ფლობენ. შესაბამისად, მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია და ერთადერთ ლიმიტს მხოლოდ მისი ნების სიმტკიცე და ფიზიკური გამძლეობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ძირითად ნინძიუცუში ნაგატო ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დახელოვნდა[3]. ჯირაიას თქმით, პატარა ნაგატომ ყველა იმ ნინძიუცუს ათვისება შეძლო, რაც მას ასწავლა.

რინეგანს პეინის ექვსი გზის თითოეული წევრი და ყველა ის ცხოველი ფლობს, რასაც ნაგატო ბრძოლებში იყენებს. ამის გამო, იგი ყოველი მათგანის თვალით ერთდროულად ხედავს. რინეგანის დახმარებით ნაგატო ჩაკრას უხილავ ბარიერებს ხედავს, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველია[4]. პეინის მეშვიდე, გარეთა გზას, რაც „სიკვდილსა და სიცოცხლის მიღმაა“[5], მკვდარი ადამიანის გაცოცხლება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მანგეკიო შარინგანისა და შარინგანის მსგავსად, რინეგანის მფლობელსაც შეუძლია კუდიანი ურჩხულების მართვა, რასაც ტობი გარეთა გზის ჩაკრას ჯაჭვებისა და ჩაკრას მიმღებთა მეშვეობით ახერხებს[6]. აღსანიშნავი ისიცაა, რომ რინეგანის მეშვეობით ექვსი გზის ბრძენის ფირფიტაზე ამოტვიფრული საიდუმლო ტექსტი უკეთ იკითხება, ვიდრე მანგეკიო შარინგანით[7].

პეინის ექვსი გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეინის ექვსი გზა. მარცხნიდან მარჯვნივ: ცხოველი, ნაკარა, ასურა, დევა, ადამიანი და პრეტა

„პეინის ექვსი გზა“ (ペイン六道, პეინ რიკუდო) იმ ტექნიკის სახელია, რომელიც რინეგანის მფლობელს ექვს უნიკალურ შესაძლებლობას ანიჭებს. თითოეული მათგანი „გზად“ (道) იწოდება. ამ ტექნიკით სარგებლობის მიზნით ნაგატო ექვს სხეულს იყენებს. მათ ერთობლიობას იგი „პეინს“ უწოდებს. ყოველი ასეთი სხეული ერთ „გზას“ შეესაბამება, რის გამოც ისინი ერთმანეთთანაა გაიგივებული. ამიტომ, ტექნიკის სახელწოდება ექვსეულის ალტერნატიულ სახელადაც იქცა.

პეინის ექვსი გზის ყველა წევრს მკვეთრი სტაფილოსფერი თმის ფერი და რინეგანი აქვს. გარდა ამისა, ყოველი მათგანის სხეული პირსინგებითაა დაფარული. თითოეული ასეთი პირსინგი ჩაკრას მიმღებს წარმოადგენს.

ექვსეულის ყოველი წევრი ადამიანის უსიცოცხლო სხეულია, რასაც ნაგატო ჩაკრას გადაცემის მეშვეობით მართავს. მიუხედავად ამისა, „პეინს“ იგი საკუთარ თავთან არ აიგივებს და საუბრისას მათ ყოველთვის მესამე პირში იხსენიებს[8]. ჩაკრას გადამცემს გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახების შედეგად ნაგატოს ზურგში ჩარჩენილი ღეროები წარმოადგენს.

პეინის სხეულებს ნაგატო სპეციალურ კონტეინერებში ინახავს, რომლებიც დაიჯის სიმბოლოებით ერთიდან ექვსამდეა გადანომრილი და ოთახში საათის ისრის მიმართულებით, რეინკარნაციის ექვსი ბუდისტური გზის შესაბამისადაა განლაგებული.

წლების განმავლობაში, ნაგატომ ექვსეულის პარალელურად, გასაოცარი სიზუსტით მართვა ისწავლა. უცნობი ტექნიკის წყალობით მან თითოეულ პეინს რინეგანი უბოძა, რის გამოც მან ექვსი ადამიანის თვალით ერთდროულად დანახვა შეძლო. ყოველ მათგანს ნაგატო განსაზღვრული დანიშნულებით იყენებს. წინა პოზიციაზე იგი ყოველთვის დევას აყენებს, რომელიც უძლიერეს ტექნიკებს ფლობს, ნაკარა კი სხვებზე უკანა დგას. მისი მეშვეობით „დაღუპული“ პეინის აღდგენაა შესაძლებელი. ექვსივე მათგანს ე.წ. „ჩაკრას მომშლელი მახვილის“ წარმოქმნა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ პეინის ექვსი გზის გამოყენება დამატებითი ექვსი სხეულის შექმნას სულაც არ მოითხოვს. ჰანზოს არმიის განადგურების შედეგად ფიზიკურად დაუძლურებული ნაგატო იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან მას გადაადგილება არ შეუძლია. რეინკარნაციის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობების დაბრუნების შემდეგ, ექვსი გზის ყველა ტექნიკას ნაგატო დამოუკიდებლად იყენებს. მისი თქმით, იგი ახლა უფრო სწრაფი და ძლევამოსილია, ვიდრე უწინ იყო[9]. თუმცა, ექვს პეინთან ერთად ნაგატომ ექვსი ადამიანის თვალით დანახვის უნარი და მტერთან არაპირდაპირ, სხვისი სხეულით ბრძოლით უზრუნველყოფილი უსაფრთხოება დაკარგა.

დევას გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევა (天道, ტენდო), რომელიც იაჰიკოს სხეულისგანაა შექმნილი, პეინის ექვს გზას შორის „ლიდერია“. ყველაზე ძლევამოსილი ტექნიკების უმრავლესობას ნაგატო სწორედ მისი მეშვეობით ასრულებს.

შინრა ტენსეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინრა ტენსეის (神羅天征, ქართ. „ყველგანმყოფი ღმერთის ზეციური დამორჩილება“) ექვსი პეინიდან მხოლოდ დევა იყენებს. იგი ენერგიის ველს წარმოქმნის, რასაც სხეულიდან განმუხტვის გზით სფეროსებურად, ყველა მიმართულებით ავრცელებს. როგორც ჩანს, ესაა წმინდა სახის კინეტიკური ენერგია, რაც ობიექტს უკიდურესად დიდი ძალით ეჯახება და ანადგურებს. ამ გზით, მას მტრის ნინძიუცუს განეიტრალებაც შეუძლია[10]. შინრა ტენსეის გამოყენებით, ქვისა თუ რკინის ბარიერების დანგრევა პრობლემას არ წარმოადგენს და მთელი ქალაქის განადგურებაცაა შესაძლებელია. მისი მეშვეობით პეინს სხეულის გარშემო დამცავი ველის წარმოქმნაც შეუძლია, რაც მტრის შემოტევებს ისხლეტს.

ძალის დიდი ოდენობით გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, როგორც ეს კონოჰას განადგურების დროს მოხდა, ნაგატო დროებით სრულად წყვეტს კავშირს პეინის ექვსი გზის დანარჩენ წევრებთან და მთელ კონცენტრაციას დევაზე აკეთებს, რათა მასში გადაიტანოს ჩაკრას ის მარაგი, რაც მიზნის მიღწევისთვისაა საჭირო. კონანის თქმით, ტექნიკის ამგვარი მასშტაბით გამოყენება ნაგატოს სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.

შინრა ტენსეის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ იგი ბევრ ენერგიას საჭიროებს და მისი გამოყენების შემდეგ პეინს მცირე ხნით შესვენება უწევს. როგორც წესი, ესაა 5 წამი, თუმცა დროის ხანგრძლივობა ტექნიკის გამოყენების შედეგად დახარჯული ენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული და მის შესაბამისად იზრდება.

ბანშო ტენინ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანშო ტენინს (万象天引, ქართ. „ყოველი ქმნილების ზეციური მიზიდვა“) შინრა ტენსეის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მისი მეშვეობით, მაგნიტის მსგავსად, პეინი ობიექტებს იზიდავს. ზოგადად, ამ ტექნიკას ნაგატოს ტელეკინეზისიც შეიძლება ეწოდოს. ექვსკუდიან დემონთან ბრძოლის დროს „გონების ძალით“ იგი კლდეს უზარმაზარ ლოდს ჩამოტეხს და მოწინააღმდეგეს თავზე დასცემს.

შინრა ტენსეის მსგავსად, ბანშო ტენინსაც მხოლოდ დევა იყენებს. როგორც ჩანს, ფრენას იგი სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით ახერხებს.

ჩიბაკუ ტენსეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩიბაკუ ტენსეი

ჩიბაკუ ტენსეი (地爆天星, ქართ. „დედამიწიდან ამოხეთქილი ზეციური სხეული“), რომლის მეშვეობითაც ექვსი გზის ბრძენმა მთვარე შექმნა და მის შიგნით ათკუდიანი ურჩხული გამოამწყვდია, ნაგატოს ერთ-ერთი უძლიერესი ტექნიკაა.

ჩიბაკუ ტენსეი დევას უნიკალურ ძიუცუს წარმოადგენს. თავდაპირველად იგი გრავიტაციის პატარა შავ სფეროს წარმოქმნის, რასაც ზეცაში უშვებს და მიწიდან გარკვეულ მანძილზე აჩერებს, რის შემდგომაც სფერო დედამიწის ზედაპირზე არსებული ობიექტების - ქვების, კლდეების, ტყეების მიზიდვას იწყებს, თანდათანობით დიდდება და, საბოლოო ჯამში, ქვის უზარმაზარ სფეროდ გადაიქცევა. ამ ტექნიკის გამოყენების შედეგად დედამიწის ზედაპირზე დიდი ზომის კრატერი რჩება.

ჩიბაკუ ტენსეი წარმოუდგენლად დიდ ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვს, რის გამოც მისი გამოყენება დევას მხოლოდ ნაგატოს სიახლოვეს შეუძლია.

ნარუტოსთან ბრძოლის დროს, ნაგატო ჩიბაკუ ტენსეის მეშვეობით ამარცხებს ექვსკუდიან მელიას[11], თუმცა, ფიზიკურად უკიდურესად დასუსტებული, გრავიტაციას დიდი ხნით გაკონტროლებას ვერ შეძლებს და რვაკუდიანი დემონი ქვის სფეროდან თავის დაღწევას მოახერხებს[12].

ტექნიკის მოქმედების შეჩერება გრავიტაციის შავი სფეროს განადგურებითაა შესაძლებელი[13].

ასურას გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურა (修羅道, შურადო) რობოტის მსგავსი არსებაა, თუმცა ადამიანის სხეულისგანაა შექმნილი. იგი რაკეტებითაა შეიარაღებული და რეაქტიული ფეხების წყალობით დაფრინავს კიდეც. საჭიროების შემთხვევაში ასურას დამატებითი კიდურების გამობმის უნარი აქვს, თავიდან ჩაკრას განმუხტვით კი განსაზღვრულ რადიუსში მთელი ტერიტორიის განადგურება შეუძლია.

ადამიანის გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანს (人間道, ნინგენდო) მტრის სხეულიდან სულის „ამოღებისა“ და სხვისი გონების წაკითხვის უნარი აქვს.

ცხოველის გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველის (畜生道, ჩიკუშოდო) მეშვეობით ნაგატოს როგორც ცხოველების გამოძახება, ისევე დანარჩენი ხუთი პეინისა და კონანის სასურველ ადგილას ტელეპორტირება შეუძლია.

პრეტას გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტას (餓鬼道, გაკიდო) მოწინააღმდეგის ნინძიუცუდან, ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში კი, მისი სხეულიდან ჩაკრას შთანთქმა შეუძლია.

ნაკარას გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკარა (地獄道, ჯიგოკუდო) ქვესკნელის მეფის დამხმარედ გამოიყენება. ამ უკანასკნელის მეშვეობით მას ადამიანის ფიქრებსა და მოგონებების წაკითხვა, ასევე პეინის ნებისმიერი დაზიანებული სხეულის უმალვე აღდგენა შეუძლია.

გარეთა გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეთა, იგივე მეშვიდე გზას (外道, გედო) თავად ნაგატო წარმოადგენს. ამ ტექნიკის მეშვეობით მკვდარი ადამიანის გაცოცხლება, ჩაკრას ჯაჭვების გამოყენება (როგორც ეს ტობიმ გააკეთა) და პეინის ექვსი გზის მართვაა შესაძლებელი.

ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეთა გზა: ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა (外道・輪廻天生の術, გედო: რინნე ტენსეი ნო ჯუცუ) ერთ-ერთია იმ უძლიერეს ძიუცუთა შორის, რაც მხოლოდ რინეგანის მფლობელისთვისაა დამახასიათებელი. მისი მეშვეობით ნაგატოს გარდაცვლილთა გაცოცხლება შეუძლია, მათ შორის მათიც, რომლებიც თავად არ მოუკლავს. ამისთვის იგი ქვესკნელის მეფეს იყენებს, რომლის პირიდან გამოსვლის შემდეგ სული საკუთარ სხეულს უბრუნდება. ტექნიკის შესრულება ჩაკრას წარმოუდგენლად დიდ ოდენობას მოითხოვს. მისი გამოყენების შედეგად ნაგატო უკიდურესად დასუსტდება და თმა თეთრი ფერის გაუხდება.

გარეთა გზის დემონური ქანდაკება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეთა გზის დემონური ქანდაკების (外道魔像, გედო მაზო) მეშვეობით ნაგატო ჰანზოს მთელ არმიას წამში გაანადგურებს. იგი მას ჩაკრას გადამცემი ღეროების მეშვეობით ფიზიკურად მიუერთდება, ქანდაკების პირიდან გამომავალი დრაკონის მსგავსი არსება კი სულს წაართმევს ყველას, ვისაც კი შეეხება. ტექნიკის გამოყენების შედეგად ნაგატო ძლიერ დაუძლურდება, ჩაკრას ღეროები კი სამუდამოდ ჩარჩება მის ზურგში.

სხვა ტექნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევა ასტრალურ ფორმაში

ნაგატო ჩაკრას სიახლოვეს გრძნობს. ამეგაკურეში უცხოელის ყოფნას იგი წვიმის წვეთების მეშვეობით აღიქვამს, რაც მისი სენსორული შესაძლებლობების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. გარდა ამისა მას წვიმის სურვილისამებრ მართვა შეუძლია.

პეინის ექვსივე გზას „ჩაკრას მომშლელი მახვილის“ წარმოქმნის უნარი აქვს. ნაგატოს ჩაკრას გადამცემებისა და პეინის პირსინგების მსგავსად, ყოველი ასეთი მახვილი გარეთა გზის დემონური ქანდაკების შავი ლითონისგანაა შექმნილი. მისი დახმარებით ნაგატო მოწინააღმდეგის ჩაკრას მოძრაობას აჩერებს, რის გამოც ეს უკანასკნელი მოძრაობის უნარს კარგავს. ყველა პეინს ხელებიდან განუსაზღვრელი ოდენობისა და სიგრძის მახვილთა წარმოქმნა შეუძლია. ვინაიდან თითოეული მათგანი ისეთი მატერიისგანაა შექმნილი, რაც ჩაკრას კარგ გამტარს წარმოადგენს, მისი მეშვეობით ნაგატოს მოწინააღმდეგის პეინის ექვს გზასავით მართვა შეუძლია.

პეინის არსენალში უამრავი ცხოველი ირიცხება. მათგან აღსანიშნავია ქამელეონი და ძაღლის მსგავსი არსება, რომელიც, მითური ჰიდრას მსგავსად, სასიკვდილოდ დაჭრის შემთხვევაში ორმაგდება. ერთი ასეთი ძაღლიდან პეინს უამრავი კოპიოს წარმოქმნა და ბევრი ძაღლის ერთ სხეულში გაერთიანება შეუძლია, გიგანტური ქამელეონის ხახაში დამალვის გზით კი იგი გაუჩინარებას ახერხებს.

ის, რომ აკაცუკის წევრები ერთმანეთს ასტრალური, ილუზიური სხეულების მეშვეობით ეკონტაქტებიან, პეინის დამსახურებაა. თითოეული მათგანი საკუთარ ფიქრებს ჩაკრას ფორმით გზავნის. პეინი ყოველ ასეთ სიგნალს „იჭერს“ და ყველას ერთად სასურველ ადგილას „გადასცემს“.

გარეთა გზის დემონური ქანდაკებიდან გამომავალი დრაკონების მეშვეობით პეინი ჯინჩურიკებიდან კუდიანი ურჩხულების ჩაკრას „ამოცლას“ ახერხებს, აკაცუკის სხვა წევრებს კი მხოლოდ დროის მოგებისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით იყენებს.

პეინმა შექმნა ჩაკრას ის ბარიერი, რის გამოც კაკაშისა და გაის გუნდებმა აკაცუკის გამოქვაბულში შესვლა ვერ მოახერხეს. პეინის ნამოქმედარია ისიც, რომ გაარას გადარჩენის მიზნით აკაცუკის კვალს დადევნებული გაის გუნდის ყოველ წევრს საკუთარ ორეულთან მოუხდა ბრძოლა.

ძლიერი გენძიუცუს მეშვეობით პეინს ადამიანის გონებაში ბარიერების შექმნა შეუძლია, რათა მოწინააღმდეგემ იქიდან სასურველი ინფორმაცია მოპოვება ვერ შეძლოს.

სხვა მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეინი მინატოს წინააღმდეგ, თამაშიდან Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2

დღემდე პეინი ხუთ ვიდეო თამაშში გამოჩნდა. ესენია: Naruto Shippūden: Ultimate Ninja Heroes 3; Naruto Shippūden: Shinobi Rumble; Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2; Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact; Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm Generations. თავად ნაგატო არც ერთ მათგანში არ მონაწილეობს. იგი ყველგან დევას მიერ დამოუკიდებლად, ან ექვსი გზის რამდენიმე წევრთან ერთადაა წარმოდგენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 იაპონიაში გამოსვლის თარიღი
  2. [1]
  3. ნარუტო, 375-ე თავი, გვ. 11
  4. ნარუტო, 419-ე თავი, გვ. 2; 429-ე თავი, გვ. 1
  5. ნარუტო, 449-ე თავი, გვ. 1
  6. ნარუტო, 569-ე თავი, გვ. 10
  7. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 11
  8. ნარუტო, 443-ე თავი, გვ. 3
  9. ნარუტო, 551-ე თავი, გვ. 10
  10. ნარუტო, 421-ე თავი, გვ. 14
  11. ნარუტო, 439-ე თავი, გვ. 4-7
  12. ნარუტო, 439-ე თავი, გვ. 13-15
  13. ნარუტო, 551-ე თავი, გვ. 12-16