ანანურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანანური.
ანანურის ციხე
მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა-მთიანეთის მხარე, საქართველოს დროშა საქართველო
ისტორია
თარიღდება XVI-XVIII სს
ანანურის ციხე — საქართველო
ანანურის ციხე

ზედა ციხის გეგმა
ანანურის ციხე ვიკისაწყობში

ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანურის კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანურის სიმაგრეზე, ან სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადრეულ და მომწიფებულ შუასაუკუნეების ისტორიულ წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, მაშინ როდესაც გვიანფეოდალური ეპოქისათვის რამდენიმე ღირსშესანიშნავი დოკუმენტი მოიპოვება. ასეთი მდგომარეობა გასაგებია, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ციხე-სიმაგრე გვიანი წარმოშობისაა.

კომპლექსის ადგილას არ ჩანს ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დასუსტების შემდეგ. იგი არაგვის ერისთავების რეზიდენციის ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, აქ იყო მათი მთავარი სამლოცველო და საგვარეულო სამარხი, ხოლო მისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ერისთავთა რეზიდენციაც აქვე უნდა ყოფილიყო.

პ. ზაქარაიას აზრით, ანანურის კომპლექსში ორი ტაძარზე განთავსებული ორი დიდი სამშენებლო წარწერაა, რომლებიც დაკავშირებულია არა არაგვის ერისთავებთან არამედ მის ძმებთან (მთავარი ტაძრის ეკელსია აგებულია ბარძიმ მდივანბეგის მიერ, ხოლო ღვთაების ტაძრის ბალდაქანი აგებულია ოთარ ერისთავის ძმის ედიშერისათვის). შესაბამისად მეცნიერი თვლის რომ, რადგანაც კომპლექსის ტერიტორიაზე არც სასახლე და არც მასთან დაკავშირებული ნაგებობის კვალიც არ შეიმჩნევა, შესაბამისად „არაგვის ერისთავთა რეზიდენცია დუშეთში იყო და სულ ბოლომდეც“. თუმცა იქვე წერს, რომ, „არაგვის ერისთავთა მუდმივი საჯდომი დუშეთი იყო, მაგრამ საჭიროებისა და შემთხვევის მიხედვით ერისთავები ანანურშიაც ისხდნენ“.

1723 წელს ანანურს თავს აფარებდნენ თეიმურაზი და კახელები ყიზილბაშთა, ოსმალთა და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო. ვახუშტის სიტყვებით, მათ იქ ყოფნის დროს ლეკნი მოსდგომიან, მაგრამ ვერაფერი დაუკლიათ: „თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსით მივიდნენ ანანურს... ხოლო ლეკნი მოვიდნენ და მოადგნენ ანანურს. მაშინ განამაგრეს კახთა ანანური და ვერა ავნეს ლეკთა და უკუნიქცნენ“.

ამ წლებში ანანური ზარბაზნებით ყოფილა გამაგრებული: „ხოლო მამადყული-ხან შევიდა ანანურს, გამოიღო ზარბაზნები და წარავლინა თელავს“.

ანანურის ციხე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირებების ეპიცენტრში. მსგავსი მოვლენებიდან აღსანიშნავია 1739 წლის ტრაგედია, რომელსაც ვრცლად აღწერს მემატიანე პაპუნა ორბელიანი, რომლის მოთხრობასაც ვახუშტისა და სხვა მემატიანეთა ცნობები ავსებს: როდესაც შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ძმის, იესეს ცოლი ყიზილბაშებისათვის გადაუციათ და ნამუსი აუხდიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია ანანურის ციხეს, სადაც გამაგრებული ყოფილა არაგვის ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. ბრძოლის შედეგად უამრავი ლეკი და ქართველი დახოცილა. მოალყეებს ვერაფერი გაუწყვიათ და ბოლოს წყალსადენი გადაუჭრიათ. ზაფხული ყოფილა, ციხეში მყოფთ უწყლოდ ძალიან გასჭირვებიათ და იძულებულნი გამხდარან სიცოცხლის შენარჩუნების ფიცის სანაცვლოდ დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისი შვილი არ დანებებია და „შეუპოვარ” კოშკში გამაგრებულა. ქსნელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დაუხოცავთ მისი ოჯახის სხვა წევრებიც; შემდეგ ციხე აუღიათ, „შეუპოვარი” კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და შიგ მყოფნი ცოცხლად გამოუწვავთ. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლიათ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ, ნახაძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.[1]

1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან იგი მეფის მიერ დანიშნულ მოხელეთა რეზიდენცია გახდა. შემდგომ წლებში ანანურის ციხეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. სამეფო ხელისუფლება მას სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდა. მაგალითად, როდესაც ირანის ტახტის მაძიებელი შაჰზადა თეიმურაზსა და ერეკლეს ხელთ ჩაუვარდათ, მათ იგი ანანურში დაამწყვდიეს, შემდეგ კი ნადირ-შაჰს მიჰგვარეს.

ამ ხანებში ანანური მთელი ქვეყნის საიმედო სიმაგრედ ითვლებოდა. როდესაც ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს ორასი თუმნის გადახდა უბრძანა და გადახდის სურვილსა და უნარმოკლებულმა თეიმურაზმა გაცლა ამჯობინა, მან მთელი სახლობით, დიდებულთა ოჯახებითა და ჯარით ანანურის ციხეს შეაფარა თავი. მეფის ამალაში შედიოდნენ პატრიარქის, ეპისკოპოსის, ბატონიშვილისა და თავადთა ხელქვეითნიც, რაც საკმაოდ საგრძნობ რიცხვს შეადგენდა. მათი დატევა მხოლოდ ქალაქის ტიპის ციხე-სიმაგრეს თუ შეეძლო.

აქ იყო განლაგებული რუსი გენერალი ტოტლებენი მთელი თავისი არტილერიით, როდესაც მას ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება ჰქონდა განზრახული. 1791 წელს ერეკლე II-ის მიერ ძეთათვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე ქვეყნის შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანურის ზედა და ქვედა ციხის გენერალური გეგმა

ციხე შედგება ორი ძირითადი ნაწილის — ქვედა ციხისა და ზედა ციხისაგან (ციტადელი). ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია და უკეთაცაა შემონახული, ქვედა ციხისაგან კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

ქვედა ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა ციხე აგებულია XVIII საუკუნეში. მას არასწორი სამკუთხედის ფორმა აქვს და ზედა ციხეზეა მიშენებული ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. შემორჩენილია ყორე ქვითა და აგურით ნაგები გალავნის კოშკებისა და საცხოვრებელი სახლების კვალი. აღმოსავლეთ კედლის ოთხკუთხა კოშკში ჭიშკარი ყოფილა, გალავნის სამხრეთ კედელში — სათადარიგო კარი.

ციხის ფუნქციის მოშლის შემდეგ ტერიტორია მოსახლეობამ დაიკავა.

ზედა ციხე (ციტადელი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა ციხის სამხრეთის ფასადი

ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდა ფორმისაა, აგებულია XVI-XVII სს-ში. ანსამბლი გაშენებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაქანებულ ფერდობზე და მძლავრი გალავნითაა შემოფარგლული. მის ტერიტორიაზე რთული ანსამბლის ძეგლები შემდეგნაირადაა განლაგებული: ციხეში შესასვლელი სამხრეთით მდებარეობს (მეორე, დამხმარე შესასვლელი დასავლეთითიცაა, მაგრამ იგი იმდენად პატარაა, რომ ამ შემთხვევაში იგი მხედველობაში არ მიიღება), ეს შესასვლელი რამდენიმე სართულიან კოშკს წარმოადგენს, ქვემოთ კამაროვანი გასასვლელით; ამ კოშკის პირისპირ, ეზოს ცენტრში, დგას წვრილი და მაღალი, პირამიდულ-სახურავიანი „ხევსურული კოშკი”; მის დასავლეთით — მცირე გუმბათოვანი ღვთაების ეკლესია, სამხრეთის კარიბჭით, ხოლო აღმოსავლეთით — დიდი გუმბათოვანი ღვთისმშობლის ეკლესია. ესაა ანსამბლის ძირითადი ბირთვი. შემოსასვლელი კოშკის დასავლეთით, გალავნის გაყოლებაზე, მდებარეობს წყალსაცავი და „წყარო“, ხოლო აღმოსავლეთით, გალავნის ცენტრში — სამრეკლოს ფანჩატური, ქვედა მცირე ზომის, ერთნავიანი ეკლესიით „მკურნალი”. ამ ეკლესიის დასავლეთით, მიწაში, მოთავსებულია გუმბათოვანი ოქტოგონური გეგმის მქონე ნაგებობა — საკანი, რომელსაც შესასვლელი გარედან, მეორე — გალავნიდან აქვს. 1960-1968 წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღადგინეს ნაგებობათა დაკარგული ნაწილები, გაამაგრეს გალავნისა და კოშკების დაბზარული კედლები, გაწმინდეს ტერიტორია და სხვა.

რაც შეეხება თვით ზედა ციხის გალავანს, მის კედლებში მოქცეულია ხუთი კოშკი. სამი მათგანი მდებარეობს დასავლეთით, მეოთხე — ჩრდილო კედლის თითქმის ცენტრში და მეხუთე შემოსასვლელ კოშკს წარმოადგენს.

ციხის კედლების სიმაღლე თავდაპირველად საშუალოდ 5-6 მეტრი ყოფილა (გარდა აღმოსავლეთისა, სადაც სიმაღლე 10 მეტრს აღწევს), რომელიც მოგვიანო პერიოდში ამაღლებულია 2-3 მეტრით. ქრონოლოგიური ფენები და შეკეთებები კარგად არის შემორჩენილი.

ციხის ცენტრში მთავარი ტაძრის ასაგებად საჭირო გახდა რელიეფის გასწორება და მოშანდაკებულ ნაკვეთზე ძეგლის აღმართვა. ამ მიზნით, ეზოს აღმოსავლეთი ნახვარი, დაწყებული „ხევსურული კოშკიდან“, ნაწილობრივ ქვებით ამოუყორიათ და შემდეგ მიწით ამოუვსიათ. ეს სუბსტრუქცია, ისე კარგად დაუმზადებიათ, რომ ისეთ დიდ ნაგებობას, როგორიც ღვთისმშობლის ეკლესიაა, თავისი სიმძიმით მასზე ვერ უმოქმედია და დღესაც დაუზიანებლად დგას, როგორც ეკლესია, ისე ციხის კედლებიც, რომელთაც ეს მიწაყრილი 5-6 მეტრის სიმაღლეზე ჰფარავს (ციხის მხოლოდ სამხრეთის კედლის აღმოსავლეთი ნახევარი გადაწოლილა და 1939 წელს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებას, გამაგრების მიზნით, კედლის გასწვრივ შიგნით მიწა ამოუღია და მისგან მოცილებით დამხმარე კედელი აუგია).

ზედა ციხე. ხედი სამხრეთიდან
კოშკი „შეუპოვარი” (ცენტრში), ექვსსართულიანი ცილინდრული კოშკი (მარჯვნივ) და ოთხსართუ-ლიანი ცილინდრული კოშკი (მარცხნივ).

როგორც აღინიშნა, ციხე მაღლობზეა შემდგარი. რადგან ეს მთა მდინარე არაგვისკენ დაქანებულია, ამიტომ ციხე მთლიანად ზემოდან „დასცქერის“ მის წინ გამავალ გზას. ციხე ფაქტობრივად დარაჯობდა ჩრდილო-სამხრეთით მდებარე არაგვის ხეობას და სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალ ვეძათხევს. ეს მდგომარეობა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, როდესაც ციხის გეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დააგრძელეს, რითაც ხეობებს დაუპირისპირეს ციხის გრძელი კედლები. აღნიშნული მდებარეობის გათვალისწინებითაა განლაგებული კოშკებიც. მთავარი კოშკი უნდა დადგმულიყო ციხის ყველაზე მაღალ პუნქტში. ასეთს კი ციხის დასავლეთის კედლის ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ არის დადგმული ყველაზე დიდი და მაღალი კოშკი „შეუპოვარი“.

გალავნის დასავლეთ კედელში სამი კოშკია. შუა კოშკი — „შეუპოვარი” ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობაა. გეგმით მოგრძო სწორკუთხედია (6,8 X 8 მ, სიმაღლე 20 მ). მისი დაახლ. ორი მესამედი ნაწილი გალავნის გარეთაა გასული. კოშკი თავდაპირველად ექვსსართულიანი ყოფილა, მოგვიანებით ორფერდა სახურავი მოუხსნიათ, კედლები კი აუმაღლებიათ. ამჟამად კოშკს პარაპეტიანი ბანი აქვს. კოშკი საცხოვრებელიცაა. მთავარი შესასვლელი პირველ სართულზეა ეზოს მხრიდან. კოშკში შესვლა საბრძოლო ბილიკებიდანაც შეიძლება. შესასვლელები მეორე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია — ერთმანეთის პირისპირ. ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. სათოფურები მოქცეულია სწორკუთხა ნიშებში. I, II, III, IV და V სართულზე თითო ბუხარია. სართულებშუა გადახურვა ხისაა — ბრტყელი. კედელში ჩატანებული კიბე მეორედან ბოლო სართულამდე ადის. საბრძოლო ბილიკებით კოშკი გალავნის სხვა კოშკებთანაა დაკავშირებული.

სამხრეთ-დასავლეთი კუთხის ცილინდრული ექვსსართულიანი კოშკი და ღვთისმშობლის ეკლესია

გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ცილინდრული ექვსსართულიანი კოშკია ჩართული. იგი დასრულებულია ღია ბანით. პირველ სართულზე შესასვლელი ეზოდანაა, II და III სართულებზე კი საბრძოლო ბილიკებიდან. კოშკის ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. პირველ სამ სართულზე ბუხრებიცაა. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა ერთმანეთს. კოშკი თავდაცვითია. მეოთხე სართულზე ოთხი სალოდეა, მოგვიანებით დაშენებულ ზედა ორ სართულზე — ცალმაგი და ორმაგი სათოფურები.

გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას ოთხსართულიანი ცილინდრული კოშკი. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, მეორესა და მესამეზე კი საბრძოლო ბილიკიდან. პირველ სართულზე ოთხი სათოფურია, ზედა სართულებზე მათი რაოდენობა მატულობს. IV სართულზე სალოდეები და საზარბაზნეებია. ბუხარი მხოლოდ მეორე და მესამე სართულებზეა, შესასვლელის პირდაპირ.

გალავნის ჩრდილოეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში დგას ყველაზე პატარა ნახევარწრიული კოშკი. შემორჩენილია მისი სამი სართული. ზედა ორი სართული ეზოს მხარეს ღიაა. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან. კარის პირდაპირ ბუხარია, გვერდებზე თახჩები. მეორე სართულზე სათოფურები და სალოდეებია, მესამეზე — მხოლოდ სათოფურები. სართულებშუა გადახურვა არსად შემონახულა.

„ხევსურული კოშკი”[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა ციხის ცენტრში ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით დგას ე. წ. ხევსურული კოშკი (4,8 X 4,6 მ), იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა (თარიღდება XIV-XV სს-ით). კოშკი ძირითადად ოთხსართულიანია, მაგრამ პირველი სართული მიწის დონიდან სამი მეტრით მაღლა იწყება, ხოლო ქვემო ნაწილი ყრუ მასას წარმოადგენს. მეხუთე სართულად შეიძლება მივიჩნიოთ ზედა — უკანასკნელი — პირამიდული ფორმის გუმბათქვეშ მოთავსებული სივრცე. იგი მაღალი (18 მ) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით. განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და კონსტრუქციით (ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ). კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღოვანია, იკეტებოდა ურდულით.

შესასვლელი მოწყობილია აღმოსავლეთიდან, პირველ სართულში. მისი თაღოვანი გადახურვა შიგნით და გარეთ ისრულია. კოშკში სართულშუა გადახურვა ხის იყო. დღესაცაა ყველა სართულზე სამ-სამი კოჭი, გადებული სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. მათზე გადადებული იქნებოდა თვით იატაკის ფიცრები. სართულთა შორის კავშირი, როგორც ეტყობა, მხოლოდ მისადგმელი ხის კიბით იყო.

მეორე და მესამე სართულს ყოველ მხარეს თითო პატარა, ვიწრო სარკმელი აქვს კედლის შუაში. მეოთხე სართულზე კი ამგვარადვე განლაგებული განიერი სარკმლებია. მათ ტაღოვანი გადახურვა ჰქონიათ. თაღები შიგნით ისრულია, გარეთ კი — ნახევარწრიული. თაღების დიამეტრი ნაკლებია სარკმლის სიგანეზე, ამიტომ მათი ქუსლები ცოტა გადმომჯდარია.

უკანასკნელ, კამაროვან სართულს ზემოტა ნაწილში ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე, ე. ი. ხეობის მიმართულებით, კვადრატული ხვრელობები აქვს დატანებული. ესენი სათვალთვალო დანიშნულებისა იქნებოდა. ასეთივე ხვრელობები მეოთხე სართულს ყოველ კუთხეში ორ-ორი აქვს.

კოშკის კედლების შიდა ზედაპირი შელესილი ყოფილა: ნალესობა დრესაც კარგადაა შემონახული.

კოშკის გარეთა კედლებიმარტივია: ტანწყობილი მაღალი მასა 45°-ით დახრილი კარნიზით მთავრდება. მას პირამიდის ფომრის სახურავი აგვირგვინებს. ეს სახურავი ორიგინალურია როგორც ფორმით, ისე კონსტრუქციითაც. იგი მთლიანი სიბრტყეებისაგან კი არ შედგება, არამედ საფეხურებისაგან. თითოეული საფეხური დაფარულია ჰორიზონტალური ლორფინებით. ყოველი ზედა ლორფინი საფეხურის ვერტიკალურ სიბრტყეს იცავს ატმოსფერული ნალექებისაგან.

კოშკი ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვაყორით. მისი გარე ზედაპირი შეულესავთ, მაგრამ დროტა განმავლობაში ბათქაში ჩამოცვენილა. იგი ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეს, რადგან ამ მხარეს მას ორნახევარი საუკუნის განმავლობაში იცავდა კოშკის წინ აღმართული ეკლესია.

კოშკის აგების დროსი საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს სათანადო მასალები. კოშკს არ სამშენებლო წარწერა აქვს და არც ისტორიულ დოკუმენტებშია მასზე რაიმე ცნობა შემორჩენილი.

მთავარი ტაძარი (ღვთისმშობლის ეკლესია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანურის ღვთისმშობლის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ანსამბლის მთავარი ნაგებობა — ღვთისმშობლის ეკლესია დგას „ხევსურული კოშკის” აღმოსავლეთით. სამხრეთ ფასადის მარცხენა ნაწილზე არსებული ცხრამეტსტრიქონიანი სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს.

ვიკიციტატა
„ქ. ჵი წყევისა დამჴსნელი და [ა]დამ პირველისა მამისა ჩვენისა კვალად სამოთხედვე შემყვანებელო, ასულო და მამისა ადამისა, უთესლო მშობელო, მღვთისა კაცთა მიმართ გარდამოსვლისა მიზეზო და კაცთა ბუნებისა ქვეყნით ზეცად აღმყვანებელო, ყოვლად წმინდაო მარიამ, მშობელო ევმანოელისაო, რომელმან ნებითა, შეწევნითა შენითა ჳელ ჰყო არაგვის ერისთავის შვილმან, მდივანბეგმან პატრონმან ბარძიმ თვისისა სასაფლაოსა ამის ანანურისა, მღთის მშობელისა საფუძველითურთ შენებად, მარავალცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი და მე წინამდგომელი თვისი ბაღსარაშვილი ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროვ დამადგინა წმინდასა ამას მონ[ა]სტერსა ზედან სარქრადა. უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონოდა დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდ[რ]ემდის განასრულებდენ მონასტერსა ამას. ანანურისა მღთისმშობელო, შენ მცველ მფარველ მექმენ მე სოფელსა ამას შინ[ა] კეთილად, ცხოვრებითა და სინანულითა საუკუნოსა ამინე(!) ჳმა იგი სანადელი, ვითარმედ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დამიმკვიდრე შენთვის განმზადებული და ღირს მყავ მე ცოდვილი ნაწილსა მას მ[ა]რთალსა იმკვიდრენა(!) და საუკუნოსა მას, ამინ. ვინც წ[ა]იკითხოთ, შენდობას ბრძანებდეთ თქვენცა. ღმერთმან თქვენც შეგინდნეს ქორონიკონსა ტოზ.“
(წარწერა მოცემულია პარმენ ზაქარაიასეული ვერსიით)

აღნიშნული წარწერა ორჯერაა გამოცემული: პირველად 1895 წელს დ. ღამბაშიძის[2] და მეორედ — 1897 წელს საძაგელოვ-ივერიელის მიერ[3].

ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (23,1 X 17,2 მ), აშენებულია თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და ცენტრში აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და ორ რვაწახნაგა ბოძს. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე ჩრდილოეთით აფსიდიანი სამკვეთლოა, სამხრეთით — სწორკუთხა სადიაკვნე. მათ თავზე საიდუმლო ოთახებია. ორივე სათავსში საკურთხევლის მიმდებარე კედლებში მოწყობილია კიბეები მეორე სართულის ოთახებისაკენ, იქიდან კი კონქის თავზე ასაძრომად. გუმბათის ყელში გაჭრილია თექვსმეტი სარკმელი. ჯვრის მკლავებში სარკმლები არათანაბრადაა განაწილებული: საკურთხეველსა და ჩრდილოეთის მკლავში, დიდი თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს, ზემოთ, თითო პატარა, შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან მრგვალი სარკმელია. სამხრეთით ორი თაღოვანი სარკმელია ერთ დონეზე. დასავლეთის მკლავი უსარკმლოა. ამ მხარეს მხოლოდ კუთხის სადგომების თითო სარკმელი გამოდის. თითო მრგვალი სარკმელია მოწყობილი სამკვეთლოსა და სადიაკვნოს აღმოსავლეთ კედელში. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები: სამხრეთ კედელზე, სარკმლების ქვემოთ — განკითხვის დღე, ბურჯებზე — წმინდანების, ხოლო პილონებზე — ასურელი მამების გამოსახულებები. გამოსახულებებს ახლავს წარწერები: „იასე წილკნელი”, „სტეფანე ხირსელი” და სხვა. ეკლესია სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით და დასრულებულია პროფილირებული ლავგარდანით. ყოველი ფასადი დაყოფილია სამ მონაკვეთად. ყოველ მონაკვეთს შეწყვილებული ლილვი აქვს შემოვლებული. შუა გაცილებით ფართო და მაღალია, კარნიზებს მიბჯენილი — თაღოვანი, განაპირა მონაკვეთები კი სწორკუთხაა.

აღმოსავლეთის ფასადის შუა მონაკვეთის ღერძზე განთავსებულ სარკმელს მოჩუქურთმებული საპირე აქვს შემოვლებული. საპირეს ქვემოდან ებმის ფართო არშია, რომელიც ცოკოლს ებჯინება. სარკმლის ზემოთ გამოსახულია მაღალი, მოჩუქურთმებული ჯვარი. ჯვრის ორივე მხარეს, განივი მკლავების ზემოთ, თითო მცირე ჯვარია, მათ ქვემოთ — თითო მრგვალი სარკმელი. გვერდითი მონაკვეთების სწორკუთხა ჩარჩო სიმაღლით სარკმლისა და ჯვრის თანხვედრის დონეს უსწორდება. ამ მონაკვეთებში შესაბამისად სამკვეთლოსა და სადიაკვნოს სწორკუთხა სარკმლებია განთავსებული, რომელთა ზემოთ, მოჩარჩოების ფარგლებს გარეთ, მეორე სართულის ოთახების თითო მრგვალი სარკმელი გამოდის. დასავლეთის ფასადი ზოგადი დანაწევრებით აღმოსავლეთ ფასადის მსგავსია, მაგრამ განაპირა არეები სწორკუთხედის სახისა კი არ არის, არამედ საფეხურებიანი, რომლებშიც კუთხის ოთახების თაღოვანი სარკმლების ზედა ნახევარია მოქცეული. შუა არეში გამოსახულია უზარმაზარი, მოჩუქურთმებული ჯვარი. იგი ორ კუდებგადასკვნილ გველეშაპზე დგას. ჯვრის მარჯვნივ, განივი მკლავის ქვემოთ, ვაზის რელიეფური გამოსახულებაა, რომლის მარჯვნივ, რტოების ქვემოთ, პატარა რელიეფია: ღვთისმშობელი ყრმით.

სამხრეთის ფასადი სხვებზე მეტადაა მორთული. ცენტრში დიდი, მოჩუქურთმებული ჯვარია კუდებით გადახლართულ ორ გველეშაპზე აღმართული. ჯვრის ორივე მხარეს მთავარანგელოზთა ფიგურებზე დაყრდნობილი, მტევნებით დახუნძლული ვაზის თითო რელიეფური გამოსახულებაა, რომლებზედაც მტრედები სხედან. მარცხენა ვაზთან ირმის გამოსახულებაა, მარჯვენასთან — ირმისა და ცხვრის. მაღლა, ვაზის ზედა ნაწილში, გამოსახულია ქერუბიმები, კიდევ უფრო მაღლა — ანგელოზი, ხოლო მოჩუქურთმებული მაღალი სარკმლების თავზე — ჯაჭვით დაბმული ლომები. ფასადის მარცხენა მონაკვეთში მდიდრულად მორთული პორტალია. კარს ლილვები და ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მედალიონებში ანგელოზთა და წმინდანთა გამოსახულებებია. კარის მარცხნივ ცხრამეტსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერაა.

ჩრდილოეთის ფასადი შედარებით სადაა. შუა არეში, სარკმლის თავზე, გლუვი ლილვებით მოჩარჩოებული წვრილი ჯვარია, რომლის განივი მკლავების ბოლოებთან თითო პატარა, მრგვალი სარკმელია. ფასადის მარჯვენა მონაკვეთი პორტალს უკავია. კარს ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მის ზემოთ ჯვრის ამაღლების სცენაა.

გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი სარკმელია. სარკმლების თავზე, თითო წახნაგის გამოტოვებით, გლუვი ლილვით გამოყვანილი თითო მცირე ჯვარია. გუმბათს რთული პროფილის უჩუქურთმო ლავგარდანი აქვს. სახურავის დაზიანებულ ლორფინებზე გადაფარებულია თუნუქი.

ღვთაების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანურის ღვთაების ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), რომლის გუშბათიც დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთის წყვილ ბოძზე. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარში. ეკლესიის ჯვრის მკლავთაგან — გვერდის მკლავები უფრო მოკლეა, ვიდრე აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, საკურთხევლის აფსიდი ღრმად ზის, თუმცა ბემა არ აქვს. დასავლეთის მკლავი ყველაზე გრძელია, მის ფარგლებში ბოძების გიდევ ერთი წყვილია. ამათგან აყვანილ პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი ეყრღნობა. როგორც ეს კამარა, ისე გვერდის მკლავების გადამხურავი ორივე კამარა ისრული ფორმისაა. კამარების ფორმას იმეორებს გუმბათქეეშა თაღებიც.

დასავლეთის მკლავის ორსავ მხარეს მდებარე ნაწილების კომპოზიცია ერთნაირია: თითოეული მათგანი ორ-ორი კვადრატული ნაწილისაგან შედგება და ერთმანეთისაგან პილასტრებზე გადასული თაღებითაა გამოყოფილი. კვადრატული დანაყოფები კი ჯვაროვანი კამარითაა გადახურული. მთლიანად ეს ნაწილები ცენტრალურ სივრცეს ნახევარწრიული ფორმის წყვილ-წყვილი თაღით უერთდება.

ამავე ნაწილებშია მოქცეული ეკლესიაში შესასვლელებიც. სამხრეთის შესასვლელი განიერია, გარედან სწორკუთხა მოხაზულობისა, შიგნიდან კი ორმაგი, შუაში შეტეხილი ისრული თაღით. მეორე — ჩრდილოეთის — კარი ვიწროა და მაღალი. იგი შიგნიდან გადახურულია დაბალი თაღით, გარედან კი ისრული თაღით.

ეკლესიის გუმბათის ყელი შიგნიდან ცილინდრული ფორმისაა და ნახევარსფერული კამარითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა, როგორც მოსალთდნელი იყო ამ ეპოქისათვის, აფროვანია. გუმბათის ყელის ცილინდრულ ზედაპირზე თანაბარი ინტერვალით განლაგებულია თოთხმეტი სარკმელი. ეკლესიის შიდა სივრცეს, გუმბათის სარკმლების გარდა, სინათლეს აწვდის თითო საშუალო ზომის სარკმელი, მოთავსებული ჯვრის ოთხივე მკლავის ცენტრებში.

საკურთხევლის შუაში ერთი სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნახევარწრიული გეგმის მქონე ნიშაა მოთავსებული. რაც შეეხება ტრაპეზს, მისი კვალიც კი არსად ჩანს. საკურთხეველი ჩრდილთეთით მდებარე სადგომთან გასასვლელით პირდაპირაა დაკავშირებული.

საკურთხევლის გვერდით მდებარე სადგომები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რადგან სამხრეთით დახურული სადგომია, რომელიც ირთი კარით უერთდება ეკლესიის ძირითად სივრცეს, ხოლო მეორე სადგომი გადახურულია ისრული მოხაზულობის კამარით, იგი ეკლესიის ჩრდილო მკლავის არეში გამოდის და მთლიანად ღიაა. ამ მაღალ ოთახებს — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს, აფსიდი არა აქვთ და არც ტრაპეზის კვალი ჩანს სადმე. მათ მხოლოდ თითო სარკმელი აქვთ, გვერდის კედლებში კი ოთხკუთხა ღრმა ნიშებია მოთავსებული.

დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, თითქოს ამ ეკლესიის შიდა კედლები არასოდეს არ ყოფილა შელესილი და მით უფრო მოხატული, რადგან ფრესკის კვალიც კი არ შეიმჩნევა. საშენ მასალად გამოყენებულია ქვაყორე და აგური. კედლების ძირითადი მასა ქვისაა, გუმბათი და თაღები მთლიანად აგურითაა ნაგები, კამარები და პილასტრები კი — ნაწილობრივ აგურით, ნაწილობრივ ქვით (აგურის ზომები. 24X24X4; 25X25X5 სმ.).

ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთის კართან ახლოს, დგას თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა სალხინობელი (ბალდაქინი). მისი კამარა კუთხის სვეტზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. კამარა შელესილი და მოხატულია. მოხატულობა ოდნავ დაზიანებულია. აღმოსავლეთით ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელია ყრმით ხელში, სამხრეთით — ხარება და მოგვთა თაყვანისცემა, დასავლეთით — ღვთისმშობლის მიძინება, ნათლისღება და ჯვარცმა. მოხატულია სალხინობლის თაღებიც. სამხრეთის თაღზე, ცენტრში, ქერუბიმია გამოსახული, აღმოსავლეთით — მიქაელ მთავარანგელოზი, დასავლეთით — გაბრიელ მთავარანგელოზი. ჩრდილოეთის თაღზე, შუაში, — ქერუბიმი, აღმოსავლეთით — პავლე მოციქული, დასავლეთით — პეტრე მოციქული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღებზე მხოლოდ ორნამენტებია. მოხატული ყოფილა აგრეთვე სვეტების ის ადგილები, სადაც წარწერა არ იყო. სალხინობლის სამ კედელზე ვრცელი მხედრული წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ „ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისათვის.

ვიკიციტატა

ნებითა ღვთისათა, ჟა[მ]სა ოდეს ქ[ა]რთველთ მეფის ვახტ[ა]ნგისთა || და ძისა მისისა კ[ა]ხთა მე||ფისა არჩილისათა, ჵი || უხანოსა სოფელმან || ძე ერისთავისა გიო||რგისა და კვ[ა]ლა||დ ძმა ერისთავისა ოთარისა, ||დისწული ამავე მეფ||ეთა და ბა||ტონისშვი||ლის კახისა დომენტისი, თვით მათგანვე მიჩ||ნეული დიდად, სახელ გას||ული ყოველთაგან, უწ||არჩინებულესად და||დგინებული, კაცი, სრული ყოვლი||თა საღთო სიყ||ვარულით აღსავსე და სამს||ოფლიოთა სა||ქმითა ყოველი||თურ[თ] უკ||ლებლად გათავებული, სრულიად საქართველოს მდივანბე||გი ედიშერ უდროთ || გარდასცვალა. მე თანამეცხედრე||მან მისმან, უძეოთ გარდავლ||ენილმან, აბაშიძის ას||ულმან ანახანუმ აღვაშენე ოთ||ხი სვეტი ესე გ||უმბაზი საფ||ლავთა ჩვენ||თა ზედა, აღვა||სრულეთ ცხო||რება ჩვენ||ი, დავშთით უძეოთ, ვაჟი არ გვეღირსა, ხუთოდენ || ქალი გვიბოძა მოწყალემა, აღარ || მოიხუნა თვისი წყალობა ჩვენ||ზედა, გამყარა ტკბილსა სუ||ლს და ჴორცსა. დავრჩი || ოჴერი. მყვანდა პატ||რონი მაზლი ერისთა||ვი ოთარი, თვალი სი||ნ[ა]თლე, ძმას || უკან დიდად დაჭმუნვებული. კ[ვლა]ვ დღე იგიც||ა გათავდა. დავრჩი უპატრონო; ვით||არცა ძე არ მიბოძა || მე ღ[მერ]თ[მა]ნ, სახელი და || ხსენება || მის სახე||ლოვანისა || კაცისა || დაიკარგ||ებოდა, || ამაოდ, მოიგო||ნე მე სა||წყალმან || ანახან||უმ, შვი||ლის სანაცვლოდ ამაზედ ვიხსენებოდეთ. ღ[ვ]თისგულისათვის, ვისაცა მისი სიკეთე გს||მოდეს, ანუ აწ ისმენდეთ მოგვიგონებ||დეთ, აქა მოსულნი მწირვე||ლნი წ[მი]დ[ა]ს საიდუმლოში მო||გვიხსენებდეთ, უმწი||რველონი შენდობას || გვეტყოდეთ და ჩვენი||ს ამოვარდნისათვის შეგვიბრალებდე||თ. ქ[ორონი]კ[ონ]ს ტნიბ || , ენკენისთვე||ს ია.

ღვთაების ეკლესია, გუმბათი

ეკლესიის გარე მასები მარტივია, იქ გამოვლენილია მხოლოდ ჯვარგუმბათოვანი ძეგლის კომპოზიცია: აღმოსავლეთითა და დასავლეთით ორფერდა ჯვრის მკლავები და მათ გვერდით — თითო დაბალი ნაწილი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე — ისევ ჯვრის მაღალი მკლავი და გვერდითა დაბალი ნაწილები. ეკლესიის ცოკოლი არ ჩანს, რადგან მიწაა მიყრილი, კარნიზი და ძველი სახურავიც არ შერჩენია და არც მათი ფრაგმენტი ჩანს სადმე, რომ მთლიანი სახე წარმოგვედგინა.

გარე კედლებში მხოლოდ სარკმლებია მოთავსებული. სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადებზე თითო სარკმელია ჯვრის მკლავების ცენტრებში, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე სამია: ერთი ცენტრში, რომელიც საკურთხეველს ანათებს, და თითო გვერდითა არეებში — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს გასანათებლად.

სულ სხვა მდგომარეობაა გუმბათზე. მის გადაწყვეტაში დეკორატიულ მხარეს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. გუმბათის ყელი თოთხმეტწახნაგოვანია და ამდენივე წახნაგი აქვს პირამიდულ სახურავსაც, გუმბათის ყელი პირამიდაზე შესამჩნევად დაბალია. მასალად მთლიანად აგურია გამოყენებული და დეკორიც ამ მასალის სპეციფიკურთბითაა განსაზღვრული. გუმბათის კარნიზი ხუთი ფენის აგურის წყობითაა მიღებული; აქ ერთმანეთს ენაცვლება კბილანა-ხერხისებრი და ერთპირად დალაგებული წყობა.

გუმბათის წახნაგები დამუშავებულია უწყვეტი თაღოვანი არეებით, ამ არეთა შიგნით, გარე თაღის კონცენტრულად, თითო ჩაღრმავებული არეა, რომელთა ცენტრში წერილი და მაღალი სარკმლებია მოთავსებული. ეს დეკორი გუმბათის ქვედა ნაწილისგან გამოყოფილია ლილვით, რთმელიც მიღებულია სპეციალურად დამზადებული ლეკალური აგურით. ასეთივე ნახევარწრიული ფორმის აგურითაა ნაწყობი წიბოებში ნახევარსვეტები და თაღები.

ეკლესიის სამხრეთის კარზე გვიან მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც ღიაა მხოლოდ სამხრეთის მხრიდან. იგი გადახურულია სამ სიბრტყედ დაყოფილი ისრული კამარით და ისრული ფორმისვე თაღი აქვს გარედანაც, კარიბჭე მთლიანად ქვაყორიათაა ნაგები.

ეკლესია მიწას შეზრდილი, დამჯდარი პროპორციებისაა, ეს იგრძნობა როგორც შიგნით, ისე გარეთ. თავისთავად ასეთი პროპორციები არ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ გვიანფეოდალური ხანის დამახასიათებლად, მაგრამ ყველა სხვა ნიშნებით ძეგლი მხოლოდ ამ ეპოქას მიეკუთვნება.

ეკლესიის არქიტექტურული სახე მიეკუთვნება XI საუკუნეში წარმოშობილ და მომდევნო საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლთა ტიპს, მაგრამ მასში გვიანფეოდალური ეპოქის ოსტატს საკმაო ცვლილებები შეუტანია. ასეთ ცვლილებას, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს საკურთხევლის ჩრდილთეთით მდებარე სამკვეთლოს გამოუყოფლობა ეკლესიის ცენტრალური ნაწალისაგან. როგთრც ცნობილია, ეკლესიის ეს ნაწილი ამ ტიპის ეკლესიებში ყოველთვის გამოყოფილ სადგომს წარმოადგენდა და დარბაზთან კარით იყო დაკავშირებული. ეს გარემოება შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან იგი ნაკარნახევი იყო ეკლესიის რიტუალით. მოხდა თუ არა რაიმე ცვლილება ამ ეკლესიის აგების ხანაში საეკლესიო წესებში, ჩვენთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებები არ უნდა მთმხდარიყო, თორემ ასეთი მაგალითები სხვაგანაც შეგვხვდებოდა, ყოველ შემთხვევაში უნდა ადვნიშნოთ, რომ ამ ცვლილებით ანანურში საკმაოდ ორიგინალური სივრცეა მიღებული.

მეორე თავისებურება, რომელიც ოსტატს შეუტანია, ესაა დასავლეთის მკლავის ორ-ორი თაღით გამოყოფა გვერდითა არეებისაგან და კვადრატული ნაწილების ჯვაროვანი კამარებით გადახურვა.

ინტერიერში გამოყენებული თაღებისა და კამარების უმრავლესობა ისრული ფორმისაა. თაღის მოხაზულობა გვერდებგამობერილია, სწორედ ისე, ამავე ანსამბლის ეკლესია „მკურნალის“ ინტერიერში, გავრცელვბული XVI-VIII საუკუნეებში.

ინტერიერს ეპოქისათვის მკვეთრად დამახასიათებელი სხვა ელემენტები არა აქვს. სამწუხაროდ, არც შენობის გარეგნობა იძლევა გარკვეულ ხელმოსაკიდ მასალას.

ეკლესიის გარე მასათა დათვალიერების დროს თვალში გეცემათ ის დიდი კონტრასტი, რომელიც არსებობს მის ქვედა ტანსა და გუმგათის ყელს შორის. ქეედა ტანის კედლები ქვაყორით ულაზაოთდაა ნაწყობი. ეკლესია „მკურნალის“ კედლებიც ქვაყორითაა ნაწყობი, მაგრამ იქ ქვები უფრო წესიერადაა დალაგებული, ამიტომაც უკეთესი სანახავია.

გუმბათი და გუმბათის ყელი, აგურითაა ნაგები. მასალისა და წყობის ასეთი მკვეთრი განსხვავება ეკლესიის ქვედა და ზედა ნაწილებს შორის იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაქალაქარ ალის გუმბათოვანი ეკლესია თუმცა თარიღი არც იმ ეკლესიას აქვს, მაგრამ ყველა ნიშნებით ისიც გეიანფეოდალურ ხანას ეკუთვნის და ანანურის ეკლესიის თანამედრთვე ჩანს.

ანანურის მსგავსად, ეკლესიის ქვედა ტანი აქაც ქვაყორითაა ნაგები და მორთულობა არ გააჩნია, ხოლო გუმბათის ყელი ორივეგან ზედმიწევნით ერთნაირადაა დამუშავებელი. ყველა ის ელემენტი და ფორმა, რომელიც ანანურის ეკლესიის აღწერისას ვნახეთ, ალში მეორდება, მხოლოდ ალში მთლიანად გუმბათის ყელი ვიწრო და მაღალია.

გვიანფეოდალური ხანის ეკლესიებიდან, აგურით ნაგები გუმბათები ჰქთნია კახეთის ორ ძეგლს. ერთია გრემის ეკლესია, რომელიც აგებულია 1565 წლის ახლოს, ლევან კახთა მეფის მიერ, და მეორე — ალავერდის კათედრალი XVI საუკუნის I ნახევარში განახლებული გუმბათის ყელით. ერთსაც და მეორესაც რთული, ანანაურისაგან განსსვავებული მორთულობა აქვს.

ანანურის ეკლესია დიდ მსგავსებას იჩენს კოჯორთან მდებარე „ორმოცთა ეკლესიასთან“. ორმოცთა ეკლესიის გუმბათხე ზუსტად განმეორებულია ანანურის ოსტატის მიერ გამოყენებული ხერხები. ესენია. გუმბათის ყელის ზედაპირის დაყოფა წახნაგებად, წიბოებზე თითო ნახევარკოლონით და მათი შემაერთებელი თაღებით უწყვეტი დეკორატიული თაღების მიღება, თაღების დაყრდნობა ერთლილვიან სარტყელზე, სარკმლების ორ-ორი სიბრტყით შემოფარგვლა და, ბოლოს, — ხერხისებრი კარნიზი.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საერთო ნიშანი, რომლითაც ეს სამივე ძეგლი მკვეთრად განირჩევა შუა საუკუნეების გუმბათოვანი ძეგლებისაგან. ესაა აღმოსავლეთის ფასადის ერთ სიბრტყეში მოქცეეა; ამ ეკლესიებს არა აქვთ ის ორ-ორი ნიშა, რომელიც საუკუნის მეორე მეოთხედის დასაწყისში აგებულ წრომის ძეგლის შემდეგ, ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიებისათვის „სავალდებულო“ ელემენტი გახდა. ეს მოელენა არა მარტო ზემოთ მოყვანილ სამ ძეგლზე შეინიშნება, არამედ იგი საერთოდ დამახასიათებელია გვიანფეოდალური ხანის ეკლესიებისათვის.

აგურის გუმბათოვან ეკლესიათაგან შესადარებლად დაგვრჩა 1688 წ. სოფ. მჭადისჯვარში აგებული ძეგლია მისი გუმბათის ყელი პრიზმულია და წახნაგები უწყეეტი თაღებითაა შემოფარგლული. მაგრამ ამ პრიზმის გადაწყვეტა რადიკალურად განსხვავდება ანანურის შემთხვევისაგან: აქ თაღები წვრილი, უსუსური ლილვებისაგან შედგება და კარნიზს ებჯინება, ანანურში კი პრიზმის ზედაპირი სიმაღლეზე ორადაა გაყოფილი და ქვემოთ მკვეთრი რელიეფის მქონე თაღებია, ზემოთ კი ცარიელი ადგილი - მჭადისჯვარში სარკმლები ისე პატარაა, რომ იკარგება დიდი წახნაგების არეებზე, ანანურში კი ზომები ლოგიკურადაა შერჩეული; მჭადისჯვარში ყოველი წახნაგი, თაღის ქუსლებს ქეემოთ, მაღალი სწორკუთხედითაა შემოფარგლული, იგი დაბალი რელიეფითაა შესრულებული და თაღებთან ერთად მეტად უფერულ დეკორს წარმოადგენს.

როგორც ეტყობა, მჭადისჯვრის ოსტატს უკვე აღარ ესმის ანანურის, ალის და „ორმოცთა ეკლესიების“ გუმბათის ყელზე მოცემული არქიტექტურული მორთულთბის სკულპტურულობა. და მართლაც, ასეთი ღრმა რელიეფით დამუშაეებულ გუმბათის ყელს, მომდევნო პერიოდის ძეგლებში ჩვენ ვერ ვხვდებით. ამ სამი ძეგლის მორთულობაში ჩანს, აგრეთვე, საერთო სისადავე და ცალკეულ ფორმათა გამარტიეება, რაც შემდეგი საფეხური უნდა იყოს ალავერდისა და გრემის ტაძრებთან შედარებითა

გვიანფეოდალური ხანის ძეგლების საბოლოოდ შეუსწავლელობის გამო, დღეს ანანურის „ღეთაების“ დათარიღება მოსახერხებელი ხდება მხოლოდ ასი წლის ფარგლებში. მისი აგების ზედა ზღვრად ისტორიული წყაროებით ჩვენ 1660 წელი მივიღეთ, ქვედა ზღვრად უნდა მივიღთთ XVI საუკუნის შუა წლები, რომლითაც თარიღდება ალავერდი, გრემი, ნინოწმინდის სამრეკლო და სხვები.

ეკლესია „მკურნალი”[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთნავიანი ეკლესიისა და რვაგვერდა სადგომის სიგრძივი განაკვეთი
ეკლესია მკურნალი, გეგმა

ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავნის გარეთ გადის. თარიღდება XVI ს-ის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. გარეთა სწორკუთხედში ჩამჯდარია საკურთხევლის აფსიდი და დარბაზი. აფსიდი ნახევარწრიული ფორმისაა და გვერდებზე პატარა ორი ოთხკუთხა ნიშა აქვს. ტრაპეზიც ორია: ერთი, ჩვეულებისამებრ, სარკმლის ქვეშ დგას (მას გვერდის კედლებში ისრული ფორმის მცირე ნიშები აქვს), მეორე კი მარცხნივაა, ნიშასთან ახლო და ალბათ, სამკვეთლოსთვის იყო განკუთვნილი. ეკლესიის დარბაზი კამაროვანია, კამარა ცენტრში პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა, დასავლეთით კი — კუთხის წვრილ თაღს.

ეკლესიის ორი კარი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს, სიგრძივი კედლების დასავლეთის მონაკვეთებში. სარკმელიც ორია: ერთი აფსიდში და მეორე დასავლეთის კედელში, მაგრამ ეს უკანასკნელი სარკმელი დაუფარავს გვიან აგორებულ ციხის გალავანს და დღეს ციხის ეზოს სიღრმეში მოთავსებულ ოქტოგონურ სადგომში გადის.

ინტერიერში არსებული ყველა თაღი და მათ შორის კარების გადამხურავიც, ისე როგორც დარბაზის კამარა, ისრული ფორმისაა, სარკმლები კი ქვის სწორი ფილებითაა გადახურული.

ეკლესიის ფასადები სრულიად მარტივია და თავდაპირველად მოქცეული ყოფილა ორფერდა სახურავს ქვეში, მაგრამ შემდეგ კედლები აუმაღლებიათ საგანგებო ბაქანის შესაქმნელად და მასზე სამრეკლოს ფანჩატური დაუდგამთ. ამიტომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ამჟამად ჰორიზონტალური კარნიზებით მთავრდება.

ეკლესიის კედლები ნაგებია შედარებით წესიერად ნაწყობი ქვაყორით. ძველი ფენა ახლისაგან განირჩევა, მხოლოდ ქვების სიდიდით. აგური ფასადებზე არ არის ნახმარი, შიგნით კი კამარა, კონქი, პილასტრები და კარის წირთხლები აგურისაა (ზომები: 22 X 22 X 4; 23 X 23 X 4 ან 5 სმ.).

უფრო გვიან, სამხრეთ ფასადზე კარიბჭის მაგვარი რაღაც მიუდგამთ, თუ ეს კარიბჭე იყო, იგი უნდა ყოფილიყო კარის პირისპირ, მთლიანად ღია, კამაროვანი სადგომი.

ფასადებზე არავითარი მორთულობა არ ყოფილა, კარ-სარკმლებიც ყოველგვარი დამუშავების გარეშეა. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონდა, მასზე მოგვიანებით საგანგებო ბაქანი მოაწყვეს და სამრეკლო დააშენეს.

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამრეკლო

ეკლესია „მკურნალზე” დაშენებული სამრეკლო რვაგვერდა ღია ფანჩატურს წარმოადგენს. თარიღდება XVII ს-ის II ნახევრით. ნაგებია თლილი ქვით. მისი კამარა ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა, თაღები — წიბოებჩამოთლილ ქვის ოთხგვერდა სვეტებს. სვეტებს პროფილირებული ბაზისები და კაპიტელები აქვს. კედლები დასრულებულია მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ლავგარდანსა და თაღს შორის ვარდულებია ჩასმული. სამრეკლო გადახურულია ჰორიზონტალურად ნაწყობი აგურით. სახურავის ქიმი ქვისგანაა გამოკვეთილი.

საკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდ გუმბათოვან ეკლესიასა და სამრეკლოს შორის მიწისქვეშა რვაკუთხა საკანია (3,5 X 3,5 მ). იგი დასავლეთით ეკლესია „მკურნალს“ ეკვრის. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. ქვედა ციხის ეზოდან ვიწრო, ორიარუსიანი დერეფანი თაღიანი კარით უკავშირდება საკანს. მისი სარკმელი გაერთიანებულია ეკლესიის დასავლეთის კედელში გაჭრილ სარკმელთან. ამ სარკმლის ორივე გვერდზე, ნიშებში მოქცეული პატარა სარკმლები ამჟამად ამოშენებულია. კარის პირდაპირ ბუხარი იყო, რომელშიც ახლა საკნიდან ზედა ციხის ეზოში ასასვლელია გაჭრილი. საკანი გადახურულია აგურის გუმბათოვანი კამარით.

წყალსაცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა ციხის გალავნის სამხ. კედელზე შიგნიდან მიშენებულია წყალსაცავი, რომელიც შედგება ორი ავზისა და სასმელი წყლის მისაღები სათავსისაგან — „წყაროსაგან” (საერთო ფართობი 12,9 X 9,6 მ). წყალსაცავი ნაგებია დამუშავებული ქვით. ავზები სწორკუთხა ისრული კამარით გადახურული სათავსებია. წყალი გამოყვანილი იყო ციხის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხეივნიდან მიწაში ღრმად ჩაწყობილი თიხის მილებით. ზედა ციხის გალავნის დასავლეთ კედლის ქვეშ („შეუპოვართან” ახლოს) შემოსული წყალსადენი უერთდებოდა წყალსაცავს. ავზები წყალგაუმტარი ხსნარითაა შელესილი. წყალი შედიოდა წყალსაცავის დასავლეთი კედლის ქვედა ნაწილში სპეციალური შესასვლელით და ავზების გამყოფ კედელში არსებული პატარა კარით გადადიოდა მეორე სათავსში, ამ სათავსის გავსების შემდეგ მილებით ჩადიოდა მესამე სათავსში — „წყაროში”, რომელიც მეორე ავზზე ჩრდილოეთიდანაა მიშენებული. „წყარო” გეგმით ჯვაროვანია, ჯვრის მკლავებს აგურით ამოყვანილი ისრული კამარები აქვს. აგურისაა აგრეთვე შუა ავზის კამარა, პანდატივები, კარის თაღი და დეკორატიული წყობა მის გარშემო. წყალსაცავის უმეტესი ნაწილი მიწაშია. არქიტექტურულად დამუშავებულია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. ფასადზე ისრული თაღი დიდ სწორკუთხედშია ჩასმული და ზევიდან აგურის კბილანა წყობის ჰორიზონტალური ხაზი გასდევს.

ზედა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კიდევ ერთი პატარა წყალსაცავია — ნატეხი ქვით ნაგები ჭა, რომლის სიღრმე 6 მ-ია, ზედა დიამეტრი 1,2 მ, ქვედა 3 მ. შიგნიდან შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანორამული ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან. ანანურის ციხე და ჟინვალის წყალსაცავი

ძველი ფოტოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-18.
  2. ღამბაშიძე დ., „ანანურის ტაძარი“, ჟურნალი «მწყემსი», 1895, №5 და №10
  3. Садзагелов-Ивериели, «Ананурский Успенский собор», МАК, 1897, т. VII
  4. http://whc.unesco.org/en/tentativelists/5222/