სამკურნალო ბურბუშელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამკურნალო ბურბუშელა, ბაბუაწვერა – Taraxacum officinale Nigg, ოჯ. რთულყვავილოვანნი – Asteraceae (Compositae), მრავალწლოვანი ბალახია. საყვავილე ღერო 10–30 სმ სიმაღლისაა, შეუფოთლავი, ღრუიანი, ყვავილობისას მხოლოდ კალათის ქვეშაა მატყლისებრი ბეწვით მოფენილი. გარდა ამისა, მთელ სიგრძეზე აბლაბუდისებრი ბეწვებითაა შემოსილი. ფოთლები ყველა ფესვთანურია, როზეტად შეკრებილი. მოხაზულობით მოგრძო უკულანცეტა ფორმისაა, 5–20 სმ სიგრძისა და 1–3 სმ სიგანის, ბურბუშელასებრ ან ჩანგლისებრ–ფრთისებრ განკვეთილია სამკუთხა კიდემთლიან ან დაკბილულ, გადახრილ ნაკვთებად, შიშველია ან ქვედა მხარეზე ოდნავ შებუსვილი. საბურველის გარეთა ფოთოლაკები მოგრძო კვერცხისებრიდან ხაზურ–ლანცეტამდეა, შიგნითა ხაზურ ფოთოლაკებზე უფრო ფართოა და ოდნავ მოკლე. ყველა ფოთოლაკი მწვანეა ან მონაცრისფრო–მწვანე, ყვავილები ენისებრია, ორსქესიანი, მოოქროსფრო ან ღია ყვითელი ფერის, განლაგებულია ღეროს წვერში. ნაყოფი თესლურია, მოგრძო უკუკვერცხისებრი, თეთრი ქოჩორით. მცენარე ყვავილობს IV-X.

პოლიმორფული სახეობაა, სარეველა, იზრდება მდელოებზე, რუდერალურ ადგილებზე, დაბლობებში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში, მთიულეთში, მესხეთში. საერთო გავრცელება – დას. ევროპა, იაპონია, ინდოეთი, აშშ. ზოგჯერ შეტანილია კულტურაში. მედიცინაში გამოყენება. ფესვები გამოიყენება როგორც მწარე, კუჭ–ნაწლავის ატონიისას, მადის დაკარგვის, თირკმლების, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადებისას. აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ფესვები შედის მადისმომგვრელ, ნაღვლმდენ, შარდმდენ ნაკრებებში. ამზადებენ ნახარშს, სქელ ქსტრაქტს; ფოთლებს ხმარობენ სალათის სახით, როგორც ვიტამინებით მდიდარ საკვებს, გამოიყენება ლუდის, ლიქიორების წარმოებაში. ჰომეოპათიაში ხმარობენ მცენარის აყვავებამდე დამზადებულ ბალახს. ფესვი შედის მრავალი ქვეყნის ფარმაკოპეაში; უკანასკნელ ხანებში ფოთლებს აღმოაჩნდა რადიოპროტექტორული აქტივობა და შეიტანეს ასეთი დანიშნულების ნაკრებში.

ლიტერატურა: 1. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005 2. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom) 3. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი. 4. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ. 5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005. ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 6. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში ”მცენარეთა მეცნიერებები:2009 წ. 7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980 8. ქსე 9. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983 10. საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.