მწარე აბზინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწარე აბზინდა (ლათ. Artemisia absinthium) — ბალახოვანი მცენარე, მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს (ლათ. Asteraceae (Compositae)). იგი მრავალწლოვანი 2 მ–მდე სიმაღლის მცენარეა, ნაცრისფერ–ქეჩისებრი შებუსვით, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფირფიტა ფართო კვერცხისებრი ფორმის, ორმაგ–სამმაგად ფრთისებრგანკვეთილი ლანცეტა ფორმის სეგმენტებად. ზედა ფოთლები მჯდომარეა. კალათები პატარა ზომისაა, ნახევრადსფეროსებრი, შეკრებილია გრძელ საგველასებრ ყვავილედებად და ცალმხრივ მტევნებადაა დაკიდებული მოკლე საყვავილე ღერძზე. საბურველის გარეთა ფოთოლაკები ხაზური ფორმისაა, შიგნითა – ელიფსური ან უკუკვერცხისებური. ყველა მათგანი შებუსვილი და ფართო თეთრი სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული. ყვავილსაფარი მოფენილია ბეწვებით, ყვავილები კი შიშველია, მცენარე ყვავილობს VII-X.

მწარე აბზინდა იზრდება რუდერალურ ადგილებში, რიყეზე, გზის პირებზე, დასახლებულ ადგილებში: თუშ–ფშავ–ხევსურეთში, ჯავახეთში, თრიალეთში, მესხეთში, აფხაზეთში, სვანეთში, სამეგრელოში, თითქმის მთელ საქართველოში, მეზობელ აზერბაიჯანში და სომხეთში.

გამოიყენება მედიცინაში. მწარე აბზინდას ბალახი ოფიცინალური არომატული–მწარე საშუალებაა, რომელიც რეფლექტორულად აღაგზნებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გამოიყენება აგრეთვე ნაღვლისდამდენად. პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლიგიისას. შედის კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გამაუმჯობესებელ წვეთებში, მადისმომგვრელ, მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ნაღვლისდამდენ ნაკრებებში. ამზადებენ მწარე ნაყენს, სითხოვან ექსტრაქტს, გამონაცემს. შედის დიდი ბრიტანეთის ფარმაკოპეაში, იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპათიაში. რაც შეეხება მამულას, ის გამოიყენება იგივე დანიშნულებით, ასევე შედის მ. ზდრენკოს მიქსტურაში და ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების ნომეკლატურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
  • ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება: თბილისი. 2000 წელი.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო — გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N: 28. 2006.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247.
  • ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში „მცენარეთა მეცნიერებები“, 2009 წელი.
  • ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი, 1980 წელი.
  • შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1983 წელი.
  • საქართველოს ფლორა. I — XI ტომი. თბილისი, 1971-1987 წლები.
  • Lali Dateshidze and co — authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.