გაბრიელ მცირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.
გაბრიელ მცირე
გარდაიცვალა 1802
ხსენების დღე ახ. სტილით - 30 მარტი (17 მარტი)
მოღვაწეობა მწერალი და კალიგრაფი

გაბრიელ მცირე (გ. 1802) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი. ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 30 მარტი (17 მარტი). ბერად იყო დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც 30 წელი გაატარა. მოთარეშე ლეკებმა თავი მოჰკვეთეს. დასაფლავებულია იმავე მონასტერში.

ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.

მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.

გაბრიელ მცირეს ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში). მათგან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიული ძეგლი „ონოსიფორეს ცხოვრება“, „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება“, მემუარული „თხრობანი“ და სხვა. გაბრიელ მცირეს ეკუთვნის აგრეთვე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულები: 1892-1894 გამოცემული „გვირგვინი“, „სამოთხის ყვავილი“ (1895), „ოქროს წყარო“ (1905), „სუფევა“, „კლიტე“, „სამასეული“, „მანანა“ და სხვა. მათში თავმოყრილია ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე მოსხისა და სხვა თხზულებათაგან გამოკრეფილი მასალა. ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.

ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთავარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.

ძმებმა ნეტარი მამის წმნიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 608.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.