ჰოსპიტალიერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოსპიტალიერი რაინდები
ჰოსპიტალიერთა ორდენი/საძმო
წმ. იოანეს რაინდები, როდოსის რაინდები, მალტის რაინდები

ჰოსპიტალიერთა ორდენის ჯვარი
აქტიური 1099 – დღემდე
ტიპი დასავლურ-ქრისტიანული სამხედრო ორდენი
ალიანსი რომის პაპი
მთავარსარდლობა
(გარნიზონი)
იერუსალიმი, მოგვიანებით როდოსი, მალტა და რომი
მფარველი წმ. ქალწული მარიამი
წმ. იოანე ნათლისმცემელი
დევიზი Pro Fide, Pro Utilitate Hominum / რწმენისთვის, ადამინთა სასარგებლოდ
ფერები შავი-თეთრი, წითელი-თეთრი
ბრძოლები ჯვაროსნული ლაშქრობები
ასკალონის ალყა (1153)
არსუფის ბრძოლა (1191)
აკრის ალყა (1291)
როდოსის ალყა (1480)
როდოსის ალყა (1522)
პრევეზის ბრძოლა (1538)
ტრიპოლის ალყა (1551)
მალტის დიდი ალყა (1565)
ლეპანტოს ბრძოლა (1571)
ბერბერი მეკობრეები (1607)
დაიშალა დღემდე აქტიური (SMOM)
მეთაურები
დიდი მაგისტრი ჟერარდ დე მარტიგი (1-ლი)
ცნობილი
მეთაურები
ჟან პარისოტ დე ვალეტი
გარნე დე ნაბლუსი

წმ. იოანე ნათლისმცემელის ორდენის რაინდები ასევე წმინდა იოანეს ორდენი, ჰოსპიტალიერთა ორდენი, ჰოსპიტალიერი რაინდები, იოანიტები, ჰოსპიტალიერებიშუა საუკუნეების ყველაზე სახელგანთქმული დასავლურ-ქრისტიანული სამხედრო ორდენი.

ჰოსპიტალიერები სავარაუდოდ გამოჩნდნენ როგორც ცალკეული პიროვნებების ჯგუფი რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ამალფის ჰოსპიტალთან (საავადმყოფოსთან), რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში მურისტანში მდებარეობდა. წმ. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ჰოსპიტალი დაახლოებით 1023 წელს ჟერარდ დე მარტიგიმ დააარსა, საავადმყოფოს მიზანი გაჭირვებულთა დახმარება, ასევე წმინდა მიწაზე დაავადებული და დაჭრილი პილიგრიმების მკუნალობა იყო.[1] პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, როდესაც 1099 წელს ქრისტიანმა ლათინებმა იერუსალიმი აიღეს, ორგანიზაცია რელიგიურ და სამხედრო ორდენად გადაიქცა, რომლის მოვალეობასაც წმინდა მიწის მოვლა და დაცვა წარმოადგენდა. მუსულმანების მიერ იერუსალიმის დაპყრობის დროს ორდენი როდოსიდან ოპერირებდა, რა დროსაც ორგანიზაცია სუვერენული იყო, მოგვიანებით ორდენმა და მისმა წევრებმა მალტაში გადაინაცვლეს სადაც ისინი სიცილიის ესპანელი მეფის ნაცვლის ვასალები იყვნენ.

ორდენი რეფორმაციამ დაასუსტა, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ გერმანიასა და ნიდერლანდებში ორდენის მდიდარმა მეთაურებმა პროტესტანტობა მიიღეს, რის შემდეგაც ინგლისში, დანიაში და ჩრდილოეთ ევროპაში ორდენი დაიშალა (გაუქმდა). გარდა ამისა რომაულ-კათოლიკური ორდენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა 1798 წელსაც, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ მალტის დაიპყრობის შემდეგ. ორდენმა ძალა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის აღიდგინა, რა დროს ის ჰუმანიტარული და რელიგიური მხარეებისაკენ იქნა მიმართული. 1834 წელს ორდენმა, რომელიც უკვე ცნობილი იყო მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის (მსსო ან SMOM-ი) სახელით რომში ახალი შტაბი შეიძინა, რომელშიც დღემდე მოღვაწეობს ორდენი.

დღეისათვის არსებობს ხუთი თანამედროვე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული რაინდული ორდენი რომლებიც აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიერთა ტრადიციების თანამედროვე მემკვიდრეები არიან. ყველა მათგანი თანხმდება, რომ „მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი” ჭეშმარიტი (ორიგინალი) ორდენია. დანარჩენი ოთხი არარომაულ-კათოლიკური ორდენები კი ამტკიცებენ რომ მათ და მალტის ორდენს ერთი ძირი აქვთ (საერთო წინაპარი ჰყავთ). პროტესტანტული ორდენი არსებობს: გერმანიაში, ნიდერლანდებში და შვედეთში, ასევე აღორძინდა ბრიტანეთშიც არასექტანტური წმინდა იოანეს საპატიო ორდენი რომლის მთავარი შენობაც (ე.წ. შტაბიც) გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.[2]

დაარსება და ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

600 წელს პაპმა გრიგოლ I-მა მის ყოფილ ემისარს რავენას აბატ პრობუს დავალება მისცა, მას იერუსალიმში ჰოსპიტალი (საავადმყოფო) უნდა აეშენებინა და წმინდა მიწაზე მცხოვრებ ქრისტიან პილიგრიმებზე ეზრუნა. 800 წელს საღვთო რომის იმპერატორმა კარლოს დიდმა პრობუსის საავატმყოფო გააფართოვა და მას ბიბლიოთეკა დაუმატა. დაახლოებით 200 წლის შემდეგ 1005 წელს ხალიფა ალ-ჰაკიმ აბუ ალი მანსურმა ჰოსპიტალი და იერუსალიმში მდებარე კიდევ 3,000 სხვა შენობა გაანადგურა. 1023 წელს ამალფელ და სალერნოელ ვაჭრებს ეგვიპტის ხალიფა ალი აზ-ზაჰირმა იერუსალიმში ჰოსპიტალის ხელახლა აშენების უფლება მისცა. ჰოსპიტალი წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ადგილას აშენდა, მას წმინდა მიწაზე მოგზაური ქრისტიანი პილიგრიმი სტუმრობდნენ. ჰოსპიტალში ბე­ნე­დიქ­ტი­ნე­ლი ბერები მსახურობდნენ.

კვიპროსისა და როდოსის რაინდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ ისლამის აღზევებამ განდევნა რაინდები იერუსალიმიდან. 1291 წელს იერუსალიმის სამეფოს დაცემის შემდეგ რაინდთა ძალაუფლება ტრიპოლის საგრაფომდე შეიზღუდა, 1291 წელს კი აკოს აღების შემდეგ ორდენმა თავშესაფრის ძებნა კვიპროსის სამეფოში დაიწყო. თავშესაფრის აღმოჩენის შემდეგ ჰოსპიტალიერები კვიპროსულ პოლიტიკაშიც გაერივნენ, მათმა მაგისტრმა გიიომ დე ვილარეტმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ მოეპოვებინათ ჰოსპიტალიერებს საკუთარი სამფლობელო, ორდენის ახალ სახლად როდოსი შეირჩა, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო. მისმა შთამომავალმა ფულკ დე ვილარეტმა მისი გეგმა აღასრულა და 1309 წლის 15 აგვისტოს ორწლიანი ბრძოლის შემდეგ კუნძული როდოსი რაინდებს დანებდა. მათ ასევე მოიპოვეს კონტროლი მეზობელ კუნძულებზე, ხელში ჩაიგდეს ანატოლიაში მდებარე ბოდრუმის პორტი და კასტელორიზო.

1312 წელს რომის პაპმა კლემენტ V-მ გამოსცა ბულა, რითაც ჰოსპიტალიერთა მეთოქე ტამპლიერთა ორდენი დაიშალა, ასევე გამოიცა ბულა სახელწოდებით ად პროვიდამ, რომლის თანახმადაც ტამპლიერთა ქონების ნაწილი ჰოსპიტალიერთა ორდენს გადაეცა. მიღებული მიწის ნაკვეთები რვა „ლონგად” დაიყო, რომლებიც მდებარეობდნენ არაგონში, ოვერნში, კასტილიაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში და პროვანსში. თითოეულ ლონგს მართავდა პრიორი, ხოლო თუ ერთ ლონგში რამდენიმე პრიორი იქნებოდა მაშინ ლონგს დიდი პრიორი მართავდა. როდოსში, მოგვიანებით მალტაშიც თითოეულ ლონგში მაცხოვრებელ რაინდებს ბაილები მეთაურობდნენ. იმ დროისთვის ინგლისის ლონგის დიდი პრიორი იყო ფილიპ დე თეიმი, რომელმაც 1330 - 1358 წლებში ინგლისის ლონგის კუთვნილებაში არსებული მამულები შეიძინა. 1334 წელს როდოსის რაინდებმა ანდრონიკე და მისი თურქი დამხმარეები დაამარცხეს, რაინდები მე-14 საუკუნეშიც მონაწილეობდნენ რამდენიმე ბრძოლაში.[3]

როდოსში ჰოსპიტალიერები, რომლებიც ასევე მოიხსენიებოდნენ, როგორც როდოსის რაინდები, შედარებით უფრო სამხედრო (მილიტარისტულ) ძალად გარდაიქმნენ და ბერბერი მეკობრეების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა.[4][5] მათ მე-15 საუკუნეში ორ შემოსევას გაუძლეს, პირველი იყო 1444 წელს ეგვიპტის სულთნის მიერ, მეორე კი 1480 წელს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის მიერ, რომლისთვის 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის იმპერიის დამარცხების შემდეგ რაინდები მთავარ სამიზნედ იქცნენ.

1494 წელს რაინდებმა ჰალიკარნასის ნახევარკუნძულზე (დღევანდელ ბოდრუმში) მძლავრი საყრდენი შექმნეს. მათ ბოდრუმის ციხე-სიმაგრე გაამაგრეს, რისთვისაც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნაწილები გამოიყენეს.

1522 წელს სრულიად ახალი სახის ძალა ჩამოვიდა, კუნძულს სულეიმან დიდებულის მეთაურობით 400 გემი მოუახლოვდა, მათი დახმარებით კუნძულზე 100,000 ჯარისკა გადმოვიდა (ზოგ წყაროში 200,000 ჯარისკაცი).[6][7] ოსმალურ ძალას 7,000 რაინდი დიდი მაგისტრის ფილიპ ვილე დე ლილ-ადამის მეთაურობით დაუპირისპირდა. ალყამ ექვს თვეს გასტანა, რომელიც საბოლოოდ ოსმალთა გამარჯვებით დასრულდა, გადარჩენილი რაინდები კი სიცილიაში გადავიდნენ. მიუხედავად დამარცხებისა, ქრისტიანებიც და მუსულმანებიც ფილიპ ვილე დე ლილ-ადამს როგორც უაღრესად მამაც ადამიანს ისე უყურებდნენ, პაპმა ადრიანე VI-მ კი ფილიპი რწმენის დამცველად გამოაცხადა.

მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1834 წელს ორდენმა საბოლოო ბინა რომში დაიდო და იქ დასახლდა. ორდენი თავის თავდაპირველ ჰოსპიტალურ (საავადმყოფურ) საქმეს დაუბრუნდა. ორდენის საქმიანობამ მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, რა დროსაც ორდენის დიდი მაგისტრი ლუდოვიკო კიჯი დელა როვერე ალბანი იყო (დიდი მაგისტრი 1931–1951).

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმინდა იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი, ცნობილი ასევე როგორც მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი არის რომაულ-კათოლიკური რელიგიური ორდენი და მსოფლიოს გადარჩენილ რაინდთა ორდენებს შორის ყველაზე ძველი. მისი სუვერენულობა აღიარეს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციების წევრებმა, ორდენს ასევე გაერთიანებული ერებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მინიჭებული აქვს დამკვირვებლის სტატუსი.

ორდენს გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს 104 ქვეყანასთან. მათ გააჩნიათ საკუთარი პასპორტები, ვალუტა, შტამპები და ავტომობილების სანომრე ნიშნებიც კი. მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის წევრები მუდმივად იმყოფებიან 120 ქვეყანაში, 12 მონასტერში, 47 ეროვნულ ასოციაციაში, გარკვეული რაოდენობის ჰოსპიტალში, სამედიცინო ცენტრებში, დღიური ზრუნვის ცენტრებში, პირველადი დახმარების კორპუსებში და სპეციალისტთა ფონდებში, რომლებიც მსოფლიოს 120 ქვეყანაში მოქმედებენ. მის შემადგენლობაშია 13,000 წევრი, 80,000 მოხალისე და დაახლოებით 20,000 კაციანი სამედიცინო პერსონალი (ექიმები, ექთნები და პარამედიკოსები), ისინი ზრუნავენ და მკურნალობენ ღარიბებს, ავადმყოფებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს, უსახლკაროებს, ტერმინალურ პაციენტებს, კეთროვნებსა და ყველას ვინც იტანჯება სხვადასხვა მიზეზების გამო. ორდენი განსაკუტრებულად ორიენტირებულია სამხედრო კონფლიქტების (სამხედრო მოქმედებების) და ბუნებრივი კატასტროფების დროს დაზარალებული ადამიანების დახმარებაზე, ორდენის წევრები ზრუნავენ ლტოლვილებზე, უწევენ მათ სამედიცინო დახმარებას, აძლევენ საჭირო მედიკამენტებსა და გადარჩენისათვის აუცილებელ აღჭურვილობას.

მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც მალტის მისიონერები. მოგვიანებით მალტის მთავრობასთან დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მალტის მთავრობამ ორდენს მომდევნო 99 წლის მანძილზე წმინდა ანჯელოს ციხე-სიმაგრის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. დღეისათვის, რესტავრაციის შემდეგ ციხე-სიმაგრის ისტორიულ-კულტურული მოღვაწეობა მალტის ორდენთანაა დაკავშირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, თბ., 1967

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჩარლზ მოლერი (1910). "იერუსალიმის წმინდა იოანეს ჰოსპიტალიერები" (კათოლიკური ენციკლოპედია). ნიუ-იორკი: Robert Appleton Company. ტომი: 7.
  2. წმ. იოანეს ორდენი: საერთო ტრადიციები დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. . ავტორი: მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი. თარიღი: 22 ოქტომბერი 2004.
  3. ჯეიმზ ჯონ გრეჰემი (1858). ომის ხელოვნების პროგრესის ელემენტარული ისტორია. ავტორი: Books.google.com.
  4. ი. ართემი. დიასპორული თემები როდოსში 1350 - 1450 წლებში. როდოსის რაინდები – ჰოსპიტალიერები.
  5. კათოლიკური ენციკლოპედია: მალტის რაინდები. ავტორი: Newadvent.org.
  6. პატრიკ ბელფონი, ბარონ კინროსი (1979). ოსმალური საუკუნეები: თურქული იმპერიის აღზევება და დაცემა. გვ. 176.
  7. გილის ვეინსტეინი. სულეიმანი: ისლამის ენციკლოპედია დაარქივებული 2012-01-27 საიტზე Wayback Machine. . ავტორი: Brillonline.nl