ჰორტენზია დე ბოარნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰორტენზია დე ბოარნე
ნიდერლანდების დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ივნისი, 1806
მმართ. დასასრული: 1 ივლისი, 1810
წინამორბედი: ვილჰელმინა პრუსიელი
მემკვიდრე: ვილჰელმინა პრუსიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 აპრილი, 1783
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 5 ოქტომბერი, 1837, (54 წლის)
გარდ. ადგილი: თურგაუ, შვეიცარია
მეუღლე: ლუი I, ნიდერლანდების მეფე
(ქ. 1802)
შვილები: ნაპოლეონ შარლი, ნიდერლანდების პრინცი
ლუი II, ნიდერლანდების მეფე
ნაპოლეონ III, საფრანგეთის იმპერატორი
უკანონო:
შარლი, მორნის ჰერცოგი
სრული სახელი: ჰორტენზია ევგენია სესილი
დინასტია: ბოარნეები
მამა: ალექსანდრე, ბოარნეს ვიკონტი
დედა: ჟოზეფინ ბოარნე
რელიგია: კათოლიციზმი

ჰორტენზია დე ბოარნე (ფრანგ. Hortense de Beauharnais; დ. 10 აპრილი, 1783, პარიზი, საფრანგეთი — გ. 5 ოქტომბერი, 1810, თურგაუ, შვეიცარია) — ბოარნეთა გვარის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის პირველი ცოლის, დედოფალ ჟოზეფინ დე ბოარნეს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ნიდერლანდების დედოფალი 1806-1810 წლებში როგორც ლუი I ბონაპარტის მეუღლე. ნიდერლანდების მეფე ლუი II-ისა და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორტენზია დაიბადა 1783 წლის 10 აპრილს პარიზში. იგი იყო გამოჩენილი ფრანგი დიდებულისა და გენერლის, ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნესა და მისი მეუღლის, ჟოზეფინ დე ბოარნეს ქალიშვილი. მისი მშობლები თავიდანვე აქტიურად ჩაებნენ საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციაში და მალევე დაუახლოვდნენ მის მოთავეებს. 1794 წელს ჰორტენზიას მამა მონარქისტებთან ბრძოლისას დაიღუპა, ერთ თვეში კი დედამისი თავისი პირველი ქმრის საუკეთესო მეგობარსა და რევოლუციის მოთავეზე, ნაპოლეონ ბონაპარტზე დაქორწინდა. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული გახდა მათი გავლენები საოცრად გაიზარდა. ამის გამო სილამაზით ცნობილი ჰორტენზია პარიზში საუკეთესო განათლებას იღებდა.

აღსანიშნავია, რომ ჰორტენზია ძალიან დაუახლოვდა თავისი მამინაცვლის და-ძმებს, რომლებიც ფაქტობრივად მისი ასაკისანი იყვნენ. იგი დაესწრო კაროლინ ბონაპარტისა და იოაჰიმ მიურატის ქორწინებას. 1802 წელს, ჰორტენზია ნაპოლეონის თხოვნით დაქორწინდა მის უმცროს ძმაზე, ლუი ბონაპარტზე, რომელთან ერთადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ჰორტენზია თავის უფროს ვაჟთან ერთად 1807 წელს

1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი საფრანგეთის იმპერატორი ხდება, ჰორტენზიას დედა კი დედოფლად იქცა. ნაპოლეონმა მალევე დაიწყო ევროპის დაპყრობილი ქვეყნების თავისი და-ძმებისათვის ჩამორიგება, მაგალითად: ჟოზეფს ესპანეთის მეფობა მისცა, კაროლინს ნეაპოლის დედოფლობა, ელიზას ტოსკანის ჰერცოგინიობა, ჟერომს ვესტფალიის მეფობა, ხოლო პოლინს გუასტალას ჰერცოგინიობა. ამგვარ პირობებში, 1806 წელს ნაპოლეონმა ჰააგაც დაიკავა, სადაც მმართველად თავისი ძმა, ლუი ბონაპარტი მიავლინა ჰორტენზიასთან ერთად.

1806 წლის 5 ივნისს ლუი I ნიდერლანდების მეფედ გამოცხადდა, რითაც ჰორტენზია დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ მას არ მოსწონდა ნიდერლანდები და იქ ცხოვრება, რის გამოც ძალიან მალე, 1807 წელს საფრანგეთში დაბრუნდა. ამის შემდეგ იგი მხოლოდ რამდენჯერმე ეწვია ნიდერლანდებს, რა დროსაც გააჩინა თავისი მესამე ვაჟი და საფრანგეთის მომავალი იმპერატორი ნაპოლეონ III. ვინაიდან ჰორტენზიას ქმართანაც არ ჰქონდა ახლო ურთიერთობა, მისთვის რთული არ ყოფილა საფრანგეთში დაბრუნება და ოჯახის მიტოვება. მისი გავლენები მას შემდეგ შეირყა, რაც 1810 წელს ნაპოლეონი დედამისს, ჟოზეფინ დე ბოარნეს გაეყარა და მის ნაცვლად ცოლად საღვთო რომის იმპერატორ ფრანც II-ის ქალიშვილი მარია ლუიზა ავსტრიელი შეირთო. ახალი ცოლის გავლენით ნაპოლეონმა აიძულა ჰორტენზია დაეტოვებინა საფრანგეთის სამეფო კარი და თავის ქმართან დაბრუნებულიყო ნიდერლანდებში.

რომანი და დარჩენილი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ჰორტენზია 1808 წელს

1810 წლის 1 ივლისს ნაპოლეონმა ლუი I ტახტიდან გადააყენა და მის ნაცვლად მათი ვაჟი, ლუი II გაამეფა, რომელიც მალევე, 13 ივლისს ჩამოაგდო. ამის შემდეგ ნაპოლეონი თავისი ჯარებით შევიდა ნიდერლანდებში და დაიპყრო იგი, რის შემდეგაც ჰორტენზია თავის ოჯახთან ერთად საბოლოოდ დაუბრუნდა საფრანგეთს.

ვინაიდან მას დედოფლის წოდება აღარ ბოჭავდა, დაბრუნებულმა ჰორტენზიამ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყო ხელი და სრულიად ღია ურთიერთობა დაიწყო სიმპათიური გრაფ შარლ ჟოზეფ დე ფლაოტთან. მათი სასიყვარულო ურთიერთობა მალევე გადაიზარდა რომანში, რამაც შედეგიც გამოიღო და 1811 წლის ოქტომბერში ჰორტენზიამ თავისი ერთადერთი უკანონო ვაჟი, შარლ ავგუსტი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ 1862 წელს ჰორტენზიას უმცროსმა ვაჟმა, იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ თავის უკანონო ნახევარ-ძმას მორნის ჰერცოგობა მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ჰორტენზიასა და შარლ ჟოზეფის ურთიერთობა მალე დასრულდა, რადგან ნაპოლეონმა იგი საფრანგეთის შორეულ კუთხეში გააგზავნა საბრძოლველად.

1814 წელს ფრანგებმა დაამხეს ნაპოლეონის მმართველობა და ტახტზე ბურბონთა დინასტია დაბრუნდა ლუი XVIII-ის მეთაურობით. ამის გამო ბონაპარტებმა დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება მთელს ევროპაში და საფრანგეთის დატოვებამ მოუწიათ. ჰორტენზიამ დატოვა ოჯახი, სამშობლო და შვეიცარიაში, თურგაუში დასახლდა, სადაც ააგო საკუთარი რეზიდენცია, სახელად არენენბერგი. მან სწორედ აქ გაატარა დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად 1815 წელს ნაპოლეონის ხანმოკლე რესტავრაციისა, ჰორტენზია საფრანგეთში აღარასოდეს დაბრუნებულა. იგი გარდაიცვალა 1837 წლის 5 ოქტომბერს არენენბერგში, თურგაუში, სიმსივნით, 54 წლის ასაკში. მისი მეუღლე ტოსკანაში ცხოვრობდა, სადაც 1846 წელს გარდაიცვალა მარტოობაში. თავად ჰორტენზია მისი ვაჟის, ნაპოლეონ III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ გადაასვენეს საფრანგეთში, სადაც იგი პარიზთან ახლოს, რუელ-მალმეზონში, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს სახელობის კათედრალში დაკრძალეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორტენზიას თავის ქმართან სულ სამი ვაჟი შეეძინა:

  1. ნაპოლეონ ლუი (1802-1807), ნიდერლანდების სამეფო პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი II (1804-1831), ნიდერლანდების მეფე 1810 წლის 1-დან 13 ივლისამდე. ბერგისა და კლევის ჰერცოგი 1809-1813 წლებში. ჩამოგდების შემდეგ იქორწინა თავის ბიძაშვილ შარლოტ ბონაპარტზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ნაპოლეონ III (1808-1873), საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი 1848-1852 წლებში და საფრანგეთის უკანასკნელი იმპერატორი 1852-1870 წლებში. ცოლად შეირთო ესპანელი დიდებული ეუხენია დე მონტიხო, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;

თავის საყვარელ შარლ ჟოზეფ დე ფლაოტთან შეეძინა ერთი უკანონო ვაჟი:

  1. შარლ ავგუსტი (1811-1865), მორნის ჰერცოგი, ცოლად შეირთო რუსი დიდებული სოფია სერგეევნა ტრუბეცკაია, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christina Egli, Dominik Gügel: Hortense de Beauharnais. Face à son destin. Labhards, Konstanz 2012, ISBN 978-3-939142-80-5.
  • Pierre Grellet: Königin Hortense auf Arenenberg. Neu hrsg. und mit einem Vorwort und einem biografischen Anhang versehen von Dominik Gügel. Hubert, Frauenfeld u. a. 2001, ISBN 3-7193-1262-3
  • Dominik Gügel, Christina Egli: Hortense de Beauharnais. Schicksalsjahre einer Königin. Labhard-Medien, Konstanz 2013 (Sonderheft von Labhards Bodensee-Magazin), ISBN 978-3-939142-80-5
  • Alphons Nobel: Königin Hortense. Die Erbin Napoleons. Societäts-Verlag, Frankfurt 1938
  • Jakob Hugentobler: Die Briefe der Königin Hortense an die Effinger von Wildegg, in: Schriften des Vereins für Geschichte des Bodensees und seiner Umgebung, 66. Jg. 1939, S. 35–69
  • Johannes Meyer: Königin Hortense und Prinz Ludwig Napoleon, in: Schriften des Vereins für Geschichte des Bodensees und seiner Umgebung, 35. Jg. 1906, S. 123–307
  • Friedrich Schaltegger: Am Hofe einer Exkönigin. Aus dem Tagebuch einer Ehrendame der Königin Hortense, in: Schriften des Vereins für Geschichte des Bodensees und seiner Umgebung, 45. Jg. 1916, S. 93–178 (Digitalisat); 46. Jg. 1917, S. 105–165 (Digitalisat); 47. Jg. 1918, S. 119–182 (Digitalisat); 48. Jg. 1919, S. 1–44