ჰერმან ებინგჰაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმან ებინგჰაუსი
გერმ. Hermann Ebbinghaus
დაბ. თარიღი 24 იანვარი, 1850(1850-01-24)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ბარმენი, რაინის პროვინცია, პრუსიის სამეფო[6]
გარდ. თარიღი 26 თებერვალი, 1909(1909-02-26)[1] [2] [3] [4] [5] (59 წლის)
გარდ. ადგილი ჰალე, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია[6]
დასაფლავებულია St. Laurentius church
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
 გერმანიის იმპერია
საქმიანობა ფსიქოლოგი, პედაგოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი
გავლენა მოახდინეს

ჰერმან ებინგჰაუსი (გერმ. Hermann Ebbinghaus; დ. 24 იანვარი, 1850 — გ. 26 თებერვალი, 1909) — გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი. მან პირველმა დაიწყო მეხსიერების პროცესების ექსპერიმენტული შესწავლა, შეიმუშავა კვლევის ისეთი მეთოდი, რომელშიც თვითდაკვირვება არ იყო გათვალისწინებული. მის მიერ დადგენილი კანონზომიერებები ფსიქოლოგიის კლასიკად ითვლება. ვუნდტი იყო ასოციაციონისტი, რადგან ფსიქიკურ მოვლენებს ის იგებდა იმ ელემენტთა კავშირად, რომელსაც მათი ხშირი განმეორება იწვევს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმან ებინგჰაუსი დაიბადა 1850 წლის 24 იანვარს გერმანიის ქალაქ ბარმენში, მდიდარი ლუთერანი ვაჭრის ოჯახში. 17 წლის ასაკში მან ჩააბარა ბონის უნივერსიტეტში,სადაც გადაწყვიტა შეესწავლა ისტორია და ფილოსოფია. ცოტა ხნის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ჰალესა და ბერლინში. 1870 წელს ებინჰაუსი წავიდა საფრანგეთ-პრუსიის ომში, სადაც იგი ემსახურებოდა პრუსიის არმიას. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1873 წელს-23 წლის ასაკში, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ედვერდ ჰარტმანის არაცნობიერის ფილოსოფიის შესახებ.შემდეგ ის სამი წლით გაემგზავრა საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც დაინტერესდა ფსიქოლოგიით. ლონდონის ბუკინისტურ მაღაზიაში იგი წააწყდა გუსტავ ფეხნერის წიგნს ფსიქოფიზიკის ელემენტები, რომელმაც შთააგონა მას მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევა.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წელს ჰერმან ებინგჰაუსმა დაიწყო უაზრო მარცვლების მეთოდით მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევა, სადაც თავად იყო ცდის პირიც და ცდის ხელმძღვანელიც. იგი ძირითადად იკვლევდა ვერბალური მასალის დასწავლის კანონზომიერებებს. 1885 წელს მან გამოსცა ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი მეხსიერების შესახებ და ამავე წელს ის მიიღეს ბერლინის უნივერსიტეტში პროფესორად. ბერლინში მან 1890 წელს დააფუძნა „ფსიქოლოგიისა და გრძნობის ორგანოთა ფიზიოლოგიის ჟურნალი“. 1897 წელს ებინჰაუსმა შეიმუშავა ე. წ. დაუსრულებელი წინადადებების მეთოდი მოსწავლეთა გონებრივი უნარების გასაზომად. 1902 წელს მან გამოსცა სახელმძღვანელო ფსიქოლოგიის საფუძვლები. მისი ბოლო ნაშრომი გამოვიდა 1908 წელს. 1909 წელს კი, 60 წლის ასაკში ებინჰაუსი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.

უაზრო მარცვლების შედგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმან ებინგჰაუსმა მეხსიერების საზომ ერთეულად გამოიყენა უაზრო მარცვლები, რადგან შინაარსის მქონე ვერბალური ან არავერბალური მასალის გამოყენება ართულებს მეხსიერების შესწავლას, ვინაიდან ის ყოველთვის უკავშირდება ჩვენს ინდივიდუალურ წარსულ გამოცდილებას, ობიექტური გაზომვისთვის კი აუცილებელია, რომ მასალა ყველასთვის ერთნაირად დამახსოვრებადი იყოს. უაზრო მარცვლები კი ისე იყო შედგენილი, რომ აზრიან სიტყვასთან ასოციაცია არ გამოეწვია. ებინჰაუსმა შეიმუშავა 2300 მარცვალი (ორი თანხმოვანი და შუაში ხმოვანი), დაყო მწკრივებად, თითოეულ მწკრივსჰი მოათავსა 8-12 ასეთი მარცვალი. მწკრივების შედგენისას ყურადღება ექცეოდა, რომ ერთმანეთის გვერდით მდებარე მარცვლებში არ გამეორებულიყო ერთნაირი ასოები, რაიმე აზრიანი სიტყვა.

ებინგჰაუსის კვლევის მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დასწავლის მეთოდი. დასახსომებელი მასალა ცდის პირს ეძლევა იმდენჯერ, რამდენი განმეორებაც დასჭირდება მისი უშეცდომო აღდგენისთვის. განმორებათა რიცხვი, რომელიც საჭიროა ამ მასალის დასასწავლად, ითვლება დასწავლის კოეფიციენტად.
  2. შენარჩუნებული წევრების მეთოდი. მასალა ცდის პირებმა უნდა აღადგინონ ერთხელ ნახვის შემდეგ. დახსომების კოეფიციენტი გამოიხატება მასალის სწორად აღდგენილი წევრების რაოდენობით.
  3. სწორი პასუხების მეთოდი. დასახსომებელი მასალა ცდის პირებს ეძლევათ სამჯერ, წყვილ-წყვილად. შემდეგ აჩვენებენ მათ პირველ წყვილს და სთხოვენ მოიგონონ წყვილის მეორე წევრი. დახსომების კოეფიციენტი განისაზღვრება სწორი პასუხების რიცხვით.
  4. ცნობის მეთოდი. ცდის პირებს დასახსომებელ მასალას ერთხელ ჩვენების შემდეგ აწვდიან არეულად სხვა მასალაში და ცდის პირმა უნდა იცნოს ის. ცნობის კოეფიციენტი განისაზღვრება სწორად გამოცნობილის რაოდენობით.
  5. რეკონსტრუქციის მეთოდი. ცდის პირს ერთხელ აწვდიან გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებულ მასალას, შემდეგ აძლევენ ამ მასალას არეულად და ავალებენ პირვანდელი მის პირვანდელი თანმიმდევრობით აღდგენას.დახსომების კოეფიციენტი გამოიხატება რიგის სწორად აღდგენილი წევრების რაოდენობით.
  6. დახმარების მეთოდი. მასალის რეპროდუქცია ხდება მანამ, სანამ ცდის პირი მას ზეპირად დაისწავლის. როდესაც ცდის პირი ვერ იგონებს რომელიმე წევრსს,მას ეხმარებიან კარნახით.კოეფიციენტად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სწორად რეპრუდუცირებული მასალის ერთეულთა რიცხვი, ასევე საჭირო დახმარებათა რაოდენობა.
  7. მომარაგების(ეკონომიის)მეთოდი. ცდის პირი დაისწავლის მასალას დასწავლის მეთოდით. გარკვეული დროის ინტერვალის შემდეგ მას ავალებენ იმავე მასალის ხელმეორედ დასწავლას. მომარაგების კოეფიციენტი გამოიხატება მასალის პირველად და მეორად კოეფიციენტებს შორის სხვაობით. ამ მეთოდის მიხედვით აბსოლუტური დავიწყება არ არსებობს.

ძირითადი დადგენილი კანონზომიერებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არსებობს გარკვეული კავშირი მასალის მოცულობასა და დახსომების მსვლელობას შორის. მეხსიერების ერთჯერადი მოცულობა არის 6-8 მარცვლის ტოლი. მასალის შემდგომი მატება აძნელებს დახსომებას, მაგრამ არა პირდაპირპროპორციულად.
  2. მნიშვნელობა აქვს, თუ რა ადგილი უჭირავს დასახსომებელ ერთეულს რიგში. უკეთესად ხდება მწკრივის პირველი და ბოლო მარცვლების დამახსოვრება.
  3. ყველაზე ეფექტიანი არის მასალის პირველი გამეორება, ყოველი შემდეგი გამეორების მნემური ღირებულება უფრო მცირეა.
  4. როცა გამეორებათა შორის არის დროის ინტერვალი (არც ძალიან მცირე, არც ძალიან დიდი), მაშინ გამეორებათა რიცხვი კლებულობს.
  5. ჭარბ გამეორებას, მას შემდეგ რაც მასალა უშეცდომოდ იქნება აღდგენილი, მაინც აქვს დადებითი ეფექტი.
  6. აბსოლუტური დავიწყება არ არსებობს. თავიდან დავიწყების ტემპი ძალიან სწრაფია, შემდეგ საგრძნობლად კლებულობს და ბოლოს თითქმის არ იცვლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დალი ფარჯანაძე. „მეხსიერების ფსიქოლოგია“.
  • ირაკლი იმედაძე. „ფსიქოლოგიის ისტორია“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]