ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა
ბაჰრეინის მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 მარტი, 1999
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ისა იბნ სალმან ალ-ჰალიფა
მემკვიდრე: სალმან იბნ ჰამად ბინ ისა ალ-ჰალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 იანვარი, 1950
დაბ. ადგილი: რიფა, ბაჰრეინი
დინასტია: ალ-ჰალიფა
მამა: ისა იბნ სალმან ალ-ჰალიფა
დედა: შეიჰა საბიკა ბინთ იბრაჰიმ ალ-ჰალიფა
რელიგია: ისლამი

ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა (არაბ. حمد بن عيسى آل خليفة; დ. 28 იანვარი, 1950) — ბაჰრეინის ამირა 1999 წლიდან და მეფე 2002 წლიდან.

მეფე დაიბადა 1950 წლის 28 იანვარს რიფაში, ბაჰრეინში. 1964 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გამოცხადდა ტახტის უშუალო მემკვიდრედ. შემდეგ სწავლა გააგრძელა ლის სკოლაში, კემბრიჯში. სამხედრო განათლებას დაეუფლა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ჰყავს სამი მეუღლე.

მისი პირველი მეუღლეა შეიჰა საბიკა ბინთ იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, რომელზეც 1968 წლის 9 ოქტომბერს დაქორწინდა. მეფეს ჰყავს ოთხი ვაჟი და ქალიშვილი, მათ შორის ტახტის პირდაპირი მემკვიდრე სალმან იბნ ჰამადი, რომელიც 1969 წელს დაიბადა. მონარქის უმცროსი ვაჟი ფეიასლი ავტოკატასტროფაში დაიღუპა 2006 წლის 12 იანვარს ბაჰრეინში, ზალაქთან ახლოს.

2002 წლიდან ამირა ატარებს მეფის ტიტულს. ის ცნობილია არაერთი დემოკრატიული რეფორმით, მაგალითად, მან გამოაცხადა პოლიტიკური ამნისტია და გაათავისუფლა მრავალი პოლიტპატიმარი, ქალებს ხმის მიცემის უფლება უბოძა და 2002 წელს ჩაატარა (თითქმის 20 წლიანი შესვენების შემდეგ) დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. მონარქის საგარეო პოლიტიკა პროდასავლურია, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს აშშ-სა დაგაერთიანებულ სამეფოსთან.

მეფე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტისადმი. 1978 წელს, მისი ბრძანებით, დაარსდა ისტორიული დოკუმენტაციის ცენტრი, რომელიც მდებარეობს მეფის სასახლეში და უშუალოდ მონარქის განსაკუთრებული მეთვალყურეობით ფუნქციონირებს. მონარქს იტაცებს შევარდნებით ნადირობა, თევზაობა, ჩოგბურთი და ფეხბურთი. იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია არაბული ცხენების მოშენებით, მან ამ მიზნით შექმნა კიდეც არაბული ცხენების საჯინიბო 1977 წელს. მომავალი მონარქი ბავშვობიდანვე იჩენდა ინტერესს ავიაციისადმი. 1975 წელს დაიწყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობები ავიაციაში და დაეუფლა კიდეც ვერტმფრენის მართვის ოსტატობას და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის საჰაერო ძალების შექმნას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.