ჯოშ რედნორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოშ რედნორი
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1974 (1974-07-29) (49 წლის)
კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ებრაელი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
პროფესია მსახიობი, მუსიკოსი
აქტიური 2000-დღემდე
რელიგია იუდაიზმი
მშობლები მამა: ალან რედნორი
დედა: კაროლ რედნორი

ჯოშუა თომას რედნორი (ინგლ. Joshua Thomas Radnor; დ. 29 ივლისი, 1974[1], კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და მუსიკოსი. სახელი გაითქვა სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული ტედ მოსბის როლით. ნომინირებული იყო ტონის ჯილდოზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოშ რედნორი დაიბადა 1974 წლის 29 ივლისს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი მშობლები არიან საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე კეროლ რედნორი (ქალიშვილობის გვარია ჰირში) და სამედიცინო დარღვევების საქმეებზე მომუშავე ადვოკატი ალან რედნორი[2]. ჯოშს ორი და ჰყავს: მელანი რედნორი და ჯოანა რედნორ-ვილენსკი[3].

იგი კოლუმბუსის გარეუბან ბექსლიში გაიზარდა, კონსერვატორული იუდაისტური აღმსარებლობით[4]. ბავშვობაში იგი ბექსლის სკოლაშივე დადიოდა, რომელსაც ორთოდოქსი იუდაისტი დირექტორი მართავდა. სკოლის შემდეგ იგი კენიონის კოლეჯში შევიდა, სადაც იგი მალევე გაწევრიანდა თეატრალურ დასში, რომლის ხელშეწყობითაც 1995 წლის გაზაფხულზე ერთსემესტრიანი ტრენინგი გაიარა თეატრის ეროვნულ ინსტიტუტში, ევგენი ო’ნელის თეატრალურ ცენტრში, უოტერფორდში. 1996 წელს კენიონის კოლეჯი დრამის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით დაასრულა[5]. 1999 წელს რედნორმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი[5][6].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედნორი 2016 წლის სექტემბერში

რედნორის სამსახიობო დებიუტი 2000 წელს შედგა სერიალში „მოგესალმებით ნიუ-იორკში“ შესრულებული დაგის ეპიზოდური როლით. 2001 წელს იგი ასევე გადაიღეს ფილმში „არასაბავშვო ფილმი“, სადაც მას ტურების გიდის როლი აქვს.

მრავალი პატარ-პატარა და ეპიზოდური როლის შემდეგ ჯოშ რედნორი 2005 წელს სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ დაამტკიცეს მთავარ, ტედ მოსბის როლზე. იგი სერიალში 2014 წლამდე მონაწილეობდა და გადაღებულ იქნა 208 ეპიზოდში. მასთან ერთად სერიალში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ნილ პატრიკ ჰარისი, ელისონ ჰანიგანი, კობი სმულდერსი, ჯენიფერ მორისონი[7] და ა.შ. სერიალის პოპულარობიდან და წარმატებიდან გამომდინარე, ტედის როლი მისთვის განსაკუთრებული ცნობადობისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა.

2016 წელს იგი სერიალში „მერსის ქუჩა“ დაამტკიცეს მთავარ, დოქტორ ჯედედიჰ ფოსტერის როლზე. სერიალის გადაღებები 2017 წელს დასრულდა, რასაც 2018 წელს კიდევ ერთი მთავარი როლის მიღება მოჰყვა სერიალში „აღზევება“, სადაც იგი ლუ მაცუჩელის როლში გვევლინება. იმავე წელს იგი ეპიზოდურ როლში გამოჩნდა სერიალში „გრეის ანატომია“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ჯოშ რედნორმა ლოს-ანჯელეს ტაიმზს განუცხადა: „მე ტრანსცენდენტალურ მედიტაციებს ვაკეთებ და ჩემი სახლის შერჩევის მიზეზიც სწორედ ესაა, ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ადგილია მედიტაციისთვის“[8].

რედნორი ჯგუფ Cloud Cult-ის გულშემატკივარია. ფილმ „მაძებრის“ გადაღებისას, 2016 წელს იგი სწორედ ამ ჯგუფთან თანამშრომლობდა. ამასთან დაკავშირებით რედნორმა განმარტა: „ჩემთვის მუსიკასთან მიმართებაში უმთავრესია, და ეს Cloud Cult-საც ეხება, რომ ის აღვიძებდეს შენს შინაგან ემოციებს და გაძლევდეს მოტივაციას და თუ ის ფილმში ამას მოახერხებს, ღამით მშვიდად დაძინებას შევძლებ“[9].

ცნობილია, რომ რედნორს არ ჰყავს მეუღლე, არც შვილი და არც დანიშნულია, მისი სერიოზული ურთიერთობების შესახებ კი ცნობილი თითქმის არაფერია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Happy birthday, Josh Radnor: See his star sign and read your horoscope". Hello!. July 29, 2014. Retrieved February 21, 2020.
  2. "Bexley natives to premiere award-winning film at Drexel". ThisWeek Community News. June 30, 2010. Retrieved February 21, 2020.
  3. Weiss, Vered (January 5, 2015). "Josh Radnor May Go on the Road after 'Disgraced' Closes on Broadway". Jewish Business News. Retrieved February 21, 2020.
  4. Williams, Halie (September 25, 2013). "Josh Radnor: 'I love being from Columbus'". The Lantern. Retrieved February 21, 2020.
  5. 5.0 5.1 "Josh Radnor: How I Met Your Mother on CBS". CBS. Archived from the original on April 3, 2008.
  6. "NYU Graduate Acting Alumni" დაარქივებული 2004-05-16 საიტზე Wayback Machine. . Retrieved December 1, 2011.
  7. Isherwood, Charles (December 16, 2004). "Theater Review: The Paris Letter". The New York Times. The New York Times Company. p. 5. Archived from the original on June 22, 2013. Retrieved February 12, 2019.
  8. Sachs, Mark (November 28, 2008)."Plenty of spots to meet" . Los Angeles Times. Archived from the original on March 5, 2016. Retrieved April 24, 2014.
  9. Jackson, Josh (April 2016). "Cloud Cult Made a Gorgeous One-Hour Movie with Josh Radnor". Paste. Retrieved January 22, 2017.