ძველი დიკლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი დიკლო — ნასოფლარი საქართველოში, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კახეთის მხარეში, ისტორიულ მხარე თუშეთში. ციხე-სოფელი ძველი დიკლო, რომელიც ამჟამად მიტოვებულია სოფელ დიკლოს აღმოსავლეთითაა, სოფლიდან ორიოდე კმ-ის მანძილზე. სამანქანო გზა სოფელ დილკოსთან წყდება და ძველი დიკლოსკენ საცალფეხო ბილიკი მიუყვება. საკუთრივ ნასოფლარი მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთ განშტოებაზეა განლაგებული. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან მას დიდი, ფრიალო კლდეები ესაზღვრება და სრულიად მიუდგომელია. დასავლეთით და ნაწილობრივ სამხრეთითაც რელიეფი შედარებით მისადგომია. ერთადერთი ბილიკი ნასოფლარს სწორედ ამ მხრიდან, დასავლეთიდან აუყვება.

გეგმარებითი თვალსაზრისით, ნაგებობები მაღალი კლდეების თავზე საკმაოდ მოხერხებულადაა განლაგებული და ერთ მთლიან, საფორტიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას ქმნის. იგი ამ ისტორიული მხარის ჩრდილოეთი საზღვრის დამცველ ავან-პოსტს წარმოადგენდა. ციხე-სოფელი გაშენებულია საკმაოდ რთული რელიეფის მქონე სამ ტერასაზე. რომელთაგანაც ქვედა, ძირითადად სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა. ზედა ორ ტერასაზე კი, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ქუჩით უკავშირდებიან, მთლიანად საცხოვრებელი ნაგებობით იყო განაშენიანებული.

შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას, მათი გარეთა კედლები საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ტერასის შუა, ყველაზე მაღალ ადგილას, კლდის წვერზე, ოთხკუთხა კოშკია აღმართული, რომელიც ამჟამად შემორჩენილია ორი სართულის სიმაღლეზე და მთელი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს.

დანარჩენი ნაგებობების კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი, ზოგი საერთოდ გამქრალია და მხოლოდ კვალი დატოვა. ნაგებობები ძირითადად სამსართულიანია. ციხე-სოფლის ეს მონაკვეთი, დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულია და მასში მოხვედრა მხოლოდ შუა ტერასაზე მდებარე კოშკის პირველ სართულზე მოწყობილი ვიწრო შესასვლელითაა შესაძლებელი. ნასოფლარის ყველა შენობა ფიქლისაა, წყობა მშრალი. ქვედა ტერასის ყველაზე მაღალ ადგილას აგებულია ოთხკუთხა კოშკი, რომლის გვერდით იყო ყორით შემოფარგლული ეზო, როგორც ჩანს იგი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სადგომს წარმოადგენდა. ციხე-სოფლის მეოთხე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, ჯგუფად, რამდენიმე ნაგებობაა განლაგებული.

ნასოფლარ ძველ დიკლოს 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]