ჩოქან ვალიხანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩოქან ვალიხანოვი

ჩოქან ვალიხანოვი
მშობლიური სახელი ჩოქან ვალიხანოვი ყაზახ. Шоқан Шыңғысұлы Уәлиханұлы; რუს. Чокан Чингисович Валиханов, ნამდვილი სახელი და გვარი: მუჰამედ ქანაფია ყაზახ. Мұхаммед Қанафия
დაბადების თარიღი ნოემბერი 1835
ადგილი კუშმურუნი, კოსტანაის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 10 აპრილი, 1865
სოფელი სულთან-თეზექი, ალმათის ოლქი
ძეგლები ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის წინ დგას ჩოქან ვალიხანოვის ძეგლი, ალმათი
ეროვნება ყაზახი
საქმიანობა ისტორია
ეთნოგრაფია
ფოლკლორი
ცნობილია როგორც პირველი ყაზახი მეცნიერ-განმანათლებელი
ისტორიკოსი
ეთნოგრაფი
ფოლკლორისტი
მოგზაური
ცნობილი ნაშრომები „ალთიშარის მდგომარეობის ან ჩინეთის პროვინცია ნან-ლუს (მცირე ბუხარინის) ექვსი აღმოსავლეთი ქალაქის შესახებ“
ნარკვევები ჯუნღარიაზე“ (1861)
„აბლაია“ (1861)
„ჩინეთის იმპერიის დასავლეთი მხარე და ქ. კულჯა“

ჩოქან ჩინგისის ძე ვალიხანოვი (ყაზახ. Шоқан Шыңғысұлы Уәлихан; ნამდვილი სახელი და გვარია: მუჰამედ ქანაფია; ყაზახ. Мұхаммед Қанафия; დ. ნოემბერი 1835 — გ. 10 აპრილი, 1865) — პირველი ყაზახი მეცნიერ-განმანათლებელი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და მოგზაური. მონაწილეობდა ექსპედიციებში შუა აზიასა და ჩინეთში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოქან ჩინგისის ძე ვალიხანოვი დაიბადა 1835 წლის ნოემბერში. 1847 წლის შემოდგომაზე, 12 წლის ვალიხანოვმა მიატოვა მშობლიური სტეპი და მამის თანხლებით სწავლა დაიწყო ომსკის კადეტთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ (1853) მსახურობდა დასავლეთ ციმბირის გენერალ-საგუბერნატოროში. განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა ისტორიის, გეოგრაფიისა და აღმოსავლური ფილოსოფიის სწავლებაში, რითაც მეტი ყურადღება მიიქცია. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატორმა და ორიენტალისტმა ნიკოლოზ კოსტილეცკიმ და აგრეთვე ისტორიის მასწავლებელმა გონსევსკიმ. კადეტთა კორპუსში სწავლისას ვალიხანოვი დაუმეგობრდა ცნობილ მეცნიერს გრიგორ პოტანინს.[1]

ახალგაზრდა ვალიხანოვის ერუდიციას განსაკუთრებით აღმოსავლეთ ლიტერატურის დარგში აფასებდნენ სერგეი დუროვი, პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკი და ნიკოლოზ იადრინცევი. ახლოს იცნობდა ვალიხანოვი ფიოდორ დოსტოევსკის, რომელიც დუროვთან ერთად კატორღას ომსკის ციხეში იხდიდა.[1]

1853 წელს 18 წლის ასაკში ვალიხანოვმა დაამთავრა კადეტთა კორპუსი, რის შემდეგად ჯარის ვაკალერიის კორნეტის ჩინი მიიღო. ჩოქან ვალიხანოვმა საზოგადოებრივი და სალიტერატურო მოღვაწეობა სწავლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ფორმალურად იგი იყო ციმბირის კაზაკთა ჯარის მე-6 საკავალერიო პოლკის ოფიცერი, თუმცა ფაქტობრივად დატოვეს დასავლეთ ციმბირის გენერალ-საგუბერნატოროში, ხოლო ერთი წლის შემდეგ დანიშნეს გენერალ გოსფორტის ადიუნქტად, რომელიც მაშინ დასავლეთ ციმბირსა და ყაზახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს მართავდა.[1]

1854-1857 წლებში აქტიური მონაწილეობა მიიღო ყაზახთა მიერ უფროსი ჟუზისა და ყირგიზული ტომების ბუგუს, სარიბაღიშისა და სოლთუს რუსეთთან მშვიდობიანი მიერთების საქმეში. ერთდროულად ინტენსიურად დაიწყო გეოგრაფიის, ისტორიის, ადათ-წესების, ყაზახთა და ყირგიზთა სახალხო პოეზიის შესწავლა.[1]

მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1855 წელს თან გაჰყვა გენერალ გოსფორტს მოგზაურობაში და შეასრულა დიდი მოგზაურობა ცენტრალურ ყაზახეთში, შვიდმდინარეთსა და თარბაღათაიში. მისი მარშრუტი გადაჭიმული იყო ომსკიდან სემიპალატინსკამდე, აქედან აიაღუდიდან და კაპალიდან იმიერილის ალათაუმდე, სადაც იმ პერიოდში მიმდინარეობდა ვერნის გამაგრება. ამ მოგზაურობამ სათავე დაუდო ყაზახი ხალხისა და მისი ადათების სიღრმისეულ შესწავლას. იგი აგროვებდა მასალებს სტატისტიკის, ჩვეულებრივი სამართლისა და ყაზახთა ძველი რელიგიის შესახებ.[1]

1856-1857 წლებში მონაწილეობა მიიღო დიდ სამხედრო-სამეცნიერო ექსპედიციაში, რომელიც ორგანიზებული იყო პოლკოვნიკ ხომენტოვსკის მიერ. ექსპედიციის მიზანი იყო ყირგიზელი ხალხის გაცნობა და ისიქ-ქოლის აუზის აგეგმვა. ამ მოგზაურობისას ვალიხანოვმა შეაგროვა ორნითოლოგიური და ენტომოლოგიური კოლექცია, შეადგინა ჰერბარიუმი, შეისწავლა შვიდმდინარეთის ფლორა და ფაუნა, მონაწილეობა მიიღო ისიქ-ქოლის აგეგმვაში, რომლის შედეგადაც ახალ რუკაზე შეიცვალა მისი სანაპიროების ფორმა და კონტურები.[1]

ამ ექსპედიციისას ახალგაზრდა მკვლევარმა პირველმა მიაქცია ყურადღება ყირგიზელი ხალხის ცნობილ პოემას — მანასს, შეასრულა მისი პირველი სამეცნიერო ჩანაწერი და ნაწილობრივ გადათარგმნა იგი რუსულ ენაზე. პირველმა მოახდინა პოემის ისტორიულ-ლიტერატურული ანალიზი და გაარჩია მისი ლეგენდარული გმირის იერი.[1]

1856 წლის აგვისტოს დასაწისში ვალიხანოვი კულჯაში გაემგზავრა. გზა და გზა მოინახულა დასავლეთი ჩინეთის რიგი მოსაზღვრე პუნქტი. კულჯინის მხარეში დაჰყო დაახლოებით სამი თვე, შემდეგ, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ომსკში დაბრუნდა. 1857 წლის გამგზავრება ვალიხანოვისთვის არსებითად იყო საცდელი ნაბიჯი კაშგარში მოგზაურობის წინ. ახალგაზრდა მკვლევრის გამოკვლევები განხორციელებული ტიან-შანკსის მეოხებით გეოგრაფიასა და ისტორიაში ფართოდ გახდა ცნობილი პეტერბურგის სამეცნიერო წრეებში. 1857 წლის 27 თებერვალს ვალიხანოვი აირჩიეს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრად.[1]

1858-1859 წლებში კაშგარში მოგზაურობამ მას მამაცი მოგზაურის სახელი მოუტანა. შეისწავლა ევროპაში ამ თითქმის უცნობი ქვეყნის გეოგრაფია, ისტორია, პოლიტიკური წყობილება, კულტურის თავისებურებები და ადათები, რითაც არსებითი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ თურქესტანის სამეცნიერო კვლევის საქმეში. ექსპედიციის გზავნილი, რომელშიაც დაინტერესებული იყვნენ მეცნიერი-გეოგრაფები, ერთდროულად შეესაბამებოდა რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკას და იყო დაკავშირებული საერთო პოლიტიკურ ღონისძიებასთან. თავისი წარმატებული მოგზაურობა მან 10 თვესა და 14 დღეში დაამთავრა და 1859 წლის 12 აპრილს ვალიხანოვი ვერნიში ჩამოვიდა თან არსებული მდიდარი და საინტერესო ცნობებით კაშგარის შესახებ.[1]

ვალიხანოვის მოგზაურობის უმთავრესი შედეგი იყო მისი კაპიტალური შრომა: „ალთიშარის მდგომარეობის ან ჩინეთის პროვინცია ნან-ლუს (მცირე ბუხარინის) ექვსი აღმოსავლეთი ქალაქის შესახებ“. ეს იყო პირველი სამეცნიერო შრომა, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ თურქესტანის ისტორიას, გეოგრაფიასა და სოციალურ წყობილებას. ამ ნაშრომს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.[1]

1959 წლის ბოლოდან 1961 წლის გაზაფხულამდე ვალიხანოვი პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც დაუახლოვდა დემოკრატიულ ინტელიგენციას, მათ შორის: გრიგოლ პოტანინს, თედორე დოსტოევსკის, სერგეი დუროვსა და სხვა. მისი პეტერბურგში მოღვაწეობა მრავალმხრივი აღმოჩნდა. სამხედრო-სასწავლო კომიტეტის დავალებით შეადგინა შუა აზიისა და აღმოსავლეთ თურქესტანის რუკა. გეოგრაფიულ საზოგადოებაში მონაწილეობა მიიღო კარლ რიტერის შრომების გამოცემის მომზადებაში, შეადგინა მასალები ყაზახეთისა და შუა აზიის გეოგრაფისას და ეთნოგრაფიაში, კითხულობდა ლექციებს. ზოგჯერ მისი ლექციები გაზეთებშიც იბეჭდებოდა.[1]

ვალიხანოვი იყო პირველი ყაზახი მხატვარი, შექმნა ეთნოგრაფიულად ზუსტი მრავალი ჩანახატი, რომლებითაც აფორმებდა თავისსავე სამეცნიერო სამგზავრო დღიურებს. აქვს აგრეთვე დაზგური სურათები და აკვარელები „დიდი ურდოს ყაზახები“, „სართაი სარი ბაღიშის გვარიდან“ და სხვა. დატოვა მნიშვნელოვანი გამოკვლევები შუა აზიის, ყაზახეთისა და დასავლეთ ჩინეთის ხალხების, კულტურისა და ისტორიის შესახებ: „ნარკვევები ჯუნღარიაზე“ (1861), „აბლაია“ (1861), „ჩინეთის იმპერიის დასავლეთი მხარე და ქ. კულჯა“ (გამოქვეყნდა 1858 წელს) და სხვა.[2]

1861 წლის გაზაფხულზე მძიმე ავადმყოფობამ აიძულა იგი პეტერბურგი დაეტოვებინა. ექიმების რჩევით მშობლურ სტეპში გაემგზავრა. მალე იგი ომსკში გაემგზავრა, ხოლო 1864 წლის ივლისში დაბრუნდა ვერნიში. ჩოქან ვალიხანოვი გარდაიცვალა 1865 წლის 10 აპრილს ტუბერკულოზით, 29 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Маргулан А. Основные этапы жизни и деятельности Ч.Ч. Валиханова. // Валиханов Ч. Избранные произведения. - М.: Наука, 1986. – 414 стр. – С.5-10
  • Очерк жизни и деятельности Ч.Ч. Валиханова // Валиханов Ч.Ч. Собрание сочинений в пяти томах. Т.1. – Алма-Ата, 1984. – 432 стр. – С.9-79
  • Чокан Валиханов в воспоминаниях современников, А.-А., 1964;
  • Забелин И. М., Чокан Валиханов, М., 1956;
  • Сегизбаев О. А., Мировоззрение Ч. Валиханова, А.-А., 1959;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]