ჩინური ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუხი ჩინური ბატი
თეთრი ჩინური ბატი

ჩინური ბატი — ბატის ჯიში. წარმოშობილია მშრალცხვირა ბატისგან. მოშინაურებულია ჩინეთსა და იაპონიაში. ზომით არც ისე დიდია (მამლის ცოცხალი მასაა 5,0–5,5, დედლისა — 4,0–4,5, 9 კვირის ასაკის ბატისა — 2,5–3,0); ტანი კვერცხისებური ფორმისაა; კისერი გრძელი, გედისნაირი; შუბლზე ნისკარტის ძირთან დიდი კოპი აქვს. შეფერილობის მიხედვით განარჩევენ 2 სახესხვაობას: თეთრსა და რუხს. თეთრ ჩინურ ბატებს ბუმბული თეთრი ფერის აქვთ, ნისკარტი, კოპი, და ფეხები — ნარინჯისფერი. რუხი ბატები რუხ-მურა შეფერილობისანი არიან, თავსა და კისრის უკანა ნაწილზე (ნისკარტის ძირიდან ტანამდე) გასდევთ მუქი მურა ზოლი; ნისკარტი, კოპი და ფეხები შავი ან მუქი მურაა. კვერცხის მასა 130–140 გრამი, ნაჭუჭი თეთრია. კვლავწარმოებითი თვისებები კარგია (კვერცხმდებლობა — 60–70 კვერცხი წელიწადში, ნაყოფიერდება 75–80%, გამოჰყავს 60–70%). იყენებენ მეხორცულ ჯიშებთან შესაჯვარებლად, შთამომავლობის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით. ჩინური ბატის მონაწილეობით გამოყვანილია ხოლმოგორული, ლინდური, კრასნოზერსკოეს, ყუბანური და სხვა ჯიშის ბატები. მოშენებულია მრავალ ადგილზე, თუმცა მცირე რაოდენობებით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ройтер Я. С. Китайские гуси // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 171.