ჩიბჩა-მუისკების ცივილიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიბჩა-მუისკების ტაძრის ნანგრევები
ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოს მდებარეობა თანამედროვე კოლუმბიის რუკაზე(ლურჯად)
მუისკების ოქროს ტივი (ძვ. წ. 200–1500)

ჩიბჩა-მუისკების ცივილიზაცია – კოლუმბამდელი ცივილიზაცია სამხრეთ ამერიკაში. ცივილიზაციის ცენტრი მდებარეობდა ბოგოტის ზეგანზე (თანამედროვე კოლუმბია). ამ რეგიონში ჩამოყალიბებული ცივილიზაცია (V-XV სს.) გამოირჩეოდა სამეთუნეო საქმის მაღალი დონით, საფეიქრო საქმით, ქვანახშირის ამოღება-გამოყენებითა და ზურმუხტების დამუშავებით. ისივე, როგორც სხვა ამერიკულ ცივილიზაციებში, აქაც ადგილი ჰქონდა ქონებრივ უთანასწორობას, რამაც თავის ასახვა ჰპოვა რელიგიურ მითოლოგიაში: ღმერთი ჩიბჩაკუმი („ჩიბჩას ხალხის დასაყრდენი“) წარმოადგენდა უბრალო ხალხის მფარველს, ხოლო ღმერთი ბოჩიკა - დიდებულთა მფარველს.

ცალკეული მკვლევრები თვლიან, რომ ჩიბჩა-მუისკები ძველი ამერიკის ერთადერათი ხალხი იყო, რომელთაც შემოიღეს ფული, რომლის როლსაც ოქროსგან მოჭრილი პატარა დისკები ასრულებდა. უფრო ფრთხილი მეცნიერები თავის დასკვნებში მიიჩნევენ, რომ ეს დისკები წარმოადგენდნენ მაღალი მოთხოვნილების სამკაულებს, რომლებსაც სხვა საქონელზე ცვლიდნენ.

ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული ლეგენდა ზღაპრულად მდიდარი ქვეყნის - ელდორადოს შესახებ. პირველ ესპანელ კონკისტადორებს ადგილობრივი მაცხოვრებლები მოუყვნენ ერთ-ერთ ტომში ბელადის არჩევის რიტუალის შესახებ, როდესაც საზეიმოდ კურთხევის დღეს ბელადს ტანზე ნელსაცხებელს წაუსვამდნენ, შემდეგ კი ოქროს ფხვნილით დაფარავდნენ. თანატომელები ამ ოქროში ამოვლებულ ბელადს ძვირფასი ტახტრევანით მიიყვანდნენ რომელიღაც ტბამდე, სადაც იგი ჩამოიბანდა ოქროს ფხვნილს, პროცესიის მონაწილენი კი ტბაში ისროდნენ ოქროს ნივთებსა და ძვირფას ქვებს. ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოს არსებობის მანძილზე, რამდენი ამგვარი ცერემონიალი ჩატარდებოდა?! ასე აღმოცენდა ლეგენდა უცნობი ქვეყნის - ელდორადოსა და მისი უსაზღვრო სიმდიდრის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გივი ბოლოთაშვილი. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია. თბილისი – 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]