ჩესკი-კრუმლოვი (ჩეხ. Český Krumlov) — პატარა ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში. ცნობილია თავის დახვეწილი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც ძველ, ისტორიულ, ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრის ქალაქს მიეკუთვნება. 1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად შესულია იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ქალაქისა და ციხესიმაგრის მშენებლობა XIII საუკუნეში დაიწყო მდინარე ვლტავის სანაპიროზე, იმ ადგილას, რომელიც ბოჰემიის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს უყრიდა თავს. 1302 წლისთვის, ქალაქიც და ციხესიმაგრეც დიდებულებს — როზენბერგის ოჯახს ეკუთვნოდა. 1602 წელს ის საღვთო რომის იმპერატორმა რუდოლფ II-მ იყიდა და თავის ვაჟს გადასცა. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ კი ის ეგენბერგების ოჯახს გადასცა. 1719 წლიდან 1945 წლამდე ციხესიმაგრე შვარცენბერგების ოჯახს ეკუთვნოდა. ციხისა და ძველი ქალაქის არქიტექტურის უდიდესი ნაწილი XIV-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ქალაქის სტრუქტურა მთლიანად გოტიკურ, რენესანსულ ან ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.