შარლ დე ვალუა (1270-1325)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ დე ვალუა
ვალუას გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1284
მმართ. დასასრული: 1325
წინამორბედი: ჟან ტრისტანი
მემკვიდრე: ფილიპი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 მარტი, 1270
გარდ. თარიღი: 16 დეკემბერი, 1325, (55 წლის)
მეუღლე: მარგარიტა ანჟუელი
(ქ. 1290 - გარდ. 1299)
კატრინ კურტენა
(ქ. 1302 - გარდ. 1307)
მაუტ შატილონი
(ქ. 1308)
შვილები: იზაბელი, ბრეტანის ჰერცოგინია
ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე
ჟანა, ენოს გრაფინია
მარგარიტა, ბლუას გრაფინია
შარლ II, ალანსონის ჰერცოგი
კატრინ II, ლათინთა იმპერატრიცა
ჟანა, არტუას გრაფინია
მარი, კალაბრიის ჰერცოგინია
იზაბელი, ბურბონის ჰერცოგინია
ბლანში, გერმანიის დედოფალი
დინასტია: ვალუები
მამა: ფილიპ III, საფრანგეთის მეფე
დედა: ისაბელა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ დე ვალუა (ფრანგ. Charles de Valois; დ. 12 მარტი, 1270 — გ. 16 დეკემბერი, 1325) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ისაბელა არაგონელის შუათანა ვაჟი. ვალუას გრაფი და ვალუას ძლევამოსილი დინასტიის დამაარსებელი, რომელსაც საფრანგეთსა და სხვა მრავალ ევროპულს სახელმწიფოს 1328 წლიდან 1589 წლამდე მართავდნენ.

როგორც მეფის შუათანა ვაჟი, იგი მართავდა რამდენიმე პატარა ფრანგულ სამთავროს, როგორებიცაა ვალუა, პერშე და ალანსონი. მას შემდეგ რაც ანჟუს გრაფინია მარგარიტა შეირთო ცოლად, შარლი ანჟუსა და მაინის გრაფიც ხდება. პირველი ცოლი სულ რამდენიმე წელიწადში დაკარგა, რის შემდეგაც მან მეორედ იქორწინა ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატრიცა კატრინ I-ზე. მასთან ქორწინების პერიოდში, 1302-1307 წლებში შარლი იყო ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატორი და აგრეთვე მრავალ პატარა სამთავროს საბერძნეთის ტერიტორიაზე.

იგი საფრანგეთის წმინდანად შერაცხული მეფე ლუი IX-ის შვილიშვილი და აგრეთვე უახლოესი ნათესავი იყო ინგლისის, საფრანგეთის, ნავარისა და ნეაპოლის მეფე-დედოფლებისა. 1284 წელს მან დააარსა საკუთარი ვალუას დინასტია, რომელიც 1328 წელს, შარლის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მმართველი დინასტია გახდა მისი ვაჟის, მეფე ფილიპ VI-ის მეთაურობით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლი დაიბადა 1270 წლის 12 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ისაბელა არაგონელის შუათანა ვაჟი.

1284 წლიდან შარლს მიანიჭეს ვალუას, ალანსონისა და პერშის გრაფის წოდება. 1290 წლიდან იგი ასევე ხდება ანჟუსა და მაინის ჰერცოგიც, როგორც ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ II-ის უფროსი ქალიშვილის, მარგარიტა ანჟუელის მეუღლე. მარგარიტას გარდაცვალების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ბალდვინ II კურტანის ასულზე, ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატრიცა კატრინ I-ზე, რითაც იგი ამ ორი ბერძნული სახელმწიფოს მმართველი გახდა. იგი იყო ინგლისის, ნავარის, საფრანგეთისა და ნეაპოლის სამეფო ოჯახების უახლოესი ნათესავი და წევრი, რის გამოც მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველა ამ ტახტზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ვერცერთ ტახტზე ვერ შესძლო ასვლა.

ამრიგად მთელი ცხოვრების მანძილზე შარლი უფრო ოცნებობდა სამეფო ტახტზე, ვიდრე იბრძოდა მისთვის. 1285 წელს რომის პაპმა იგი სიცილიის კანონიერ ტახტის მემკვიდრედ სცნო. სიცილია ამ დროს არაგონის სამეფოში შემავალი კუნძული იყო, შარლი კი არაგონის მეფე პედრო III-ის ასულის, ისაბელა არაგონელის ვაჟი იყო. სწორედ სიცილიაში თავისი პოზიციების გასამყარებლად შეირთო მან ცოლად მარგარიტა ანჟუელი, რომელიც ნეაპოლის მეფის ასული იყო. თუმცაღა მას სიცილიის გვირგვინის მიღებაში როგორც ფრანგები, ისე იტალიელები ეხმარებოდნენ, მაინც ვერ მიიღო, რადგან საბოლოოდ არაგონის ახალ მეფესთან (რომელიც მისი ბიძა იყო) ბრძოლაში დამარცხდა.

მისი ძირითადი დამსახურება იყო ის, რომ იგი უბადლო მეომარი და სამხედრო ლიდერი იყო. 1297 წელს წარმატებით დალაშქრა ფლანდრია. საფრანგეთის მეფემ მალევე დაასკვნა, რომ შარლს თავისუფლად შეეძლო იტალიაში გალაშქრება და სიცილიის ტახტიდან ფრედერიკ II-ის ჩამოგდება. მართალია მათ იტალიასთან ომი დაიწყეს, თუმცა მცდელობა კვლავ უშედეგოდ და კალტაბეილტოლას ზავით დასრულდა.

შარლი ასევე არა მხოლოდ სამეფო, არამედ საიმპერატორო გვირგვინზეც ოცნებობდა, რის შემდეგაც პირველი ცოლის გარდაცვალებიდან მალევე, 1302 წელს ცოლად შეირთო ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატრიცა კატრინ I. ამ ქორწინებით იგი ტიტულოვანი იმპერატორი გახდა, რის შემდეგაც დიდი ჯარების შეგროვება დაიწყო იტალიაში გასალაშქრებლად, რათა დაესაჯა რომის პაპი და ტახტიდან ჩამოეგდო ფრედერიკ II. 1301-02 წლებში შარლი დიდი ჯარებით შევიდა იტალიაში, საშინელი ხოცვა მოაწყო ფლორენციაში, დაარბია და გადაწვა სიცილია და საფრანგეთში დაბრუნდა, მაგრამ თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

მას შემდეგ რაც საღვთო რომის იმპერატორი ალბერტ ჰაბსბურგი 1308 წელს მოკლეს, ახალი იმპერატორის არჩევა გახდა საჭირო, რა დროსაც საფრანგეთის მეფემ კანდიდატად თავისი ძმა, ვალუას გრაფი შარლი წამოაყენა. საბოლოოდ გერმანელებმა თავიანთ ახალ იმპერატორად ჰაინრიხ VII აირჩიეს, შარლი კი საიმპერატორო გვირგვინზე ოცნებას განაგრძობდა.

1316 წელს საფრანგეთის მეფე ლუი X-ის ნაადრევი და უძეოდ გარდაცვალების შემდეგ შარლი საფრანგეთში თავისი პოლიტიკური როლის ზრდას იმედოვნებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ლუის ცოლი, დედოფალი კლიმენცია უნგრელი ქმრისგან ორსულად იყო და ყველა ახალ მემკვიდრეს ელოდებოდა. დედოფალმა მალევე მეფე ჟან I გააჩინა, რომელიც ხუთ დღეში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე ლუის უმცროსი ძმა ავიდა.

1324 წელს შარლი ხელმძღვანელობდა თავისი ძმიშვილის, საფრანგეთის მეფე შარლ IV-ის არმიას ინგლისელებისა და ფლანდრიელების გაერთიანებული ჯარების წინააღმდეგ, რომელსაც ინგლისის მეფე ედუარდ II სარდლობდა. მართალია ფრანგებმა რამდენიმე ქალაქი დაკარგეს, მაგრამ შარლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რასაც ზავი მოჰყვა. მან ასევე შეარიგა ერთმანეთს გადამტერებული შარლ IV და მისი და, ინგლისის დედოფალი იზაბელა ფრანგი.

1325 წლის 16 დეკემბერს შარლი გარდაიცვალა. მისი დაღუპვიდან სულ სამ წელიწადში საფრანგეთის მეფე მისი ვაჟი ფილიპ VI ხდება.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლი თავის სიცოცხლეში სულ სამჯერ დაქორწინდა.

იგი პირველად დაქორწინდა ანჟუსა და მაინის გრაფინია მარგარიტა ანჟუელზე (1272-1299), 1290 წელს. იგი იყო ნეაპოლის მეფე კარლ II-ის ქალიშვილი. შარლსა და მარგარიტას ექვსი შვილი შეეძინათ:

  1. იზაბელი (1292-1309), ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ჟან III-ს;
  2. ფილიპ VI (1293-1350), საფრანგეთის პირველი მეფე ვალუას დინასტიიდან, პირველად იქორწინა ჟანა ბურგუნდიელზე, მისი სიკვდილის შემდეგ კი ცოლად ჟანა ნავარელი შეირთო;
  3. ჟანა (1294-1342), ცოლად გაჰყვა ენოს გრაფ ვილჰელმ I-ს;
  4. მარგარიტა (1295-1342), ცოლად გაჰყვა ბლუას გრაფ გაი I-ს;
  5. შარლ II (1297-1346), ალანსონის გრაფი, ცოლად შეირთო მარია დე ლა კარდა, ლარას ჰერცოგის ასული;
  6. კატრინი (1299-?), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

შარლმა მეორედ ცოლად ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატრიცა კატრინ I (1274-1307), 1302 წელს. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი:

  1. ჟანი (1302-1308), შარტრის გრაფი;
  2. კატრინ II (1303-1346), ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატრიცა, ცოლად გაჰყვა ტარანტოს პრინც ფილიპ I ანჟუელს;
  3. ჟანა (1304-1363), ცოლად გაჰყვა არტუას გრაფ რობერ III-ს;
  4. იზაბელი (1305-1349), ფონტევროლის აბატი, გარდაიცვალა გაუთხოვარი;

შარლი მესამედ დაქორწინდა მაუტ შატილონზე (1293-1358), 1308 წელს. მასთან შეეძინა ოთხი შვილი:

  1. მარი (1309-1332), ცოლად გაჰყვა კალაბრიის ჰერცოგ კარლს;
  2. იზაბელი (1313-1383), ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ს;
  3. ბლანში (1317-1348), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ს;
  4. ლუი (1318-1328), შარტრის გრაფი;

გარდა ცოლებისა, შარლს ჰყავდა სხვა უამრავი საყვარელიც, რომელთაგან ერთ-ერთთან შეეძინა უკანონო ქალიშვილი:

  1. ტერეზა (1320-1387), ავინიონის გრაფინია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Debating the Hundred Years War, Vol.29, Ed. Craig Taylor, University of Cambridge, 2006.
  • Housley, Norman, The later Crusades, 1274–1580: from Lyons to Alcazar, Oxford University Press, 1992.
  • Small, Carola M. (2004). "Charles of Valois". In Kleinhenz, Christopher. Medieval Italy: An Encyclopedia. Routledge.214