ყირიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყირიმი
კოორდინატები: 45.3° ჩ. გ. 34.4° ა. გ. / 45.3° ჩ. გ. 34.4° ა. გ. / 45.3; 34.4
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი რომან-ყოში
სიმაღლე 1545 
ფართობი 27 000 კმ²
აკვატორია აზოვის ზღვა
შავი ზღვა
მოსახლეობა 2,284,000 (2014)
ყირიმი — უკრაინა
ყირიმი
ყირიმი — შავი ზღვა
ყირიმი

ყირიმი (უკრ. Кри́мський піво́стрів; რუს. Кры́мский полуо́стров; ყირიმ. Qırım yarımadası) — ნახევარკუნძული სამხრეთ უკრაინაში. ფართობი 27 000 კმ². დასავლეთით და სამხრეთით აკრავს შავი ზღვა, აღმოსავლეთით — აზოვის ზღვა. ჩრდილოეთით პერეკოპის ვიწრო ყელით უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპის ვაკეს. ყირიმის აღმოსავლეთ კიდეზე, შავსა და აზოვის ზღვებს შორის, მდებარეობს ქერჩის ნახევარკუნძული, დასავლეთით ყირიმი ბოლოვდება თარხანკუთის ნახევარკუნძულით. ყირიმის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ აზოვის ზღვის წყალმარჩხი ყურეებია, რომლებიც ზღვიდან გამოყოფილა ქვიშიანი არაბატის ცელათი. ყირიმის ჩრდილოეთი დიდი ნაწილი სტეპური ვაკეა, სამხრეთი მცირე ნაწილი უკავია ყირიმის მთებს, რომელთა ძირზე ყირიმის სამხრეთი ნაპირის ვიწრო ზოლია. ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი შედის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

სასარგებლო წიაღისეულებიდან ყირიმში არის რკინის მადანი, ტბებში — მარილები, სამკურნალო ტალახი და სხვა. ჰავა ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ზომიერად თბილია. სამხრეთ სანაპიროზე ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მდინარეები წყალმცირეა. აღსანიშნავია მდინარეები ჩორნაია, ბელბეკი, კაჩა, ალმა, სალგირი და სხვა. არის რამდენიმე დიდი მლაშე ლიმანური ტბა, მათ შორის კრასნოე, სტაროე, საქსკოე და სხვა. ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია წაბლა ნიადაგი, ცენტრალურ ნაწილში — სამხრეთის შავმიწები. მთები შემოსილია მუხნარითა და წიფლნარით, ალაგ-ალაგ ფიჭვნარია. სამხრეთ ნაპირზე ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობაა. მთავარი ქალაქები და კურორტებია: სიმფეროპოლი, სევასტოპოლი, ქერჩი, იალტა, მისხორი, ალუპკა, სიმეიზი, გურზუფი, ალუშტა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირიმში ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის ეპოქას. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის II ნახევარში ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებში შეიჭრნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები, IV-V საუკუნეებში კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა. X საუკუნეში ყირიმის აღმოსავლეთი ნაწილი ტმუტარაკანის სამთავროს შემადგენლობაში მოექცა. XIII საუკუნეში ყირიმში თათარ-მონღოლები შეიჭრნენ და იქ ოქროს ურდოს ყირიმის ულუსი შექმნეს. XIII-XV საუკუნეებში ყირიმში გაჩნდა გენუელთა სავაჭრო ქალაქები, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წელს წარმოიქმნა ყირიმის სახანო. 1783 წელს რუსეთს შეუერთდა. 1784 წელს შევიდა ტავრიდის ოლქში (1787 წლიდან გუბერნია), ცენტრი ქალაქი სიმფეროპოლი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. აქ იბრძოდნენ პარტიზანული რაზმები, იატაკქვეშა ორგანიზაციები. 1944 წლის მაისში ყირიმი გაათავისუფლა წითელმა არმიამ. 1954 წელს ყირიმის ოლქი რსფსრ-ის შემადგენლობიდან გამოვიდა და შევიდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

2014 წლის კრიზისის შემდეგ, რუსეთმა ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ქვეყნების უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს ყირიმს უკრაინის შემადგენელ ნაწილად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 651.
  • Муратов М. В., Краткий очерк геологического строения Крымского полуострова, М., 1960;
  • Кириллов И. А., Удивительный полуостров, Симферополь, 1963;
  • История и археология древнего Крыма, К., 1957;
  • История и археология средневекового Крыма, М., 1958.