ყარა-ყოიუნლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარა-ყოიუნლუ
შავბატკნიანები

قرة قویونلي
Qaraqoyunlu


14071468
 

დროშა
დედაქალაქი თავრიზი
ენა თურქმანული ენები

ყარა-ყოიუნლუ (თურქ. — შავბატკნიანები, ყარა — შავი და ყოიუნ — ცხვარი, აქედან სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით), ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომების გაერთიანება, რომელსაც მეთაურობდა ბაჰარლუს ტომი. თავდაპირველად სახლობდნენ ვანის ტბის სამხრეთით; ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში (1410-1468). ყარა-ყოიუნლუს ტომები ებრძოდნენ თემურლენგსა და მის მოკავშირე აყ-ყოიუნლუს, მხარს უჭერდნენ ჯალაირიდებსა და ოსმანებს თემურლენგის წინააღმდეგ. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ (1405) ყარა-ყოიუნლუს ბელადი ყარა-იუსუფი დაეხმარა ჯალაირიდებს თემურლენგის შვილის მირან-შაჰის დამარცხებაში, ხოლო შემდეგ თვითონ დაამარცხა ჯალაირიდები, დაიკავა აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და 1410 დააარსა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო, რომლის გამგებელი ყარა-იუსუფი და ისქანდერი (1420-1436) ებრძოდნენ თემურიდებსა და შირვანშაჰებს. 1435 წელს თემურიდების სულთანმა შაჰრუხმა შირვანშაჰთან ერთად გაანადგურა ისქანდერის ლაშქარი. 1436 წელს გამეფებული ჯეჰან-შაჰი იძულებული გახდა ეცნო თემურიდების ვასალობა, ხოლო 1447 წელს, შაჰრუხის სიკვდილის შემდეგ, თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. 1453 და 1457 წლებს შორის ყარა-ყოიუნლუმ დაიპყრო დასავლეთი ირანი. 1467 წელს ჯეჰან-შაჰის ჯარები გაანადგურა უზუნ-ჰასანმა (განაგებდა 1453-1478 წლებში), ხოლო 1468 წელს ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ტერიტორია აყ-ყოიუნლუს შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]