ქვეშის ძველი კულტურის სახლი
ქვეშის ძველი კულტურის სახლი — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში. მოსახლეობის ცნობით, კულტურის სახლი 1951 წელს აიგო, ერთი წლის შემდეგ შენობას ახალი ნაწილი, „კანტორის“ მოცულობა მიუშენეს. ნაგებობა სტალინური პერიოდისათვის დამახასიათებელი არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი. გეგმით ირეგულარული ფორმისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ბეტონი, ქვიშაქვა, რუსული აგური, და რიყის ქვა. კედლების გარკვეული ნაწილი ოპუსმიქსტუს ტექნიკით — აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობითაა აგებული, ხოლო ნაწილი — ქვიშაქვის რეგულარული წყობით. „კანტორის“ შენობის მთავარი ფასადი შვერილი ფორმისაა. მისი ორივე სართულის წინა მხარე ღია გალერეების სახითაა შემორჩენილი. შენობის ფასადები თაღოვანი სარკმლებითაა დანაწევრებული, რომელთაც მარტივად პროფილირებული საპირეები შემოუყვებათ.
აღსანიშნავია, რომ როგორც ფასადების, ისე ინტერიერის კედლები პროფილირებული კარნიზებითაა დასრულებული. შენობას გარკვეულ მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებას სძენს: ოპუსმიქსტუს ტექნიკით აგებული კედლები, სადაც რიყის ქვა თევზიფხურა წყობითაა დალაგებული, პროფილირებული საპირეები და კარნიზები, ღია გალერეები და თაღოვანი სარკმლები. შენობა მოუვლელია, გაძარცვულია და ნაგვითაა სავსე. სახურავი ნაწილობრივ ჩანგრეულია, მაგრამ მზიდი კონსტრუქციული კედლები კარგ მდგომარეობაშია. როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში ბზარები არ ფიქსირდება. ნაგებობის პირველი სართულის ძირას, საყოფაცხოვრებო ნაგვის გროვაში და ხშირ მცენარეულ საფარში შეინიშნება ორი ჩაღრმავებული ადგილი, დაახლ. 0,4 და 0,6 მ დიამეტრის მქონე ორმოები. ერთ (მცირე) მათგანში, თანამედროვე იატაკის (რეალურად, ნაგვის ფენა) დონიდან 30–35 სმ სიღრმეში მოჩანს მცირე ზომის ქვევრის მუცლის ფრაგმენტი. ქვევრს პირის გვირგვინი და ყელი მომტვრეული აქვს. კეცის მიხედვით კი მის წარმომავლობასა და თარიღზე საუბარი შეუძლებელია. აუცილებელია, არეალის იატაკის დონემდე გაწმენდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39400