ქეთლინ ანტონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთლინ ანტონელი
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1921
დაბ. ადგილი დონეგალის საგრაფო, ირლანდია
გარდ. თარიღი 20 აპრილი, 2006 (85 წლის)
გარდ. ადგილი პენსილვანია
დასაფლავებულია ფილადელფია
მოქალაქეობა  აშშ
 ირლანდიის რესპუბლიკა
საქმიანობა პროგრამისტი, მათემატიკოსი და ინფორმატიკოსი
მუშაობის ადგილი Aberdeen Proving Ground[1] , Moore School of Electrical Engineering[1] და Eckert–Mauchly Computer Corporation[1]
ალმა-მატერი Chestnut Hill College[1] , J. W. Hallahan Catholic Girls High School[1] და church school
მეუღლე John Mauchly[2] და Severo Antonelli[1]
მამა James McNulty[1]
ჯილდოები Women in Technology Hall of Fame[1]

ქეთლინ ანტონელი (ინგლ. Kathleen "Kay" McNulty Mauchly Antonelli დ. 12 თებერვალი, 1921 — გ. 20 აპრილი, 2006) — ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი და ზოგადი დანიშნულების ელექტრონული ციფრული კომპიუტერი ENIAC-ის პირველი ექვსი პროგრამისტი ქალიდან ერთ-ერთი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთლინ ანტონელი (ქალიშვილობის გვარი — მაკნალტი) დაიბადა 1921 წლის 12 თებერვალს ფეიმორში, პატარა სოფელ კრისლაუში, რომელიც მაშინ იყო გელტახტის რაიონი (ირლანდიურენოვანი რეგიონი) დონეგალის საგრაფოში, ოლსტერში, ირლანდიის ჩრდილოეთ პროვინციაში. ის იყო ჯეიმზ მაკნალტისა და ენ ნელისის ექვსი შვილიდან მესამე.[3] ქეთლინის დაბადების ღამეს მამა, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის კადრების მომზადების ოფიცერი, დააპატიმრეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, 1924 წლის ოქტომბერში, ოჯახი ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და დასახლდა ფილადელფიაში (პენსილვანია), სადაც ჯეიმზი ქვისმთლელად მუშაობდა.[4] იმ დროს ქეთლინი ვერ ლაპარაკობდა ინგლისურად, მხოლოდ ირლანდიურად საუბრობდა. მას სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა ლოცვები ირლანდიურ ენაზე.

ქეთლინი დადიოდა ადგილობრივ საეკლესიო-სამრევლო სკოლაში და კათოლიკე გოგონების საშუალო სკოლაში ფილადელფიაში. საშუალო სკოლაში მან ისწავლა ალგებრა, სიბრტყის გეომეტრია, ტრიგონომეტრია და მყარი გეომეტრია. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ადგილობრივ ქალთა კოლეჯში. სწავლის პერიოდში გაიარა მათემატიკის ყველა შემოთავაზებული კურსი, მათ შორის სფერული ტრიგონომეტრია, დიფერენციალური გამოთვლები, პროექციული გეომეტრია, ნაწილობრივ დიფერენციალური განტოლებები და სტატისტიკა; 1942 წლის ივნისში მიიღო მათემატიკოსის ხარისხი.

კოლეჯში სწავლის მესამე კურსზე ქეთლინი ეძებდა შესაბამის სამუშაოებს, რადგან იცოდა, რომ სურდა მათემატიკოსობა, მაგრამ არ უნდოდა სკოლის მასწავლებლობა. მან შეიტყო, რომ სადაზღვევო კომპანიების აქტუალური პოზიციები მოითხოვდა მაგისტრის ხარისხს. ამიტომ ფიქრობდა, რომ ბიზნეს-ტრენინგები მისი დასაქმების შესაძლებლობას გაზრდიდა. ამის გამო გაიარა იმდენი ბიზნეს კურსი, რამდენის საშუალებასაც მისი კოლეჯის განრიგი აძლევდა: ბუღალტერია, ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნეს სამართალი, ეკონომიკა და სტატისტიკა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპიუტერის პროგრამისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთლინ მაკნალტი თანამშრომლებთან ერთად ამუშავებს დიფერენციალურ ანალიზატორს მურის ელექტროინჟინერიის სკოლის სარდაფში, პენსილვანიის უნივერსიტეტი, ფილადელფია, პენსილვანია, 1942–1945 წწ.

უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში ქეთლინმა ნახა განცხადება აშშ-ის სახელმწიფო სამსახურში ფილადელფიაში სჭირდებოდათ ქალები მათემატიკური განათლებით. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის არმია ქალებს ასაქმებდა ბალისტიკურ ლაბორატორიებში ტყვიებისა და რაკეტების ტრაექტორიების გამოსათვლელად. ლაბორატორია მერილენდის შტატის აბერდინის საცდელ პოლიგონზე მდებარეობდა. ქეთლინმა მაშინვე თავის ორ თანაკურსელს დაურეკა. მათგან ერთ-ერთი — ფრენსის ბილასი დათანხმდა გადასვლაზე.

ერთი კვირის შემდეგ ორივე დაიქირავეს გამომთვლელის პოზიციაზე. საწყისი ანაზღაურება $1620 იყო ყოველწლიურად. ანტონელი აღნიშნავდა, რომ ანაზღაურება „ძალიან კარგი იყო იმ დროისთვის". ისინი მურის საინჟინრო სკოლაში გამოიძახეს სამუშაოდ. მათ მოვალეობაში შედიოდა ბალისტიკური ტრაექტორიების გამოთვლა, რომლებიც გამოიყენება საარტილერიო სროლისთვის, ძირითადად მექანიკური, მაგიდის კალკულატორებისა და ქაღალდის დიდი ფურცლების გამოყენებით. ანაზღაურება დაბალი იყო, მაგრამ ანტონელიც და ბილასიც კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ მიიღეს ისეთი სამუშაო, რომელიც იყენებდა მათ განათლებას და ემსახურებოდა სამხედრო სამსახურს.

ქეთლინის ოფიციალური საჯარო სამსახურის სახელწოდება, სამუშაო დოკუმენტაციის მიხედვით, იყო „გამომთვლელი".[5] მან და ბილასმა დაიწყეს მუშაობა დაახლოებით 10 სხვა „გოგონასთან" (როგორც ქალ „გამომთვლელებს“ ეძახდნენ[6] ) და 4 მამაკაცთან ერთად. ჯგუფი ერთად მიიყვანეს მურის სკოლაში აბერდინის პროვინციიდან. ანტონელი და ბილასი მუშაობდნენ მურის სკოლის დიდ, ყოფილ საკლასო ოთახში. მოგვიანებით იგივე ოთახში შეიქმნა ENIAC და ფუნქციონირებდა 1946 წლის დეკემბრამდე.

მთელი კურსის მიუხედავად, მათემატიკის ტრენინგმა ვერ მოამზადა ანტონელი და ბილასი სამუშაოსთვის, სადაც საჭირო იყო ტრაექტორიების გამოთვლა. ისინი არ იცნობდნენ რიცხვითი ინტეგრაციის მეთოდებს, რომლებიც გამოიყენებოდა ტრაექტორიების გამოსათვლელად. სახელმძღვანელომ (ჯეიმზ სკარბოროს „რიცხვითი მათემატიკური ანალიზი“), რომელიც მათ მიეცათ შესასწავლად, მცირეოდენი ცოდნა მისცათ. ორმა ახალბედამ, პრაქტიკითა და ხელმძღვანელის, ლილა ტოდის რჩევებით, საბოლოოდ ისწავლა, როგორ შეესრულებინათ გამოთვლების საფეხურები, ზუსტად 10 ათწილად ნიშნამდე. იმ პერიოდისთვის მურის სკოლაში სულ დაახლოებით 75 ქალი „კომპიუტერი“ იყო დასაქმებული.[7] თითოეულ იარაღს სჭირდებოდა საკუთარი საცეცხლე მაგიდა და გამოსათვლელი იყო დაახლოებით 1800 ტრაექტორია. მხოლოდ ერთი ტრაექტორიის გამოთვლა კალკულატორით დაახლოებით 30-40 საათის ხელით მუშაობას მოითხოვდა.

მუშაობა ENIAC-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ENIAC დაპროგრამებული იყო ქვეპროგრამების, წყობილი მარყუჟების და არაპირდაპირი მისამართის გამოყენებით, როგორც მონაცემთა მდებარეობებისთვის, ასევე გადახტომის მიმართულებებისთვის. ENIAC-ის პროგრამირების დროს ანტონელის ქვეპროგრამის გამომგონებლის სტატუსი მიენიჭა. მისმა კოლეგამ, ჯინ ბარტიკმა გაიხსენა, როდესაც ანტონელიმ წამოაყენა იდეა პრობლემის გადასაჭრელად, სადაც არ იყო საკმარისი რესურსი ზოგიერთი ტრაექტორიის გამოსათვლელად. გუნდი თანამშრომლობდა განხორციელებაზე.

იმის გამო, რომ ENIAC საიდუმლო პროექტი იყო, პროგრამისტებს თავიდან არ უშვებდნენ ოთახში აპარატის სანახავად, მაგრამ მათ მიეცათ წვდომა ნახაზებზე, რომლებიდანაც გვერდით ოთახში შეიმუშავებდნენ პროგრამებს. ENIAC-ის დაპროგრამება მოიცავდა ტრაექტორიის პრობლემაში ჩართული დიფერენციალური განტოლებების დისკრეტიზაციას ENIAC-ის მიერ დაშვებული სიზუსტით და ელექტრონიკის შესაბამისი ბანკისკენ მიმავალი მარშრუტის გამოთვლას პარალელური მიმდევრობით. თითოეულ ინსტრუქციას უნდა მიეღწია დანიშნულების ადგილამდე დროულად 1/5000 წმ-მდე სიზუსტით. ქაღალდზე პროგრამის შემუშავების შემდეგ, პროგრამისტები შეუშვეს ENIAC ოთახში, რათა ფიზიკურად დაეპროგრამებინათ მანქანა. ანტონელიმ მოგვიანებით გაიგო, რომ მისი გუნდი თერმობირთვული ბომბის პრობლემების გადასაჭრელადაც მუშაობდა.

ENIAC-ის პროგრამირების დროის დიდი ნაწილი მიდიოდა სატესტო პროგრამების დაყენებასა და გაშვებაზე, რომლებიც მის ოპერატორებს დაარწმუნდნენ მთელი სისტემის მთლიანობაში: ყოველი ვაკუუმის მილი, ყველა ელექტრული კავშირი საჭირო იყო გადამოწმებულიყო ამოცანის გაშვებამდე.

როდესაც გუნდი ემზადებოდა გაშვებისთვის, ანტონელის და სხვა ქალებს, რომლებიც მუშაობდნენ ENIAC-ზე, უთხრეს, რომ დიასახლისების როლში ყოფილიყვნენ და მისალმებოდნენ გარშემომყოფებს. ისინი მანქანასთან ახლოს უნდა დამდგარიყვნენ და „კარგად უნდა გამოიყურებოდნენ“. ამრიგად, იმ დროს მათ ვერ მიიღეს დამსახურებული აღიარება.

ანტონელი აბერდინის საცდელი პოლიგონის ბალისტიკური კვლევის ლაბორატორიაში გადაიყვანეს ENIAC-თან ერთად, როდესაც იგი იქ გადაიტანეს 1947 წლის შუა რიცხვებში. მასთან ერთად გადავიდა პირველი ექვსეულიდან ორი პროგრამისტი ქალი, მაგრამ დანარჩენმა სამმა ფილადელფიაში დარჩენა ამჯობინა შორეულ აბერდინში გადასახლებას.[8]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთლინ ანტონელი — ENIAC-ის პროგრამისტი

ENIAC-ის თანაგამომგონებელმა ჯონ მოკლიმ (ინგლ. John William Mauchly) დატოვა მურის სკოლის პროფესორის თანამდებობა, რათა დაეარსებინა საკუთარი კომპიუტერული კომპანია პრესპერ ეკერტთან ერთად. ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა ვაშინგტონში და ჩერდებოდა, რათა შეემოწმებინა ENIAC აბერდინში. მოკლიმ უკვე დაიქირავა ჯინ ბარტიკი (ძვ. ჯინ ჯენინგსი) და ბეტ ჰოლბერტონი (ძვ. სნაიდერი) და იმედი ჰქონდა, რომ ქეთლინიც დათანხმდებოდა მასთან მუშაობას. ამის ნაცვლად, ქეთლინ ანტონელი 1948 წელს ცოლად გაჰყვა მას, დატოვა სამსახური აბერდინში და მეუღლესთან და ორ შვილთან (პირველი ქორწინებიდან) ერთად ჯერ პენსილვანიის უნივერსიტეტის ახლოს, შემდეგ კი ამბლერში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობდა. ჯონ მოკლისა და ქეთლინს 5 საერთო შვილი შეეძინათ.[9]

გვიანი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთლინი მუშაობდა შემდგომი კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინზე, მათ შორის BINAC და UNIVAC I კომპიუტერებისთვის, რომელთა აპარატურა მისი მეუღლის შექმნილი იყო. ჯონ მოკლი გარდაიცვალა 1980 წელს.

1985 წელს ქეთლინი ცოლად გაჰყვა ფოტოგრაფ სევერო ანტონელის. იგი პარკინსონით იყო დაავადებული და 1996 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. თავად ქეთლინმა, მეუღლის მოვლისას გულის შეტევა გადაიტანა, მაგრამ გამოჯანმრთელდა.

ქეთლინი ENIAC-ის პიონერების მემკვიდრეობას აგრძელებდა სტატიების დაწერით, მოხსენებებით (ხშირად ჯინ ბარტიკთან ერთად, რომელთანაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა) და ხელმისაწვდომი გახდა ჟურნალისტებსა და მკვლევარებთან ინტერვიუებისთვის. იგი 1997 წელს შეყვანილ იქნა ქალი-ტექნოლოგების საერთაშორისო დიდების დარბაზში ENIAC-ის სხვა პირველ პროგრამისტებთან ერთად და 2002 წელს მან შეძლო ჯონ მოკლის შეყვანა გამომგონებლების ეროვნული დიდების დარბაზში აკრონში, ოჰაიოში.

ქეთლინ ანტონელი გარდაიცვალა სიმსივნით 2006 წლის 20 აპრილს, 85 წლის ასაკში.

აღიარება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ENIAC-ის აყვავების პერიოდში, სათანადო აღიარება გაურბოდა ანტონელის და მის თანამემამულე პროგრამისტებს. ENIAC-ის პროგრამისტების უხილავობა (როგორც ქალების, ისე მათი მუშაობის საიდუმლოება, განსაკუთრებით ომის დროს) მათ საზოგადოების თვალს აშორებდა. 2010 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „საიდუმლო ვარდები: მეორე მსოფლიო ომის ქალი „კომპიუტერები". ფილმი ორიენტირებულია ექვსი პროგრამისტიდან სამი ქალის სიღრმისეულ ინტერვიუებზე, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმ პატრიოტულ წვლილზე, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიტანეს ქვეყნის სამსახურში.
  • ENIAC-ის გუნდი ასევე არის 2013 წლის ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის The Computers ინსპირაცია. ეს დოკუმენტური ფილმი, აერთიანებს ENIAC-ის გუნდის რეალურ კადრებს 1940-იანი წლების ქალი გუნდის წევრებთან ინტერვიუებით, როდესაც ისინი ფიქრობენ ENIAC-ზე ერთად მუშაობის დროს. ეს არის პირველი დოკუმენტური ფილმი ტრილოგიიდან. ხოლო მეორე და მესამე ნაწილი იქნება სახელწოდებით The Coders და The Future-Maker, შესაბამისად.
  • 2017 წლის ივლისში, დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტმა (DCU) ანტონელის პატივი მიაგო მათი კომპიუტერული ცენტრის შენობისთვის ქეთლინ (ქეი) მაკნალტის სახელის მინიჭებით.[10] 2019 წელს, ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტში, გოლუეიში, მაღალი დონის გამოთვლების ირლანდიურმა ცენტრმა (ICHEC) „Kay“ (ქეთლინი) დაარქვა თავის ახალ, უოტერფორდზე დაფუძნებულ პირველად სუპერკომპიუტერს, რომელიც ირლანდიის ეროვნულ სუპერკომპიუტერად იქნება აღიარებული აკადემიური მკვლევარებისთვის. საჯარო გამოკითხვის შედეგად, ანტონელიმ აჯობა კანდიდატებს, რომელთა შორის იყვნენ ბოტანიკოსი ელენ ჰატჩინსი, მეცნიერი და გამომგონებელი ნიკოლას კალანი, გეოლოგი რიჩარდ კირვანი, ქიმიკოსსი ევა ფილბინი და ჰიდროგრაფი სერ ფრენსის ბოფორტი.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. https://history.computer.org/pioneers/mauchly.html
  3. "Go Figure – Brian Maye on Donegal Computer Pioneer Kay Mcnulty" The Irish Times, Feb 07, 2021
  4. Kathleen Antonelli. Donegal Diaspora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 21 April 2014
  5. (2009) Lab coats and lace: the lives and legacies of inspiring Irish women scientists and pioneers, Mulvihill, Mary, Dublin: WITS (Women in Technology & Science Association ). ISBN 978-0953195312. OCLC 302074818. 
  6. Thomas J. Misa: Gender Codes: Why Women Are Leaving Computing, IEEE Computer Society, John Wiley & Sons Inc., Hoboken/New Jersey, 2010, p. 121, ISBN 978-0470-59719-4
  7. (1980) The Computer: From Pascal to von Neumann. Princeton, New Jersey: Princeton Univ. Press. ISBN 0-691-02367-0. 
  8. Martin Gay: Recent Advances and Issues in Computers, The Oryx Press, Phoenix/Arizona, 2000, pp.106/107
  9. donegaldiaspora-Kathleen Antonelli. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-18. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  10. DCU names three buildings after inspiring women scientists ირლანდიის რადიო და ტელევიზია, 05 ივლისი, 2017
  11. Kay; ICHEC Announces Naming Competition for new Supercomputer (10 January 2018)