ქართული ტაძრები სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ტაძრები სომხეთში — ჩრდილოეთ სომხეთი, იგივე ლორეს და ტავუშის პროვინციები, ისტორიული ქვემო ქართლის ნაწილს წარმოადგენს. ამ რეგიონში ერთმანეთის გვერდით გვხვდება როგორც ქართული მართლმადიდებლური, ასევე სომხური გრიგორიანული ტაძრები. განსაკუთრებით მრავლადაა აქ XII-XIII საუკუნეების ქართული ტაძრები. ისტორიულად, ოდითგანვე, სომხური მოსახლეობა ჩრდილოეთით მიიწევდა, რადგან სამხრეთიდან მოწოლილ მუსლიმანური ძალებისგან თავის დასაღწევად ჩრდილოეთს აფარებდნენ თავს. ეს ყველაზე მეტად გვიან შუა საუკუნეებში ხდებოდა და ლტოლვილი სომხები ძირითადად, დღევანდელი საქართველოს სამხრეთ რეგიონშიც, XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნეში დასახლდნენ. მათი დიდი ნაკადი დასახლდა, ასევე, XIX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, როდესაც მათი დიდი ნაწილი თურქეთიდან გადაასახლა კავკასიის მთავარმართებელმა პასკევიჩმა. XX საუკუნის დასაწყისშიც სომეხთა დიდი ნაწილი გარბის თურქეთიდან და საქართველოს აფარებს თავს.

ქართული ეკლესია-მონასტრების კვალი ლორეში და ტავუშში არცთუ ცოტაა. მათი ზუსტი რიცხვი დაუზუსტებელია, რადგან ეს რეგიონი ჯერ ისევ არაა სათანადოდ შესწავლილი. ამ რეგიონში უამრავი მცირე ნანგრევია, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს შემორჩენილი. წარწერების ნაწილი ცნობილია, ზოგიერთი მათგანი სომხეთის მუზეუმებშია გადატანილი, მაგრამ დიდი ნაწილი ადგილზე უნდა იყოს შემორჩენილი.

ქვემოთ მოყვანილია დღემდე შემორჩენილი იმ ქართული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების სია, რომლებიც 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შედეგად საზღვრების ცვლილებათა გამო სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ:

ახტალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახტალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსია დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც შედის 4 ეკლესია, სატრაპეზო, ციხე-გალავანი და კოშკი. მონასტერი და მისი ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი დაარსდა XIII საუკუნის დასაწყისში ივანე მხარგრძელის მიერ, რომელიც ამავე მონასტერშია დაკრძალული, მთავარი ტაძრის სამხრეთ დასავლეთიდან მიდგმულ ეკვდერში.

ინტერიერი თითქმის მთლიანად მოხატულია, კედლების მხატვრობას ქართული ასომთავრული წარწერები ამშვენებს. ინტერიერი, ერთი შეხედვით, თავისი მომეტებული ცისფერ-ლაჟვარდოვანი ფონებით, ძალიან მოგვაგონებს ყინწვისის ტაძრის ინტერიერს. ფრესკებზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები, მაგარმ მოითხოვს ხელახალ რესტავრაციას. დაზიანებულია ტაძარში მდებარე საფლავის ქვები, რომელთაგან ყველას ქართული (ზოგიერთს ქართულ-რუსული) წარწერები ამშვენებს.

ამ ტაძრის კუთვნილებას წარმოადგენს ერთ-ერთი ქართული ტიპიკონი, რომლის ფრაგმენტებიცაა შემორჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის კედლის მხატვრობაში შემორჩენილია ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს ფრესკული გამოსახულება. მართალია, დღეს მისი სახე ჩამომტვრეულია, მაგრამ შარავანდისა და წარწერის ფრაგმენტი კარგად ჩანს. აქვეა გამოსახული საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლების, ასურელი მამების: იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის, ასევე, ათონელი მამების – გიორგი და ექვთიმე ათონელების, ილარიონ ქართველის და სხვათა ფრესკები.

მონასტერი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა. მეთვრამეტე საუკუნეში ერეკლე მეფემ ის ალავერდის სპილენძისა და ვერცხლის საბადოებზე სამუშაოდ ჩამოყვანილ ბერძნებს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური დარჩა. სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთით, სოფლის შუაგულში, მცირე ბორცვზე დგას ნათალი ქვით ნაგები, წმიდა გიორგის სახელობის პატარა, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე 10-სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ივანე მხარგრძელის შვილის, ავაგ ათაბაგის საწირველოა, რომელიც მეცამეტე საუკუნის 50-იან ელბში აუგია პეტრე წინამძღვარს.

ამავე სოფელშია სამების ეკლესია – ორნავიანი ნაგებობა, რომელზეც მოსე კანდელაკის წარწერაა. ეს ეკლესიაც მეცამეტე საუკუნით თარიღდება. სამების ეკლესიის საკურთხეველი ქართული ჩუქურთმიანი ქვებითაა აგებული. დღესდღეობით არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს.

ქობაირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ქ. თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. დაარსდა 1171 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ს (1048-1049 – 1089 წლები) ასულის, მარიამის მიერ. ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისვძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა. ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით, რომელიც ქართული და ბიზანტიური ტრადიციისამებრ არიან შექმნილი.

ტაძარი თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ქობაირის მონასტრის სიახლოვეს კიდევ სხვა დანგრეულ–განადგურებული ქართული ძეგლების ნაშთებიც მდებარეობს, რომლებიც მსურველი მნახევლებისთვის სრულიად მიუდგომელია. თავად მონასტერში ნგრევის პროცესები მიდის.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუძე არის ქართული „ქვაბ“. ის ქვაბში, მღვიმის სიღრმეში მოთავსებული მონასტრის შთაბეჭდილებას ახდენს.[1]

ძელი ჭეშმარიტისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სოფელ კურტანთან. სომხურად ჰნევანქ, ქართულად კი ძელი ჭეშმარიტისა ეწოდება. გიორგი ჩუბინაშვილს ეს ტაძარი VII-XIX საუკუნეებით აქვს დათარიღებული. 2011 წლის ზაფხულში, ქართველ მკვლევართა ინფორმაციით, ჰნევანქში გაცხოველებული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ქართული წარწერები ტაძრის გუმბათის ყელზეა, მაგრამ, ამას გარდა, იქ იყო შვიდი ქართული საფლავი ქართული ეპიტაფიით, თუმცა ისინი უკვე გამქრალია და აღარ არსებობს.

ტაძარში შემორჩენილია ქართული წარწერა, რომელშიც იხსენიება იოანე მხარგრძელი, რომელიც XIII საუკუნეში ამ მხარის მმართველი იყო.

ხუჯაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვრის საკითხი კამათის საგანია. სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრით განზრახაა გადმოწეული, რომ ეს ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო. [2][3]

ტაძარი XII საუკუნეშია აგებული. თავისი პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს: ბეთანიას, თახეს, ახტალას. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

კირანცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ტავუშის რაიონში, ისტორიული გაგის ტერიტორიაზე, აღსტევის ხეობაში, სოფელ კირანცის (ყოფ. გეთაშენი) მახლობლად.

აქორის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სოფელ აქორში. ქართული წარწერა არ გააჩნია, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული შემკულობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის ქართული მართლმადიდებლური ტაძარია.[2]

სედვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს აქორის მახლობლად, სოფელ კაჭაჭკუტისკენ მიმავალ გზაზე. არქიტექტურული ნიშნების მიხედვით XIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.[4]

თეჟარუიქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონ მელიქსეთ-ბეგს ეს ქართული მონასტერი XII-XIII საუკუნეების ძეგლად მიაჩნია.[2][5]

ოსკიპარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტის რუკის მიხედვით მდებარეობს აღსტაფის ხეობაში. აგებულია XIV-XV საუკუნეებში. ფრესკებზე არის ქართული წარწერები.[2]

შაჰნაზირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰნაზირსა და მის მიდამოებში დაცულია რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა: ეკლესიის სარკმელქვეშ არის ცხრასტრიქონიანი ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესიის ამგები ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. წარწერა თარიღდება 1135 წლით. შაჰნაზირის ახლოს, გორაკზე არის ერთნავიანი, ნახევრად დანგრეული ეკლესია, სადაც ნანახია ნუსხა-ხუცურით შესრულებული ექვსსტრიქონიანი წარწერა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]