ფრანსუა ორლეანელი
ფრანსუა ორლეანელი | |
---|---|
სრული სახელი
ფრანსუა ფერდინანდ ფილიპ ლუი მარი | |
წოდებები
ჟუანვილის ჰერცოგი | |
დაიბადა |
14 აგვისტო, 1818 ნუილი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა |
16 ივნისი, 1900, (81 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საგვარეულო | ორლეანები |
მეუღლე(ები) |
ფრანცისკა ბრაზილიელი (ქ. 1843 - გარდ. 1898) |
შვილ(ებ)ი |
ფრანსუაზი, შარტრის ჰერცოგინია პიერი, პენტიევრის ჰერცოგი ლეოპოლდინა |
მამა | ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე |
დედა | მარია ამალია ნეაპოლელი |
ხელმოწერა | |
რელიგია | კათოლიციზმი |
ფრანსუა ორლეანელი (ფრანგ. François d'Orléans; დ. 14 აგვისტო, 1818, ნუილი, საფრანგეთი — გ. 16 ივნისი, 1900, პარიზი, საფრანგეთი) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას ვაჟი. ჟუანვილის ჰერცოგი. ორლეანელთა დინასტიის მოქმედი მეთაურის, ჰერცოგი ჟანის დიდი ბაბუა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა დაიბადა 1818 წლის 14 აგვისტოს შატო დე ნუილში, საფრანგეთში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ამალია ნეაპოლელის შუათანა, მესამე ვაჟი და მეშვიდე შვილი. 1830 წელს ივლისის რევოლუციის გზით მამამისი საფრანგეთის მეფე ხდება ლუი ფილიპ I-ის სახელით და ფრანსუას ჟუანვილის ჰერცოგობას აძლევს.
1836 წელს ფრანსუამ სამხედრო სამსახურისათვის ლეიტენანტის ჩინი მიიღო, თუმცა სამხედრო კარიერას მალევე დაანება თავი და მსოფლიოში მოგზაურობა დაიწყო. 1838 წელს იგი პირველად ეწვია ბრაზილიას, სადაც ფრანსუა პატივით მიიღო იმპერატორმა პედრუ II-მ. სწორედ აქ და ამ დროს შეხვდა ფრანსუა თავის მომავალ მეუღლეს, პედრუს 16 წლის დას, პრინცესა ფრანცისკას. თუმცაღა, ფრანსუამ ამის შემდეგ დატოვა ბრაზილია და 1840 წელს წმინდა ელენეს კუნძულს ეწვია, საიდანაც 1843 წელს იგი კვლავ ბრაზილიაში ჩავიდა და იმპერატორს მისი დის ხელი სთხოვა. ვინაიდან იგი საფრანგეთის მეფის ძე იყო, პედრუ სიხარულით დასთანხმდა შეთავაზებას და 1843 წლის 1 მაისს, რიო-დე-ჟანეიროში შედგა მათი ქორწინებაც.
ბრაზილიის შემდეგ იგი ცოლთან ერთად პირდაპირ მაროკოში გაემგზავრა, საიდანაც მხოლოდ 1844 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. ამ ამბიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1848 წელს რევოლუციის გზით ლუი ფილიპ I-ის მმართველობა დაამხეს, რის გამოც ორლეანელთა ოჯახს ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. ფრანსუა ცოლ-შვილთან ერთად შეუერთდა დანარჩენ ოჯახს და ემიგრაციაში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასთან შეაფარა თავი. ინგლისში ყოფნისას ფრანსუამ ჟუანვილის საჰერცოგო გაყიდა და ინგლისში კლერმონის სასახლე შეიძინა. 1851 წელს მას სიმამრმა ბრაზილიაში ჟუანვილის სასახლეც აჩუქა.
1861 წლიდან ფრანსუა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და იქ მიმდინარე სამოქალაქო ომში იღებს მონაწილეობას. იგი ჩრდილოელთა მხარეს იბრძოდა და მონაწილეობდა ვაშინგტონის დაცვაში, თუმცა 1862 წელს გენერალ ჯორჯ მაკკლენთან უთანხმოება მოუვიდა და იძულებული გახდა უკან, ევროპაში დაბრუნებულიყო. მას შემდეგ, რაც 1870 წელს საფრანგეთის მეორე იმპერია და მასთან ერთად იმპერატორი ნაპოლეონ III-ც დაემხო, ახალმა მთავრობამ ორლეანელებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო.
1870 წელს ფრანსუა თავისი ცოლ-შვილითა და ოჯახის დანარჩენი წევრებითურთ დაბრუნდა საფრანგეთში და პარიზში დასახლდა. 1871 წლიდან კი თავისი ფრანგული სამხედრო კარიერა გააახლა. როგორც ცნობილია, იგი ერთობ ახლოს იყო პრეზიდენტ ტიერთან.
ცნობილია, რომ ჯერ პრინცი ფრანსუა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაყრუვდა. მიუხედავად მისი მცდელობებისა, მან სმენა ვეღარ დაიბრუნა. ამასთან დაკავშირებით ვიქტორ ჰიუგო წერდა: „ჟუანვილის ჰერცოგის სიყრუე იზრდება. ხანდახან ამის გამო სევდიანდება, ხანდახან კი მის დადებით მხარესაც ხედავს. ერთხელ მან მითხრა: „უფრო ხმამაღლა მელაპარაკე, მე ისეთივე ყრუ ვარ, როგორც ეს სვეტი““.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან თავის ცოლთან, ფრანცისკასთან ერთად გაატარა პარიზში. 1898 წელს ფრანცისკა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც სულ ორ წელიწადში, 1900 წლის 16 ივნისს, 81 წლის ფრანსუაც გარდაიცვალა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანსუაზი (1844-1925), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, შარტრის ჰერცოგ რობერს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი. მათი შთამომავალია დინასტიის დღევანდელი მეთაური, ჟან ორლეანელი;
- პიერი (1845-1919), პენტიევრის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანჟელიკა ლებასკი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
- მარი ლეოპოლდინა (1849), დაიბადა მკვდარი;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Der Prinz von Joinville. In: Illustrirte Zeitung. Nr. 32. J. J. Weber, Leipzig 3. Februar 1844, S. 81–82.
- Jacques Guillon: François d'Orléans Prince de Joinville. 1818–1900. Éditions France empire, Paris 1990, ISBN 2-7048-0658-6.
- "Caballeros de la insigne orden del toisón de oro". Guía Oficial de España (in Spanish). 1887. p. 146. Retrieved 21 March 2019.
- Staatshandbücher für das Herzogtum Sachsen-Coburg und Gotha (1884), "Herzogliche Sachsen-Ernestinischer Hausorden" p. 31.