ფერდინანდ ფილიპ ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდ ფილიპ ორლეანელი
ორლეანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 9 აგვისტო, 1830
მმართ. დასასრული: 13 ივლისი, 1842
წინამორბედი: ლუი ფილიპ III
მემკვიდრე: ფილიპი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 სექტემბერი, 1810
დაბ. ადგილი: პალერმო, იტალია
გარდ. თარიღი: 13 ივლისი, 1842, (31 წლის)
გარდ. ადგილი: საბლონვილი, საფრანგეთი
მეუღლე: ელენა მეკლენბურგ-შვერინელი
შვილები: ფილიპი, პარიზის გრაფი
რობერი, შარტრის ჰერცოგი
სრული სახელი: ფერდინანდ ფილიპ ლუი შარლ ანრი ჟოზეფი
დინასტია: ორლეანელები
მამა: ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ამალია ნეაპოლელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ფერდინანდ ფილიპ ორლეანელი (ფრანგ. Ferdinand-Philippe d'Orléans; დ. 3 სექტემბერი, 1810, პალერმო, სიცილიის სამეფო — გ. 13 ივლისი, 1842, საბონვილი, საფრანგეთის სამეფო) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას უფროსი ძე. ორლეანის ჰერცოგი 1830-1842 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ ფილიპი დაიბადა 1810 წლის 3 ნოემბერს პალერმოში. იგი იყო გადასახლებაში მყოფი ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ამალია ნეაპოლელის უფროსი ვაჟი. როდესაც იგი დაიბადა საფრანგეთის ტახტზე ნაპოლეონი იჯდა, რომელსაც ნახევარი ევროპა ჰქონდა დაქვემდებარებული, ფრანგი არისტოკრატები კი მთელს ევროპაში იყვნენ მიმოფანტულნი, ფერდინანდ ფილიპის მამამ კი თავი სიმამრს, ფერდინანდ I-ს შეაფარა სიცილიაზე.

1815 წელს ნაპოლეონი დაამხეს, ვენის კონგრესმა კი ტახტი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელ ლუი XVIII-ს დაუბრუნა, რომელმაც ემიგრაციაში მყოფი ორლეანელი ბიძაშვილები საფრანგეთში დააბრუნა. ამის შემდეგ ფერდინანდ ფილიპი შარტრის ჰერცოგი ხდება და იწყებს განათლების მიღებას.

1830 წლის რევოლუციის დროს იგი ძმებთან ერთად ეხმარებოდა მამას მეფე შარლ X-ის დამხობასა და ტახტის დაკავებაში. იმავე წელს მამამისი საფრანგეთის მეფე გახდა ლუი ფილიპ I-ის სახელით, რამაც ფერდინანდ ფილიპი ორლეანის ჰერცოგად და მომავალ მეფედ, ანუ სამეფო პრინცად აქცია. იმავე წელს იგი მონაწილეობდა ალჟირის დაპყრობაშიც.

ფერდინანდ ფილიპის ცოლი და უფროსი ვაჟი

ვინაიდან იგი ახლა უკვე საფრანგეთის ტახტის პირველი მემკვიდრე და მომავალი მეფე იყო, მემკვიდრე სჭირდებოდა, რის გამოც მალევე დაიწყო მისი საქორწინო მოლაპარაკებებიც. თავიდან მას ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-მა თავისი ასულის, პრინცესა სოფიას (შემდეგში ნიდერლანდების დედოფალი) ხელი შესთავაზა, ვინაიდან ვილჰელმის და, კათარინა, ნაპოლეონის ძმაზე, ჟერომზე იყო დაქორწინებული, რასაც იგი „სამარცხვინოდ“ თვლიდა და ასე ცდილობდა ფრანგებთან კვლავ დაახლოებას. თუმცაღა ფერდინანდ ფილიპის დის, ბელგიის დედოფალ ლუიზა მარიას მეოხებით ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა და მისმა მშობლებმაც ავსტრიელებთან დაიწყეს ახლის წარმოება. ამჯერად განიხილებოდა ავსტრიის იმპერატორის ძმისწულის, ერცჰერცოგინია მარია ტერეზიასა (შემდეგში ორი სიცილიის დედოფალი) და ფერდინანდ ფილიპის ქორწინების საკითხი. სულ მალე ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. მოგვიანებით მის საცოლეებად მოიაზრებოდნენ ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ის ასული, პრინცესა ჟანუარია და ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის ძმისწული, ინფანტა ისაბელ ფერნანდა, ასევე პრინცესა ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (დანიის მომავალი დედოფალი), პრინცესა მარია საქსენ-ალტენბურგელი (ჰანოვერის მომავალი დედოფალი) და მრავალი სხვა, თუმცა ყველა ეს მოლაპარაკება კრახით დასრულდა.

საბოლოოდ, 1837 წლის 10 მაისს ფერდინანდ ფილიპმა ცოლად შეირთო პრინცესა ელენა მეკლენბურგ-შვერინელი (1814-1858), მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ლუდვიგისა და პრინცესა კაროლინა ლუიზა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ქორწინება ერთობ ბედნიერი იყო და ელენამ მას ორი ჯანმრთელი ვაჟიც გაუჩინა.

ცნობილია, რომ ფერდინანდ ფილიპს ძალიან უყვარდა ხელოვნება და მფარველობდა მას. პრინცს ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია ჰქონდა, რომელთა შეძენაზეც წლიურად 100,000-დან 150,000 ფრანკამდე ხარჯავდა.

1842 წელს ფერდინანდ ფილიპმა სან-ომარში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა ჯარში მიმდინარე მოვლენები შეეტყო. ამ წლის 13 ივლისს იგი ტიუილრის სასახლეში მივიდა, ოჯახს გამოემშვიდობა და გაემგზავრა, თუმცა საბლონვილში გავლისას მისი ეტლი მწყობრიდან გამოვიდა. ფერდინანდ ფილიპი ამის გამო ეტლიდან გადმოვარდა და თავის ქალა იმდენად მძიმედ დაიზიანა, რომ მიუხედავად ექიმების მცდელობისა, იგი იმავე დღეს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 16 ივლისს დაკრძალეს დრეს სამეფო სამლოცველოში. მისი დაღუპვიდან 6 წელიწადში საფრანგეთში მამამისის მმართველობაც დაემხო და მისი ცოლ-შვილი ბრიტანეთში წავიდა ემიგრაციაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ ფილიპს ცოლისაგან სულ ორი ვაჟი ჰყავდა:

  1. ფილიპი (1838-1894) სამეფო პრინცი, ორლეანის ჰერცოგი და პარიზის გრაფი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, მარია იზაბელ ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის პორტუგალიის დედოფალი ამელია ორლეანელი;
  2. რობერი (1840-1910) შარტრის ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ფრანსუაზ ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები. მათი შთამომავალია ორლეანელთა დინასტიის დღევანდელი მეთაური, ჟანი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (in French) Guy Antonetti, Louis-Philippe, Paris, Librairie Arthème Fayard, 2002 ISBN 2-213-59222-5
  • Mullié, Charles (1852). "Orléans (Ferdinand-Philippe-Louis-Charles-Henri-Joseph) de Bourbon, duc d'" . Biographie des célébrités militaires des armées de terre et de mer de 1789 à 1850 (in French).
  • (in French) Ferdinand-Philippe d'Orléans, duc d'Orléans, Souvenirs 1810–1830, texte établi, annoté et présenté par Hervé Robert, Genève, Librairie Droz S.A., 1993
  • (in French) Ferdinand-Philippe d'Orléans, duc d'Orléans, Lettres 1825–1842, publiées par ses fils le comte de Paris et le duc de Chartres, Paris, Calmann-Lévy, 1889
  • Unwin, Brian (2014). A Tale in Two Cities: Fanny Burney and Adèle, Comtesse de Boigne. New York: I.B. Taurus & Co. pp. 210–212. ISBN 978 1 78076 784 0.
  • "Caballeros existentes en la insignie Orden del Toison de Oro". Guía de forasteros en Madrid para el año de 1838 (in Spanish). En la Imprenta Nacional. 1838. p. 62.