ტრანსპორტის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სივრცული ურტიერთკავშირი დაკაში
სატრანსპორტო ნაკადი
სატრანსპორტო ნაკადი
სარკინიგზო ტრანსპორტი

ტრანსპორტის გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ტრანსპორტის სივრცულ სტრუქტურას, მისი განლაგების კანონზომიერებებსა და სპეციფიკურ თავისებურებებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში, ქალაქსა თუ რეგიონში. ტრანსპორტის გეოგრაფიის ობიექტია სივრცული (ტერიტორიული) სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შედგება სატრანსპორტო ქსელის (სატრანსპორტო კომუნიკაციების ქსელი), სატრანსპორტო კვანძების და პუნქტებისა და სატრანსპორტო ნაკადებისაგან.

ტერიტორიული სატრანსპორტო სისტემები განსხვავდებიან თავისი მასშტაბებით (გლობალური, მაკრორეგიონული, ცალკეული ქვეყნისა და რეგიონის ფარგლებში, ლოკალური, საქალაქო და სხვა), გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებით, მოდალობის ხარისხით (ტრანსპორტის სახეობების რაოდენობა), კონფიგურაციებით, ტერიტორიის სატრანსპორტო ათვისების ხასიათით (უწყვეტი, ფრაგმენტული ან კერებიანი, ხაზობრივი, დისპერსიული და სხვა) და ა.შ. ტრანსპორტის გეოგრაფიის შესწავლის ობიექტია ტერიტორიული სატრანსპორტო სისტემების სხვადასხვა ელემენტების სივრცული ურთიერთკავშირი, რომელიც გამოიხატება სატრანსპორტო-გეოგრაფიულ ურთიერთდამოკიდებულებაში.

განასხვავებენ თეორიულ, დარგობრივ და რეგიონულ ტრანსპორტის გეოგრაფიას. ტრანსპორტის თეორიული გეოგრაფია დაკავებულია მეთოდოლოგიის შექმნის საკითხებით, ცალკეული სატრანსპორტო-გეოგრაფიული ობიექტების ფორმირებისა და ფუნქციონირების თეორიული ანალიზით (სატრანსპორტო ქსელი, სატრანსპორტო კვანძებისა და ნაკადების ქსელი), სატრანსპორტო-გეოგრაფიული ურთიერთკავშირის კვლევით. ტრანსპორტის დარგობრივი გეოგრაფია შეისწავლის ტრანსპორტის ცალკეული სახეობების განლაგების კანონზომიერებებს (სარკინიგზო, საავტომობილო, წყლის, საჰაერო, მილსადენური და სხვა). ტრანსპორტის რეგიონული გეოგრაფია შესწავლის სხვადასხვა მასშტაბის ტერიტორიულ სატრანსპორტო სისტემებს.

ტერმინი „ტრანსპორტის გეოგრაფია“ (გერმ. Verkehrsgeographie) შემოიღო გერმანელმა გეოგრაფმა ვილჰელმ გეცმა 1888 წელს. ტრანსპორტის გეოგრაფიაში პირველი ნაშრომები შექმნა ალფრედ ჰეტნერმა (1894, 1897); იგი ტრანსპორტის გეოგრაფიას განიხილავდა როგორც სწავლებას სატრანსპორტო მოვლენების (ობიექტების) გეოგრაფიულ გავრცელებაზე. თავის ნაშრომებში ჰეტნერმა და მისმა მოწაფეებმა — კ. დოვემ (1905), კ. გასერტმა (1913) და სხვებმა გამოიანგარიშეს სხვადასხვა ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სიმჭიდროვე, სწავლობდნენ ტვირთ- და მგზავრთა ნაკადების მიმართულებასა და სიდიდეს; ადგენდნენ გზების კავშირის სიმჭიდროვის რუკებსა და სატრანსპორტო ნაკადების ეპიურებს, სატრანსპორტო მისაწვდომობის იზოქრონს. 1930-50 წლებში ჩამოყალიბდა ტრანსპორტის გეოგრაფიის ამერიკული სკოლა, რომლის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ედვარდ ულმანი და ედვარდ ტააფე. ულმანი ტრანსპორტის გეოგრაფიის მთავარ ამოცანად მიიჩნევდა სატრანსპორტო ნაკადების მიმართულებისა და ზომების შესწავლის გზით სხვადასხვა ტერიტორიის სატრანსპორტო კავშირების ანალიზს (მათ სივრცულ ურთიერთკავშირს), სატრანსპორტო ტარიფების ანალიზს, ბუნებრივი პირობების გავლენის შესწავლას სატრანსპორტო სისტემების ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე და ტრანსპორტის გავლენის შესწავლას რეგიონებისა და ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე.

1960-1970 წლებში ტერიტორიული სატრანსპორტო სისტემების შესწავლისას დიდწილად გამოიყენებოდა სივრცული ანალიზის მეთოდები. ტრანსპორტის გეოგრაფიის კვლევის წამყვანი მიმართულება გახდა სატრანსპორტო ქსელის კონფიგურაციის ანალიზი (ქსელის ანალიზი), სატრანსპორტო ნაკადებისა და სატრანსპორტო მიზიდულობის მოდელირება და იმიტაცია, სატრანსპორტო კვანძების იერარქიის ანალიზი. ფართოდ დაინერგა კვლევის სხვადასხვაგვარი მათემატიკური მეთოდი. 1980-90 წლებში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა მიმართულება, რომელსაც ეწოდა სოციალური ტრანსპორტის გეოგრაფია, რომელიც თავის მხრივ, შეისწავლის ადამიანთა გადაადგილების ქცევისა და სოციალურ ასპექტებს, მათ შორის ტრანსპორტის სახეობისა და გამგზავრების მარშრუტების ინდივიდუალური არჩევის თავისებურებებს, მანძილების ინდივიდუალურ შეფასებას; მიღების გადაწყვეტილების პროცესებს სატრანსპორტო ობიექტების განლაგებაზე; მოსახლეობის მოძრაობის სივრცულ თავისებურებებს.

1990-იანი წლების დასაწყისიდან ტრანსპორტის გეოგრაფიაში კვლევის გაბატონებული მიმართულებებია: სატრანსპორტო პროექტების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის ანალიზი და ადამიანთა სატრანსპორტო მოძრაობა. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა ტრანსპორტის გეოგრაფიის ახალი მიმართულება საქალაქო ტრანსპორტის გეოგრაფია. მომსახურების სფეროს გეოგრაფიასთან მიჯნაზე შეისწავლება სატელეკომუნიკაციო სისტემების განლაგების თავისებურებები.

ტრანსპორტის გეოგრაფიის შესწავლის მთავარი პრაქტიკული მნიშვნელობაა გეგმების გამომუშავება და რეკომენდაციები წარმოების განლაგების სრულყოფაზე და მოსახლეობის განსახლება სატრანსპორტო დანახარჯის მინიმიზაციის თვალსაზრისით, სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია სარტანსპორტო ტერიტორიული სისტემების ფარგლებში, ყველაზე დონის სატრანსპორტო სისტემის განვითარება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Никольский И. В., География транспорта СССР, М., 1960;
  • Вышнепольский С. А., Мировые морские пути и судоходство, 2 изд., М., 1959;
  • Транспорт СССР. Итоги за 50 лет и перспективы развития, М., 1967;
  • Тенденции и перспективы развития транспорта и перевозок США, М., 1968;
  • Буг­ро­мен­ко В. Н. Транс­порт в тер­ри­то­ри­аль­ных сис­те­мах. М., 1987;
  • Тар­хов С. А., Шлих­тер С. Б. Гео­гра­фия транс­порт­ных сис­тем. М., 1995;
  • Шлих­тер С. Б. Гео­гра­фия ми­ро­вой транс­порт­ной сис­те­мы. Взаи­мо­дей­ст­вие транс­пор­та и тер­ри­то­ри­аль­ных сис­тем хо­зяй­ст­ва. М., 1995;
  • Ка­юч­кин Н. П. Гео­гра­фи­че­ские ос­но­вы транс­порт­но­го ос­вое­ния тер­ри­то­рии. Но­во­сиб., 2003;
  • Тар­хов С. А. Эво­лю­ци­он­ная мор­фо­ло­гия транс­порт­ных се­тей. Смо­ленск; М., 2005.
  • Otremba Е., Allgemeine Geographie des Welthandels und des Weltverkenrs, Stuttg., [1957];
  • Ullman E. L. American commodity flow, Wash., 1957;
  • Berezowski St., Geografia transportu Warsz. 1962;
  • Alexandersson G. and Norström G., World shipping, an economic geography of ports and seaborne trade, N. Y. — L. — Stockh., 1963;
  • Clozie R., L"économiede des transports terrestres (Rail, route et eau), P., 1964 (Géographie économique et sociale, t. 3, pt. 1);
  • Vigarié A., La circulation maritime, Р., 1968; (Géographie économique et socialet. 3, pt. 2);
  • Zaleski J., Ogólna geografia transportu morskiego w zarysie, Warsz., 1967;
  • Taafe E. J., Gauthier H. L., O’Kelly M. E. Geography of transportation. 2nd ed. Upper Saddle River, 1996;
  • Modern transport geography. 2nd ed. N. Y., 1998;
  • Black W. R. Transportation: a geogra­phical analysis. N. Y., 2003.