ტერი ჰატჩერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერი ჰატჩერი
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1964
პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ინგლისელი, უელსელი, ირლანდიელი, სირიელი, ჩეხი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მწერალი, პრეზენტატორი
აქტიური 1985-დღემდე
მეუღლე(ები) მარკუს ლეითოლდი
(ქ. 1988; განქ. 1989)
ჯონ ტენეი
(ქ. 1994; განქ. 2003)
შვილ(ებ)ი 1

ტერი ჰატჩერი (ინგლ. Teri Hatcher; დ. 8 დეკემბერი, 1964, პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, მწერალი, მომღერალი და პრეზენტატორი. სახელი გაითქვა ლუის ლეინის როლით ფილმში „ლუისი და კლარკი: სუპერმენის ახალი თავგადასავლები“, ჯეიმზ ბონდის ფილმში „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“ და სერალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ შესრულებული სიუზენ მეიერის როლით. მას მოგებული აქვს ოქროს გლობუსის, ხოლო ნომინირებული იყო ემისა და კინომსახიობთა გილდიის ჯოლდოებზე.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერი ჰატჩერი დაიბადა 1964 წლის 8 დეკემბერს პალო-ალტოში, კალიფორნიაში, აშშ-ში. იგი არის ელექტრო ინჟინერ ოუენ უოლკერ ჰატჩერისა და მისი მეუღლის, პროგრამისტ ესტერ ჰატჩერის (ქალიშვილობის გვარია ბეშური) ერთადერთი შვილი[1][2]. მამამისი წარმოშობით ინგლისელი, უელსელი და ირლანდიელია, ხოლო დედამისი არის სირიელი, ჩეხი და ირლანდიელი[1].

სასკოლო განათლების პარალელურად მშობლებს ის ბალეტზეც დაჰყავდათ[1]. სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის გავლენით სწავლა დე ანზას კოლეჯში განაგრძო მათემატიკისა და ინჟინერიის განხრით[2].

2006 წლის მარტში ტერი ჰატჩერმა გაასაჯაროვა, რომ ხუთი ძლის ასაკში სექსუალური სახის ძალადობა განიცადა თავისი ბიძის, რიჩარდ ჰაის სტოუნის მხრიდან, რომელიც მამიდამისის განქორწინებული მეუღლე იყო[3]. ამის გამო მას სერიოზული ფსიქოლოგიური დარღვევა ჰქონდა, რის გამოც 14 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა[1][3]. სტოუნი 2002 წელს დააპატიმრეს, ოღონდ არა ტერის, არამედ სხვა მცირეწლოვანი გოგონას ჩვენების საფუძველზე, რომელზეც ანალოგიურად იძალადა. მას 14 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა[4], რის შემდეგაც ექვს წელიწადში, 2008 წელს რიჩარდ ჰაის სტოუნი ციხეში, სწორი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა[5].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერი ჰატჩერი 2008 წელს „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ თანავარსკვლავებთან ერთად.

ტერი ჰატჩერის სამსახიობო დებიუტი 1985 წელს შედგა სერიალში „საყვარელი ნავი“ შესრულებული ემის როლით. ეს წესით ეპიზოდური როლი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეჟისორს მოეწონა მისი შესრულება და კიდევ 19 სერიაში გადაიღო, რის გამოც ტერი ამ სერიალში 1986 წლამდე დარჩა. ამის შემდეგ მას რამდენიმე პატარა როლის შესრულება მოუწია, 1988 წელს კი ფილმში „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ შეასრულა ლეიტენანტ ბრონუინ გაილ რობინზონის როლი.

1993 წელს ტერი ჰატჩერი დაამტკიცეს ლუის ნეილის მთავარ როლზე სერიალში „ლუისი და კლარკი: სუპერმენის ახალი თავგადასავლები“, რომელშიც იგი 87 სერიაში გადაიღეს. სერიალის გადაღებები 1997 წელს დასრულდა[1], რის შემდეგაც იგი მაშინვე დაამტკიცეს ჯეიმზ ბონდის ფილმში „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“ ერთ-ერთ მთავარ, პარის კარვერის როლი. ამ როლებმა მას საოცარი პოპულარობა და აღიარება მოუტანა, თუმცა შემდეგი წლები კვლავ იძულებული იყო ეპიზოდურ და მეორეხარისხოვან როლებზე დათანხმებულიყო.

2004 წელს იგი სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ დაამტკიცეს ოთხი მთავარი როლიდან ერთ-ერთის, სიუზენ მეიერის როლზე. იგი ამ სერიალში 2012 წლამდე თამაშობდა და გადაიღეს 180 სერიაში. მასთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ევა ლონგორია, მარშა კროსი, ფელისიტი ჰაფმენი, ნიკოლეტ შერიდანი და ა.შ[6]. სიუზენის როლმა მას განსაკუთრებულად დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა. ამ როლისათვის იგი ნომინირებული იყო 17 სამსახიობო ჯილდოზე, მათ შორის ემისა[6] და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებზე. ამ ნომინაციებიდან გაიმარჯვა ოთხში და მოიპოვა ოქროს გლობუსის ერთი და კინომსახიობთა გილდიის სამი ჯილდო.

ამის შემდეგ იგი კიდევ ოთხ სერიალში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში ითამაშა სამ ფილმში, სადაც საკუთარი თავის როლი შეასრულა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს ტერი ჰატჩერი პენსილვანიაში დაქორწინდა მარკუს ლეითოლდზე, რომელსაც ერთ წელიწადში, 1989 წლის 24 ივნისს გაეყარა[7]. 1994 წლის 27 მაისს იგი მეორედ დაქორწინდა მსახიობ ჯონ ტენეიზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა და რომელსაც 2003 წლის მარტში გაეყარა[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 "Teri Hatcher". Inside the Actors Studio.
  2. 2.0 2.1 "Notable Alumni, Teri Hatcher" დაარქივებული 2017-08-09 საიტზე Wayback Machine. . California Community Colleges Chancellor's Office. Retrieved July 1, 2017.
  3. 3.0 3.1 "Teri Hatcher's Desperate Hour: Fame & Scandal". Vanity Fair. CondéNet. Retrieved February 22, 2008.
  4. "Hatcher reveals child abuse past". BBC News. March 8, 2006. Retrieved May 25, 2010.
  5. Webby, Sean (August 21, 2008). "Child molester who Teri Hatcher helped put in prison dies of colon cancer". Mercurynews.com. Retrieved August 21, 2008.
  6. 6.0 6.1 "'Housewives,' 'Sellers' lead Emmy pack". CNN. August 30, 2005. Retrieved February 24, 2008.
  7. 7.0 7.1 "Teri Hatcher- Biography". Yahoo! Movies. Retrieved August 7, 2013.