ჰუნზიბელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰუნზიბელები — დასავლეთ დაღესტნის მთებში მცხოვრები ცეზური მოდგმის მცირერიცხოვანი ერი. ჰუნზიბელების თვითსახელწოდებაა ჰუნზალ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუნზიბელები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კავკასიონური ვარიანტის წარმომადგენლები არიან. ჰუნზიბური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფში შედის. ჰუნზიბელებში გავრცელებულია აგრეთვე: ხუნძური, რუსული, ქართული ენები.

ბევრმა მეზობელი ხალხების: დიდოელების, კაპუჭელების და ჰინუხელების ენებიც იცის. ჰუნზიბური ენა უდამწერლობო ენაა. სადამწერლობო ენა მათთვის ხუნძურია. ჰუნბიზელების რაოდენობის განსაზღვრა XX საუკუნეში ერთობ ძნელია, რადგან მათ ხან ხუნძებს და ხანაც კაპუჭელებს მიაკუთვნებდნენ. უკანასკნელი პერიოდის საენციკლოპედიო და ინტერნეტის მონაცემებით, ჰუნზიბელების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 1,35 ათას კაცს უთანაბრდება, საერთო რაოდენობას კი 1,7 ათას კაცს ანგარიშობენ.

სამეურნეო ყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ ჰუნზიბელების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), მიწათმოქმედება და ხელოსნობა იყო. მისდევდნენ მონადირეობასაც. სახვნელი ნაკვეთები ძირითადად ფერდობებზე ჰქონდათ შეფენილი, იშვიათად ტერასებიც ჰქონდათ. მოჰყავდათ ქერი, ჭვავი, შვრია, ფეტვი. განვითარებული იყო მატყლის დამუშავება (მაუდი, ქეჩა, ფეხსაცმლის ქსოვა, ფარდაგები, ხურჯინები), მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება. საჯდომ და საჭაპანო ტრანსპორტად ძირითადად ცხენს, იშვიათად, სახედარს იყენებდნენ.

ჰუნზიბელები ტანსაცმლის ყველა მასალას სოფელში ამზადებდნენ. მათი საკვები ძირითადად ფქვილის, ხორცისა და რძისაგან მზადდებოდა.

რელიგია და ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუნზიბელები მუსლიმი-სუნიტები არიან. აღნიშნავდნენ რელიგიურ და კალენდარულ დღესასწაულებს. შემოდგომასა და ზამთარში სქესობრივი და ასაკობრივი ნიშნით მამაკაცებსა და ქალებში გავრცელებული იყო გასართობი და სამხიარულო შეკრებები ე. წ. საქმის საღამოები. ზეპირი ხალხური შემოქმედება მშობლიურ და ხუნძურ ენებზე ჰქონდათ. ჰუნზიბელ მკურნალებს მრავალი ავადმყოფობის დიაგნოსტირება და მკურნალობა შეეძლოთ. შემორჩენილია ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები. იცოდნენ ხარების გამოყვანის ანუ პირველი ხნულის გავლების დღესასწაული, რაც კოლექტიური ტრაპეზით, დოღით, სირბილში შეჯიბრითA და ჭიდაობით მთავრდებოდა. ზამთრის დადგომასაც 20-21 დეკემბერს სადღესასწაულო ვახშმით, მილოცვით, ხუმრობით, კოცონის ანთებით და მასზე გადახტომით, გადაცმული ახალგაზრდების მსვლელობით აღნიშნავდნენ. ასევე დღესასწაული იყო ნაკელის მინდორში გატანა და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]